აეროპორტების მშენებლობაზე 70 მლნ ლარი დაიხარჯება

© photo: Sputnik / Stringerქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2023
გამოწერა
სახსრები მოხმარდება ქუთაისის აეროპორტის ახალი ასაფრენ–დასაფრენი ზოლის მშენებლობას, ასევე თელავის აეროპორტისა და ვაზიანი აეროპორტის დაპროექტებას, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოეყოფა 70 მილიონი ლარი 2024 წელს ქვეყანაში აეროპორტების მშენებლობისთვის, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ღარიბაშვილის ინფორმაციით, ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის დამუშავებული ვარიანტის მიხედვით, 2024 წელს ეკონომიკის სამინისტროსთვის 800 მლნ ლარი გამოიყოფა, რაც პირვანდელ ვარიანტში არსებულ თანხაზე 150 მილიონით მეტია. სახელმწიფო ბიუჯეტის დამატებული ვარიანტი პარლამენტს 5 ნოემბერს წარედგინება, რის შემდეგაც დაიწყება მუშაობა საბოლოო ვარიანტზე.
„დამატებით 70 მილიონი ლარის გამოყოფაა განსაზღვრული ეკონომიკის სამინისტროსთვის აეროპორტების მშენებლობისთვის. ეს არის ქუთაისის აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ასევე თელავის აეროპორტი და ვაზიანის აეროპორტის პროექტირება, მათ შორის, კვლევების დასრულება და ა.შ.“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს საავიაციო ჰაბად გადაქცევის ამბიციური გეგმების თაობაზე განცხადება პრემიერმა ღარიბაშვილმა 2023 წლის ზაფხულში გააკეთა.
მთავრობის გეგმებშია არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება ან ყოფილი ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე ახლის აშენება, ქუთაისის აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ასევე თელავის აეროპორტის რემონტი, რომელიც მალე დასრულდება.
ქუთაისის აეროპორტში 3,5 კმ სიგრძისახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის პროექტირებისა და აშენების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის სექტემბრის დასაწყისში გააკეთა. მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი მალე ერთ მილიონს მიაღწევს, ამიტომაც ის სათანადო ყურადღებას საჭიროებს.
ქუთაისის აეროპორტი მალე ნებისმიერი თვითმფრინავის მიღებას შეძლებს - გაერთიანების დირექტორი>>
მაშინ ასევე განაცხადეს, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა (UAG) და კომპანია „აბსოლუტ სერვისს“ შორის ხელშეკრულების თანახმად, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის პროექტირება ექვსი თვის განმავლობაში უნდა იყოს წარმოდგენილი.
ხელშეკრულების თანახმად, საპროექტო სამუშაოები მოიცავს ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკებისა და სანიაღვრე სისტემის დაპროექტებას. ეს ნიშნავს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სამომავლო პერსპექტივაში იქნება საქართველოში ერთადერთი აეროპორტი, რომელიც ნებისმიერი დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეძლებს შეზღუდვების გარეშე.
ახალი აეროპორტის საჭიროება
როგორც ადრე მთავრობაში განაცხადეს, მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა. ამჟამად არსებულ აეროპორტს კი არ გააჩნია იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება.
მთავრობას სურს ჰქონდეს ისეთი აეროპორტი, რომელიც ხელს შეუწყობს სატვირთო საჰაერო გადაზიდვების განვითარებას, ბუნებრივია, სამგზავრო ავიაციის განვითარების კვალდაკვალ.
საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე. ახლა მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი, საუკეთესო არქიტექტორების და ჯგუფების, კომპანიების შერჩევა, რათა სამუშაოები 2024 წელს დაიწყოს.
ვაზიანის ახალი აეროპორტის მშენებლობა საქართველოს უსაფრთხოებას გააუმჯობესებს>>
მთავრობა განიხილავს ახალი აეროპორტის წილის ინვესტორებზე გაყიდვის შესაძლებლობას, მაგრამ საკონტროლო პაკეტს თავად დაიტოვებს.
როგორც ადრე პრემიერმა განაცხადა, იმისათვის, რომ საქართველო რეგიონული საავიაციო ჰაბი გახდეს, აუცილებელია გვქონდეს რეგიონში საუკეთესო საერთაშორისო კლასის აეროპორტი, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით.
ამჟამად თბილისთან ახლოს ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება შეზღუდულია მთავრობასა და კომპანია TAV Georgia-ს შორის ხელმოწერილი შეთანხმებით. ეს კომპანია თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს.
შეთანხმების მიხედვით, რომელიც 2027 წლამდე მოქმედებს, ამჟამად აკრძალულია საერთაშორისო რეისების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 200 კმ რადიუსში.
პირველ ტექნიკურ კვლევებს ვაზიანში აეროპორტის განვითარების შესაძლებლობაზე მსოფლიოს საავიაციო ინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო საკონსულტაციო კომპანია Airport Competence GmbH ჩაატარებს.
ყველა ახალი ამბავი
0