სამსონ ხონელი
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტი დათქმულ დროს შეიკრიბა. კონკრეტული მიზეზი იყო – რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების საკითხზე მსჯელობა.
ანალიტიკოსთა მოლოდინი გამართლდა. კობა გვენეტაძის უწყებამ რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8 პროცენტზე დატოვა. ეს რას ნიშნავს? – ჩამეძიება მკითხველი. განვმარტავ, იურიდიული თუ ფიზიკური პირების ყველა იმ საკრედიტო ვალდებულების პროცენტი, რომელიც სწორედ რეფინანსირების განაკვეთზეა დამოკიდებული, უცვლელი დარჩება. არც მოიმატებს და არც შემცირდება. ეს, სულ ცოტა, მომავალი წლის 3 თებერვლამდე, როცა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა გაიმართება.
საინტერესოა, რითი იხელმძღვანელა ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილების მიღებისას? ქვეყნის მთავარმა ბანკირმა კობა გვენეტაძემ ამ და სხვა კითხვებს ბრიფინგზე უპასუხა.
„ბოლო თვეებში წლიური ინფლაცია 3.8 პროცენტის დონეზეა. არსებული პროგნოზით, ინფლაციის მაჩვენებელი მომავალი წლის პირველ ნახევარშიც მიზნობრივ დონესთან ახლოს იქნება. გათვალისწინებულია ხანგრძლივი პანდემიის ფონზე დამატებითი შეზღუდვებით გამოწვეული წარმოების ხარჯების ზრდა. გადაწყვეტილებაზე გავლენა ჰქონდა გაურკვევლობასაც, რომელიც შეზღუდვების ვადებს უკავშირდება. ეკონომიკის ჯერ კიდევ მაღალი დოლარიზაციის გამო ამ ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის შერბილების შესაძლებლობა ლიმიტირებულია. ასე რომ, შესაძლოა, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება უფრო ხანგრძლივად გახდეს საჭირო, რაც ინფლაციის მოლოდინებსა და ეკონომიკური აქტივობის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული“, − განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მომავალში საპროცენტო განაკვეთის ზრდის საჭიროებასაც არ გამორიცხავს.
კობა გვენეტაძემ კიდევ რამდენიმე საკითხზე ისაუბრა. კერძოდ, აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მომავალში ლარიზაციის პოლიტიკის გადახედვას არ გეგმავს. მისი თქმით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტებისა და დედოლარიზაციის ღონისძიებების გარეშე ფინანსური სექტორი არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას ვერ მოახერხებდა.
მთავარმა ბანკირმა სავალუტო ინტერვენციების გეგმაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს მიმდინარე წლის დარჩენილ პერიოდსა და მომდევნო წელსაც გააგრძელებს. „მომავალში ინტერვენციები, ბუნებრივია, იმის შესაბამისად გაგრძელდება, თუ რა სიტუაცია იქნება სავალუტო ბაზარზე. დღეს, გლობალური რეცესიის დროს რთულია რაიმე პროგნოზის გაკეთება, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობთ, მომავალი წლის, როგორც მინიმუმ, პირველ ნახევარში ბაზრისთვის ვალუტის მიწოდება კვლავ დაგვჭირდება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ინტერვენციების დროს ეროვნული ბანკის მიზანი არ არის კურსის რომელიმე კონკრეტულ ნიშნულზე შენარჩუნება ან კურსის საბაზრო დინამიკისთვის ხელის შეშლა. კურსი იმ მიმართულებით უნდა წავიდეს, რასაც ეკონომიკა განსაზღვრავს. ინტერვენციების მიზანია – ბაზარს უცხოური ვალუტა მივაწოდოთ მაშინ, როდესაც ბაზარი ვალუტის დანაკლისს განიცდის“, − განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მთავარი ბანკირის ნათქვამს დავძენ: მიმდინარე წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა უკვე 25 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და 886 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. სავარაუდოდ, მკითხველი დაინტერესდება, ეს პროცესი როგორ აისახა ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებზე, რამდენით შემცირდა ის? კობა გვენეტაძის უწყების მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი არ შემცირდა, არამედ 271 მილიონი დოლარით გაიზარდა და დღეს 3.777 მილიარდ დოლარს შეადგენს. როგორ, ქვეყნის სავალუტო რეზერვი იხარჯება და არათუ მცირდება, პირიქით, იზრდება?! − ჩამეძიება გაკვირვებული მკითხველი და მართალიც იქნება.
მოგახსენებთ, მიზეზი მარტივია, ამ ხნის განმავლობაში ეროვნული ბანკი, ძირითადად, სესხად მიღებული საერთაშორისო დახმარებით ვაჭრობდა და არა რეზერვებით. აქვე ურიგო არ იქნება, ძალზე მოკლედ მიმოვიხილოთ ეროვნული ბანკის რეზერვების დინამიკა. ლარის მიმოქცევაში გასვლის მომენტში ქვეყნის სავალუტო რეზერვები ამჟამინდელზე 22-ჯერ ნაკლები იყო – სულ 171 მილიონი დოლარი. უნდა ითქვას, რომ განვლილი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში რეზერვების მოცულობა ყოველთვის მზარდი არ ყოფილა, 1998 და 1999 წლებში ის 97 მილიონ დოლარამდეც კი შემცირდა. მკვეთრი ზრდა 2004 წლიდან დაიწყო: სამ წელიწადში რეზერვების მოცულობა 236 მილიონი დოლარიდან 1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. 2009 წელს კი უკვე 2 მილიარდსაც გადასცდა, 2013 წელს − 3 მილიარდ დოლარს.
ერთი სიტყვით, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები იზრდება და ეს მაშინ, როდესაც პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა მცირდება. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“ იუწყება, რომ 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 23.6 პროცენტით შემცირდა და 302.6 მილიონი დოლარი შეადგინა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მაჩვენებელი 2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემს 25 პროცენტით აღემატება. საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების პირველ სამეულს გაერთიანებული სამეფო ლიდერობს 117.7 მილიონი აშშ დოლარით; მომდევნო ორი პოზიცია ნიდერლანდებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავია, შესაბამისად, 79.3 და 24.2 მილიონი დოლარით. საინტერესოა, როგორია სექტორული განაწილება? ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 128.3 მილიონი დოლარი, მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 42.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზეა ენერგეტიკის სექტორი − 37.1 მილიონი დოლარით, ხოლო მესამე პოზიციაზეა გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 36.6 მილიონი დოლარით.
ექსპერტ-ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის შეფასებით, კორონავირუსის პანდემიამ გლობალური მასშტაბით წარმოების, ეკონომიკური აქტიურობის მკვეთრი შემცირება გამოიწვია და ამ მხრივ გამონაკლისი არც საინვესტიციო მიმართულებაა.
„საკმარისია ითქვას, რომ გლობალური მასშტაბით მიმდინარე წლის მხოლოდ პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ფაქტობრივად განახევრდა, მაშინ, როდესაც ჩვენთან მისი კლების დინამიკა მსოფლიოს ანალოგიურ მაჩვენებელზე ორჯერ ნაკლები იყო“, – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ. მისივე თქმით, მიუხედავად შემცირებისა, ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2020 წელს თითქმის 2.2-ჯერ აღემატება საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს.
„უცხოელი ინვესტორების მზარდი დაინტერესება ჩვენი ქვეყნის საფინანსო სექტორითა და მომპოვებელი მრეწველობით მკაფიოდ მიანიშნებს, რომ ისინი საქართველოსთან სერიოზულ, ხანგრძლივ თანამშრომლობაზე არიან ორიენტირებული... განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, პრაქტიკულად, ეკონომიკური აქტიურობის ის ერთადერთი სფეროა, რომელიც მიმდინარე წლის განვლილი სამივე კვარტალის განმავლობაში მხოლოდ აღმავლობის დინამიკით ხასიათდებოდა“, – დასძინა იოსებ არჩვაძემ.
ანალიტიკოსთა კიდევ ერთი ნაწილი ღიად მიანიშნებს, რომ უკვე წლებია, ამ მიმართულებით კლების ტენდენცია გვაქვს და პანდემია გადამწყვეტი ფაქტორი არ არის. „საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება პანდემიამდეც გვქონდა, ასეა უკვე 2017 წლიდან მოყოლებული, რაც ეკონომიკური გარემოთი არის გამოწვეული. ჩემი მოლოდინი 2021 წლსთვისაც ნეგატიურია. ეს არა მხოლოდ პანდემიის გამოა, არამედ იმიტომ, რომ არანაირი პირობა არ ჩანს, რომელიც შემცირებას ზრდისკენ გადაიყვანს. კლების ტრენდი მომავალ წელსაც გაგრძელდება“, − აცხადებს ექსპერტი რამაზ გერლიანი.
ამასობაში ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დააფინანსებს. აშშ-ის საელჩოს შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელდა. კერძოდ, COVID-19-ის პანდემიის შემდგომ პერიოდში საქართველოს კერძო სექტორის აღდგენაში დასახმარებლად აშშ-ის მთავრობა დააფინანსებს უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო ფირმას OCO Global-ს, რომელიც გამოავლენს მაღალანაზღაურებადი ინვესტიციების შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში, ხელს შეუწყობს ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკის პოტენციალის შესახებ მსხვილი საერთაშორისო ინვესტორების ინფორმირებასა და მათი ცნობიერების ამაღლებას. ამავე დროს, როგორც ეს განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის მთავრობა ამ დაფინანსებას USAID-ის მეშვეობით გამოყოფს, ხოლო საქართველოს ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობს.
და, ბოლოს, ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, ვნახოთ, როგორი იქნება მილევადი წლის მეოთხე კვარტლის შედეგები, რა ნიშნულზე დაფიქსირდება როგორც საერთაშორისო რეზერვები, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა. მანამდე კი დროა, 2020 წლის ეკონომიკური და საფინანსო შედეგების მიმოხილვისა და შეჯამებისთვის მოვემზადოთ...