გაუგებარი ვაჭრობა მანდატებით - ოპოზიციონერი „ნაცმოძრაობის“ ახალი ლიდერის განცხადებაზე

© Government of Georgiaბექა ლილუაშვილი
ბექა ლილუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2023
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა ლიდერმა განაცხადა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ პარტია მზადაა უარი თქვას მანდატებზე.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. დეპუტატმა ოპოზიციური პარტიიდან „საქართველოსთვის“ ბექა ლილუაშვილმა მანდატებით გაუგებარი ვაჭრობა უწოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას.
პარტიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ 31 იანვარს განაცხადა, რომ თუ „ქართული ოცნება“ გაათავისუფლებს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, პარტია მზადაა, უარი თქვას პარლამენტისა და საკრებულოების მანდატებზე, ასევე მმართველ პარტიაზე გადააფორმოს თავისი ცენტრალური ოფისი.
„გაუგებარია, რას ნიშნავს პარლამენტის დატოვება და მანდატებით ვაჭრობა. ეს ხალხი გამოდიოდა და ამბობდა, რომ პარლამენტის დატოვებით ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს შექმნიდნენ, ეს ხელისუფლებაზე ზეწოლის მექანიზმი იქნებოდა“, – განუცხადა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს.
ახლა გაუგებარია, აპირებენ თუ არა ზეწოლის მექანიზმის ჩუქებას ხელისუფლებისთვის სააკაშვილის გადაყვანის სანაცვლოდ, აღნიშნა მან.
„მგონი, ეს იყო ემოციური და ნაჩქარევი განცხადება, რასაც მისი პარტიის წარმომადგენლებიც არ ეთანხმებიან“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
ლევან ხაბეიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2023
პოპულისტური და არასერიოზული: „ნაცმოძრაობის" წევრების რეაქცია ახალი ლიდერის განცხადებაზე
თვითონ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთა ნაწილმაც ხაბეიშვილის ინიციატივა უარყოფითად შეაფასა. ხატია დეკანოიძემ ყველას მოუწოდა, თავი შეიკავონ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციისგან. ამასთან, მან ხაბეიშვილის განცხადებას პოპულისტური და პარტიისთვის ზიანის მომტანი უწოდა.
„შედეგების მიხედვით, „ნაცმოძრაობის“ არჩევნებში, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა“, – განაცხადა ლილუაშვილმა და დასძინა, რომ პარტიაში გაერთიანების ნაცვლად უფრო მეტი დაყოფა შეინიშნება.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხი ჰუმანიტარული კონტექსტიდან პოლიტიკურში გადასულიყო და ამით ხელისუფლებამ ისარგებლა, მიიჩნევს ოპოზიციონერი.
თავად სააკაშვილმა ხაბეიშვილი დიდი პოტენციალის მქონე პოლიტიკოსად მოიხსენია.
ხაბეიშვილმა კენჭისყრის დასრულებისთანავე ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი გამარჯვება შიდაპარტიულ არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, რომელმაც თავის დროს „ნაციონალური მოძრაობა“ დააარსა. მან პირობა დადო, რომ არ გაჩერდება, სანამ ექს-პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი არ იქნება.
დეპუტატი: „ნაცმოძრაობა" რეალობას აცდენილია>>
მანამდე, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მზადაა დაარღვიოს კანონი და არ გამორიცხა სააკაშვილის ძალისმიერი გათავისუფლება. მისი თქმით, საქართველოს ყველა რაიონში სააკაშვილის გათავისუფლების ოფისები გაიხსნება.
ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო ერთ თვეზე მეტია განიხილავს.
კომპლექსური სამედიცინო დასკვნის თანახმად, რომელსაც ეყრდნობა დაცვის მხარე, მსჯავრდებულს აქვს კახექსია და დემენცია. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ორივე დიაგნოზი პაციენტის გათავისუფლების საფუძველია. სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ექს-პრეზიდენტისთვის დასმული დიაგნოზები არასწორია.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ვოლსკი: „ნაცმოძრაობის“ ნაცვლად იქმნება რევოლუციური კომიტეტი>>
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
უფრო ადრე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი სიმულანტობს და საკუთარ თავს ზიანს აყენებს, რათა ამით გათავისუფლებას მიაღწიოს. მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, ის რაც შეიძლება მეტად დასუსტდეს, რომ თავიდან აიცილოს ჩადენილი დანაშაულებისთვის მისჯილი სასჯელი.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0