თბილისი, 5 მარტი – Sputnik. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდმა (IFAD) ხუთი წლის განმავლობაში პროგრამის „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზარზე წვდომა და მოქნილობა“ (AMMAR) ფარგლებში საქართველოში 65 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციები მოიზიდა. ამის შესახებ ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
პროგრამა AMMAR 2016 წელს ამოქმედდა. მისი მიზანი სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდა და სიღარიბის დაძლევაა. ეს რიგით მეხუთე პროგრამაა, რომელიც IFAD-მ საქართველოში დააფინანსა.
პროგრამის ირიგაციისა და ინფრასტრუქტურის კომპონენტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშოები ჩატარდა რვა სარწყავ სისტემაზე; შედეგად – სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა 6486 ჰექტარზე, სარგებელი მიიღო 4500-მდე ოჯახმა.
სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა ცხრა ინფრასტრუქტურულ ობიექტზე. გაუმჯობესდა/აშენდა სოფლის გზები და ხიდები. განახლებული ინფრასტრუქტურით სარგებლობს 3000-მდე ოჯახი.
ლანდშაფტის აღდგენის კომპონენტის ფარგლებში კახეთის რეგიონში მოეწყო მდინარის ორი ნაპირსამაგრი, რაც დატბორვისგან იცავს 320 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწას. შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონში გაშენდა 26 კმ ქარსაფარი ზოლი, რის შედეგად ქარისმიერი ეროზიისგან დაცული იქნება 1410 ჰექტარი მიწა.
გარდა ამისა, რაც შეეხება საგრანტო კომპონენტის მიმართულებას, პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით გაიცა 591 გრანტი, 13 გრანტი – გადამამუშავებელი საწარმოებისთვის.
„ახალგაზრდა მეწარმის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსება მიიღო 241-მა ახალგაზრდამ.
ასევე მოეწყო 17 სადემონსტრაციო ნაკვეთი, სადაც თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიარა 2470-მა პირმა.
საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის ხელშეწყობის მიზნით მომზადდა კლიმატის ცვლილების ეროვნული ადაპტაციის გეგმა სოფლის მეურნეობის სექტორისთვის.
IFAD საქართველოში 1997 წლიდან საქმიანობს და ქვეყნის სოფლის მეურნეობის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დონორია. მან საქართველოში უკვე განახორციელა 185 მლნ დოლარის ღირებულების ხუთი პროექტი.