კომპრომატების ომი: ვინ დგას ნიკა მელიას აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების უკან

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2023
გამოწერა
აუდიოჩანაწერი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების წინ გამოქვეყნდა, რომელიც 28-29 იანვარს ჩატარდება.
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. აუდიოჩანაწერის გამოქვეყნება, სადაც, სავარაუდოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია უცენზურო სიტყვებით მოიხსენებს ქვეყნის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში ურთიერთბრალდებებისა და მწვავე დისკუსიების საგანი გახდა.
ტიტრების მიხედვით, აუდიოჩანაწერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე გაკეთდა. ჩანაწერის ავთენტიკურობა ჯერ დადგენილი არ არის.
ჩანაწერის შინაარსი მოულოდნელი არ ყოფილა ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერის თაკო ჩარკვიანისთვის, რომელმაც განაცხადა, რომ თვითონაც არაერთხელ ყოფილა სააკაშვილის მისამართით მსგავსი უდიერი დამოკიდებულებისა და ლაპარაკის მოწმე.

„ვერ ვიტან ჩამწერებს და ვერ ვიტან გამავრცელებლებს, მაგრამ მელიას დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ ჩანაწერის გარეშე მაქვს მოსმენილი“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

მელიამ საკმარისზე მეტი გააკეთა და ჩანაწერი არაა საჭირო იმისთვის, რომ ის აღარ იყოს პარტიის ლიდერი, დასძინა მან.
აუდიოჩანაწერი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების წინ გავრცელდა, რომელიც 28-29 იანვარს ჩატარდება.
„მსგავსი სახის ჩანაწერის გავრცელება არაერთი ადამიანისთვის შეიძლება იყოს ხელსაყრელი. არ ვიცით ეს ჩანაწერი ავთენტურია თუ არა, თუმცა აჩვენებს იმ მძიმე მდგომარეობას, რაც ამ პარტიაშია და რაზეც საუბრობენ, უკვე დამალული არაფერი აღარ არის“, – განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა პარტიიდან „საქართველოსთვის“ ანა ბუჩუკურმა.
მისი თქმით, ბევრი იქნებოდა დაინტერესებული ამ ჩანაწერის გამოქვეყნებით.
„ამ ჩანაწერის გავრცელების მიზანი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მათ შორის რომელიმე არაფორმალური მმართველის პოლიტიკური ინტერესი. შეიძლება იყოს ვინმეს დისკრედიტაციის სურვილიც“, – აღნიშნა მან.
სერიოზულად განხილვა ჩანაწერის, რომელიც შეიძლება ორი ადამიანის კერძო საუბარი იყოს, არასერიოზულად მიაჩნია დეპუტატს ოპოზიციური პარტია „გირჩიდან“ იაგო ხვიჩიას.

„ამ ჩანაწერში სკანდალური და სასწაული არაფერია... სამწუხაროა, რომ ჩანაწერები ჯერ კიდევ პოლიტიკური ბრძოლის მეთოდად გამოიყენება. ის, რომ ადამიანისთვის სახელის გატეხის მიზნით, არასათანადო მტკიცებულებებით გარკვეულ ცნობებს ვავრცელებდეთ, არასწორია“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ამავე დროს, დეპუტატი ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ჩანაწერების გავრცელება ხელს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ აძლევს და „ნაციონალურ მოძრაობაში“ კონფლიქტისა და დაპირისპირების გაძლიერებას ემსახურება.
„შეიძლება ვინმე ცდილობდეს, ეს ვინმეს წინააღმდეგ გამოიყენოს, მაგრამ არ მგონია „ნაცმოძრაობაში" ერთმანეთს კომპრომატებით ებრძოდნენ, თუ გავითვალისწინებთ, რომ რაც უფრო გაღრმავდება პოლარიზება და დაპირისპირება მსგავსი ჩანაწერების ფონზე „ნაცმოძრაობაში", ეს შეიძლება იყოს ხელისუფლების ინტერესში“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
„ოცნება“ არაფერ შუაშია
„ქართულ ოცნებას“ ჩანაწერის გავრცელებასთან არანაირი კავშირი არა აქვს, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ ბექა დავითულიანმა.

„ისინი როგორც მთელ ქვეყანას იწერდნენ თავის დროზე, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, დღეს საკუთარი პარტიის წევრებს იწერენ, უქვეყნებენ, აშანტაჟებენ და ა.შ. ჩვენ ვიცით, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" საქმე კარგად არ მიდის, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შეიძლება საქმე უკეთესად წავიდეს. ჩვენ დიდი ინტერესი ამ პროცესის მიმართ არ გაგვაჩნია“, – განაცხადა დავითულიანმა.

დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ რატი იონათამიშვილი, თავის მხრივ, არ გამორიცხავს, რომ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების მოახლოებასთან ერთად კომპრომატების ომი კიდევ უფრო გაძლიერდეს.
„ცხადია, მათი მხრიდან ეს ახალი არ არის. ამ ყველაფერს წლების განმავლობაში ვხედავდით, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. ახლა, როცა ოპოზიციაში არიან, იმავეს აკეთებენ. გრიგოლ რობაქიძის სიტყვები მახსენდება – გველი იცვლის კანს, მაგრამ არა ზნეს. რაც უფრო მოახლოვდება გაკოტრებულ და განულებულ პარტიაში თავმჯდომარის არჩევნები, საზოგადოება მეტ სიბინძურეს ნახავს ამ პარტიის კლანების მხრიდან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
პარტიის თავმჯდომარის არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც პარტიული ლიდერების ნაწილი მელიას ღიად დაუპირისპირდა. შემდგომში ბრძოლა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრე ბანაკსა და „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში ლევან ხაბეიშვილი უდგას, კიდევ უფრო გამწვავდა.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
მელია vs სააკაშვილი: რეაქციები სკანდალურ ჩანაწერზე>>
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელია, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი9-15%-ის დონეზე იყო.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0