შანტაჟი და მავნებლობა - მმართველი პარტიის და ოპოზიციის რეაქცია ჩალაძის მუქარებზე

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი და მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი და მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია  - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2023
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდის ნაწილია, უსამართლობა გაასაღონ სამართლიანობად, უკანონობა – კანონიერებას, სისხლისღვრა – მშვიდობად, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ჩალაძის განცხადებას ქვეყნის ქუჩებში მოახლოებული ომის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ შანტაჟი უწოდა.
ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხი დადებითად უნდა გადაწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მმართველი პარტია ქუჩაში ომს მიიღებს. ამასთან, ჩალაძემ აღნიშნა, რომ მისი სიტყვები მუქარას წარმოადგენს და რომ საერთაშორისო პარტნიორებმა „ეს იციან“.
„თქვენი შანტაჟით ბრძენ ქართველ ხალხს ვერ შეაშინებთ. ძალაუფლების დაბრუნების მანიაკალური წყურვილით განპირობებული მუქარის განხორციელების მცდელობას კი კანონი და სამართალი შესაბამის ადგილს მიუჩენს!“ – დაწერა რატი ბრეგაძემ სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდაა: უსამართლობა გაასაღონ სამართლიანობად, უკანონობა – კანონიერებას, სისხლისღვრა – მშვიდობად.

ოპოზიციის რეაქცია

ჩალაძის მკვეთრ განცხადებას გამოეხმაურნენ საპარლამენტო ოპოზიციაშიც. ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა „ნაცმოძრაობის“ წევრის სიტყვებს „მავნებლობა“ უწოდა.
„არ ვიცი, გიორგი ჩალაძეს რა სტატუსი აქვს პარტიაში, მაგრამ მის განცხადებას ჰქვია მავნებლობა და მეტი არაფერი“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
გაუგებარი ვაჭრობა მანდატებით - ოპოზიციონერი „ნაცმოძრაობის“ ახალი ლიდერის განცხადებაზე >>
ანა ბუჩუკურის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ აქვს რესურსი, არათუ ხელისუფლებას გაუწიოს სერიოზული ოპონირება, არამედ იმის რესურსიც არ აქვს, განახლება მოახდინოს.
პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ ჩალაძის განცხადებას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა უპასუხოს და მის შინაარსთან უთანხმოება დააფიქსიროს.
იოსელიანის თქმით, მსგავსი განცხადებები ყოფილი მმართველი პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნებას შეუძლებელს ხდის.
„მე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვიცნობ ბევრ ადამიანს და იქ არიან საკმაოდ გონიერი ხალხი, ვისაც ესმის, რომ ასეთი განცხადებები, რაც გიორგი ჩალაძემ გააკეთა, არათუ აახლოებს ხელისუფლებაში დაბრუნებასთან, არამედ, პირიქით, უფრო და უფრო შორს აგდებს შესაძლებლობას, რომ ისინი როდესმე დაუბრუნდნენ ძალაუფლებას“, - განაცხადა იოსელიანმა.
„გირჩის“ დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ჩალაძის განცხადებას კომიკური და არასერიოზული უწოდა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდა მოიძებნოს ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ჩალაძის სიტყვები სისულელეა.
„სულ მცირე, ვიღაც ხომ მოიძებნება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვინც იტყვის, ეს სისულელეაო, რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეთ ერთმანეთში? თუ ეს მართლა სერიოზულად ნათქვამია, სერიოზული განცხადებაა და არავინ გაემიჯნა, მაშინ ეს ყოვლად დაუშვებელი განცხადებაა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
პოპულისტური და არასერიოზული: „ნაცმოძრაობის" წევრების რეაქცია ახალი ლიდერის განცხადებაზე >>
სააკაშვილის ყოფილმა თანამებრძოლებმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში უკვე შექმნეს შტაბი მათი იდეოლოგიური ლიდერის გათავისუფლებისთვის, შტაბის ხელმძღვანელია გიორგი ჩალაძე.
მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა უკვე განაცხადა, რომ აპირებს ექს-პრეზიდენტის ძალით გათავისუფლებას.

სააკაშვილის მდგომარეობა

ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. მას შემდეგ, რაც სასამართლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლების საკითხს იხილავს, ადვოკატები საკითხის რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ, მაგრამ თითოეული მოწმის გამოკითხვა რამდენიმე საათს გრძელდება.
სააკაშვილის ადვოკატები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და არსებულ პირობებში მისი მკურნალობა უშედეგოა, ამიტომ მას ესაჭიროება უცხოეთში ისეთ კლინიკაში გადაყვანა, რომელიც მსგავსი პაციენტების მკურნალობაზეა ორიენტირებული.
ამასთან, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ექიმები, რომლებიც მუშაობდნენ კომპლექსურ სამედიცინო დასკვნაზე, ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი საკვებზე უარს კი არ ამბობს, არამედ ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო ვერ ჭამს.
„მიზანი - საქართველოს ომში ჩართვაა": თბილისში ზელენსკის განცხადებას უპასუხეს>>>
მოწვეულ უცხოელ ექსპერტებს შორის იყვნენ ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა, ასევე ხუთი ამერიკელი ექსპერტი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი, გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი, ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაჰანი და ქირურგ-ორთოპედი ჯეიმს კობი, რომლებიც სასამართლოში უკვე დაიკითხნენ.
ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და დღევანდელ პირობებში მკურნალობა შედეგს არ იძლევა. მათი თქმით, თუ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ სპეციალიზებულ კლინიკაში მკურნალობის შესაძლებლობა არ მიეცემა, შესაძლოა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდეს.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ბრეგაძე: სააკაშვილი გათავისუფლების მიზნით თვითდაზიანებას ეწევა>>>
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
უფრო ადრე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი სიმულანტობს და საკუთარ თავს ზიანს აყენებს, რათა ამით გათავისუფლებას მიაღწიოს.
მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, ის რაც შეიძლება მეტად დასუსტდეს, რომ თავიდან აიცილოს ჩადენილი დანაშაულებისთვის მისჯილი სასჯელი.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა ახალი ამბავი
0