პოპულისტური და არასერიოზული: „ნაცმოძრაობის" წევრების რეაქცია ახალი ლიდერის განცხადებაზე

© courtesy of Levan Khabeishviliლევან ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2023
გამოწერა
გუშინ ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ თავად გუნდის შიგნით კრიტიკა დაიმსახურა.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილმა ნეგატიურად შეაფასა პარტიის ახლადარჩეული თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ინიციატივა.
ლევან ხაბეიშვილმა 31 იანვარს განაცხადა, რომ თუ „ქართული ოცნება“ მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებს, პარტია მზადაა დათმოს მანდატები პარლამენტსა და საკრებულოებში, ასევე პარტიის ცენტრალური ოფისი გადაუფორმოს მმართველ პარტიას.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ, რომელიც შიდაპარტიულ არჩევნებზე „ნაცმოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიას უჭერდა მხარს, ყველას მოუწოდა, თავი შეიკავონ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციისგან.

„მთავარი ამოცანა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა გადარჩეს. მაგრამ პარტია არის კოლექტიური ორგანო და ყველას სჭირდება კოლეგებთან აზრების გაზიარება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთ სერიოზულ განცხადებას აკეთებ“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, ნებისმიერი მსგავსი სერიოზული განცხადება შეთანხმებული უნდა იყოს კოლეგებთან და დასძინა, რომ მასთან აღნიშნული განცხადება შეთანხმებული არ ყოფილა. დეპუტატმა თანაპარტიელის ინიციატივას პოპულისტური და პარტიისთვის საფრთხის შემცველი უწოდა.
„ძალიან არ მომწონს, როცა მხოლოდ განცხადებები კეთდება და იმის უკან არაფერი კონკრეტული ცვლილებები არ ხდება, ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, ჩემი წარმოდგენით, პოპულისტური პოლიტიკა, რადგან ასეთ პოლიტიკას უბრალოდ მომავალი არ აქვს არათუ პარტიაში, არამედ ზოგადად", – განაცხადა დეკანოიძემ.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა ასევე „ნაცმოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე, რომელმაც პარტიის საორგანიზაციო მდივნის პოსტი გუშინ დატოვა. მან ახალი თავმჯდომარის განცხადებას არასერიოზული უწოდა.

„ეს რომ ყოფილიყო პარტიის რიგითი წევრის განცხადება, შეიძლება ყურადღება არც მიმექცია. მაგრამ ლევანი თავმჯდომარის პოსტზე არჩეული პირია. შესაბამისად, ვისურვებდი, რომ თავმჯდომარის პოზიციაზე მყოფი ადამიანი უფრო სერიოზულ განცხადებებს აკეთებდეს“, – განაცხადა დოლიძემ.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, ისინი იქნებიან ძალზე აქტიური, თუმცა მხოლოდ რეალურ შედეგებზე ორიენტირებულ პროცესებში.
„უკაცრავად, მაგრამ პოპულისტურ გამოხდომებში მონაწილეობას არ მივიღებ“, – აღნიშნა დოლიძემ.
თავად სააკაშვილმა ხაბეიშვილს დიდი პოტენციალის მქონე პოლიტიკოსი უწოდა. ამასთან, მან დასძინა, რომ არ აპირებს საქართველოში პოლიტიკაში ჩართვას, მაგრამ ყოველთვის დაუჭერს მხარს ხაბეიშვილს.
პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ პირველ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი გამარჯვება შიდაპარტიულ არჩევნებში ეკუთვნის მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თავის დროზე დააარსა „ნაციონალური მოძრაობა“. ხაბეიშვილმა ასევე პირობა დადო, რომ იმ დრომდე არ გაჩერდება, ვიდრე სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნება უზრუნველყოფილი.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მზადაა დაარღვიოს კანონი და არ გამორიცხა სააკაშვილის ძალისმიერი გზით გათავისუფლება. მისი თქმით, საქართველოს რეგიონებში გაიხსნება ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების ოფისები.
ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო ერთ თვეზე მეტია განიხილავს.
კომპლექსური სამედიცინო დასკვნის თანახმად, რომელსაც ეყრდნობა დაცვის მხარე, მსჯავრდებულს აქვს კახექსია და დემენცია. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ორივე დიაგნოზი პაციენტის გათავისუფლების საფუძველია. სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ექს-პრეზიდენტისთვის დასმული დიაგნოზები არასწორია.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
დიაგნოზები არასწორია? სააკაშვილის საქმეს მტკიცებულებად ახალი მასალები დაერთო>>>
ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
უფრო ადრე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი სიმულანტობს და საკუთარ თავს ზიანს აყენებს, რათა ამით გათავისუფლებას მიაღწიოს. მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, ის რაც შეიძლება მეტად დასუსტდეს, რომ თავიდან აიცილოს ჩადენილი დანაშაულებისთვის მისჯილი სასჯელი.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა ახალი ამბავი
0