ტრაგედია შოვში: გომელაური თანამდებობას დატოვებს?

  - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2023
გამოწერა
პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი შეიძლება „განტევების ვაცად" იქცეს.
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ მისი თანამდებობიდან გადადგომის საკითხი შოვში განვითარებული მოვლენების გამო არ განიხილება და ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო იღებენ.
პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა მანამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სისტემის ინტერესებშია, დარტყმის ვექტორი ვახტანგ გომელაურზე გადაიტანონ, რაც შეიძლება მისი გადადგომით დამთავრდეს. პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ მინისტრი „განტევების ვაცად" იქცევა და თემა ამით ამოიწურება. ამასთან, ის მიიჩნევს, რომ დიდი ალბათობით, გომელაურს გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია.
„ჩემი თანამდებობის დატოვებას წყვეტს პრემიერ-მინისტრი, პარტია, გუნდი. და თუ ისინი გადაწყვეტენ, არაფერი არ გამიჭირდება დაახლოებით ცხრა წელია, რაც თანამდებობაზე ვარ. ერთი 100-ჯერ მაინც ვარ ოპოზიციის გადაყენებული. როგორც გადაწყვეტს გუნდი, ბატონი პრემიერი, ისე იქნება. ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა", - განუცხადა ჟურნალისტებს გომელაურმა.
ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ სტიქიური უბედურების დროს შოვში ვერტმფრენებს საძიებო სამუშაოები ღამით არ უნდა შეეწყვიტათ და საერთოდ, ადგილზე დაგვიანებით ჩაფრინდნენ. ისინი ასევე შოვის ტრაგედიის მიზეზების გამოძიების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნას მოითხოვენ.
„შექმნან, შექმნან თვითონ. ვერ ვეტყვი, შექმნან ან არ შექმნან, რაც უნდათ, ის გააკეთონ, გამოსაძიებელი არაფერი არ არის", - აღნიშნა გომელაურმა.
რა მოხდა შოვში? ოპოზიციის ნაწილი კვლავ საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს>>
კომისიის შექმნის ინიციატივით, რომელიც გამოიძიებდა შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს, გამოავლენდა პასუხისმგებელ პირებს, ასევე იმას, შეიძლებოდა თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება, ოპოზიციის ნაწილი გამოვიდა, მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", პარტია „ლელო საქართველოსთვის" და პარტიის „ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე.
უკვე ცნობილია, რომ მმართველი პარტია საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს. „ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, შოვის ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.
რითია უკმაყოფილო ოპოზიცია?
ვერტმფრენები შოვში 18:00 საათზე ჩაფრინდნენ და დაღამებამდე მუშაობდნენ. შემდეგ გაუშვეს მაღალი ტექნოლოგიური დრონები. ხელისუფლების კრიტიკოსებმა შოვში მეწყრის ჩამოწოლიდან პირველივე საათებში დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ვერტმფრენებმა დააგვიანე, წინააღმდეგ შემთხვევაში მეტი ადამიანის გადარჩენა მოხ4ერხდებოდა.
ვერტმფრენი მანქანა არაა - ვახტანგ გომელაური სამაშველო ავიაციასთან არსებულ სიტუაციაზე>>
როგორც გომელაურმა განაცხადა, საძიებო სამუშაოები არ შეწყვეტილა მთელი ღამის განმავლობაში. მან აღნიშნა, რომ მსგავს ვითარებაში დრონი უფრო ეფექტურია, ვიდრე ვერტმფრენი.
„რომ ყოფილიყო ადამიანი, ვთქვათ, შემდეგ აღმოგვეჩინა ღამის ხედვის დრონებით, შევიდოდნენ მაშველები, არ იყო მაგის პრობლემა, თუ ადამიანი შველას ითხოვდა, შევიდოდნენ სპეცსაშუალებებით. თუ ვერ შევიდოდა მაშველი და სხვა შანსი აღარ იყო, შეგვეძლო, გვეთხოვა ვერტმფრენისთვის, იქნებ როგორმე, ძალიან ფრთხილად, ის ერთი ადამიანი ამოვიყვანოთ", - განაცხადა გომელაურმა.
როგორც უფრო ადრე „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ვერტმფრენი ღამით დიდი რისკის გამო ხეობაში არ შევიდოდა. თუ არის სიცოცხლის რამე ნიშნის შანსი, ამას აფიქსირებს დრონი ეკრანით, აღნიშნა მან.
რას ფიქრობენ „ქართულ ოცნებაში"
ხმებს გომელაურის შესაძლო გადადგომის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სპეკულაციები უწოდა. მისი თქმით, გომელაური გამოჩენილი მინისტრია, რომელმაც ეს არაერთხელ დაამტკიცა სხვადასხვა დროს.
„ამ შემთხვევაშიც, იცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო სრულად მობილიზებული, მათ შორის სამაშველო სამსახური იყო სრულად მობილიზებული, რაც პირველ რიგში, უშუალო ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის დამსახურება არის. აქედან გამომდინარე, ასეთ რაღაცებზე საუბარი არის სრულიად უადგილო", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, დაუყოვნებლივ ამოქმედდა ღამის ხედვის აპარატურა, დრონები, რომლებსაც მათ შორის, ადამიანების იდენტიფიცირების შესაძლებლობა აქვს გარკვეულ ადგილებში, ასევე ცხედრების იდენტიფიცირების, რაც თავიდანვე გამოიყენეს.
„უამრავი სპეკულაციაა იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა, რაც უბრალოდ, ძალიან მძიმე სპეკულაცია", - აღნიშნა კობახიძემ.
ბოლო მონაცემებით, შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა 24 ადამიანი. უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 9. მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.
უსაფუძვლო და უადგილოა: „ქართული ოცნება" შოვის ტრაგედიაზე კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს>>
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
პაპუაშვილი: საქართველო ვერტმფრენებს ეტაპობრივად მიიღებს>>
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.
ყველა ახალი ამბავი
0