რა არ მოეწონა ახალ წელს ლარს?

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Yandex newsTelegram
ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებს განაგრძობს. მიუხედავად ამისა, ლარმა პოზიციები დათმო და არა მხოლოდ ამერიკული დოლარის მიმართ. რატომ?

სამსონ ხონელი

ახალი წლის პირველი ორი კვირა გაილია და ურიგო არ იქნება, მოვიკითხოთ, როგორ ფორმაშია ნახაალწლევს ეროვნული ვალუტა. რისი მოლოდინი გაქვს, ლარის გამყარების, სასწაულების გჯერა? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი. განსაკუთრებულს არაფერს ველი, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, ეროვნულ ვალუტას ყურადღება მოვაკლო. საინტერესოა, ორი წლის გასაყარზე, რა ტენდენცია გამოიკვეთა სავალუტო ბაზარზე.

გასული დეკადის ბოლოს ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი ამერიკული დოლარი 3.305 ლარად იყიდებოდა. გასული წლის ბოლო დღეებში კი ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებაში 3.293 ლარს შეადგენდა. შეგვიძლია დავასკვნათ, 2021 წლის იანვრის პირველ დეკადაში ლარის კურსი 0.36 პროცენტით გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის ძველი ოფისის შესასვლელის ცხაურები - Sputnik საქართველო
რა გადაურჩა ვირთხას, ანუ რამდენია ფული სეიფში?

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ნოემბრის მიწურულიდან მოყოლებული, დეკემბრის ბოლო კვირამდე ეროვნული ვალუტა გამყარების ტენდენციას ინარჩუნებდა. დეკემბრის თვის მეორე და მესამე დეკადაში ლარის კურსი, შესაბამისად, 0.43 პროცენტით და 0.44 პროცენტით, ხოლო უშუალოდ წინასაახალწლოდ 0.07 პროცენტით გამყარდა. როგორც ექსპერტ-ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რაიმე მოულოდნელი არც ამჯერად ყოფილა. ტრადიციულად ასე ხდება ხოლმე, ახალ წლამდე 10-20 დღით ადრე ლარი გამყარებას იწყებს და ამ პროცესს სპეციალისტები „ინდაურის ეფექტს“ ეძახიან. ეს რას ნიშნავს? − არ გამიკვირდება, დაინტერესდეს მკითხველი. რა გაეწყობა, განვმარტავ: მოქალაქეები საახალწლოდ საჩუქრებისა თუ სურსათის შესაძენად საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მიღებული ფულადი გზავნილების გადახურდავებას იწყებენ, რაც ლარზე მოთხოვნას ზრდის, თუმცა არა იმდენად, რომ ეს ეროვნული ვალუტის კურსზე საგრძნობლად აისახოს. შესაძლოა, მიმითითოთ, ვის ჰქონდა ინდაურის თავი, იქცევა ქვეყანა, პანდემიაა! პოლემიკაში არ შემოვალ, რეპლიკას ნაწილობრივ გავიზიარებ და პასუხად ვიტყვი, ინდაურის თუ არა, „გაყინული ქათმის ეფექტი“ ხომ იქნებოდა? კარგით, საახალწლო სუფრის სავარაუდო კერძებზე ნუ ვიდავებთ, ძირითად საკითხს დავუბრუნდეთ.

ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
ვირთხის ნაკბენი, ანუ ლარის ერთწლიანი თავგადასავალი...

2021 წლის პირველი ათი დღის განმავლობაში, წინასაახალწლო პერიოდის მსგავსად, ყველაზე მეტით, 1.40 პროცენტით კვლავ თურქული ლირა გამყარდა. დეკემბრის ბოლოს მაჩვენებელი 1.51 პროცენტი იყო. საანგარიშო პერიოდში დოლართან მიმართებაში ევრო და ჩინური იუანიც გამყარდა, შესაბამისად, 0.21 პროცენტით და 0.97 პროცენტით. ახალი წლის სტარტი უიღბლო გამოდგა რუსული რუბლისთვის, ბრიტანული სტერლინგისა და იაპონური იენისთვის. სამივე ვალუტა გაუფასურების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა, შესაბამისად, 0.83 პროცენტით, 0.72 პროცენტითა და 0.64 პროცენტით.

თბილისი - Sputnik საქართველო
როგორ გაღრღნა „ვირთხამ“ ყულაბა? უცხოური ინვესტიციების ერთი წლის ამბავი

ეროვნული ვალუტის ათდღიან თავგადასავალს დავუბრუნდეთ. შეგახსენებთ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ გასული წლის ბოლო დღეს ივარაუდა, რომ ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენციები ისევ მოუწევს. მისი თქმით, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს ყოფნისთვის ეროვნული ბანკის მიერ ასეულობით მილიონი დოლარის ინტერვენცია, მაღალი ალბათობით, ისევ საჭირო იქნება. მან არც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების აუცილებლობა გამორიცხა. ირაკლი კოვზანაძემ განმარტა, რომ მთავარი ამოცანა მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაა.

ვარაუდი ნაწილობრივ გამართლდა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი თებერვლის თვის პირველ რიცხვებში შეიკრიბება და გადაწყვეტილებასაც მაშინ შევიტყობთ. ხოლო რაც შეეხება ეროვნული ბანკის ინტერვენციებს, ისეთი პირი უჩანს, კობა გვენეტაძის უწყება გასული წლის მარტში დაწყებულ პოლიტიკას წელსაც განაგრძობს. 2021 წელს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე პირველი ინტერვენცია 6 იანვარს განახორციელა, როცა 40.0 მილიონი ამერიკული დოლარი გაყიდა. 2020 წელს კი უწყებამ სავალუტო ბაზარს ჯამში 873.2 მილიონი ამერიკული დოლარი მიაწოდა. საგულისხმოა, რომ გასულ წელს ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტა არ შეუსყიდია. 2019 წელს კი საბანკო სექტორის მთავარი მარეგულირებლის პოლიტიკა განსხვავებული იყო. უწყებამ ჯამში 165 მილიონი ამერიკული დოლარი შეისყიდა.

თბილისი - Sputnik საქართველო
როგორ დაუხვდა ბიზნესი წიქარას?.. ვირთხის ნაკვალევი ანუ 2020 წელი ციფრებში...

ერთი სიტყვით, მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ვალუტამ ამერიკული დოლარის მიმართ გაუფასურების მორიგი ისტორიული ნიშნული გადალახა და 1 ამერიკული დოლარი 3.00 ლარად ივაჭრებოდა, სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის პოლიტიკა უკვე მხოლოდ ამერიკული დოლარის გაყიდვით შემოიფარგლებოდა.

გასულ კვირაში ლარი უკვე მეზობელი ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაშიც გაუფასურდა. მათ შორის ყველაზე მეტად ლარმა პოზიციები რუსულ რუბლთან დათმო − 1.07 პროცენტით, აზერბაიჯანულ მანათთან − 0.82 პროცენტით, სომხურ დრამთან კი − 0.57 პროცენტით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამავე პერიოდში ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიც გაუფასურდა – 1.11 პროცენტით. დეკემბრის ბოლო კვირას ეს მაჩვენებელი 0.47 პროცენტი იყო. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეფექტური ნომინალური კურსის გაუფასურება თურქული ლირის გამყარებას უკავშირდება, რადგან თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საანგარიშო პერიოდში ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 109.2 ნიშნულზე იყო და მისი მერყეობა წინა პერიოდზე 0.20 პროცენტით ნაკლებს, 0.18 პროცენტს შეადგენდა, რაც ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის სტაბილურობაზე მიუთითებს. აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა კი მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის.  

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
კოვიდ-ეკონომიკა და ფულადი გზავნილები... 2020 წელი ციფრებში

ერთი სიტყვით, ახალი წლის პირველ ათ დღეში ეროვნული ვალუტა უფასურდებოდა და ეს პროცესი ვერც ეროვნული ბანკის მიერ 6 იანვარს განხორციელებულმა ინტერვენციამ შეაჩერა. არადა, ერთი შეხედვით, სავალუტო ბაზარზე გაყიდულ 40 მილიონ ამერიკულ დოლარს ლარის კურსზე პოზიტიური გავლენა უნდა ჰქონოდა. მიჩვეული ვართ, ყოველთვის არ ხდება ხოლმე ისე, როგორც უნდა იყოს. ასე იყო ახლაც. თუმცა მეორე დეკადა იმედისმომცემია. ეროვნული ვალუტა 11 იანვრის ვაჭრობაზე ამერიკულ დოლართან მიმართებაში 0.0023 ლარით გამყარდა და თანაც ისე, რომ კობა გვენეტაძის უწყებას სავალუტო ბაზარზე დოლარი არ გაუყიდია.

არის თუ არა ეს ეროვნული ვალუტის თუნდაც უმნიშვნელოდ, მაგრამ მეტ-ნაკლებად სტაბილური აღმასვლის დასაწყისი, ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ 1 თებერვლიდან უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გაცვლითი კურსი Bmatch პლატფორმაზე დადებული გარიგებებით განისაზღვრება. კერძოდ, ამერიკული დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე და სავაჭრო სისტემაში დადებულ გარიგებათა გათვალისწინებით გამოთვლილი საშუალო შეწონილი კურსი.

პარლამენტი მთავრობას უსმენს - Sputnik საქართველო
ძველი–ახალი მთავრობა და „ოცნების“ ეკონომიკის თავგადასავალი

აქ ვაპირებდი წერტილის დასმას, როცა ეროვნული ბანკის მორიგი მონაცემები გასაჯაროვდა. ერთ წლის განმავლობაში საქართველოში სავალუტო ჯიხურების რაოდენობა 150 ერთეულით შემცირდა. რატომ? თამამად შემიძლია გითხრათ, მიზეზი ლარის მერყევი ხასიათი როდია, ეს COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგია. როგორც ვალუტის გადამხდელთა ასოციაციაში აცხადებენ, ქვეყანაში ტურისტები აღარ შემოდიან, ბრუნვა არ არის, ხოლო ობიექტების ხარჯვითი ნაწილი არ შემცირებულა, რის გამოც ბიზნეს-სუბიექტები დახურვის გადაწყვეტილებას თავად იღებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0