ბრძოლა მესამე ადგილისათვის ქართულ პოლიტიკაში

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili"Кровавые баннеры" на тбилисских улицах, предвыборная реклама
Кровавые баннеры на тбилисских улицах, предвыборная реклама - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
გამოწერა
მართალია, ექსპერტები დიდი ხანია, ამბობენ, რომ არაა კარგი მხოლოდ თეთრისა და შავის დანახვა, ანუ „ქართული ოცნებისა“და „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირისპირების რეჟიმში ცხოვრება, მაგრამ ეს ყბადაღებული მესამე გზა და მესამე ძალაც ვერა და ვერ ჩამოყალბდა.
უფრო სწორად, არჩევანი, ასე თუ ისე, არის, მაგრამ ამომრჩეველი, როგორც წესი, დიდად არ ცდილობს ახალ ძალებს დაუჭიროს მხარი. ასე მოხდა ბოლო არჩევნებზეც, როცა ქართველმა ამომრჩეველმა ისევ ამ ორ პარტიას მისცა ხმა. ექსპერტები გაკვირვებული კითხულობდნენ, სად გაქრა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას მზარდი რეიტინგი. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ჩატარებულ გამოკითხვაში მისი პირადი რეიტინგი ორნიშნა იყო და პარტიისაც 10-11 პროცენტს აღწევდა. მართალია, პარტიამ 100 მანდატზე მეტი მიიღო საქართველოს მასშტაბით, ცაგერში კი მისი კანდიდატი სულაც მერობისთვის ბრძოლის მეორე ტურში გადავიდა, მაგრამ ყოფილი პრემიერისგან მაინც მეტს ელოდნენ.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
მიხეილ სააკაშვილის მეორედ მოსვლა – რა ელის მოშიმშილე ექს-პრეზიდენტს
საბოლოოდ ქვეყნის მასშტაბით მანდატები ასე გადანაწილდა: სულ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში 2.068 მანდატი იყო. 66 პროცენტი „ქართულმა ოცნებამ“ აიღო, 25 პროცენტი – „ნაციონალურმა მოძრაობამ“, 9 პროცენტი – გახარიას პარტიამ. ამიტომ პარტიაში „საქართველოსთვის“ ვარაუდობდნენ, რომ მათ მანდატებს ოქროს ფასი დაედებოდა საკრებულოში უმრავლესობის შექმნისა და ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში, მაგრამ მმართველმა პარტიამ გახარიას ცივი წყალი გადაასხა. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ არ იღებს გახარიას შეთავაზებას ღია მოლაპარაკებაზე და საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებთან ინდივიდუალურად იმუშავებენ. ეს კი ინდივიდუალურ გადაბირებას ნიშნავს.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ პარტიისათვის, რომელიც სამი თვის წინ დაფუძნდა, ის შედეგი, რაც მან რეგიონებსა და თბილისშიც აჩვენა, ცუდი არ არის. თანაც გახარიას პარტიაზე ძალიან ცუდად იმოქმედა სააკაშვილის უცნაურმა გამოჩენამ საქართველოში, რომელმაც მისი და „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მობილიზებას შეუწყო ხელი.
თუმცა ხუხაშვილის საპირისპიროდ ლადო სადღობელაშვილი ამბობს, რომ ასე ნინო ბურჯანაძესაც ჰქონდა 2014-2017 წლის არჩევნებში 10 პროცენტი, მაგრამ უკვე საპარლამენტო არჩევნებისათვის ეს რეიტინგი უკვალოდ გაქრა. გახარიამ კი გამოცდა ვერ ჩააბარა და თუ მას ქართულ პოლიტიკაში დარჩენა სურს, უფრო ნათლად უნდა აუხსნას ამომრჩეველს – რა სურს, მისი მეგობარია და ვისი მტერი. არადა, პარტიის წარმომადგენლებმა არჩევნებიდან რამდენიმე დღეშივე გააკეთეს განცხადება, რომ ისინი მეორე ტურში არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ითანამშრომლებენ და არც „ქართულ ოცნებასთან“... მაგრამ ეს თუ გარიგებით არ მოხდა, საკრებულოებში მათ თემატური თანამშრომლობა მაინც მოუწევთ, რადგან ამა თუ იმ საკითხზე მუნიციპალურ დონეზე ან „ჰო“ უნდა თქვან, ან – „არა“.
გიორგი გახარიას წინასაარჩევნო ბანერი - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
არჩევნების მეორე ტურის მოლოდინი: ვის მხარეს დაიჭერს გახარიას ამომრჩეველი?
გახარიას პარტია, როგორც ჩანს, უფრო მეტ პატივს სცემს საკუთარ ამომრჩეველს და ენდობა მათ ინტელექტს, ვიდრე სხვა პარტიები. მათ ღიად განაცხადეს, ჩვენს ამომრჩევლებს არავის მხარდაჭერისკენ არ მოვუწოდებთო, თუმცა თბილისში, სავარაუდოდ, მისი ხმები უფრო კახი კალაძისკენ წავა, რადგან გახარიას პარტია იგივე განაწყენებული „ქართული ოცნებაა“, ხოლო მისი წევრები, მამუკა მდინარაძის აზრით, დაცემული და სამოთხიდან გაძევებული „ქოცები“.
აი, „ლელო“, რომელიც ამ არჩევნებზე მართლაც ყველაზე მეტად დაზარალდა, არ მალავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი იქნება ყველა მეორე ტურში. ის კი არა, პარტიის ლიდერმა უკვე დაადასტურა, რომ ნიკა მელიას შეხვდა და კოალიციური მთავრობის შექმნაზე საუბრობენ. „ლელოს“, შესაძლოა, „ნაცმოძრაობამ“ ეკონომიკური სექტორი ჩააბაროს, რადგან, ბავშვების დატოვებისა არ იყოს, მისი „მარშალის გეგმაც“ კარგად გამოიყურება და საშუალო ფენის შექმნის იდეაც, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში უკვე უტოპიად იქცა და მხოლოდ ძალიან მდიდრებისა და ძალიან ღარიბების ფენა ჩამოყალიბდა. საშუალო ფენა კი გვყავს, მაგრამ უცხოეთში – იქ მომუშავე ადამიანები და საქართველოში მათ მიერ გამოგზავნილი ფულით გამოკვებილი ოჯახები.
ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2021
არჩევნები 2021
კოალიციური მთავრობა – განხეთქილების ვაშლი პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, „ლელო“, როგორც ჩანს, სწორედ გახარიას პარტიის გამოჩენამ დააზარალა და გაცილებით ნაკლები ხმები მიიღო, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებზე. თუმცა ძნელი დასაჯერებელია, რომ 2024 წლისთვის არ იბრძოლოს მესამე ძალის ტიტულისათვის. ამისათვის მათ ყველაფერი აქვთ – ფული, გავლენები, ინტელექტუალური რესურსი, ხოლო საბანკო შლეიფი, რომელიც ასე მწარედ მოჰყვება ხაზარაძის იმიჯს, მათ ნამდვილად შეუძლიათ ლიმონათად აქციონ, თუ ისრაელიდან ჩამოყვანილი პიარ-ტექნოლოგების ინსტრუქციებს ბრმად კი არ გადმოიღებენ და ბავშვების დატოვების იმიტაციას შექმნიან, არამედ რეალურად იბრძოლებენ ადამიანების სასიცოცხლო გარემოს გასაუმჯობესებლად. ამ მხრივ დღეს „ლელოს“ ლიდერების პოზიციები გაცილებით კარგადაა გამოკვეთილი და გახარიას პარტიასაც იგივე მოუწევს, თუ პოლიტიკაში დარჩენა სურს. თუ „ლელომ“ „ნაციონალებთან“ საერთო ენის გამონახვა შეძლო და ბათუმში მართლაც ვიხილეთ საკრებულოს თავმჯდომარედ მისი ერთ-ერთი ლიდერი, ახალგაზრდა იდეალისტი ირაკლი კუპრაძე, რომელიც ადამიანების შრომითი უფლებებისათვის იბრძოდა, ეს მათ დამატებით კარგ სასტარტო პირობებს და ტრიბუნას მისცემს. ამიტომაც ხელისუფლებაც ყველაფერს გააკეთებს, რომ ზევსივით გადაყლაპოს საკუთარი რეჟიმის შვილები და თავად დარჩეს უმრავლესობაში... შესაძლოა, 2024 წლისთვის კოალიციის დაშვებით, მაგრამ მაინც საკონტროლო პაკეტით.
რეალურად, როგორც ჩანს, ექს-პრემიერ გახარიას სურდა, თეთრი ხელთათმანებით და მაღალი ეთიკური სტანდარტებით არც ივანიშვილის (ყოფილი უფროსის) რეპუტაცია შეელახა და არც რაიმე რადიკალური განცხადება გაეკეთებინა, მაგრამ პოლიტიკაში მთავარი ხომ გადაწყვეტილებების მიღება და მისი მკაფიოდ გამოთქმაა? არც დღევანდელი „არა ნაცებს, არა ქოცებს“ ასხამს მის წისქვილზე წყალს, რადგან, მაგალითად, ქუთაისში შეიძლება უთხრან – შენ, ბიძია, ჯერ ჩამოყალიბდი და მერე იყარე კენჭიო. ჰოდა, გახარიას დივიდენდები სულ ჰაერში გაქრება, თუ მათ რაიმესთვის ბრძოლის მკაფიო მაგალითი არ აჩვენეს. მაგალითად, დღეს მწვანეთა პარტიის იდეოლოგია უკეთაა ჩემთვის გასაგები, ვიდრე ის, თუ რას აპირებს გახარია, როგორ აპირებს არათუ საქართველოს გადარჩენას, თუ ერთხელ მაინც ანდეს მისი ბედი, არამედ მის მართვას – მხოლოდ ჩაკეტვითა და აკრძალვებით?
„სისხლიანი ბანერები“ თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2021
არჩევნები 2021
არჩევნები: იქნება თუ არა თბილისში მეორე ტური
„მესამე გზობაზე“ რეალური პრეტენზია ჰქონდა ასევე გიორგი ვაშაძეს და მის გარშემო გაერთიანებულ მეტ-ნაკლებად ცნობილ პოლიტიკოსებს, რომელთა შორის უდავოდ არიან გამოკვეთილი სახეები, თუნდაც იგივე თეონა ჭალიძე, რომლის დაკარგვა მართლაც ცოდოა ქართული პოლიტიკისთვის, ისე გულწრფელად და გამოკვეთილად იბრძვის ადამიანების სოციალური უფლებებისათვის. მაგრამ თბილისის არჩევნებში რიჩარდ ოგბუნუჯუზე ნაკლები ხმების მიღების შემდეგ გიორგი ვაშაძე უნდა დაფიქრდეს, რამ დააზარალა ასე მისი პოლიტიკური კარიერა და, საერთოდ, უნდა თუ არა ქართულ პოლიტიკაში ყოფნა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ გაერთიანებას პარლამენტში საკმაოდ მსხვილი წარმომადგენლობა ჰყავს და ამ საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება მათ უკეთესად შეეძლოთ.
ასეა თუ ისე, „მესამე ძალის“ ადგილი ქართულ პოლიტიკაში კვლავ თავისუფალია და საკუთარ ქარიზმატულ ლიდერს ელოდება. მაგრამ კოვიდისა და უძვირესი ცხოვრების ეპოქაში მხოლოდ ქარიზმა და კარგი იდეები კი არა, დიდი ფულიცაა საჭირო ამ იდეური ლიდერის გამოსაკვეთად. სხვა შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ დიდხანს ექნებათ საარჩევნო მოედანი გაყოფილი და არათუ 2024 წელს, 2030-საც მიშა-ბიძინას დაპირისპირების ყურება მოგვიწევს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას
ყველა ახალი ამბავი
0