როგორ გაღრღნა „ვირთხამ“ ყულაბა? უცხოური ინვესტიციების ერთი წლის ამბავი

გამოწერა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წლიდან წლამდე მცირდება, კლების ტენდენცია 2017 წლის ბოლოდან დაიწყო, გასული წლის მონაცემები ბოლო ათი წლის მინიმუმზეა. რატომ? რა აფერხებს უცხოური ინვესტიციების შემოდინებას – პანდემია თუ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა? ან, იქნებ...

სამსონ ხონელი

წინამდებარე სტატიას პირდაპირ ციტირებით დავიწყებ. ვინ და რა თქვა ასეთი? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი. არ გამიკვირდება, სავარაუდოდ, ჩემგან ის ახლაც ვრცელ შესავალს ელის. ამჯერად ვეცდები განსხვავებული ვიყო.

ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
ვირთხის ნაკბენი, ანუ ლარის ერთწლიანი თავგადასავალი...

„იმედით შევყურებთ ახალ წელს, მაგრამ უნდა ვიყოთ რეალისტები და არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ 2021 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვან შემოდინებას ექნება ადგილი. თითოეული მილიონი ამერიკული დოლარი, ვფიქრობ, სანთლით საძებარი იქნება“, − ეს სიტყვები პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი კოვზანაძეს ეკუთვნის. მისი თქმით, არც იმის ილუზიამ უნდა შეგვიპყროს, თითქოს ტურიზმის სფერო და ვაჭრობის სექტორი, რომლებიც COVID-19-ის პანდემიამდე პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის, შესაბამისად, 8 და 14 პროცენტს ქმნიდნენ, სრულად აღდგება. ვერც უძრავი ქონებით განხორციელებული ოპერაციები დაუბრუნდება პანდემიამდელ ნიშნულს, მთლიანი შიდა პროდუქტის 11.5 პროცენტს. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ პირდაპირ, ღიად გვითხრა, რომ ახალ წელს ქვეყნის ეკონომიკა დახუნძლული პრობლემებით შეხვდა, რაზეც გასული წლის განმავლობაში გაუარესებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მეტყველებს. მისი შეფასებით, გაზრდილია უმუშევრობა და შემცირებულია მოსახლეობის განკარგვადი შემოსავლები; შემცირებულია ერთობლივი მოთხოვნა, კაპიტალური დანახარჯები – ინვესტიციები; გაზრდილია დავალიანებები. ლარი კი ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 14 პროცენტით გაუფასურდა, ხოლო ინფლაცია საშუალოდ 5.2 პროცენტია და ა.შ.

თბილისი - Sputnik საქართველო
როგორ დაუხვდა ბიზნესი წიქარას?.. ვირთხის ნაკვალევი ანუ 2020 წელი ციფრებში...

ერთი სიტყვით, დეპუტატის თქმით, ილუზიები არ უნდა შევიქმნათ და რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი. არ ვიცი, ხალხის რჩეულის ამგვარმა განწყობამ ვის რისი მოლოდინი გაუჩინა, მაგრამ გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ დავუბრუნდე 2020 წლის მაკროეკონომიკური პარამეტრების გაანალიზებას და თქვენი ყურადღება უცხოური ინვესტიციების შემოდინების დინამიკაზე გავამახვილო. კი, მაგრამ დანაპირებს რატომ არ ასრულებ, სად არის სტატია საბანკო სექტორის ერთი წლის შედეგების შეჯამებით? − არ გამიკვირდება, მისაყვედუროს მკითხველმა. თავის მართლებას არ დავიწყებ, მხოლოდ ერთს ვიტყვი პასუხად: კონკრეტული თარიღი ხომ არ დამითქვამს, რატომ ბრაზობ სოსო? ახლა მკითხველმა ისე არ გამიგოს, რომ „სესხბანკში მიმავალი ბალანსს კიბეებიდან დავაწევ“. მადლობა შეხსენებისთვის, მოვლენებს წინ გავუსწრებ და მოგახსენებთ, რომ გასული წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია სწორედ საფინანსო სექტორში შემოვიდა. თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით, თანმიმდევრულად. მივყვეთ...

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
კოვიდ-ეკონომიკა და ფულადი გზავნილები... 2020 წელი ციფრებში

მოგეხსენებათ, სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“ გასული წლის საბოლოო დაზუსტებულ შედეგებს თებერვლის შუა რიცხვებში გამოაქვეყნებს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, სამი კვარტლის შედეგებით ვიხელმძღვანელოთ. მერწმუნეთ, დროის ამ მონაკვეთში ტენდენცია მკაფიოდ გამოიკვეთა, მოგვიანებით მხოლოდ რიცხვების უმნიშვნელო ცვლილებაა მოსალოდნელი, რასაც საერთო სურათზე გავლენა ვერ ექნება. მაშ ასე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა მესამე კვარტალშიც საგრძნობლად, 23.6 პროცენტით, 303 მილიონ ამერიკულ დოლარამდე შემცირდა, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ქვეყანაში შემოსული უცხოური ინვესტიციების ჯამური რაოდენობა 719 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა, ანუ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24 პროცენტით ნაკლებს. ეს კი ბოლო ათი წლის ასევე მინიმალური მაჩვენებელია. ერთი სიტყვით, ეროვნული ვალუტისა არ იყოს, წითელი ტახის წელიწადს უცხოური ინვესტიციებიც ანტირეკორდებით შეხვდა...

პარლამენტი მთავრობას უსმენს - Sputnik საქართველო
ძველი–ახალი მთავრობა და „ოცნების“ ეკონომიკის თავგადასავალი

რამდენიმე გამონაკლისის გარდა ინვესტიციები თითქმის ყველა მიმართულებით შემცირდა. საფინანსო სექტორში კი ინვესტირების მოცულობა 69 პროცენტით გაიზარდა და მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 42.4 პროცენტი შეადგინა. მცირედი, თუმცა მატებაა სამთო-მოპოვებით მრეწველობაში. 78 პროცენტით კლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ენერგეტიკაში. ინვესტიციები შემცირდა გადამამუშავებელ მრეწველობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში. მცირედი კლებაა კავშირგაბმულობასა და ჯანდაცვის სფეროში.

რაც შეეხება სახელმწიფოებს, სამი კვარტლის ჯამში ყველაზე მეტი – 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია ბრიტანეთმა განახორციელა. მისი წილი საერთო ინვესტიციებში 35 პროცენტს შეადგენდა. 150 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტირებით ნიდერლანდებს მომდევნო პოზიცია ეკავა. სამეულში იყო ამერიკის შეერთებული შტატებიც. სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოდან 72 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.

გასულ წელს კიდევ ერთი არასასურველი ტენდენცია გამოიკვეთა, კერძოდ, რეინვესტირების მოცულობამ სააქციო კაპიტალის მოცულობას პირველად გაუსწრო. თუ 2019 წლის პირველ ცხრა თვეში რეინვესტირების მოცულობამ 450 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც სააქციო კაპიტალის − 521 მილიონის 86 პროცენტი იყო, უკვე 2020 წელს ბალანსი დაირღვა და რეინვესტირების მოცულობა 417 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა! ეს კი სააქციო კაპიტალის მოცულობის – 248 მილიონი დოლარის 168 პროცენტს შეადგენდა.

დროა დავსვათ მთავარი კითხვა – რამ გამოიწვია უცხოური ინვესტიციების პრაქტიკულად ისტორიულ მინიმუმამდე შემცირება?

თბილისის საახალწლო განათება - Sputnik საქართველო
ათი დღით ადრე, ანუ ლარის წინასაახალწლო განწყობა

ანალიტიკურ წრეებში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, თუმცა დიდი უმრავლესობა თანხმდება, რომ ქვეყანაში უკვე წლებია უცხოური ინვესტიციების კლების ტენდენციაა და, ამდენად, COVID-19-ის პანდემია გადამწყვეტი ფაქტორი არ არის. ექსპერტ-ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის შეფასებით, უცხოური ინვესტიციების შემცირების მიზეზი ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. ამ პოზიციას გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტი ალექსანდრე რატიშვილიც იზიარებს. ამავე დროს განსაკუთრებულ ყურადღებას ის სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე ამახვლებს. მისი თქმით, არც ერთი პასუხისმგებლიანი ინვესტორი არ შემოვა ქვეყანაში, თუ არ იქნება სტაბილური, სამართლიანი და კანონზე დაფუძნებული სასამართლო სისტემა. „დღეს საქართველოში ეს არ გვაქვს. ეს არის თავი და თავი იმის, რომ გვაქვს საინვესტიციო შიმშილი“, − აცხადებს ალექსანდრე რატიშვილი.

ანალიტიკოსთა კიდევ ერთი ნაწილის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის პანდემია მნიშვნელოვანი ფაქტორია, ინვესტიციების კლების მთავარი მიზეზი ეკონომიკური თავისუფლების ნაკლებობაა. ასეთია ანალიტიკოსი რამაზ გერლიანის შეფასება, რომელიც ინვესტიციების ზრდის მაღალი ტემპის ხელშემწყობ ფაქტორებსაც ასახელებს. კერძოდ, მისი თქმით, უძრავი ქონების სფერო და საფონდო მიმართულება, რაც უცხოური ინვესტიციებით ყველაზე მოცულობითი უნდა იყოს, გადის მესამე–მეოთხე ადგილზე, ზოგჯერ ვერ ხვდება ხუთეულში. ბიზნეს-გარემოა გაფუჭებული წინდაუხედავი რეგულაციებით, რომელთა ნუსხაც ძალიან დიდია. „ტენდენცია გვიჩვენებს წამახალისებელი თუ დამთრგუნველი პოლიტიკის პირდაპირ გავლენას უცხოურ ინვესტიციებზე. მაგალითად, ზრდა მშენებლობის სექტორში დეველოპერებისთვის დაწესებულმა შეღავათებმა განაპირობა... ინვესტიციების მკვეთრი ზრდისთვის აუცილებელი პირობაა საფონდო ბაზრის განვითარება, რაც კერძო საკუთრების დროულ ფორმირებაზე გადის“, − აცხადებს რამაზ გერლიანი.

ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო
მთავარი ბანკირის გეგმები... რა გადაწყვიტეს ეროვნულ ბანკში?

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას შეფასებით, ინვესტიციების შემცირების მიზეზები მართვის იმ სისტემაში უნდა ვეძებოთ, რომელიც დღეს ხელისუფლებაში გვაქვს. მუდმივად ვცდილობთ ინვესტიციების მოზიდვას ცალკეულ პროექტებში, მაგრამ არაფერს ვაკეთებთ, რომ სისტემურად გავაძლიეროთ ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა. მისი თქმით, ინვესტორებისთვის ერთ-ერთი დაბრკოლება არაკვალიფიციური მუშახელია. კიდევ ერთი პრობლემაა სამთავრობო აპარატის ინერტულობა, მისი ასევე დაბალი კვალიფიკაცია და მოტივაცია. სახელმწიფო მოხელეები გადაწყვეტილებას იღებენ ნელა და დიდხანს, რის გამოც ინვესტორი სახელმწიფოს მხარდაჭერის იმედს კარგავს. ინვესტიციების შემოდინებას ქვეყანაში ხელს უშლის ვერ ან არდასრულებული ინსტიტუციური რეფორმები. „ჩვენ ისევ გვაქვს სასამართლო ხელისუფლების რეპუტაციის პრობლემა. გარდა ამისა, საქართველოში კვლავ დგას მიწის რეგისტრაციის პრობლემა. კიდევ ერთი სერიოზული ფაქტორია ის, რომ ხელისუფლება თავისი გაუბედაობის გამო ერიდება სატრანსპორტო სექტორის, მათ შორის რკინიგზის რეფორმირებას. არადა, ეს შეიძლებოდა დიდი ინვესტიციების შემოდინებისა და მათი ეფექტიანობის ამაღლების საფუძველი გამხდარიყო", − აცხადებს გიორგი ქობულია.

მკითხველი, სავარაუდოდ, ჩამეძიება, რას ამბობს ხელისუფლება? რა გაეწყობა, საპასუხოდ პრემიერ-მინისტრის სიტყვებს მოვიშველიებ:

„უცხოური ინვესტიციები ყოველთვის იყო საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა და დღეს, გლობალური კრიზისის გათვალისწინებით, უცხოური ინვესტიციები ყველა ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა. თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეკონომიკაში გაგრძელდეს სტრუქტურული რეფორმები, რათა ქვეყანაში ინვესტირებული თითოეული დოლარი მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს“. 

თბილისი - Sputnik საქართველო
კრედიტის ფასი, ანუ ემუქრება თუ არა საქართველოს დეფოლტი?

და, ბოლოს, რა თქმა უნდა 2017 წლიდან მოყოლებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების მიზეზებს მოძიება და გაანალიზება სჭირდება, მაგრამ მთავარი მაინც ის რეალობაა, რომელიც გვაქვს. სამწუხაროდ, ეს რეალობა ქვეყანას კარგს არაფერს უქადის. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბალი მაჩვენებელი პოტენციური ინვესტორებისთვის საკმაოდ ნეგატიური სიგნალია. თუ მომავალშიც ასე გაგრძელდა, შესაძლოა, საქართველოს, როგორც საინვესტიციო ქვეყნის რეპუტაცია სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს...

ყველა ახალი ამბავი
0