კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენის დღიდან ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკის სამინისტროს მიერ დათვლილი ზარალის ფონზე საქართველოს სოფლის მეურნეობამ მოულოდნელად კარგი შედეგი აჩვენა.
ქართული კივი იაპონიაში გაიტანეს>>
აგრონომიული პროდუქციის წილი, ღვინისა და წყლის ჩათვლით, საქართველოს ექსპორტის საერთო სტრუქტურაში გასული ერთი წლის განმავლობაში, 2019 წელთან შედარებით, გაიზარდა. ამასთან, ხილის, ბოსტნეულისა და ღვინის გასაღების მთავარი ბაზარი რუსეთი იყო, სადაც ქართული ექსპორტირებული პროდუქციის თითქმის ერთი მესამედი გავიდა.
ზოგადი ტენდენცია
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა პანდემიის წელიწადში თითქმის 15%-ით შემცირდა. მაგრამ არის კარგი ამბავიც – ექსპორტი რეექსპორტის გარეშე 2020 წელს არ შემცირებულა, პირიქით – გაიზარდა. ამ დადებითი მაჩვენებლის მნიშვნელოვანი წილი აგროსამრეწველო პროდუქციაა.
2020 წელს საქართველო 140 ქვეყანასთან ვაჭრობდა, მთავარი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი.
რუსეთის მოთხოვნა და საქართველოს შეთავაზება
რუსეთში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გატანაზე აკრძალვა ექვს წელზე მეტხანს გრძელდებოდა, 2006 წლიდან „ჯაშუშური სკანდალისა“ და ქართული ღვინის, ხილისა და ბოსტნეულის მიმართ „როსსელხოზნადზორის“ პრეტენზიების შემდეგ. რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის მკვეთრი გაუარესების ფონზე რამდენიმეწლიანი ვარდნის შემდეგ რუსეთი კვლავ დაბრუნდა საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების სიაში.
აკრძალვა 2013 წელს გაუქმდა და მას შემდეგ ციფრებმა მატება დაიწყო – 2021 წლის დასაწყისისთვის თითქმის გასამმაგდა.
საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება>>
ორ ქვეყანას შორის რთული პოლიტიკური ფონის – დიპლომატიური ურთიერთობების, სავიზო რეჟიმისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების არარსებობის მიუხედავად, საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობა ვითარდება. რუსეთს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში თურქეთის შემდეგ მეორე ადგილი უჭირავს. 2020 წელს რუსეთის წილად საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 11,7% მოდიოდა.
საერთო ჯამში საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ გასულ წელს 1,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 9,9%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით. მიუხედავად ამისა, რუსეთის ბაზარი 2020 წელს მთავარი იყო ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის.
ხილი და ბოსტნეული
საქართველოდან უცხოეთში ხილის ექსპორტი გასულ წელს თითქმის ყველა პოზიციით გაიზარდა.
2019 წელთან შედარებით საზღვარგარეთ გავიდა ორჯერ მეტი ატამი და 14-ჯერ მეტი ვაშლი.
მანდარინის ექსპორტი გაიზარდა 13%-ით, ფორთოხლისა – 42%-ით, თხილისა და არაქისის – 43,6%-ით.
მთელი ამ დროის განმავლობაში საქართველოში მოქმედებდა „მწვანე დერეფანი“, რათა შემსუბუქებულიყო და დაჩქარებულიყო მალფუჭებადი ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი. საჭირო საბუთები გაიცემოდა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით.
რუსეთი თითქმის მთელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტიორთა შორის პირველ ადგილზეა, მასთან ერთად პოზიციებს ინაწილებენ სომხეთი და აზერბაიჯანი.
იგივე სურათია ბოსტნეულის ექსპორტთან დაკავშირებით. საინტერესოა, რომ ქართული კიტრისა და ნივრის ნაწილი სინგაპურსა და ჰონკონგშიც კი ჩავიდა. კარტოფილი კი – ბელარუსში.
რამდენიმე პოზიციით ლიდერობს სომხეთი. პირველ სამეულში არიან რუსეთი და აზერბაიჯანი. ქართულ კომბოსტოს ახალი მომხმარებელიც გამოუჩნდა – კატარი.
რაც შეეხება ხორცსა და პირუტყვს, ეს პროდუქცია, ძირითადად, მუსლიმურ ქვეყნებში გადის.
რუსეთის მიზიდულობა
„რუსეთი საქართველოსთვის იყო, არის და კიდევ დიდხანს დარჩება სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასაღების მთავარ ბაზრად. ეს არ არის ერთჯერადი მოვლენა პანდემიის წელიწადში, ესაა ტენდენცია, რომელიც წლიდან წლამდე შენარჩუნებულია“, – ამბობს ნატალია დიუჟევა, ეკონომიკის საკითხთა სპეციალისტი.
„რასაკვირველია, არ შეიძლება იმის თქმა, რომ პანდემიის წელიწადში საქართველომ თავი რუსეთის ხარჯზე გაიტანა, ვინაიდან საქართველოში, ექსპორტის სასაქონლო სტრუქტურის გათვალისწინებით, საძირკველს ქმნიან ისეთი ჯგუფები, როგორიცაა ფეროშენადნობი და ლითონი. ამით ისინი მომავალშიც მიიღებენ სარგებელს. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი პირველ ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც საქართველოში მოყვანილი პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება“, – ფიქრობს რუსი ეკონომისტი.
დიუჟევას ვარაუდით, პროდუქცია, რომელიც საქართველოდან სომხეთსა და აზერბაიჯანში გადის, საბოლოოდ მაინც რუსეთში ხვდება: „სომხეთს საკუთარი ბოსტნეული და ხილიც ბლომად აქვს, აზერბაიჯანსაც. სჭირდებათ კი მათ ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქცია? არა. მაგრამ საქართველო დსთ-ის თავისუფალი ვაჭრობის ზონას და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო კავშირს იყენებს აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლით საქონლის რუსეთში გასატანად“.
ეკონომიკის საკითხთა ექსპერტი იოსებ არჩვაძე ასახელებს რამდენიმე ფაქტორს, რომელიც საქართველოსთვის რუსული ბაზრის მნიშვნელობაზე მიუთითებს.
„რუსეთის ბაზარი დიდი და მოქნილია. რუსეთის მოქალაქეთა საშუალო მსყიდველობითი უნარი გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებისა. გეოგრაფიული სიახლოვე, საერთო საზღვარი, გარკვეულწილად მენტალური მსგავსებაც, ენობრივი ბარიერის არარსებობა ხელს უწყობს იმას, რომ რუსეთის ბაზარი დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს ჩვენი ექსპორტის ერთ-ერთ მიმზიდველ და პრიორიტეტულ მიმართულებად“, – აღნიშნა არჩვაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.
მისი თქმით, საქართველო და რუსეთი ექსპორტირებული პროდუქციით კონკურენტები არ არიან, არამედ ავსებენ ერთმანეთს.
„საქართველოს რუსეთში გააქვს პროდუქცია, რომელზეც რუსეთში მუდამ მაღალი, სტაბილური მოთხოვნილებაა. მეორე მხრივ, რუსეთი ქართველ მომხმარებელს აწვდის პროდუქციას, რომელიც არ იწარმოება ადგილზე, ან იწარმოება მცირე რაოდენობით და ეს არ იწვევს კონკურენციას ადგილობრივ მეწარმეებთან. ორმხრივი ვაჭრობის გასაზრდელად ეს კარგი დასაწყისია“, – ამბობს არჩვაძე.
ეკონომისტი ნიკა შენგელიაც ფიქრობს, რომ რუსეთის ბაზარი ისტორიულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის ძირითად გასაღების ბაზრად რჩება.
„რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ რუსეთში ექსპორტის ხარჯზე გადიოდა ფონს. მაგრამ მნიშვნელოვანია ყოველი გატანილი კილოგრამი, მიუხედავად იმისა, რომ მოგებას მხოლოდ უშუალოდ ფერმერები და მიმწოდებლები იღებენ. ეს მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის. მაგრამ თუ საქართველოში ერთ წელიწადში ამუშავდება გამოცხადებული პროგრამები და პროექტები, იქნება ეს ჟოლოსა თუ სხვა კენკრის მოშენება, რასაც მთავრობა მსურველებს 100%-ით დაუფინანსებს, თუ კვლავ გაშენდება ბაღები, შემოსავალი ინკლუზიურად ბევრ ადამიანს შეეხება“, – განაცხადა შენგელიამ.
იგი რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის მოცულობის ზრდას ვარაუდობს, თუ პოლიტიკური სიტუაცია არ გამწვავდება. „ხოლო თუ რუსეთში გაუქმდება სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეთათვის, ექსპორტი სწრაფი ტემპებით დაიწყებს ზრდას“, – ხაზი გაუსვა შენგელიამ და დასძინა, რომ „საუბარი ვიზების გაუქმების შესაძლებლობაზე დიდი ხანია ისმის, მაგრამ ბოლო არ უჩანს“.
კალათის ძიებაში
ამჟამად საქართველოს ამოცანაა – არა უბრალოდ ექსპორტის მოცულობის გაზრდა, არამედ გასაღების არეალის გაფართოებაც, ამბობს ექსპერტი.
„საკითხი არა მხოლოდ ქვეყნების მიხედვით დივერსიფიკაციას ეხება, არამედ სასაქონლო ჯგუფების დივერსიფიკაციასაც, რათა არც ერთ ქვეყანას არ ჰქონდეს მონოპოლიური მდგომარეობა საქართველოს ექსპორტში. ანუ – არ შეიძლება ყველა კვერცხის ერთ კალათში ჩადება“, – ამბობს იოსებ არჩვაძე.
„ჩვენ დიდწილად იმპორტზე ვართ დამოკიდებული, მაგრამ ბოლო წლებში ვცდილობთ ჩვენი პროდუქცია უცხოელ მომხმარებლებს უფრო თვალსაჩინოდ გავაცნოთ და ყველაზე დიდი მიღწევა არის ჩვენი ექსპორტის მრავალვექტორულობა, ანუ ორიენტირებული ვართ გარკვეულ ქვეყანაზე ან ქვეყნების ჯგუფზე – ვცდილობთ ექსპორტის დივერსიფიცირებას და ეკონომიკური კავშირების შენარჩუნებასა და დამყარებას მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან. ამას ამყარებს იმ მონაცემები, რომ ქვეყნების პირველი სამეულის ხვედრითი წონა ადგილობრივი ექსპორტის დაახლოებით 50%-ია, – ამბობს არჩვაძე. – საჭიროა გარკვეული სახის პროდუქციის ექსპორტში ამა თუ იმ ქვეყნის წილის გეგმაზომიერად შემცირება. თუ ფრჩხილს გავხსნით, ისე უნდა მოვახერხოთ, რომ ღვინის პროდუქციის ექსპორტის თითქმის 60% რუსეთზე არ მოდიოდეს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ხელოვნურად უნდა შევამციროთ რუსეთში გატანილი ჩვენი პროდუქციის აბსოლუტური მოცულობა. პირიქით, უნდა გავზარდოთ, მაგრამ ამასთანავე ზრდის ტემპები სხვა მიმართულებებითაც უნდა იყოს კიდევ უფრო მაღალი, რათა რუსეთის წილი როგორღაც თანდათანობით შემცირდეს“.
თუმცა, თქმა ადვილია, გაკეთება – რთული. ახლო მომავალში ევროპის ბაზრებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის ერთბაშად ზრდის მოლოდინი არ გვაქვს, ამბობს ექსპერტი ნიკა შენგელია.
გამონაკლისია თხილი, რომელიც ევროკავშირმა შარშან თითქმის მთლიანად შეისყიდა. რუსეთს მხოლოდ 4 პროცენტი ერგო.
„მაგრამ ევროკავშირისა და აშშ-ის ბაზრებზე პროდუქციის მიმართ ძალიან მაღალი მოთხოვნებია დაწესებული, რომელთა დაკმაყოფილებაც ქართველ მწარმოებლებს ჯერ არ შეუძლიათ. ჩვენ არ ველით, რომ აგრარული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზრების მიმართულებით მკვეთრად გაიზრდება უახლოეს რამდენიმე წელიწადში – სანამ არ მოწესრიგდება პროდუქციის წარმოების წესები და ხარისხიც შესაბამისი არ იქნება. გამომდინარე დღევანდელი სიტუაციიდან, ამ ეტაპზე უფრო საინტერესოა ყოფილი კავშირის ქვეყნები“, – ფიქრობს ნიკა შენგელია.
დარგე მომავალი
აგრარული პროდუქციის ექსპორტის მოცულობის გაზრდა პირდაპირაა დამოკიდებული ქვეყანაში ამ დარგის განვითარებაზე, რომელიც უამრავ პრობლემას აწყდება – დაწყებული სტიქიური უბედურებებითა და ფაროსანას შემოსევით, დამთავრებული ფერმერული მეურნეობების მწარმოებლობის დაბალი დონით.
აგრარული პროდუქციის ექსპორტის დადებითი დინამიკის მიუხედავად, საქართველოს მაინც უფრო მეტი შემოაქვს, ვიდრე გააქვს.
ყველა მთავრობის დროს ეს განსაკუთრებული შეშფოთების საგანს წარმოადგენდა. მაგრამ ეკონომიკურმა კრიზისმა მთელ მსოფლიოში, ბაზრების ჩაკეტვამ და იმპორტირებული პროდუქციის გაძვირებამ ხელისუფლებას უბიძგა, გადაეხედა პრიორიტეტებისთვის და მეტი დახმარება აღმოეჩინა ადგილობრივი ფერმერებისა და მეწარმეებისთვის, რომლებიც სოფლის მეურნეობაში არიან დასაქმებული.
პანდემიის ფონზე საქართველოს ხელისუფლებამ იმპორტის ჩანაცვლება პრიორიტეტად გამოაცხადა და აამოქმედა რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა, ამასთან უახლოეს წლებში ინდუსტრიალიზაციის, „ინვესტიციების აგრესიული მოზიდვისა“ და იმ ქვეყნების სიის გაზრდის პირობა დადო, რომლებთანაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მოქმედებს.
უკვე ცნობილია, რომ აგრარული სექტორის განვითარებას სახელმწიფო უახლოეს ოთხ წელიწადში მილიარდ ლარზე მეტს მოახმარს.
როგორც ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, ერთი მხრივ, იზღუდება გარკვეული აქტივობები, რათა დაცული იყოს ეპიდსიტუაცია, მაგრამ, მეორე მხრივ, მაქსიმალურად გაიხსნება ბიზნესი იმისათვის, რომ გაიზარდოს ექსპორტი, განვითარდეს ქართული წარმოება და ქვეყანამ მეტი შემოსავალი მიიღოს.
უკვე დაწყებულ პროგრამებს შორისაა ახალი ბაღების გაშენების ხელშეწყობის პროგრამა „დარგე მომავალი“. ფერმერების დასახმარებლად ამოქმედდა ანტიკრიზისული გეგმა „სოფელსა და ფერმერზე ზრუნვა“, რომელიც ითვალისწინებს დამატებით შეღავათებს 200 ათასი ფერმერისთვის. ამ მიზნით გამოყოფილია 300 მილიონი ლარი.
მოქმედებს შეღავათიანი კრედიტის, თანადაფინანსების, აგროდაზღვევის პროგრამები. ცალკე პროგრამებია შემუშავებული კონკრეტული დარგებისთვის.
ლევან დავითაშვილი: მეფუტკრეობის სექტორში მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს>>
დიდი ნახტომი წინ
ექსპორტში სერიოზული ხარისხიანი ნახტომისთვის საქართველოს სოფლის მეურნეობას არსებითი ცვლილებები სჭირდება.
„საჭიროა არა მხოლოდ საბაზო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე დაყრდნობა, არამედ უკვე გადამუშავებული პროდუქციის ექსპორტზე ფიქრი, რაც საქონლის უფრო მაღალი დამატებული ღირებულებით გატანის შესაძლებლობას მოგვცემს. ეს გააუმჯობესებს საექსპორტო პოტენციალს და საგარეო ვაჭრობის სალდოს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ჯერ კიდევ დიდი დეფიციტი აქვს“, – ამბობს იოსებ არჩვაძე.
ექსპერტის თქმით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გარდა, შესანიშნავი პოტენციალი აქვს ქართულ წყალს – მინერალურს და სასმელს. არჩვაძის აზრით, ქართულ ღვინოს თანდათანობით ცნობენ მსოფლიოში და პანდემიის შემდეგ მიწოდება კვლავ გაიზრდება.
ეკონომიკის ექსპერტ შენგელიას აზრით კი, ქვეყანას მომავალში მნიშვნელოვანი ნახტომის შესაძლებლობას მხოლოდ ახალი ტექნოლოგიები მისცემს.
„რასაკვირველია, არ ველით, რომ საქართველო უახლოეს 2-3 წელიწადში ინდუსტრიულ ქვეყნად გარდაიქმნება. მაგრამ მომავალში ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად დაინერგება ქვეყანაში სიახლეები და ახალი ტექნოლოგიური მიღწევები“, – აღნიშნა შენგელიამ.
ახლო მომავალში ის განსაკუთრებულ პოტენციალს ხედავს აგრარული პროდუქციის – კენკრის ექსპორტში, რომლის მოშენებაც ქვეყანაში ბოლო წლებში აქტიურად დაიწყო. სხვა დარგებიდან კი მეტი პოტენციალი ფეროშენადნობების ტრადიციულ მიწოდებას გააჩნია. გარდა ამისა, შენგელიას აზრით, საქართველოს შეუძლია და უნდა დადოს ფსონი წამლების დამზადებასა და ექსპორტზე.
„პირველი მიმართულება – ახალი ტექნოლოგიების დანერგვაა, მეორე – ბიოფარმაცევტული ბაზრის განვითარება და, მესამე და მთავარი – საქართველოში მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული, მაგრამ არა ნედლი. ჩვენ უნდა გადავამუშაოთ და გავიტანოთ პროდუქტი საბოლოო სახით“, – ამბობს შენგელია.
ჩინეთი – მთავარი მიმართულება იანვარში
2021 წლის იანვარში რუსეთმა ბოლო წლების განმავლობაში პირველად დაკარგა ადგილი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების პირველ სამეულში. ჩინეთმა თურქეთსაც გადაუსწრო და პირველ ადგილზე გავიდა. რუსეთი კი აზერბაიჯანმაც უკან ჩამოიტოვა.
საქართველოდან ექსპორტზე მანდარინის რეკორდული რაოდენობა გავიდა>>
ექსპერტები ჯერ არ საუბრობენ „ჩინურ გარღვევაზე“ და ახალ სტატისტიკურ მონაცემებს ელოდებიან, რათა გაიგონ – ტენდენციაა ეს თუ გამონაკლისი. ჯერ ცნობილია მხოლოდ, რომ ჩინეთმა იანვარში საქართველოში შემოიტანა თითქმის ხუთი ათასი ერთეული საბურღი მანქანა-დანადგარი, ათასი საბურავი და გაიტანა სპილენძის მადანი და კონცენტრატი, ძვირფასი ლითონის მადანი. ჩინეთის ბაზარზე გაიგზავნა ასევე 162 ტონა ტკბილეული და სანელებლები.
ლიზა შელია