პრემიერი: ქვეყანაში პოლარიზაცია ევროკავშირის მიერ 12 პირობის განსაზღვრის შემდეგ გაძლიერდა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2023
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ 12 პირობის ძირითადი ნაწილი შეასრულა.
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში პოლარიზაცია მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ევროკავშირმა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად 12 პირობა დაასახელა, მას შემდეგ „რადიკალური ოპოზიცია" პროცესის საბოტაჟს ცდილობს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
დეპოლარიზაცია ევროკავშირის იმ 12 რეკომენდაციიდან პირველია, რომელთა შესრულებაც კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობაა. ევროკომისიის შუალედური ანგარიშის მიხედვით, რომელიც ივნისის ბოლოს გამოქვეყნდა, საქართველომ ეს პუნქტი ნაწილობრივ შეასრულა.

„სამწუხაროდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ, რომ ამ რეკომენდაციების განსაზღვრის შემდეგ პოლარიზაცია არათუ შემცირდა, არამედ, პირიქით, გაღრმავდა, რადგანაც საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები თავისი ბუნებით და გამოცდილებით, წინა ხელისუფლების პარტიას ვგულისხმობ, ყველაზე ანტიევროპული ძალები, ცდილობენ საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, „რადიკალური ძალები“ ​​ცდილობენ მოახდინონ დესტაბილიზაცია საქართველოში, რათა ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, დეპოლარიზაციის შესახებ რეკომენდაცია არ არის შესრულებული.
„დამეთანხმებით, რომ ეს არის ძალიან კომპლექსური და რთული საკითხი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი დემოკრატიისთვის დამახასიათებელია განსხვავებული აზრი და საქართველოს ხელისუფლება ამას დიდ პატივს სცემს.
„ჩვენთან არსებობს მრავალპარტიული პარლამენტი. 2020 წელს პარლამენტში შევიდა ცხრა პარტია. გვაქვს თავისუფალი მედია, ძალიან ძლიერი ოპოზიციური არხები, მედიასაშუალებები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენს ნებასა და სურვილზე არ არის დამოკიდებული ამ საკითხის დარეგულირება“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება და მმართველი პარტია თავიდანვე მზად იყვნენ და ახლაც მზად არიან ითანამშრომლონ ოპოზიციასთან ევროკავშირის პირობების შესასრულებლად, რათა მიღწეულ იქნას „საერთო ეროვნული იდეა“. სამწუხაროდ, პრემიერის თქმით, „რადიკალურმა ოპოზიციამ“ თავიდანვე უარი განაცხადა ხელისუფლებასთან ერთად რეკომენდაციების შესრულებაზე.
პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ იდეალური ვართ. არცერთი მთავრობა, არცერთი ქვეყანა არ არის იდეალური. ეს მუდმივი პროცესია, მუდმივი ჩართულობაა საჭირო. როგორც უკვე აღვნიშნე, 12 რეკომენდაციიდან დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

დარჩენილ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც პრემიერმა განმარტა, საქართველო მზად არის გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირთან.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.
საქართველო ევროკავშირის გადაწყვეტილებას სტატუსთან დაკავშირებით 2023 წლის დეკემბერში ელოდება. მანამდე, ოქტომბერში ევროკომისია მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0