ინტრიგები, დაპირისპირებები და არჩევნები: „ნაციონალური მოძრაობა“ იშლება

© courtesy of National Movementპარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2023
გამოწერა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28 იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით გაიმართება.
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ღიად დაუპირისპირდა პარტიის ორ სოლიდურ წარმომადგენელს - დავით კეზერაშვილსა და ვანო მერაბიშვილს და მათ ფარულ პარტიულ თამაშებში დასდო ბრალი.
ორი კვირის შემდეგ პარტიაში თავმჯდომარის ვადამდე არჩევნები ჩატარდება. სულ ოთხი კანდიდატია, მაგრამ, როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, სწორედ ომი ნიკა მელიას ზომიერ პოლიტიკასა და ლევან ხაბეიშვილს შორის რადიკალური „ძველი გვარდიის“ მხარდაჭერით (კეზერაშვილისა და მერაბიშვილის სახით) გახდება მთავარი ინტრიგა და განსაზღვრავს პარტიის მომავალს.
არჩევნების წინ მელიამ შიდაპარტიულ ინტრიგებზე ისაუბრა.
კონფლიქტი „ძველ გვარდიასთან“
ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ამჟამად პარტიაში ცივილიზებული ბრძოლა მიმდინარეობს საქმისადმი ძველ და ახალ მიდგომებს შორის.
„ეს არის ღირებულებითი ბრძოლა. პარტიის შიგნით ცივილიზებული ბრძოლა მიმდინარეობს. დიახ, დღეს არის დაპირისპირება არა ძველსა და ახალს შორის, არა, ეს არის დაპირისპირება ძველსა და ახალ მიდგომებს შორის“, – განაცხადა მელიამ ოპოზიციურ ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში.
პოლიტიკოსის თქმით, ძველ ინტრიგებთან დაბრუნება და პარტიაში მიმდინარე პროცესები კეზერაშვილისა და მერაბიშვილის მიერ არის დაგეგმილი.
მერაბიშვილი რუსულ სპეცსამსახურებთან არის დაკავშირებული? ახალი სკანდალი საქართველოში>>
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და ექს-პრემიერი ვანო მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ლიდერებად მიიჩნეოდნენ.
„9 ნოემბრის მთავარი მოქმედი პირნი და შემსრულებელნი, რა თქმა უნდა, იყვნენ ვანო მერაბიშვილი და დათო კეზერაშვილი. ეს პროცესები თავიდან ბოლომდე ინსპირირებული, დაგეგმილი და ორგანიზებული იყო ამ ორი ადამიანის მიერ, ეს არის სიმართლე“, – განაცხადა მელიამ.
სწორედ 2022 წლის 9 ნოემბერს მოითხოვა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრების ნაწილმა პარტიის ხელმძღვანელობის შეცვლა და მელიას ინერტულობაში დასდო ბრალი.
პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ გაწყვიტა ურთიერთობები კეზერაშვილთან მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ მას პარტიის არაფორმალურად მართვა უნდა.
რაც შეეხება მერაბიშვილს, პარტიის თავმჯდომარემ ის ღიად დაადანაშაულა იმაში, რომ მან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დაანგრია მისი წინასაარჩევნო შტაბი. მაშინ მელია გლდანში იყრიდა კენჭს და მეორე ტურში გავიდა.
„აღმოვაჩინეთ, რომ ვანო მერაბიშვილი ყოფილა ჩართული ჩემი საარჩევნო შტაბის დანგრევაში. ათამდე ადამიანთან გადიოდა თურმე კონტაქტზე – დატოვეთ საარჩევნო შტაბი და იქნებ არ დაეხმაროთ ნიკა მელიასო“, – განაცხადა მელიამ.
კომპრომატების ომი: ვინ დგას ნიკა მელიას აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების უკან>>
ამავე დროს, პარტიის თავმჯდომარემ ღიად დაადანაშაულა მერაბიშვილი მისი საუბრის ფარული ჩანაწერის გავრცელებაში და ამით, ფაქტობრივად, დაადასტურა იმ აუდიოჩანაწერის სინამდვილე, სადაც ის უდიერად მოიხსენებდა სააკაშვილს.
„ზუსტად ვიცი, რომ ეს არის მერაბიშვილის დაგეგმილი და მან ჩათვალა, რომ ამ ჩანაწერს შეეძლო გავლენის მოხდენა არჩევნებზე“, – განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, ამ ჩანაწერის გამოქვეყნებამდე თვე-ნახევრის განმავლობაში ეს ჩანაწერი „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთ ლიდერს ჰქონდა და ისინი მას რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წევრებს ასმენინებდნენ. მისი თქმით, მან იცის ის პოლიტიკოსები, ვინც ამას აკეთებდა.
ამასთან, პოლიტიკოსმა უარი თქვა, კონკრეტული გვარები დაესახელებინა, თუმცა აღნიშნა, რომ თუ ისინი ამგვარ რამეს აკეთებენ ოპოზიციაში ყოფნის დროს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უარესს ჩაიდენენ.
ხაბეიშვილი და მისი გეგმები არჩევნების შემდეგ
ნიკა მელიას აზრით, ლევან ხაბეიშვილი სპეციალურად შეარჩიეს, როგორც ადამიანი, რომელიც ყველაფერზე წავა, მათ შორის, შეურაცხყოფაზე.
„ხაბეიშვილი ყველაფერს იკადრებს, ყველაფერს იტყვის და მაგიტომ დააყენეს თავმჯდომარეობის კანდიდატად“, – განაცხადა მელიამ.
მელიამ აღნიშნა, რომ ხაბეიშვილი პირადად მოიწვია პარტიაში 2016 წელს, როდესაც ის პარტია „სტრატეგია აღმაშენებელში“, გიორგი ვაშაძესთან იყო.
„ადამიანს უბრალოდ ვერ ვცნობ. საზოგადოებამ განსაჯოს – ან სიმართლე ან ტყუილი, ან ზნეობა ან ზნედაცემულობა, ამ არჩევანის წინაშე დადგა დღეს პარტია“, – განაცხადა მელიამ.
„ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის არჩევნებისთვის ემზადება>>
ამავე დროს, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ უარი თქვა, ღიად ეპასუხა კითხვისთვის, დატოვებს თუ არა პარტიას წაგების შემთხვევაში.
მელიას თქმით, ამჟამად ცნობილია, რომ წაგებული გამარჯვებულს მიულოცავს. ის პრობლემებს არ შეუქმნის პარტიას, სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია. თუმცა მელია დარწმუნებულია, რომ მოიგებს.
კითხვაზე, დატოვებს თუ არა ის პარტიას, თუ წააგო, მან უპასუხა, რომ არ ჩაერევა პარტიის მართვაში და გაითვალისწინებს ამომრჩევლების აზრს.
გამარჯვების შემთხვევაში ის სერიოზულ ცვლილებებს აპირებს, მათ შორის, პარტიის ხელმძღვანელობაში.
შემდეგ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება სხვა პარტიებთან ერთად. აგრეთვე ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის საკითხი, ან პარლამენტის დატოვების და ა.შ.
„ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეუძლია სერიოზული ცვლილებების განხორციელება მარტოს, დასძინა მელიამ.
კონფლიქტის დაწყება
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
თავად მელია ექს-პრეზიდენტის სურვილის წინააღმდეგ აირჩიეს, რომელსაც ამ პოსტზე თავისი ძველი თანამებრძოლის ლევან ვარშალომიძის ხილვა სურდა. ვარშალომიძე ამჟამად მხარს ხაბეიშვილს უჭერს. ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის" დაშლას პროგნოზირებს>>
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ორ ბანაკს შორის ბრძოლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და პარტიული სიების შედგენას.
ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0