2024 წლის დამუშავებული სახელმწიფო ბიუჯეტი - პროგნოზები, პრიორიტეტები და მიმართულებები

© Ministry of Finance of Georgiaლაშა ხუციშვილი
ლაშა ხუციშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2023
გამოწერა
ახალი პროგნოზით ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი საგადასახადო დაბეგვრის გაზრდის ხარჯზე 700 მილიონი ლარით გაიზრდება.
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდის პროგნოზი საგადასახადო შემოსავლების მოცულობის მოსალოდნელი ზრდის გამო შეცვალა, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
მთავრობამ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დამუშავებულ ვერსიაზე მუშაობა დაასრულა და მას პარლამენტს 5 ნოემბრამდე წარუდგენს.
ფინანსთა მინისტრის თქმით, ახალი პროგნოზით, სახელმწიფო ბიუჯეტი საგადასახადო შემოსავლების მოსალოდნელი გაზრდის ხარჯზე დამატებით მიიღებს 700 მლნ ლარს.
„ეს იქნება ორი ძირითადი მიმართულება – ეს არის საფინანსო სექტორი, რომლის ანალიზიც გაკეთდა დამატებით. თქვენ იცით, რომ გასულ წელს მოხდა შესაბამისი ცვლილებები საგადასახადო დაბეგვრის მიმართულებით, რამაც დამატებით 300 მლნ ლარის შემოსავალი მოუტანა საქართველოს ბიუჯეტს საფინანსო სექტორიდან და ასევე ცვლილებები არის გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის მიმართულებით... აღნიშნული ცვლილებებიდან, ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტი საგადასახადო შემოსავლების ნაწილში დამატებით მიიღებს 700 მლნ ლარს, რომელიც გადანაწილდება შესაბამის სამინისტროებზე“, – განაცხადა ხუციშვილმა.
რას მოხმარდება ფული
მთავრობის გადაწყვეტილებით, დამატებით სახსრებს მიიღებს განათლების სამინისტრო, რომლის ბიუჯეტმა პროექტის მიხედვით 2,5 მლრდ ლარი შეადგინა. 30 მლნ ლარი მოხმარდება პედაგოგების ხელფასების საშუალოდ 500 ლარით ზრდას, აღნიშნა მინისტრმა.
საქართველოში 2024 წლიდან მასწავლებლების ხელფასები გაიზრდება>>
მან განმარტა, რომ ხელფასების ზრდაზე 2024 წლის ბიუჯეტიდან 160 მლნ ლარი დაიხარჯება მაშინ, როდესაც თავდაპირველ ვერსიაში დაგეგმილი იყო 130 მილიონის დახარჯვა.
გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო დამატებით 65 მილიონ ლარს მიიღებს. ამ სახსრებით გაიზრდება ჯანდაცვის დაფინანსების პროგრამა და პენსიონერები უფასოდ მიიღებენ მედიკამენტებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ.
ასევე, მინისტრის თქმით, ფული დაიხარჯება ონკოდაავადებების ადრეული გამოვლენის პროგრამაზე, ძალოვანი უწყებების თანამშრომლების პენსიაზე და კომპენსაციებზე 8 ათასი ადამიანისთვის.
გარდა ამისა, 25 მლნ ლარის ოდენობის დამატებითი სახსრები მოხმარდება 500 უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ბინების შეძენას.
უბინაო მრავალშვილიანი ოჯახები სახელმწიფოსგან საცხოვრებელს მიიღებენ>>
დამატებით 150 მლნ ლარს მიიღებს ეკონომიკის სამინისტრო ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის, მათ შორისაა ღრმაწყლოვანი ანაკლიის პორტის მშენებლობა.
ასევე დამატებით 50 მლნ ლარს მიიღებს ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის თბილისსა და რეგიონებში რეგიონული განვითარების სამინისტრო.
ასევე დამატებით თანხებს მიიღებენ თავდაცვისა და კულტურისა და სპორტის სამინისტროები. თავდაპირველ ვერსიასთან შედარებით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 10 მლნ ლარით გაიზრდება, ხოლო სპორტის – 20 მლნ ლარით ფედერაციების დაფინანსების გაზრდისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწეების სტიპენდიების გაზრდისთვის.
აეროპორტების მშენებლობაზე 70 მლნ ლარი დაიხარჯება>>
კიდევ დამატებით 25 მლნ ლარს არჩევნების ჩატარებისთვის საქართველოს ცესკო მიიღებს.
რა იქნება შემდეგ
პარლამენტში დეპუტატები ბიუჯეტის დამუშავებულ ვერსიას განიხილავენ და თავიანთ წინადადებებს შეიტანენ.
2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსია პარლამენტს დეკემებრში წარედგინება.
საკანონმდებლო ორგანომ სახელმწიფო ბიუჯეტი 2024 წლის 1 იანვრამდე უნდა მიიღოს.
ყველა ახალი ამბავი
0