„ევროკავშირის კარი ღიაა, მაგრამ..." - ბორელმა საქართველოს მიმართა

© AFP 2024 / JOHN THYS
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2023
გამოწერა
ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა აღნიშნა ის ფაქტორები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას ხელს უშლის.
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირის სურვილია, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ევროპულ გზაზე, და ქართველმა ლიდერებმა ეს ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვან, ნათქვამია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელის ჟოზეპ ბორელის წერილში, რომელიც ევროკავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ჟოზეპ ბორელი გასულ კვირაში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის ფარგლებში გაიმართა მაღალი დონის შეხვედრები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.

„ვფიქრობ, რომ ჩემი მთავარი გზავნილი საქართველოს ლიდერებისა და მოქალაქეებისთვის იყო ნათელი: საქართველოს შეუძლია ევროკავშირის იმედი ჰქონდეს და ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა. ჩვენ გვინდა ვიხილოთ წარმატებული საქართველო ევროპულ გზაზე და ვიმედოვნებთ, რომ ქართველი ლიდერები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ხელიდან არ გაუშვან ეს დიდი შესაძლებლობა", – აღნიშნულია ბორელის საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ წერილში.

როგორც ბორელმა აღნიშნა, გასულ კვირაში ის საქართველოს პირველად ეწვია უმაღლესი კომისრის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის რანგში, რათა ეთქვა ქართველი ლიდერებისა და მოქალაქეებისთვის, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის.
„კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს უნდა მიაღწიოს პოლიტიკური ცხოვრების დეპოლარიზაციაში, დეოლიგარქიზაციაში, მართლმსაჯულების რეფორმაში, საარჩევნო რეფორმასა და მასმედიის პლურალიზმში", – განაცხადა ბორელმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ყოფნის დროს ყველა თანამოსაუბრე მას მიმართავდა თხოვნით, მიანიჭონ ქვეყანას უახლოეს მომავალში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
რა გააკეთა საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად: ღარიბაშვილისა და ბორელის ხედვები>>
„ეს არის მოწოდება, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში გამუდმებით ვისმენთ ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან", – აღნიშნა ბორელმა.
თუმცა, მისი თქმით, ამ გზაზე საქართველოს მკაფიო მოთხოვნები აქვს შესასრულებელი – ევროკომისიის მიერ წაყენებული 12 პრიორიტეტი.

„საქართველოსთვის ევროპულ გზაზე შემდეგი ნაბიჯები მათ მიერ მიღწეულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული", – განაცხადა ბორელმა.

მისი თქმით, საქართველომ 12-დან სამი პირობა შეასრულა. დანარჩენ ცხრაზე კი დიდი მუშაობაა საჭირო. ეს, ძირითადად, ეხება პოლიტიკური ცხოვრების დეპოლარიზაციას, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების დეოლიგარქიზაციას, მართლმსაჯულების რეფორმას, საარჩევნო რეფორმას, მედიის პლურალიზმსა და ადამიანის უფლებებს.
„საქართველოს ევროპულ გზაზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მართლაც ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციაა. იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის კანდიდატი, ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს კონსტრუქციულად", – აღნიშნა ბორელმა.
ევროკომისიის 2023 წლის ივლისის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
არ გაუშვათ შანსი ხელიდან! ჟოზეპ ბორელმა პოლიტიკურ ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდა>>
როგორც ბორელმა აღნიშნა, ევროკავშირში შესვლის პროცესი ეროვნული სწრაფვაა, რომელიც პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს. მთავრობამ და მმართველმა პარტიამ უნდა იმუშაონ ისეთი პირობების შექმნაზე, რომელიც ამ თანამშრომლობას შესაძლებელს გახდის.
„იმისთვის, რომ საქართველომ ევროპულ გზაზე სწრაფად გასვლა შეძლოს, ქვეყნის ყველა ინსტიტუტმა ერთად უნდა იმუშაოს, ანუ ითანამშრომლოს. ქართველმა ლიდერებმა არ უნდა გაუშვან ხელიდან ეს ისტორიული შანსი", – აღნიშნულია წერილში.
ბორელის თქმით, ევროკავშირში შესვლის მოკლე გზები არ არსებობს არც საქართველოსთვის და არც არავისთვის.

„გაფართოების პროცესი ყოველთვის მიჰყვება მკაფიო კრიტერიუმებს. ეს, რა თქმა უნდა, მოითხოვს შრომისმოყვარეობას, პოლიტიკურ ნებას და მკაფიო ერთგულებას ევროკავშირის ღირებულებებისადმი", – ნათქვამია წერილში.

ეს მძიმე სამუშაო ღირს იმად, რომ არა მარტო გახდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, გაუმჯობესდეს მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება, აღნიშნა ბორელმა.
„საქართველოს გააჩნია ძლიერი ადმინისტრაცია და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება. მას აქვს მთელი პოტენციალი ამ ისტორიული ამოცანის მისაღწევად", – განაცხადა ბორელმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა.
პრემიერი: ქვეყანაში პოლარიზაცია ევროკავშირის მიერ 12 პირობის განსაზღვრის შემდეგ გაძლიერდა>>
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0