მელია თავის ოპონენტებზე: „აღარ დატოვეს არცერთი წითელი ხაზი"

© photo: Sputnik / Stringerნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2023
გამოწერა
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ თანდათან უფრო მძაფრდება.
თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ოპონენტების ბრალდებებს მისი მისამართით სპეკულაციები და ცილისწამება უწოდა.
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბოლო პერიოდში სულ უფრო მძაფრდება. შიდაპარტიული არჩევნების მოახლოებასთან ერთად პარტია საბოლოოდ გაიხლიჩა ორ ბანაკად – ამჟამინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრეებად და რადიკალურ „ძველ გვარდიად“ ლევან ხაბეიშვილის ხელმძღვანელობით, რომელსაც თავდაცვის ექს-მინისტრი დავით კეზერაშვილი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი უჭერენ მხარს.

„ღირსების მქონე საზოგადოებისთვის მართლაც ძნელი მოსასმენია ის ყველაფერი, რასაც საუბრობს და რაზეც მიდის ჩემი კონკურენტის მხარე შიდაპარტიულ არჩევნებში. პრაქტიკულად გადაუკვეთავი აღარ დატოვეს არცერთი წითელი ხაზი... ეს ყველაფერი... მდაბიო საქციელია, უამრავი ტყუილით, სპეკულაციით და ცილისწამებითაა სავსე“, – დაწერა მელიამ სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.

როგორც მელია აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის უხერხეულია ამაზე წერა, ვალდებულია სიმართლე უთხრას „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს. საუბარია ავტომობილზე, რომლის გამოც მას ოპონენტებმა უსაყვედურეს და რომლითაც პარტიის თავმჯდომარე რამდენიმე თვის განმავლობაში გადაადგილდებოდა.
მელიას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისათვის პარტიას არ სჭირდებოდა დამატებითი ავტომობილი, მისმა თანაპარტიელებმა პეტრე ცისკარიშვილმა და ზურაბ მელიქიშვილმა მოულოდნელად თქვეს, რომ პარტიის ავტოფარეხში დგას მეორადი ავტომობილი, რომელიც კეზერაშვილმა თავისი სურვილით გამოგზავნა.
რატომ არის ხაბეიშვილი იდეალური კანდიდატი „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე - მიქანაძე>>
„მას შემდეგ, რაც დავინახე დავით კეზერაშვილისგან მცდელობა, ჩარეულიყო შიდა პარტიულ პროცესებში, რამდენჯერმე (2022 წლის ივნისის თვიდან) ვცადეთ ამ ავტომობილის მისთვის დაბრუნება“, – დაწერა მელიამ.
მელიას თქმით, ბოლოს, თვე-ნახევრის წინ მანქანის კეზერაშვილის ოჯახის წევრისთვის დიმა ჩიქოვანისთვის გადაცემის მცდელობა იყო, რომელმაც არ მიიღო ავტომობილი და ის დღემდე პარტიის ავტოფარეხში დგას.
„აი, ასე იყო ეს ამბავი და არა ისე, როგორც ფუთავენ და ავრცელებენ მერაბიშვილი/კეზერაშვილის მხარდამჭერი კოლეგები. ბატონებო, კეზერაშვილის „ნაჩუქარი“ ავტომობილი პარტიის ავტოფარეხშია. დავით კეზერაშვილი, დარჩა რამე, რაც კიდევ შეიძლება იკადროთ?“ – დაწერა მელიამ.
ინტრიგები, დაპირისპირებები და არჩევნები: „ნაციონალური მოძრაობა“ იშლება>>
უფრო ადრე მელიამ განაცხადა, რომ კეზერაშვილთან ურთიერთობები გაწყვიტა მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ მას „ნაციონალური მოძრაობის" არაფორმალური მართვა უნდოდა. მერაბიშვილი კი პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ მისი საუბრის ფარული ჩანაწერის გავრცელებაში დაადანაშაულა, სადაც ის უდიერი სიტყვებით იხსენიებს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.
გარდა ამისა, მელიამ მერაბიშვილი ღიად დაადანაშაულა იმაში, რომ მან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დაანგრია მისი წინასაარჩევნო შტაბი. მაშინ მელია გლდანში იყრიდა კენჭს და მეორე ტურში გავიდა.
მერაბიშვილი რუსულ სპეცსამსახურებთან არის დაკავშირებული? ახალი სკანდალი საქართველოში>>
უფრო ადრე ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელმა გიორგი რურუამ, რომელიც მელიას უჭერს მხარს, განაცხადა, რომ არსებობს ეჭვი მერაბიშვილის რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირის შესახებ.
კონფლიქტის დასაწყისი
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
თავად მელია ექს-პრეზიდენტის სურვილის წინააღმდეგ აირჩიეს, რომელსაც ამ პოსტზე თავისი ძველი თანამებრძოლის ლევან ვარშალომიძის ხილვა სურდა. ვარშალომიძე ამჟამად მხარს ხაბეიშვილს უჭერს. ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
გიავოლსკი: „ნაცმოძრაობა“ შეთქმულთა ბანაკს დაემსგავსა>>
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ამავდროულად, ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ორ ბანაკს შორის ბრძოლა უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და პარტიული სიების შედგენას.
ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0