რა გადაურჩა ვირთხას, ანუ რამდენია ფული სეიფში?

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeეროვნული ბანკის ძველი ოფისის შესასვლელის ცხაურები
ეროვნული ბანკის ძველი ოფისის შესასვლელის ცხაურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბანკო სექტორის ერთი წელი - შემცირებული შემოსავლები, გაზრდილი ხარჯები, ნულთან მიახლოებული მოგება, კლებადი საკრედიტო პორტფელი და უკეთესი მომავლის იმედი...

სამსონ ხონელი

მკითხველს უნდა ვახარო - დანაპირებს ვასრულებ: წინამდებარე სტატიაში საბანკო სექტორის გასული წლის შედეგებს ვაჯამებ. შემოსავლები, ხარჯები, მოგება, ზარალი, დეპოზიტები და, რაღა თქმა უნდა, საკრედტიტო პორტფელის მოცულობა. თანმიმდევრულად მივყვეთ და რაკი ეროვნული ბანკი 2020 წლის საბოლოო მონაცემებს, სავარაუდოდ, თებერვლის შუა რიცხვებში გამოაქვეყნებს, მსჯელობისთვის ამავე უწყების თერთმეტი თვის მონაცემები მოვიშველიოთ.

თბილისი - Sputnik საქართველო
როგორ გაღრღნა „ვირთხამ“ ყულაბა? უცხოური ინვესტიციების ერთი წლის ამბავი

მაშ ასე, გასული წლის იანვარი-ნოემბერში კომერციულმა საბანკო სექტორმა ჯამში 1.5 მილიონი ლარი იზარალა. ეს მიუხედავად იმისა, რომ ნოემბრის განმავლობაში მოგებამ 84.5 მილიონი ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის ყოველთვიური ანგარიშიდან ასევე ირკვევა, რომ ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტების საოპერაციო მაჩვენებლები გაუმჯობესდა. კერძოდ, შემოსავლებმა 433.7 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10 პროცენტით მეტია. როგორც კობა გვენეტაძის უწყებაში ვარაუდობდნენ, დეკემბრის თვეშიც, მსგავსი საოპერაციო მაჩვენებლების შენარჩუნების შემთხვევაში, ეკონომიკური კრიზისის ვითარებაშიც კი საბანკო სექტორი გასულ წელს დაახლოებით 100 მილიონი ლარის მოგებით დაასრულებდა. სულ სხვა გათვლები ჰქონდა „თიბისი ბანკის" გენერალურ დირექტორს ვახტანგ ბუცხრიკიძეს, რომელიც აცხადებდა, რომ საბანკო სექტორი 2021 წელს შეიძლება ნულთან ახლოს, ან მცირედი მოგებით შეხვედროდა. ვისი პროგნოზი გამართლდება? პასუხს უახლოეს მომავალში მივიღებთ, როცა ეროვნული ბანკის მორიგი ანგარიში გამოქვეყნდება. მანამდე კი მკითხველს შევახსენებ, რომ 2019 წელს კომერციული ბანკების ჯამური მოგება 953 მილიონი ლარი იყო.

ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
ვირთხის ნაკბენი, ანუ ლარის ერთწლიანი თავგადასავალი...

ახლა კი ვნახოთ, როგორი იყო ბანკების საოპერაციო საქმიანობის პარამეტრები. გასული წლის თერთმეტ თვეში კომერციულმა ბანკებმა საპროცენტო შემოსავლების სახით 4.4 მილიარდი ლარი მიიღეს, რაც 2019 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 2 პროცენტით ნაკლებია. უფრო კონკრეტულად კი, 2020 წელს ფიზიკური პირების სესხებიდან მიღებული შემოსავალი სულ 1.85 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5 პროცენტით ნაკლები იყო. დეკემბრის დასაწყისში ფიზიკური პირების სასესხო პორტფელი 18.6 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც მთლიანად საბანკო კრედიტების 51 პროცენტი იყო. ურიგო არ იქნება, ფიზიკური პირების საკრედიტო პორტფელის სტრუქტურით დავინტერესდეთ.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში კომერციულ ბანკებსა და ფიზიკურ პირებს შორის 3 მილიონი საკრედიტო ხელშეკრულება მოქმედებდა. მათ შორის: 1.3 მილიონი სამომხმარებლო სესხი; 112 ათასი იპოთეკური სესხი; 251 ათასი ე.წ. ბიზნეს-სესხი; 202 ათასი სალომბარდო სესხი და ბოლოს - 1.2 მილიონი სხვა დანიშნულების სესხები. ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებისთვის საშუალო საპროცენტო განაკვეთი 12.34 პროცენტს შეადგენდა.

თბილისი - Sputnik საქართველო
როგორ დაუხვდა ბიზნესი წიქარას?.. ვირთხის ნაკვალევი ანუ 2020 წელი ციფრებში...

იურიდიული პირების სესხებიდან მიღებული შემოსავალი 1.28 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც 8 პროცენტით აღემატებოდა 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელს. იურიდიული პირების სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი კი 6.62 პროცენტი იყო. როგორც საბანკო სფეროს ექსპერტები განმარტავენ, კრედიტების სესხების განაკვეთებს შორის ასეთი სხვაობა, პირველ რიგში, კრედიტების განსხვავებული რისკიანობითა და სავალუტო შემადგენლობით არის განპირობებული.

საინტერესოა, როგორი იყო საკრედიტო პორტფელის ლარიზაციის კოეფიციენტი? ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასული წლის დეკემბრის დასაწყისში მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 43.53 პროცენტი შეადგინა. მოგეხსენებათ, რომ ამ კონკრეტულ მაჩვენებელს მას შემდეგ ვაკვირდებით, რაც მთავრობამ სესხების ე.წ. ლარიზაციის პროგრამა დაამტკიცა. ეს 2017 წელს იყო და მაშინ სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობდა, რომ ლარიზაციის პროგრამით ეროვნული ვალუტის კურსზე ზეწოლა შემცირდებოდა. დღეს ბევრი მათგანი უკვე აცხადებს, რომ ამ პროგრამამ ვერ გაამართლა და აუცილებელია, კრედიტები დოლარში ყოველგვარი ე.წ. ჩამკეტი შეზღუდვების გარეშე გაიცეს. რა არგუმენტი აქვთ? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი. მათი შეფასებით, ბანკები დოლარში ძალიან ბევრ დეპოზიტს იღებენ, ვერ გასცემენ სესხს და უწევთ ამ თანხის ლარში დარეზერვება, რაც პრობლემაა. ბაზარი თავისუფალი უნდა იყოს და ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა კრედიტი მისთვის სასურველ ვალუტაში უნდა აიღოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკაში შემოვა დოლარი და ნაკლებ ტვირთად დააწვება ლარს.

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
კოვიდ-ეკონომიკა და ფულადი გზავნილები... 2020 წელი ციფრებში

ამ საკითხზე ეროვნულ ბანკში განსხვავებული პოზიციაა. კობა გვენეტაძე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემას, რაც ლარიზაციის პროგრამის საფუძველია, დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ აუცილებელია ცვლილებების განხორციელება დროულად მოხდეს, რომ რთულ პირობებში სიტუაციასთან გამკლავება შევძლოთ. 

რა თქმა უნდა, საკრედიტო პორტფელის დახასიათება სრულყოფილი არ იქნება, თუ ორიოდე სიტყვა ვადაგადაცილებულ სესხებზე არ ვთქვით. მოგეხსენებათ, ეს მაჩვენებელი დიდწილად მსესხებელთა გადახდისუნარიანობის ინდიკატორია. ამ შემთხვევაში გასული წლის პირველი ათი თვის მონაცემებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ნოემბრის დასაწყისში საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობამ ჯამურად 570 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წინა თვის მაჩვენებელს 48 მილიონი ლარით აღემატებოდა. ამ ზრდის მიუხედავად საბანკო სექტორში ვადაგადაცილების მაჩვენებელი მაინც დაბალ ნიშნულზე - 1.54 პროცენტზე რჩება. თუმცა, ეროვნული ბანკის პროგნოზით, ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა მომდევნო თვეების განმავლობაში საგრძნობლად გაიზრდება. რატომ? ეს ის შემთხვევაა, როცა პასუხი საძებარი არ არის. COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ღრმა ეკონომიკური კრიზისის პირობებში ათასობით მოქალაქემ სამსახური დაკარგა და ათასობით მოქალაქეს შემოსავლები შეუმცირდა. ახლა ის დროა, როდესაც მსესხებელი იმაზე ფიქრობს და ზრუნავს, ბანკში კი არა, სახლში რა მიიტანოს. რამდენია საკრედიტო პორტფელის ჯამური მოცულობა? − სავარაუდოდ, დაინტერესდება მკითხველი და, რა გაეწყობა, სესხების თემატიკას მკითხველის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებით ამოვწურავ. კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობამ გასული წლის დეკემბრის დასაწყისში 37.36 მილიარდი ლარი შეადგინა.

პარლამენტი მთავრობას უსმენს - Sputnik საქართველო
ძველი–ახალი მთავრობა და „ოცნების“ ეკონომიკის თავგადასავალი

ახლა საბანკო სექტორის არასაპროცენტო შემოსავლებს გადავხედოთ. ამ ჯგუფს განეკუთვნება საკომისიო გადასახადები, ჯარიმები და სხვ. ეს მაჩვენებელი ჯამურად 819 მილიონ ლარს, ანუ, 2019 წელთან შედარებით, 11 პროცენტით ნაკლებს შეადგენდა. საკომისიო გადასახადებიდან შემოსავალი საანგარიშო პერიოდში 293 მილიონი ლარი, ანუ, 2019 წელთან შედარებით, მთელი 20 პროცენტით ნაკლები იყო. საანგარიშო ერთი წლის განმავლობაში 46 პროცენტით შემცირდა და 35.8 მილიონ ლარს შეადგენდა შემოსავლები ჯარიმებიდან და საურავებიდან. რაც შეეხება ჯამურ ხარჯებს, ის დეკემბრის დასაწყისში 4.45 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც 2019 წელთან შედარებით 30 პროცენტით მეტია. საბანკო სექტორს საპროცენტო ხარჯებიც გაეზარდა. კერძოდ, დეპოზიტებზე საპროცენტო ხარჯი 165 მილიონი ლარით არის გაზრდილი და უკვე 1 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო თავად ბანკების მიერ მოზიდულ სხვა ნასესხებ სახსრებზე საპროცენტო ხარჯი გაზრდილია 17 პროცენტით და 670 მილიონ ლარს აღწევს.

თბილისის საახალწლო განათება - Sputnik საქართველო
ათი დღით ადრე, ანუ ლარის წინასაახალწლო განწყობა

და, ბოლოს, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის 1 დეკემბრისათვის 33.59 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.31 მილიარდი ლარით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე), 2.21%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელზე. ლოგიკურია, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტითაც დავინტერესდეთ. გასული წლის დეკემბრის დამდეგს დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 38.03 პროცენტი შეადგინა. როგორი იყო საპროცენტო განაკვეთები? − ჩამეძიება მკითხველი და უპასუხოდ არც ამ კითხვას დავტოვებ. ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.28 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.24 პროცენტი შეადგინა.

საინტერესოა, როგორ აფასებენ გასული წლის შედეგებს თავად საბანკო სექტორში? „საბანკო სისტემა ინტენსიურად მონაწილეობდა ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებაში. ამ გეგმამ ლარიზაციის გაგრძელებას შეუწყო ხელი. იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამამ კი საკრედიტო პორტფელში დაახლოებით 650 მილიონი ლარი მოიზიდა. ლარის ლიკვიდობის ნაწილში დიდი მხარდაჭერა იყო მთავრობისგან და ეროვნული ბანკისგან. საბანკო სისტემა მზად შევხვდა კრიზისს. მიმდინარე წელს ის მაქსიმალურად შეუწყობს ხელს რეაბილიტაციის პროცესს“, − განაცხადა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ. კრიზისის პერიოდში ეროვნული ბანკის როლზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივად უჭერდა მხარს საბანკო სექტორს. მისი თქმით, ეროვნულ ბანკს ყველა ინსტრუმენტი აქვს, რომ კრიზისული მდგომარეობა მართოს. საბანკო სექტორი ოპტიმისტურად ვარაუდობს, რომ 2021 წელი გადალაგების პერიოდი იქნება. ხოლო 2022 წლიდან საბანკო სექტორი შეიძლება ძველ მაჩვენებლებს დაუბრუნდეს.

ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო
მთავარი ბანკირის გეგმები... რა გადაწყვიტეს ეროვნულ ბანკში?

ამასობაში საბანკო სექტორში სიახლეები დაანონსდა. კერძოდ, საქართველოში „ღია ბანკინგის“ პრინციპების ეტაპობრივი დანერგვა იწყება. გარდა ამისა, როგორც სამთავრობო პროგრამაში ვკითხულობთ, განიხილება ფიზიკური პირის გაკოტრების ინსტიტუტის შემოღების საკითხი. პერსონალური გაკოტრება პროცესია, რომლის დროსაც მოქალაქეს გაკოტრებულის სტატუსის მიღებით შეუძლია ვალაუვალობით გამოწვეულ პრობლემებს უპასუხოს. ამ ეტაპზე სულ ეს არის, უფრო დეტალურად უახლოეს მომავალში მოგახსენებთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0