უსაფუძვლო და უადგილოა: „ქართული ოცნება" შოვის ტრაგედიაზე კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2023
გამოწერა
ოპოზიცია ცდილობს, მძიმე ტრაგედიაც კი პოლიტიკური ქულების დაწერისთვის გამოიყენოს, განაცხადა გივი მიქანაძემ.
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციის ნაწილის ინიციატივა შოვის ტრაგედიის მიზეზების გამოსაძიებლად საპარლამენტო კომისიის შექმნის თაობაზე უადგილოა და ის საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას ვერ მიიღებს, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" გივი მიქანაძემ.
კომისიის შექმნის ინიციატივით, რომელიც გამოიძიებდა შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს, გამოავლენდა პასუხისმგებელ პირებს, ასევე იმას, შეიძლებოდა თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება, ოპოზიციის ნაწილი გამოვიდა, მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", პარტია „ლელო საქართველოსთვის" და პარტიის „ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე.
„ცდილობენ, ასეთი მძიმე ტრაგედიაც კი პოლიტიკური ქულების დაწერისთვის გამოიყენონ. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ინიციირება სწორედ ამ მიზნით არის გამსჭვალული და საკითხს უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ ექნება", - განუცხადა მიქანაძემ ჟურნალისტებს.
როგორც მიქანაძემ აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლებს უნდათ, ყველაფერი ისე წარმოადგინონ, თითქოს ხელისუფლებამ არ გააკეთა ყველაფერი აუცილებელი, ამ დროს საზოგადოებას შეუძლია დეტალებში დაინახოს, თუ რა საშუალებებით და რა როგორი რეაგირება ჰქონდა ხელისუფლებას.
„ამ ფონზე ოპოზიცია ჩვეულ რიტორიკას არ ღალატობს და ასეთი დიდი ტრაგედიით სპეკულირებს... დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა უსაფუძვლო და უადგილოა. ოპოზიციას შეუძლია, სხვა საპარლამენტო მექანიზმებით ისარგებლოს და კითხვები დასვას", - აღნიშნა მიქანაძემ.
რეგლამენტის თანახმად, საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის სულ ცოტა 50 დეპუტატია აუცილებელი. ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობაში 140-დან 84 დეპუტატი შედის.
ბოლო მონაცემებით, შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა 22 ადამიანი. უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 11. მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.
პოლიტიკური ისტერია - პაპუაშვილი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით კომისიის შექმნაზე>>
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
ბოლო წერტილი - ვოლსკი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე>>
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.
ყველა ახალი ამბავი
0