ერთადერთი, რასაც მამაკაცი ქალს არასდროს აპატიებს...
11:26 25.07.2022 (განახლებულია: 19:08 25.07.2022)
© photo: Sputnik / Besik Pipiaალექსანდრე დიუმას ძეგლი ფოთში
© photo: Sputnik / Besik Pipia
გამოწერა
მამაკაცი ქალს აპატიებს ყველაფერს – ორგულობას, სისულელეს, ღალატსაც კი. ერთადერთი, რასაც მამაკაცი ქალს არასდროს აპატიებს, ესაა...
აზრების ფოიერვერკი წარმოგიდგენთ ალექსანდრე დიუმას (მამა) გამონათქვამებს.
ალექსანდრე დიუმა (Alexandre Dumas, 1802–1870) – ფრანგი მწერალი, დრამატურგი, ჟურნალისტი. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული და ცნობილი მწერალი, რომლის ნაწარმოებები პოპულარობით ერთ-ერთი პირველია: „სამი მუშკეტერი“, „ოცი წლის შემდეგ“, „ვიკონტ დე ბრაჟელონი: ათი წლის შემდეგ“, „გრაფი მონტე-კრისტო“, „დედოფალი მარგო“, „გრაფინია დე მონსორო“, „შავი ტიტა“ და სხვ. მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია არაერთი კინოფილმი.
წელს ალექსანდრე დიუმას დაბადებიდან 220 წელი შესრულდა.
ყველანაირ უბედურებას ორი წამალი შველის – დრო და დუმილი.
მთელი ადამიანური სიბრძნე ორ სიტყვაში ეტევა: ლოდინი და იმედი.
მამაკაცი მოქმედებს, ხოლო ქალი ელოდება – ასეთია ბედი. მაგრამ ხანდახან ლოდინი ბევრად ძნელია, ვიდრე მოქმედება.
შემთხვევითობა ცხოვრებაში – უფალი ღმერთის სათადარიგო ფონდია.
ადამიანი, რომელსაც საკუთარ თავში ეჭვი ეპარება, იმ ადამიანს ჰგავს, რომელიც თავისი მტრების რიგებში გადავიდა.
ფილოსოფიას ვერ ისწავლი. ფილოსოფია არის შეძენილი ცოდნისა და მაღალი გონების შერწყმა.
უმოქმედობა გულმოწყალების გამოჩენის ყველაზე იოლი ხერხია.
არის ტრაგედია, რომელსაც ადამიანი გრძნობით წვდება, მაგრამ გონებით – ვერა.
ბედნიერება ან უბედურება – ეს კედლებმა იციან; კედლებს ყურები აქვს, მაგრამ ენა – არა...
გული მაშინ ტყდება, როცა იმედის თბილი ნაკადით ზედმეტად გაფართოებული რეალობის სიცივით უცბად იკუმშება.
ამ სამყაროში არ არის არც ბედნიერება, არც უბედურება. ერთიცა და მეორეც მხოლოდ შედარებით შეიცნობა. მხოლოდ ის შეიცნობს უკიდეგანო ნეტარებას, ვინც უსაზღვროდ უბედური იყო.
ნივთებსაცა და ადამიანებსაც ერთნაირად ყიდულობენ და ყიდიან.
ქალი კურთხეულია; ქალი, რომელიც გიყვარს – ორმაგად კურთხეულია.
დიდი ხნის საუბრები ბედნიერი პრივილეგიაა ადამიანებისა, რომელთაც ერთმანეთისთვის სათქმელი არაფერი აქვთ.
ჭეშმარიტება ისაა, რომ სიყვარული ერთ-ერთი ის ვნებათაგანია, რომელსაც ადამიანი სიგიჟემდე, სიბრმავემდე და სიმხეცემდე მიჰყავს.
სიყვარული ნდობის გარეშე შორს არ მიდის და მაღლა ვერ ადის: ის ცალფრთიანი ანგელოზია.
მხოლოდ სიძულვილი გვაიძულებს გავაკეთოთ იმდენივე სისულელე, რამდენსაც გვაიძულებს სიყვარული.
ხანდახან ბევრის თქმა შეიძლება, ხანდახან – არაფრის. ზოგიერთების ბედნიერება ხომ ენაწყლიანია, სხვებისა კი – მდუმარე.
არასდროსაა გვიანი გაჩუმდე, როცა იცი, რომ ცრუობ.
ცხენს დასცინის ის, ვინც მხედრის დაცინვას ვერ ბედავს.
წინათგრძნობა უფრო მეტია, ვიდრე ცოდნა.
ტკბობის გარეშე დედამიწაზე ბედნიერება არ არსებობს.
ბედნიერება არასდროს მოდის ძალზე სწრაფად.
ბედნიერება ეგოისტურია.
ზოგჯერ იმდენად დიდ სამსახურს გიწევენ, რომ სამაგიეროს გადახდა მხოლოდ უმადურობით არის შესაძლებელი.
როცა ფულადი ვალი გადახდილია, მადლიერების ვალი რჩება.
სიყვარული დიდ საქმეებს შთააგონებს. და სიყვარულივე უშლის ხელს მათ შესრულებაში.
პოლიტიკაში არ არიან ადამიანები – არის იდეები; არ არის გრძნობები – არის ინტერესები. პოლიტიკაში ადამიანს არ კლავენ, არამედ მხოლოდ დაბრკოლებას იცილებენ თავიდან.
ისტორია ლურსმანს ჰგავს, რომელზეც ყველაფრის ჩამოკიდება შეიძლება.
ისწავლო – არ ნიშნავს იცოდე. არის მცოდნე და არის მეცნიერი – ერთს მეხსიერება ქმნის, მეორეს – ფილოსოფია.
სამწუხაროდ, ყველას აქვს თავისი თვალსაზრისი, რომელიც ხელს უშლის – სხვისი თვალსაზრისი დაინახოს.
ადამიანებმა შეიტანეს სიყვარულში სიმორცხვე, პოეზია, მსხვერპლშეწირვა, თვითუარყოფა. მაგრამ ადამიანმა შეიტანა მასში ის, რაც არცერთ ცხოველს არ შეაქვს: ზედმეტობა, ორგულობა, უკუღმართობა, პირფერობა.
რაც არ უნდა ლამაზად ლაპარაკობდე, თუ ზედმეტად ბევრს ლაპარაკობ, ბოლოს და ბოლოს რაიმე სისულელეს წამოროშავ.
ამაყი არ ვარ, ბედნიერი ვარ, ხოლო ბედნიერება უფრო აბრმავებს, ვიდრე სიამაყე.
მამაკაცი ქალს აპატიებს ყველაფერს – ორგულობას, სისულელეს, ღალატსაც კი. ერთადერთი, რასაც მამაკაცი ქალს არასდროს აპატიებს, ეს უპირატესობაა...