სამსონ ხონელი
დაპირებისამებრ 2020 წლის შედეგების შეჯამებას განვაგრძობ... მკითხველს შევახსენებ, ჩვენი მაღალი ყურადღება მხოლოდ ეკონომიკური პარამეტრებისკენ არის მიპყრობილი... დიახ, წელს მაქვს პატივი, პოლიტიკური ბატალიების განსჯას, შავისა და თეთრის გარკვევას თავი ავარიდო. გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, მესმის მისი, ვისაც ახლა შეშურდა ჩემი...
COVID-19-ის პანდემია განსაკუთრებით მძიმედ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაზე აისახა. უცხო არ არის, რომ საქართველოც სწორედ ამ ქვეყნების კატეგორიას მიეკუთვნება... საგანგებო მდგომარეობა, დარჩით სახლში, დისტანცია, ლოკდაუნი და პირბადე, − არახალია, ეს სიტყვები დღესაც აქტუალურია. გასული წლის თებერვლიდან მოყოლებული ქვეყანამ უხილავ მტერთან თანაცხოვრება დაიწყო... 21 მარტს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა დეკრეტი საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ, ბევრი არც კი ელოდა, რომ კრიზისი თვეობით გაგრძელდებოდა, ბიზნესი მილიონობით ზარალს ნახავდა, კერძო სექტორში დასაქმებული მოსახლეობის უმრავლესობას შემოსავალი შეუმცირდებოდა და უმუშევართა არმიას ათასობით ადამიანი შეუერთდებოდა... მოკლედ, გლობალური გამოწვევით შექმნილმა მძიმე ვითარებამ ბიზნესს მთავარ ამოცანად არსებობისთვის ბრძოლა დაუსახა.
COVID-19-მა განსაკუთრებით მძიმე დარტყმა ტურიზმის სფეროს მიაყენა. საჰაერო მიმოსვლისა და ტურისტული ნაკადის წყვეტას ეკონომიკის ყველა სექტორზე უარყოფითი გავლენა ჰქონდა. ტურიზმის სფერო დანაკარგებს ჯერ კიდევ ითვლის... ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე, ნატა კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ ზარალი ფაქტობრივად ასიდან ასი პროცენტია... ამასობაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ნოემბრის თვის მონაცემებს აქვეყნებს. და ირკვევა, რომ ამ პერიოდში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 91.6 პროცენტით შემცირდა... უწყების ანგარიშის თანახმად, ნოემბერში საქართველოში სულ 45.363 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, მათ შორის 41.139 სახმელეთო გზით, 530 საჰაერო გზით, 507 საზღვაო გზით და ბოლოს, 187 რკინიგზით. საქართველოში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რეგიონის ქვეყნებიდან განხორციელდა. 17.780 ვიზიტორით ლიდერი თურქეთია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კლება 78.2 პროცენტია. მეორე პოზიცია კი 8.500 ვიზიტორით სომხეთს უკავია. საანგარიშო პერიოდში კლება 92.7 პროცენტია. 3.902 ვიზიტორით პირველ სამეულშია აზერბაიჯანი. კლება 96.6 პროცენტია. მომდევნო პოზიციაზე კი რუსეთია 3.788 ვიზიტორით. კლება 95.4 პროცენტია. ხუთეულშია უზბეკეთი 1.785 ვიზიტორით. გაგიკვირდებათ, ფაქტია, საანგარიშო პერიოდში ცენტრალური აზიის ამ რესპუბლიკიდან ვიზიტორთა არა თუ კლებაა, არამედ მატებაა და თანაც 42.6 პროცენტით. აქვე დავსძენ, რომ ეს ერთადერთი სახელმწიფოა იმ თხუთმეტ ე.წ. TOP ქვეყანას შორის, საიდანც გასული წლის ნოემბერში საქართველოს ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. გლობალურად თუ შევხედავთ, დავრწმუნდებით, რომ რიცხვები ასევე მასშტაბურია... ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციამ შედეგები შეაჯამა და როგორც დასკვნით დოკუმენტშია აღნიშნული, ტურიზმის სექტორი გასული საუკუნის 90-იანი წლების დონეს დაუბრუნდა... 935 მილიარდი დოლარის ზარალი და 900 მილიონი ვიზიტორით ნაკლები...
ლოგიკურია, ტურისტული ნაკადების შემცირება ნეგატიურად აისახა ეკონომიკის მომიჯნაცე სფეროებზე. საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ორგანიზაციის პირველადი გათვლებით, მგზავრთა გადაყვანის მიმართულებით ავიაკომპანიების ზარალი გასულ წელს 118 მილიარდ დოლარს გაუტოლდება. ათასობით გაჩერებული თვითმფრინავი განსაკუთრებით მცირე და საშუალო ავიაკომპანიებს გაკოტრების საფრთხეს უქმნის. „შექმნილ ვითარებაში ავიაკომპანიის შენარჩუნებაც კი, უკვე გმირობის ტოლფასია. ავიაციაში ძალიან მძიმე სიტუაციაა. სერიოზული დანაკარგები გვაქვს. ბევრი კომპანია გაკოტრდება, ბევრი შეერწყმება ერთმანეთს. 2021 წელს ახალი რეალობა გვექნება...“, − აცხადებს ავიაკომპანია „Air georgia“ - ს დამფუძნებელი გიორგი კოდუა. მისი თქმით, საავიაციო ინდუსტრია აღდგენისთვის ემზადება და ამ პროცესში მთავრობის დახმარების იმედი აქვს... პირველ რიგში, ზუსტი თარიღებისა და მიმართულებების დადგენას ითხოვს, სად და როდიდან შეძლებენ ავიარეისების განხორციელება. „რა თქმა უნდა, აპრილში საზღვრებს ყველა ქვეყანა არ გაგვიხსნის. ზამთარში არის დრო, რომ ამ ქვეყნებთან მუშაობა დავიწყოთ. მთავრობამ უნდა გვაცნობოს, რომელ ქვეყნებთან მიმდინარეობს მუშაობა, რომ ჩვენც ვიყოთ მზად. ისინი შეიძლება მუშაობდნენ ევროპის ქვეყნებთან და არ მუშაობდნენ აზიის სახელმწიფოებთან, ან პირიქით, ჩვენ ამ დროს, შესაძლოა არასწორი გეგმები დავსახოთ. კოორდინირებული მუშაობა უნდა იყოს“, − ამბობს გიორგი კოდუა.
გადაადგილების შეზღუდვამ ქართულ სარესტორნო ბიზნესს საერთაშორისო ვიზიტორების მომსახურების შანსი წაართვა, თუმცა ვითარება განსაკუთრებით, მაშინ დამძიმდა, როდესაც კაფეების, ბარებისა და რესტორნების კარი ადგილობრივი მომხმარებლებისთვისაც დაიხურა... რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვებით, სარესტორნო ბიზნესის უმრავლესობა ლოკდაუნის პერიოდში გაკოტრდება და მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ. შექმნილ ვითარებაში მთავრობამ სარესტორნო ბიზნესს ხელშეწყობის პროგრამა, ე.წ. თანადაფინანსების მექანიზმი შესთავაზა, რომელიც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში სარესტორნო ინდუსტრიის სესხის პროცენტის სუბსიდირებას გულისხმობს. პროგრამას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის პროცენტზე თანადაფინანსება არაუმეტეს 80 პროცენტი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხის პროცენტზე კი არაუმეტეს 70 პროცენტი იქნება. სარესტორნო ბიზნესისთვის კრედიტის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაზე სახელმწიფოს გათვლებით 30 მილიონი ლარი დაიხარჯება...
წინასწარი მონაცემებით, 40 პროცენტით შემცირებული გაყიდვებით დაასრულა გასული წელი დეველოპერულმა სექტორმა. გადავადდა ახალი პროექტები. თავად დეველოპერები 2020 წლის ერთადერთ დადებით ფაქტორად იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამას მიიჩნევენ. მათი შეფასებით, ამ პროგრამამ სამშენებლო კომპანიების უმრავლესობას წლის გადაგორების საშუალება მისცა. პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარი იყო. ყველა იმ პირს, რომელმაც ამ პროგრამის ფარგლებში კომერციულ ბანკს შესაბამისი განაცხადით 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიმართა, სახელმწიფო იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს ხუთი წლის განმავლობაში დაუფინანსებს. პროგრამის ვადა 1 იანვარს უკვე ამოიწურა. სამშენებლო კომპანიებს ვადის გახანგრძლივება სურთ. დეველოპერთა შეფასებით, აღნიშნული მექანიზმი სამშენებლო ბიზნესს ძალიან დაეხმარა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა, ამას დრო გვიჩვენებს.
მანამდე კი ვნახოთ, რა ვითარებაა უძრავი ქონების ბაზარზე. როგორც უძრავი ქონების სერვისების და ინვესტიციების მართვის კომპანიის „კოლიერსის“ ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავებულ დოკუმენტშია აღნიშნული, 2020 წლის პირველი თერთმეტი თვის განმავლობაში, თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წინა წელთან შედარებით 5 პროცენტით შემცირდა და 1 კვ.მ-ზე 671 ამერიკული დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ძველ აშენებულ ბინებს, გასული წლის იანვარ-ნოემბერში საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი უმნიშვნელოდ, 1 კვ.მ-ზე მხოლოდ 3 დოლარით შემცირდა და 636 ამერიკული დოლარი შეადგინა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ იანვარ-ნოემბერში ახალაშენებული ბინების ბაზრის მოცულობა 2019 წელთან შედარებით 22 პროცენტით შემცირდა და 753 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, ხოლო ძველი აშენებული ბინების შემთხვევაში 27 პროცენტის კლება დაფიქსირდა და ბაზრის მოცულობა 309 მილიონი ამერიკული დოლარით განისაზღვრა.
ცხადია, რომ ბაზრის მოცულობის შემცირება დაკავშირებულია კორონავირუსის პანდემიასთან, რომელმაც ერთობლივი მოთხოვნის მნიშვნელოვნად შემცირებას შუწყო ხელი.
COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე გლობალურ გამოწვევას შედარებით მდგრადად ქართული საბანკო სექტორი შეხვდა. უახლოეს მომავალში ერთ-ერთ სტატიას, სწორედ საბანკო სექტორის 2020 წლის მონაპოვარს დავუთმობ... მკითხველს მინდა, ვახარო, რომ გასული წლის ეკონომიკური შედეგების შეჯამებისას, არ დავივიწყებ ეროვნული ვალუტის „საამაყო“ თავგადასავალს, მიმოხილვის მიღმა არც უცხოური ინვესტიციებისა და არც ექსპორტ-იმპორტის მონაცემები დარჩება...