ბრეგაძე: სააკაშვილი გათავისუფლების მიზნით თვითდაზიანებას ეწევა

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2023
გამოწერა
ბრეგაძემ განაცხადა, რომ დაუშვებელია ამ საკითხში ლოიალობის გამოვლინება, რადგან ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ეროვნულ უსაფრთხოებას.
თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაბალკალორიულ საკვებს იღებს და რეგულარულად უარს ამბობს სამედიცინო დანიშნულების შესრულებაზე და იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები ამაზე პასუხისმგებლები ვერ იქნებიან, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს ერთ თვეზე მეტია განიხილავს. კომპლექსური სამედიცინო დასკვნის თანახმად, რომელსაც ეყრდნობა დაცვის მხარე, მსჯავრდებულს აქვს კახექსია და დემენცია. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ორივე დიაგნოზი პაციენტის გათავისუფლების საფუძველია. სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ექს-პრეზიდენტისთვის დასმული დიაგნოზები არასწორია.
„ჩვენ პასუხისმგებელი შეიძლება ვიყოთ მხოლოდ ჩვენი მოვალეობის სათანადო შესრულებაზე, მაგრამ ვერანაირად ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე, რაც მის მიერ არაკალორიული საკვების შერჩევით მიღებასა და სამედიცინო დანიშნულების რეგულარულ არშესრულებაში გამოიხატება“, - განაცხადა ბრეგაძემ.
ამასთან მან მადლობა გადაუხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებს სამუშაოს ღირსეულად შესრულებისთვის.
„ვაკვირდებით სახელმწიფოს იმიჯის დაზიანებისთვის გამიზნულ პოლიტიკურ კამპანიას და ყოვლად მიუღებელ მცდელობას, კონკრეტულმა პატიმარმა თვითდაზიანებით უზრუნველყოს პატიმრობიდან თავის დაღწევა“, - აღნიშნა ბრეგაძემ.
მისი თქმით, ლოიალობამ ამ საკითხში სხვა პატიმრები შეიძლება წაახალისოს.
სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩაერთო >>
„ბუნებრივია, იუსტიციის სამინისტრო ვერ იქნება ლოიალური, ვინაიდან ეს არის საშიში პრეცედენტი, რომელსაც შეუძლია, იქონიოს წამახალისებელი ეფექტი სხვა პატიმრების ქცევაზე, რაც სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, შესაძლოა, სერიოზულ გამოწვევად იქცეს“, - აღნიშნა ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდეს.
„შიმშილი, ზრდასრულისთვის არასაკმარისი კალორაჟის საკვების მიღება, ექსპერტიზის ჩატარებისთვის აუცილებელი ნიმუშების არჩაბარება, მედიკამენტების შერჩევით მიღება, სამედიცინო პერსონალის მიმართ გამუდმებული მუქარა და შეურაცხყოფა – ამ ყველაფრის პირდაპირი ან ირიბი ფორმით წახალისება ვერ ჩაითვლება იმ პირთა ქმედებად, რომლებიც დაინტერესებული შეიძლება იყვნენ პატიმრის ჯანმრთელობით“, - განაცხადა ბრეგაძემ.
ეს ყველაფერი ემსახურება პაციენტის ჯანმრთელობის გაუარესებას იმისათვის, რომ თავი აარიდოს სასჯელის მოხდას, დარწმუნებულია მინისტრი.
ამასთან, ბრეგაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილი უარს ამბობს ექიმების მიერ შემოთავაზებულ ინტრავენურ კვებაზე და მოითხოვს რეანიმაციაში გადაყვანას, თუმცა ამის ობიექტური მიზეზები არ არსებობს.
„ჯანმრთელობისთვის საჭირო ღონისძიება, კერძოდ, პარენტერალური კვება, რომლის განხორციელებაც თავისუფლად არის შესაძლებელი იმ პალატაში, სადაც იმყოფება მსჯავრდებული სააკაშვილი, ვერ ტარდება თავად პატიმრის უარის გამო. ექიმს არ ეძლევა პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვის სათანადო შესაძლებლობა“, - განაცხადა ბრეგაძემ.
მან აღნიშნა, რომ ეს სააკაშვილის მხრიდან თვითდაზიანების პროცესის მორიგი გაგრძელებაა და ის პოლიტიკური ძალით არის წახალისებული.
„პატიმრის აღნიშნული ქმედება სხვა არაფერია, თუ არა თვითდაზიანებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი, რაზეც პასუხისმგებელია თავად პატიმარი და ყველა ის ადამიანი, რომელიც სხვადასხვა ფორმით თვითდაზიანების წახალისებითა და მხარდაჭერით აქტიურად არის დაკავებული“, - განაცხადა ბრეგაძემ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ თვითდაზიანების წახალისება სააკაშვილის შიმშილობის დროს დაიწყო, როდესაც ციხის ადმინისტრაციამ მას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, „დაინტერესებული მხარე კი ყველა შესაძლო ფორმით უბიძგებდა შიმშილობის, ანუ ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად გაუარესებისკენ“.
იუსტიციის მინისტრმა ასევე დასძინა, რომ სააკაშვილის მხარემ უარი თქვა მისი მოწამვლის ფაქტის დადასტურებისთვის ექსპერტიზის ჩატარებაზე და მის სამკურნალოდ უცხოელი ექიმების მოწვევაზე.
„ჩვენ ასევე შევთავაზეთ მსჯავრდებულ სააკაშვილს და მისი დაცვის მხარეს, ჩამოეყვანათ ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომლის მკურნალობაში ჩართვასაც ჩვენ შევუწყობდით ხელს, თუმცა ამ შეთავაზებასაც მხარე არ გამოხმაურებია და არ ისარგებლეს აღნიშნული შეთავაზებით“, – განაცხადა მინისტრმა.
კლინიკის სამედიცინო პერსონალის თქმით, სააკაშვილი უარს ამბობს ინკლუზიურ მკურნალობაზე, რომელიც წვეთოვანის გამოყენებას გულისხმობს და მკაცრად აკონტროლებს მის მიერ მიღებულ საკვებს, რაც იწვევს წონაში კლებას და მდგომარეობის გაუარესებას.

ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ

თბილისის საქალაქო სასამართლო ადვოკატების შუამდგომლობით ერთი თვეა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს განიხილავს. ექს-პრეზიდენტმა სხდომაში მონაწილეობა მხოლოდ ერთხელ მიიღო, ისიც ვიდეოკავშირის მეშვეობით, რადგან ექიმები სასამართლოში მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ იძლევიან. 12 მაისიდან ის „ვივამედის“ კლინიკაში იმყოფება.
ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. მას შემდეგ, რაც სასამართლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლების საკითხს იხილავს, ადვოკატები საკითხის რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ, მაგრამ თითოეული მოწმის გამოკითხვა რამდენიმე საათს გრძელდება.
სააკაშვილის ადვოკატები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და არსებულ პირობებში მისი მკურნალობა უშედეგოა, ამიტომ მას ესაჭიროება უცხოეთში ისეთ კლინიკაში გადაყვანა, რომელიც მსგავსი პაციენტების მკურნალობაზეა ორიენტირებული.
სააკაშვილმა დაადასტურა, რომ აგენტია - ირაკლი კობახიძე >>
იმავდროულად, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ექიმები, რომლებიც მუშაობდნენ კომპლექსურ სამედიცინო დასკვნაზე, ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი საკვებზე უარს კი არ ამბობს, არამედ ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო ვერ ჭამს.
სააკაშვილის დაცვის მხარემ საქმეში ჩართო ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა, ასევე ხუთი ამერიკელი ექსპერტი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი, გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი, ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაჰანი და ქირურგ-ორთოპედი ჯეიმს კობი, რომლებიც სასამართლოში უკვე დაიკითხნენ.
უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და დღევანდელ პირობებში მკურნალობა შედეგს არ იძლევა. მათი თქმით, თუ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ სპეციალიზირებულ კლინიკაში მკურნალობის შესაძლებლობა არ მიეცემა, შესაძლოა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდეს, რომ ლეტალური შედეგი დადგეს.

დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები

სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
უფრო ადრე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი სიმულანტობს და საკუთარ თავს ზიანს აყენებს, რათა ამით გათავისუფლებას მიაღწიოს. მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, ის რაც შეიძლება მეტად დასუსტდეს, რომ თავიდან აიცილოს ჩადენილი დანაშაულებისთვის მისჯილი სასჯელი.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა ახალი ამბავი
0