კანონი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ - შალვა პაპუაშვილმა ევროპულ საბჭოს შეფასებისთვის მიმართა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiyევროკავშირის სიმბოლიკა
ევროკავშირის სიმბოლიკა - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2023
გამოწერა
საქართველოსთვის „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღება - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ერთ-ერთი პირობაა
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო სამართლის საკონსულტაციო ორგანოს, ვენეციის კომისიის პრეზიდენტს კლერ ბაზი მელორის წერილით მიმართა და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული კანონების, კანონპროექტების და დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შეფასებას სთხოვა.
დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან რიგით მეხუთეა. 19 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით ჩააგდო „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი, რომელიც ეყრდნობა ე.წ. პერსონალურ მიდგომას. როგორც მმართველ პარტიაში განაცხადეს, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა დეოლიგარქიზაციის კანონმა პრაქტიკული აქტუალობა დაკარგა.
პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით ჩააგდო >>
ევროკავშირის მხარესთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ვენეციის კომისიაში იგზავნება კანონის პროექტები, რომელიც 12 რეკომენდაციის შესასრულებლად განიხილა საქართველოს პარლამენტმა, ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმა, ნათქვამია სპიკერის წერილში.
„2022 წლის ივლისს, ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებისა და კანდიდატის სტატუსისთვის 12 პრიორიტეტის განსაზღვრის შემდეგ, საქართველოს გულმოდგინედ ახორციელებს ევროკავშირის რეკომენდაციებს. შედეგად, საქართველოს ინსტიტუტებმა, პარლამენტის თაოსნობით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია საკანონმდებლო ცვლილებების მიღების და რეფორმების იმპლემენტაციის მიმართულებით, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა დემოკრატია და ევროპული დღის წესრიგი“, - დაწერა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ რეკომენდაციების შესრულების პროცესში ვენეციის კომისიის და ევროკომისიის როლის და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის თბილისში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის მაღალი ოფიციალური პირების საქართველოში ახლახან განხორციელებული ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო ევროკომისიის ოქტომბრის გადაწყვეტილებამდე დამატებითი ნაბიჯების გადადგმისთვის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
„ევროკავშირის კარი ღიაა, მაგრამ..." - ბორელმა საქართველოს მიმართა>>
კერძოდ, ევროკავშირის მხარესთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ვენეციის კომისიაში გაიგზავნა შემდეგი დოკუმენტები: საარჩევნო კოდექსი და პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი; სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონი; პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მუხლები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურზე; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მუხლები ანტიკორუფციული ბიუროს თაობაზე; საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი; საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმა.
„ქალბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ ვენეციის კომისიის სამართლებრივი მოსაზრებების მომზადებას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით“, - დაწერა შალვა პაპუაშვილმა.
ივნისის ბოლოს გამოქვეყნებული ევროკომისიის შუალედური ანგარიშის მიხედვით, დეოლიგარქიზაციის მიმართულებით შეზღუდული პროგრესია მიღწეული. ევროკომისიამ დადებითად შეაფასა ხელისუფლების უარი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ახალი კანონპროექტის მიღებაზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია სისტემური და არა პერსონალური მიდგომის გამოყენება.
კანდიდატის სტატუსისკენ გზაზე
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
„ქართული ოცნება“ მუშაობას მას შემდეგ შეუდგა, რაც გახმოვანდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო პირობები.
დეოლიგარქიზაციის დაძლევა - საქართველოს მთავრობის გეგმა ევროკავშირის პირობის შესასრულებლად >>
დეოლიგარქიზაციის პუნქტის შესასრულებლად, რომლის მიხედვითაც ქვეყანას მიეცა რეკომენდაცია განახორციელოს „დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულება, რისთვისაც უნდა აღმოფხვრას კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დაკოპირდა უკრაინის კანონი, რომელმაც იმ დროისთვის უკვე მოიპოვა ევროკავშირის თანხმობა, მაგრამ ვენეციის კომისიის დასკვნა ჯერ არ ყოფილა.
„შემდეგ გაირკვა, რომ ამ კანონის მიღება, ევროკავშირის სტრუქტურების თვალსაზრისით, არ არის მიზანშეწონილი. ვენეციის კომისია სისტემატურ მიდგომას გვირჩევს", - განაცხადა მანამდე კობახიძემ.
ვენეციის კომისიამ, რომელიც არის ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო სამართლის საკონსულტაციო ორგანო, საქართველოს ურჩია, არ მიიღოს ეს კანონი, ხოლო უკრაინას შესთავაზა გადადოს 2021 წელს მიღებული კანონის შესრულება.
კანონპროექტი
ვენეციის კომისიამ მისი პირველი დასკვნის შემდეგ მმართველი პარტიის მიერ დამუშავებული და პარლამენტში ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" დაიწუნა. მასში ნათქვამია, რომ „ოლიგარქი“ - ფიზიკური პირია, რომელიც ოთხიდან მინიმუმ სამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მედიაზე გავლენა, მისი პირადი ან კომპანიის აქტივების მოცულობა მილიონჯერ აღემატება საქართველოს საცხოვრებელ მინიმუმს.
კანონპროექტის მიხედვით, ოლიგარქად მოქალაქეს აღიარებს ანტიკორუფციული ბიურო სრულფასოვანი კვლევის შემდეგ. მაგრამ, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, თანაც - ორი ინსტანციით.
50/50-ზე: კობახიძემ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსები შეაფასა >>
კანონპროექტის მიხედვით, ოლიგარქებს უფლება აქვთ დააფინანსონ პარტიები, საარჩევნო კამპანიები და საპროტესტო აქციები. ერთადერთი აკრძალვა არის მსხვილმასშტაბიანი პრივატიზების პროექტებში მონაწილეობა.
ამასთან, სახელმწიფოს პირველი პირები და მაღალი თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან საჯარო გახადონ ინფორმაცია ოლიგარქებთან კონტაქტის შესახებ, მაგრამ საუბრის არსი მხოლოდ ოლიგარქის თანხმობით შეიძლება გასაჯაროვდეს, ნათქვამია გადამუშავებულ კანონპროექტში.
საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2023 წლის დეკემბერში ელოდება. ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ყველა ახალი ამბავი
0