დეოლიგარქიზაციის დაძლევა - საქართველოს მთავრობის გეგმა ევროკავშირის პირობის შესასრულებლად

© Government of Georgiaსაქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომა
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2023
გამოწერა
მანამდე ხელისუფლებამ უარი თქვა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მესამე მოსმენით მიღებაზე, რადგან ევროპულმა სტრუქტურებმა ის პერსონალიზებულად მიიჩნიეს.
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, მიღებულ იქნა სამოქმედო გეგმა ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციის – დეოლიგარქიზაციის განსახორციელებლად, იტყობინება მთავრობის პრეს-სამსახური.
დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან რიგით მეხუთეა. ივნისის ბოლოს გამოქვეყნებული ევროკომისიის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ამ მიმართულებით შეზღუდული პროგრესია მიღწეული. ევროკომისიამ დადებითად შეაფასა ხელისუფლების უარი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ახალი კანონპროექტის მიღებაზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია სისტემური და არა პერსონალური მიდგომის გამოყენება.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე კომისიის წევრებმა საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების, ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს, რომელიც შემუშავებულია ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე.
დეოლიგარქიზაცია - „ქართული ოცნება“ ევროკავშირის №5 პირობის შესრულებაზე >>
დოკუმენტი მოიცავს საქართველოს კანონმდებლობაში ე.წ. სისტემური მიდგომით განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტს, სადაც კონკრეტული ვადებია გაწერილი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად.
დოკუმენტი მოიცავს 7 სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის: ანტიკორუფციულ და ანტიმონოპოლიურ მიმართულებებს, ფულის გათეთრებისა და მედიაპლურალიზმის საკითხებს, ასევე მართლმსაჯულებაში განსახორციელებელ ღონისძიებებს.
დოკუმენტის მიღების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეწია რეკომენდაცია, გააგრძელოს დამატებითი კონსულტაციები ევროპელ პარტნიორებთან.
მთავრობის მიერ დოკუმენტის მიღების შემდეგ სამუშაო პროცესი საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლებს.
მანამდე ხელისუფლებამ უარი თქვა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მესამე მოსმენით მიღებაზე, რადგან ევროპულმა სტრუქტურებმა ის პერსონალიზებულად მიიჩნიეს და მასში სისტემატური მიდგომა ვერ დაინახეს. ხელისუფლებამ მზადყოფნა გამოთქვა დეოლიგარქიზაციის მიმართულებით მუშაობაზე ევროკავშირისგან მკაფიო რეკომენდაციების მიღების შემდეგ.
როგორც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ კომისიის სხდომის შემდეგ განმარტა, გეგმა განსაზღვრავს ამოცანებს თითოეული უწყებისთვის.

„განვიხილეთ სამოქმედო გეგმა, რომელიც უკვე შემუშავებულია ევროკავშირთან შეთანხმების შესაბამისად. ეს არის კომპლექსური სამოქმედო გეგმა, რომელიც მთლიანად უზრუნველყოფს, რომ საქართველომ ეს რეკომენდაცია ამომწურავად და სრულფასოვნად შეასრულოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ქართული ოპოზიციის ნაწილი და უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი საქართველოში ერთადერთ ოლიგარქად მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს ასახელებს, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა პოლიტიკა 2021 წლის იანვარში დატოვა.
საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ივანიშვილის ჩარევას ქვეყნის მართვის პროცესში. უფრო მეტიც, ამბობენ, რომ თუ მიიღებენ უკრაინის მსგავს კანონს დეოლიგარიზაციის შესახებ, ის თავად ოპოზიციის წარმომადგენლებზე გავრცელდება.
მათ შორისაა პარტია „ლელოს“ ლიდერი, „თიბისი“ ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი პოლიტიკოსი, პარტია „პროგრესისა და სამართლის“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ახლა კი ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას" მფლობელი დავით კეზერაშვილი.
50/50-ზე: კობახიძემ საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭების შანსები შეაფასა >>
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2023 წლის დეკემბერში ელოდება. ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ყველა ახალი ამბავი
0