რა მოხდა შოვში? ოპოზიციის ნაწილი კვლავ საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

© Roads Department of Georgia
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2023
გამოწერა
ოპოზიციონერების თქმით, საზოგადოებას აქვს კითხვები იმასთან დაკავშირებით, შესაძლებელი იყო თუ არა შოვში ტრაგედიის ტავიდან აცილება.
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, შოვის ტრაგედია თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, ხოლო საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა - ესაა ახალი სპეკულაციების დაწყების მცდელობა, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" გივი მიქანაძემ.
კომისიის შექმნის ინიციატივით, რომელიც გამოიძიებდა შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს, გამოავლენდა პასუხისმგებელ პირებს, ასევე იმას, შეიძლებოდა თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება, ოპოზიციის ნაწილი გამოვიდა, მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", პარტია „ლელო საქართველოსთვის" და პარტიის „ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე.
„არის მორიგი მცდელობა, რომ გამოიყენონ ეს ძალიან მძიმე ამბავი და უბედურება, რომელიც მთელ ერს დაგვატყდა თავს, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის", - განუცხადა ჟურნალისტებს მიქანაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციამ კარგად იცის, რომ კონკრეტული სიტუაციის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო და ამის თაობაზე ყველა ექსპერტი საუბრობს.
„ის ადამიანები ოპოზიციიდან, ვინც ამ განცხადებებს აკეთებენ... კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ თავიანთ პირად ინტერესებს, რომ ამ ტრაგედიის ისარგებლონ და პოლიტიკური ქულები რაღაც ფორმით მაინც დაიწერონ", აღნიშნა მიქანაძემ.
რეგლამენტის თანახმად, საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის სულ ცოტა 50 დეპუტატია აუცილებელი. ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობაში 140-დან 84 დეპუტატი შედის.
უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის". ამას ოპოზიციურ პარტია „ლელოში" გაუგებარი პოზიცია უწოდეს.
უსაფუძვლო და უადგილოა: „ქართული ოცნება" შოვის ტრაგედიაზე კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს>>
პარტია „ლელოს" წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო კომისიის ფორმატი შედგეს. თუ მმართველი პარტია, ასევე ოპოზიციის ნაწილი არ დაუჭერს მხარს კომისიის შექმნას, ეს არ იქნება ხელსაყრელი სურათი. გეგელიას თქმით, მისთვის სრულიად გაუგებარია გახარიას პარტიის პოზიცია ამასთან დაკავშირებით.
როგორც გეგელიამ აღნიშნა, საზოგადოებას აქვს კითხვები იმასთან დაკავშირებით, შესაძლებელი იყო თუ არა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება.
როგორც გეგელიამ აღნიშნა, მათი ღრმა რწმენით, იყო რიგი ზომებისა, რომლებიც შეიძლება გატარებულიყო.
ბოლო მონაცემებით, შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა 24 ადამიანი. უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 9. მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.
პოლიტიკური ისტერია - პაპუაშვილი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით კომისიის შექმნაზე>>
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
„არასერიოზულია" - პაპუაშვილი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით კომისიის შექმნაზე>>
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.
ყველა ახალი ამბავი
0