სამსონ ხონელი
წესი და რიგი დაცულია, ახალარჩეული პარლამენტი შეიკრიბა! კონსტიტუციის თანახმად, მთავრობამ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე უფლებამოსილება მოიხსნა და ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.
ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა უკვე ცნობილია. არაფერი მოულოდნელი, მმართველმა პარტიამ მეათე მოწვევის პარლამენტს მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა. შესაბამის წერილს პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აწერს ხელს.
მომდევნო ორი კვირის განმავლობაში პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს გიორგი გახარიას მიერ წარდგენილ მთავრობას, ნდობის მისაღებად კი საჭიროა 76 დეპუტატის მხარდაჭერა. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პრემიერ-მინისტრი ხალხის რჩეულებს სამთავრობო პროგრამასაც წარუდგენს. დამეთანხმებით, გიორგი გახარიას გაპრემიერებას წინ არაფერი დაუდგება. საინტერესოა, ვინ დარჩება მთავრობაში და ვის მოუწევს დაემშვიდობოს მინისტრის პორტფელს? ერთი უკვე ფაქტია, ქვეყანას იუსტიციის ახალი მინისტრი ეყოლება. თეა წულუკიანმა აღმასრულებელიდან საკანონმდებლო ხელისუფლებაში გადაინაცვლა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა. რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, დაველოდოთ.
ამასობაში მოვალეობის შემსრულებელი მთავრობის წევრები გაწეული საქმიანობის ანგარიშს საზოგადოებას აბარებენ. ანგარიშვალდებულების წესი დაცულია. ინიციატივის ფარგლებში − „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ხალხის წინაშე პირველი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა წარდგა. ქვეყნის მთავარი ეკონომისტის ვრცელი ანგარიშიდან მკითხველის ყურადღებას რამდენიმე საკითხზე გავამახვილებ.
„პანდემიის მიუხედავად, წელს აქტიურად გავაგრძელეთ რეფორმები, ინვესტორებისთვის უფრო კომფორტული და მიმზიდველი გარემო შევქმენით“, − განაცხადა ნათია თურნავამ.
არადა, ფაქტია, „კომფორტული და მიმზიდველი გარემოს“ შექმნის მიუხედავად პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2020 წლის მესამე კვარტალში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23.6 პროცენტით შემცირდა. ისიც უნდა ითქვას, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ტენდენცია ჯერ კიდევ 2017 წლიდან გამოიკვეთა.
დავუბრუნდეთ ანგარიშს. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, მიმდინარე წლის განმავლობაში სახელისუფლო გუნდის ძალისხმევა ანტიკრიზისული ღონისძიებების განხორციელებისკენ იყო მიმართული. მთავარი აქცენტი, პირველ რიგში, მოსახლეობის დახმარებაზე კეთდებოდა.
„ეს არის 1200 ლარიანი დახმარების პაკეტი მათთვის, ვინც დროებით დაკარგა სამუშაო – ეს პროექტი ერთხელ განხორციელდა და კვლავაც გაგრძელდება 2021 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში. აღსანიშნავია 300-ლარიანი დახმარება თვითდასაქმებულ პირთათვის. ასევე ეს არის დამატებითი მხარდაჭერის პაკეტები სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათ შორის მრავალშვილიანი ოჯახებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის; ერთჯერადი უნივერსალური დახმარება ბავშვებისთვის. ეს არის უნივერსიტეტის სწავლის გადასახადის სუბსიდირება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და ბოლოს ერთ-ერთი ყველაზე წონადი დახმარება − კომუნალური ხარჯების სუბსიდირება, რაც ერთხელ უკვე განხორციელდა სამი თვის განმავლობაში და 2020 წლის ნოემბრიდან გრძელდება კიდევ ოთხი თვით“, − განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე შეფასებით, პანდემიით გამოწვეული მკაცრი და წერტილოვანი შეზღუდვების პროცესში ძალზე მნიშვნელოვანი იყო ბიზნეს-ვიზიტორების მართვის, ნაცვალგების შეთანხმების ქვეყნებიდან ვიზიტორთა წინასწარი რეგისტრაციისა და პროექტის „იმუშავე საქართველოდან“ ელექტრონული პლატფორმების ამოქმედება.
ნათია თურნავას განცხადებით, რეფორმები გატარდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიმართულებით, სტრუქტურულად ორი სხვადასხვა ორგანიზაციის: ქონების მართვისა და საფინანსო სერვისების სააგენტოების შერწყმით უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვა ერთი ფანჯრის პრინციპით ხდება. მისივე თქმით, მიმდინარე წელს 88 ობიექტი გაიყიდა პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში. ჯამურმა საპრივატიზებო თანხამ კი 43 მილიონი ლარი შეადგინა. მთლიანობაში 2020 წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად 124 მილიონი ლარია მობილიზებული. უწყება აქტიურად მუშაობდა წიაღისეულის ეკონომიკაში ჩართვის მიმართულებით. აუქციონზე წიაღით სარგებლობის 433 ლიცენზია გაიყიდა; ქვეყნის მასშტაბით საბადოებზე 2 ათასზე მეტი სამუშო ადგილი შეიქმნა, ხოლო მოზიდული ინვესტიციის მოცულობამ 20.8 მილიონი ლარი შეადგინა.
ბოლო რამდენიმე დღეა, რაც „წყაროზე“ ამბობენ, მთავრობა 24 დეკემბრიდან შეზღუდვების დროებით მოხსნაზე ადრე მიღებული გადაწყვეტილების რევიზიას აპირებსო, თუმცა, როგორც ნათია თურნავამ განმარტა, ვერდიქტი უცვლელია. მთავრობა ეპიდემიოლოგიურ ვითარებას დააკვირდება და საბოლოო გადაწყვეტილებასაც საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციათა გათვალისწინებით მიიღებს. არადა, მკითხველს შევახსენებ, სავაჭრო ცენტრები და კომპანიები შეზღუდვების გაუქმებას 24 დეკემბრის ნაცვლად 15 დეკემბრიდან ითხოვდნენ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ვრცელი ანგარიშიდან შევიტყვეთ, რომ საქართველო თებერვლის თვიდან ფრენებთან დაკავშირებული შეზღუდვების სრულად მოხსნას გეგმავს.
„უკვე დასრულების ფაზაშია ქუთაისის და ბათუმის აეროპორტების გაფართოების პროგრამა. ეს განახლებული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს ჩვენს სტუმრებს, ასევე მოემსახურება საქართველოს მოქალაქეებს. ვგეგმავთ თებერვლიდან გავაუქმოთ ყველა შეზღუდვა საერთაშორისო ფრენებზე. ავიაკომპანია „ვიზეარმა“ დააანონსა, რომ საქართველოში მუდმივმოქმედ ბაზას აღადგენს. კომპანია აპირებს, რომ გააქტიურდეს და ახალი მიმართულებებიც დაამატოს“, − განაცხადა ნათია თურნავამ.
მოიმატებს თუ არა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადი? პასუხი ამ კითხვასაც გაეცა. ნათია თურნავამ განაცხადა, რომ 2020-2021 წლებში ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფის გადახედვა არ იგეგმება. რაც შეეხება „თბილისი ენერჯის“, როგორც ნათია თურნავამ განმარტა, ეს არის კერძო კომპანიის მიერ კომერციული მომხმარებლისთვის მიწოდებული გაზი, რასაც სახელმწიფო და სემეკი არ არეგულირებს. „ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია „თბილისი ენერჯისთან“. ტარიფების გაზრდა იანვრის დასაწყისში იგეგმება და დრო ჯერ კიდევ გვაქვს. ვნახავთ, რის გაკეთებას შევძლებთ კონსულტაციის შედეგად. რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, პროცესში ჩართულია სემეკი. ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები პანდემიის გამო დიდ ზარალს განიცდიან. მათ შემოსავალი შეუმცირდათ, რადგან ეკონომიკა და, შესაბამისად, მოხმარებაც შემცირდა. სხვა ფაქტორებიც არის, მათ შორის ლარის კურსი. მარეგულირებელი კომისია დათვლის, მაგრამ კატეგორიულად შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ტარიფების რყევა მოსახლეობამ, განსაკუთრებით, მისმა სოციალურად დაუცველმა ნაწილმა არ იგრძნოს. არ მინდა ჩავერიო სემეკის, დამოუკიდებელი მარეგულირებლის ფუნქციებში“, − განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში სახელმწიფო მოხელეების ხელფასი საგრძნობლად შემცირებულია. „სახელფასო ფონდი ჩვენს სამინისტროში ორი მილიონი ლარით არის შემცირებული“, − განაცხადა ნათია თურნავამ. მისივე ინფორმაციით, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი მასწავლებლების, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების გაზრდას ითვალისწინებს.
ეკონომიკური უწყების პირველი პირის ანგარიშს ანალიტიკოსები გამოეხმაურნენ. ითქვა, რომ მთავრობის ჩარევამ, ბიზნესის დახმარების პროგრამებმა და სოციალურმა პაკეტმა პანდემიით გამოწვეული ზარალი შეამსუბუქა. ამოქმედდა საგარანტიო მექანიზმი, ბიზნესს გადასახადები გადაუვადეს და ხელი შეეწყო ბიზნესების გადარჩენას.
ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ყურადღებას რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე ამახვილებს. მისი თქმით, მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა. საკრედიტო – საგარანტიო სქემის ფარგლებში შემოვიდა 121 პროექტი, ხოლო გარანტირებული სესხების მოცულობა 77.5 მილიონი ლარია. თანადაფინანსების მექანიზმით მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის დაფინანსდა 2199 პროექტი, ხოლო სუბსიდიის მოცულობამ 31 მილიონი ლარი შეადგინა. სახელმწიფო პროგრამით „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმი“ დამტკიცდა და უკვე გაიცა 6317 სესხი 614 მილიონი ლარის ოდენობით, ხოლო ტურისტული კომპანიებისთვის საბანკო გარანტიის სუბსიდირების მექანიზმით 33-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. გაცემული სუბსიდია 244 ათას ლარს შეადგენს.
„ყველა მოლოდინით, წლის ბოლოს ქართული ეკონომიკა უფრო ნაკლები ზარალით გამოვა, ვიდრე ევროპული ეკონომიკების უმრავლესობა“, − დასძენს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.
რა გაეწყობა, ვნახოთ, გამართლდება თუ არა ექსპერტის ეს პროგნოზი. მანამდე კი მოვალეობის შემსრულებელი მთავრობის წევრები ანგარიშის ჩაბარებას განაგრძობენ. სახალხო ტრიბუნას ახლა უკვე ქვეყნის პირველი ფინანსისტი, ივანე მაჭავარიანი დაიკავებს.