თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავება და წარმოდგენა იქნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება>>
საქართველოს ეკონომიკა, კორონავირუსის პანდემიის გამო, მძიმე მდგომარეობაშია. ეკონომიკის ვარდნის ტემპები თანდათანობით კიდევ უფრო დაჩქარდა.
„დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ საკითხს, რომელიც ეხება სახელმწიფო კომისიის შექმნას. ის იმუშავებს უახლოესი სამი თვის განმავლობაში ეკონომიკის განვითარების გეგმაზე და პირველ დოკუმენტს წარმოადგენს მაისის ბოლოს", – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, კომისიაში შევლენ პარლამენტის შესაბამისი დარგობრივი კომიტეტების წარმომადგენლები და ასევე მოწვეული იქნებიან მაღალი დონის ექსპერტები.
„ჩვენი ამოცანა იქნება, რომ რაც შეიძლება სწრაფად, თითოეული სექტორის, დარგის მიმართულებით დაიდოს კონკრეტული გრძელვადიანი განვითარების გეგმა – თითოეული წლის განმავლობაში სამოქმედო გეგმებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, მოსახლეობისთვის სიდუხჭირე, უმუშევრობა და სიღარიბე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
„ჩვენს მოსახლეობას ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებს... ეს არის ყველა მიმართულებით არსებული გამოწვევები და ჩვენი ერთიანი ძალისხმევით შემდგომი წლების განმავლობაში ამ პრობლემების გადაჭრაზე უნდა იყოს მიმართული ჩვენი მთავარი აქცენტი და არა უსაგნო, უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობასა და ურთიერთდაპირისპირებაზე“, – განაცხადა პრემიერმა.
იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა - რას ყიდის და ყიდულობს საქართველო>>
კორონავირუსის პანდემიამ ქვეყნის ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა, ბიზნესი სტაგნაციას განიცდის, ვითარებას მოქმედი შეზღუდვებიც ართულებს. პანდემიის შედეგების შესარბილებლად მთავრობამ 2020 წლის აპრილში დაამტკიცა ანტიკრიზისული გეგმა მოსახლეობისა და ბიზნესის დასახმარებლად, რომელიც ამ დღემდე რამდენიმე ეტაპად ხორციელდება.