ლარის საშემოდგომო თავგადასავალი და მზადება ახალი წლისთვის...

© photo: Sputnikფულის კუპიურები
ფულის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ბანკი ლარის მომავალზე პროგნოზს აქვეყნებს. როგორია ეროვნული ვალუტის საახალწლო პერსპექტივა, წონასწორობის რა ნიშნულს დაიჭერს ლარი? ანალიტიკურ წრეებში კობა გვენეტაძის უწყებას აკრიტიკებენ, რატომ?

სამსონ ხონელი

შემოდგომა მიილია. რამდენიმე დღე და დრო ზამთრის პირველ თვეს აითვლის. მალე წლის შეჯამების ჟამი დადგება, თუმცა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2020 წელი კაცობრიობის ისტორიაში COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის მატიანედ დარჩება.

თბილისი - Sputnik საქართველო
ვისი რამდენი გვმართებს და რატომ?

გლობალური გამოწვევა მსოფლიოს საფინანსო-ეკონომიკურ სისტემას მკვეთრად ნეგატიურად დაეტყო. ეკონომიკურმა შოკმა უკლებლივ ყველა ქვეყანა მოიცვა. ბუნებრივია, გამონაკლისი არც საქართველოა. რა თქმა უნდა, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული უარყოფითი ეფექტი ყველაზე საგრძნობლად ეროვნული ვალუტის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში ლარი ამერიკული დოლარის მიმართ დაახლოებით 12 პროცენტით გაუფასურდა! თუ თვალს გადავავლებთ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობის დინამიკას, მარტივად დავინახავთ, რომ ლარს ანტირეკორდების დამყარების წელი უდგას.

ეროვნული ვალუტის კურსმა რეკორდული დაღმასვლა ჯერ კიდევ მარტში დაიწყო, როცა ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 3.48-3.50 ლარის ფარგლებში მერყეობდა. უკვე ზაფხულში ეროვნული ვალუტა შედარებით გამყარდა და ერთი ამერიკული დოლარი 3.08 ლარი ღირდა.

საშემოდგომოდ კი, ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდისა და ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობის პირობებში, ლარმა ისევ გაუფასურება დაიწყო და მიმდინარე კვირის განმავლობაში ერთი ამერიკული დოლარი 3,30-3.35 ლარის ფარგლებში იყიდება.

ცარიელი ქუჩები თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
ვინ, რატომ და რამდენით? ანუ კრიზისული ეკონომიკის ავი და კარგი

რა არის ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების მიზეზი? ამ საკითხზე ადრეც მისაუბრია და ჩვენი დროების აქტუალურ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობა წინამდებარე სტატიაშიც მექნება. ექსპერტ-ანალიტიკოსები, მთავრობის წარმომადგენლები და ეროვნული ბანკი ლარის რეკორდული გაუფასურების მიზეზად მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ასახელებენ. არ არის საკამათო, რომ გლობალური კრიზისის ვითარებაში ქვეყანაში ნაკლები მოცულობის უცხოური ვალუტა შემოდის, ფაქტობრივად განულებულია შემოსავლები ტურიზმის სფეროდან, რომლის წილიც ქვეყნის ეკონომიკაში 8 პროცენტია, გაუარესებულია უცხოური ვალუტის შემოდინებასა და გადინებას შორის ბალანსი. ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ლარზე ნეგატიური გავლენა ჰქონდა. ამას მოსახლეობაში უარყოფითი მოლოდინებიც ემატება. მომავლის მიმართ გაურკვევლობის განცდა ყალიბდება, რაც მოსახლეობას აიძულებს ხელში ეჭიროთ მყარი ვალუტა. ასეთი ვალუტა არის დოლარი და არა ლარი. შესაბამისად, დოლარზე მოთხოვნა იზრდება და, შემცირებული მიწოდების პირობებში, ძვირდება კიდეც.

ოპოზიციის ლიდერთა მარში საბურთალოზე - Sputnik საქართველო
რას ველოდით, რა მივიღეთ და რატომ?..

ექსპერტ-ანალიტიკოსები მიანიშნებენ, რომ ეროვნული ვალუტის კურსი სტაბილურობით არც წინა წლებში გამოირჩეოდა. ლარი ფსკერზე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეშვებოდა, მაშინაც კი, როდესაც ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები წესრიგში იყო და ეროვნული ვალუტის გაუფასურების საფუძველს არ იძლეოდა. როგორც ანალიტიკურ წრეებში აცხადებენ, ლარის კურსის დაცემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო და არის ქვეყანაში არსებული ფულის ჭარბი მასა. მოგეხსენებათ, ეროვნული ვალუტის კურსი ლარისა და დოლარის მასების თანაფარდობით დგინდება. ეკონომიკაში ლარის მოცულობის გაზრდით ლარისა და დოლარის მასებს შორის ბალანსი ირღვევა. გვაქვს ბევრი ლარი და ცოტა დოლარი. ბუნებრივია, რომ ასეთ დროს ეროვნული ვალუტა უფასურდება. გასულ წელს ეკონომიკაში ლარის მასა დაახლოებით 23 პროცენტით გაიზარდა. ეს პროცესი მიმდინარე წელსაც გრძელდება. კერძოდ, სექტემბერში ფულის მასამ 13.7 მილიარდ ლარს მიაღწია.

სავალუტო ჯიხური - Sputnik საქართველო
რა ხდება სავალუტო ბაზარზე? ანუ არის რეკორდის რეკორდი!..

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ლარის მასის ზრდა ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე გავლენას არ ახდენს. კობა გვენეტაძის უწყების დასკვნით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზად ფულის გაზრდილი მასის არგუმენტის გამოყენება არ არის სწორი და ის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. არადა, ანალიტიკოსთა უმრავლესობა ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას აკრიტიკებს და ლარის დევალვაციაზეც პასუხისმგებლობას სწორედ კობა გვენეტაძის უწყებას აკისრებს. მათი შეფასებით, ეროვნული ბანკი, ერთი მხრივ, სავალუტო აუქციონზე ინტერვენციებს ახორციელებს, დოლარის გაყიდვით ბაზრიდან ლარს იღებს, მაგრამ, მეორე მხრივ, რეფინანსირების სესხების გაცემით ბაზარს ლარს აწვდის. როგორც წესი, ბაზრიდან ამოღებული ლარის მასას ბევრად აღემატება ბაზრისთვის მიწოდებული ლარის მასა, რაც საბოლოოდ საფინანსო ბაზარზე ლარის ჭარბ რაოდენობას იწვევს. ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებით, არც ე.წ. სუსტი ლარის პოლიტიკამ გაამართლა. „მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში გვქონდეს სტაბილური ეროვნული ვალუტა. რაც უფრო ხშირი იქნება რყევა და ლარის კურსის გაუფასურება, მით უფრო მძიმე ვითარებაში იქნება ბიზნესი თუ წარმოება. დღევანდელი ტიპის ინტერვენციები არაეფექტურია. სავალუტო ბაზარზე აუცილებელია აქტიური მოქმედებები... კერძოდ, ინტერვენციები უნდა ხორციელდებოდეს მუდმივ რეჟიმში, როგორიც ეროვნულ ბანკს ეს პანდემიის საწყის ეტაპზე ჰქონდა“, − აცხადებს ანალიტიკოსი გიორგი კაპანაძე.

კორონავირუსმა სარესტორნო ბიზნესის კოლაფსი გამოიწვია - Sputnik საქართველო
რა შემცირდა, რა გაიზარდა და რატომ? ანუ კოვიდ-ეკონომიკის კალეიდოსკოპი...

როგორია პერსპექტივა? ეროვნული ბანკის პროგნოზით, ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნების ეკონომიკური ვარდნა კვლავაც სოლიდური იქნება. ამიტომ მომდევნო წლების განმავლობაში ლარის ნომინალური გაცვილითი კურსი ამერიკული დოლარის მიმართ გაუფასურების სტაბილურ ნიშნულზე დარჩება. კობა გვენეტაძის უწყების ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, მოსალოდნელია სავალუტო ნაკადების აღდგენა, შედეგად – 2021-2022 წლებში ლარის გაცვლითი კურსი ამერიკული დოლარის მიმართ წლიურად 5-5 პროცენტით გამყარდება. არსებობს პესიმისტური სცენარი, რომლის მიხედვით, 2021-2022 წლებში ქვეყანაში რეცესია გაგრძელდება, რეგიონში დაძაბული პოლიტიკური ვითარება იქნება და 2021 წელს ეროვნული ვალუტა კიდევ 20 პროცენტით გაუფასურდება. ხოლო 2022 წლიდან, ეკონომიკური გაჯანსაღების პირობებში, ლარი 5 პროცენტით გამყარდება. რას გვპირდება რეალისტური სცენარი? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი. რა გაეწყობა, კითხვას მარტივად ვუპასუხებ: ასეთი სცენარი ბუნებაში არ არსებობს, რეალისტური იქნება, რასაც დროსა და სივრცეში დავინახავთ და ჯიბეზე ვიგრძნობთ. ასე რომ, დაველოდოთ...

თბილისი - Sputnik საქართველო
რამდენს დახარჯავს საქართველო მომავალ წელს? პრიორიტეტები ციფრებში

ამასობაში მედიაპლატფორმა Forbes იუწყება, რომ ტრანსნაციონალური საინვესტიციო ბანკი Citigroup 2021 წელს დოლარის 20 პროცენტით გაუფასურებას პროგნოზირებს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ანალიტიკოსების ამგვარი ვარაუდი ეყრდნობა მოლოდინს, რომ უკვე მომავალი წლიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება, რაც საერთაშორისო ვაჭრობას აღადგენს და, შესაბამისად, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას. მათივე შეფასებით, დოლარის კურსზე ასევე ნეგატიურად აისახება ფედერალური რეზერვის ფრთხილი პოლიტიკა. ექსპერტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ დოლარის გაუფასურებას ხელს შეუწყობს ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტება. კერძოდ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში საგადასახადო შეღავათები მოქმედებს, რაც ქვეყნის შიგნით ბიზნესის წარმოებას ახალისებს, ხოლო ჯო ბაიდენი გადასახადების გაზრდის მომხრეა, რამაც სავსებით შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ინვესტიციების გადინება გამოიწვიოს. მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩინეთთან სავაჭრო ომი, რომელსაც, ანალიტიკოსთა მოსაზრებით, ახლადარჩეული პრეზიდენტი, მართალია, ბოლომდე ვერ შეწყვეტს, მაგრამ, სავარაუდოდ, შეარბილებს მაინც, რაც განვითარებადი ქვეყნების ვალუტებზე დადებითად იმოქმედებს და დოლარზე უარყოფითად აისახება. და, ბოლოს, დოლარის გაუფასურების კიდევ ერთი მიზეზი, შესაძლოა, ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესება გახდეს, რის სურვილსაც ჯო ბაიდენი აფიქსირებს. ეს ევროს მიმართ ინვესტორებს წაახალისებს. ერთი სიტყვით, Citigroup-ის ანალიტიკოსები მომავალი წლიდან დოლარის გაუფასურებას ელოდებიან. მეტიც, არ არის გამორიცხული, ეს 1985 წლის შემდეგ დოლარის რეკორდული გაუფასურება იყოს, როდესაც დოლარი მსოფლიოს ექვს ვალუტასთან მიმართებაში წლის განმავლობაში 18.5 პროცენტით გაუფასურდა. ბუნებრივია, ახლაც საუბარია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ვალუტაზე. მათ შორის ქართული ლარი ჯერ არ მოიაზრება...

 

ყველა ახალი ამბავი
0