თბილისი, 2 მარტი – Sputnik. რუსეთის ხორბლის საექსპორტო გადასახადის გაძვირების გამო საქართველოში იგეგმება, რომ მისი გარკვეული მოცულობა ყაზახური ხორბლით ჩანაცვლდეს. ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ „Sputnik–საქართველოსთან“ განაცხადა.
რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე სატარიფო კვოტა ერთ ტონაზე 50 ევრომდე გაზარდა. რუსეთის მთავრობამ გასული წლის დეკემბრის ბოლოს პროდუქტებზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით კომპლექსური ზომების მიღების შესახებ განაცხადა. კერძოდ, 2021 წლის 15 თებერვლიდან 30 ივნისის ჩათვლით ხორბლის, ჭვავის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე დადგინდა საექსპორტო კვოტა 17,5 მლნ ტონის მოცულობით. კვოტა ექსპორტიორებზე ისტორიული პრინციპით ნაწილდება – სეზონის პირველ ნახევარში მათი მიწოდების მოცულობის მიხედვით – 2020 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. კვოტის ფარგლებში ხორბლის გატანაზე გადასახადმა ერთ ტონაზე 25 ევრო შეადგინა.
„ყაზახური ხორბალი კონკურენტუნარიანი გახდა. ყაზახეთიდან ერთი ტონა ხორბალი დაახლოებით 290 დოლარად შემოაქვთ. ხოლო რუსული ხორბალი გადასახადის დაწესებამდე 220 დოლარი ჯდებოდა. როდესაც გაიზარდა გადასახადი, ამას დაემატა კიდევ 60 დოლარი, ამიტომ ფასები ორივე ქვეყანაში დაახლოებით ერთი და იგივეა. მაგრამ რუსული ხორბალი ქართულ ბაზარზე დიდი რაოდენობით მაინც იქნება“, – განაცხადა სილაგავამ.
რა შემთხვევაში იტყვის უარს საქართველო რუსული ხორბლის იმპორტზე>>
მისი თქმით, ყაზახური ხარისხიანი ხორბლის რაოდენობა პოტენციურად არასაკმარისია იმისთვის, რომ საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და სხვა ქვეყნები მთლიანად მოიცვას.
„ყაზახური ხორბლის საექსპორტო პოტენციალი ბევრად ნაკლებია, ვიდრე რუსულის. ამიტომ ის არ ეყოფა არც საქართველოს და არც სხვა ქვეყნებს. რუსეთი ყაზახეთს რომ შევადაროთ, რუსეთში წელიწადში დაახლოებით 80 მილიონ ტონა ხორბალს იღებენ, ყაზახეთში – 15 მილიონს. რუსეთის საექსპორტო პოტენციალი დაახლოებით 40 მლნ ტონაა, ხოლო ყაზახეთის – 3–4 მლნ“, – განმარტა სილაგავამ.
რუსული ხორბლის გაძვირების გამო საქართველო მარცვლეულის შემოტანას ყაზახეთიდან, უკრაინიდან და რუმინეთიდან გეგმავს. ყაზახეთიდან აზერბაიჯანის გავლით რკინიგზით უკვე შემოიტანეს დაახლოებით 3 ათასი ტონა (280 დოლარი ერთი ტონისთვის) ხორბალი.
საქართველო წლის განმავლობაში დაახლოებით 700–800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოებისა, დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან. რუსეთზე ხორბლის იმპორტის 70% მოდის და მისი ღირებულება საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანია. მაგალითად, 2019 წელს საქართველომ დაახლოებით 700 ათასი ტონა ხორბალი შეიძინა, აქედან დაახლოებით 550 ათასი – რუსეთიდან.
ლევან სილაგავა: ნამცხვრები, ხაჭაპური და თონის პური შეიძლება გაძვირდეს>>
ხორბალი საქართველოში შემოდის ზღვით – ბათუმისა და ფოთის პორტებით, სახმელეთო გზით – საკონტროლო–გამშვები პუნქტი „ზემო ლარსის“ გავლითა და რკინიგზით აზერბაიჯანის მხრიდან.
ფქვილის სუბსიდირება
საქართველოში პურის გაძვირების თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ ხორბლის პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო.
სუბსიდირების პროგრამა დეკემბერში დაიწყო და ის გათვლილია 4 თვეზე. წისქვილკომბინატებისთვის დაწესებულია ფიქსირებული ფასი – 53 ლარი პირველი ხარისხის ფქვილის 50 კგ-იან ტომარაზე. იმ წისქვილკომბინატებისთვის, რომლებიც პურის ქარხნებს პირველი კატეგორიის ფქვილის ერთ ტომარას 53 ლარად მიჰყიდიან, მთავრობამ დააწესა სუბსიდია – 10 ლარი ერთ ტომარა ფქვილზე. ტენდერში მონაწილეობდა ათი წისქვილკომბინატი და აქედან რვამ გაიმარჯვა.
თუმცა, მოკლე ხანში პურზე ფასის ზრდის აღსაკვეთად ქვეყნის ხელისუფლებას პირველი ხარისხის ერთ ტომარა ფქვილზე სუბსიდიის 10-დან 15 ლარამდე გაზრდა მოუწია. ეს ფასი დაწესდა 1 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით.
„ფქვილის სუბსიდირების პროგრამა მარტის ბოლომდე მოქმედებს. სავარაუდოდ, უკვე 20 მარტისთვის პროგრამის გაგრძელების გადაწყვეტილებას მიიღებენ. აპრილში, როდესაც მარცვლეულის მოსავლის აღება ახლოვდება, ხდება ანალიზი. ამის შემდეგ მსოფლიო ბაზარზე ფასის ტრენდი დადგინდება“, – განაცხადა სილაგავამ.
მისი თქმით, პურის ნაცვლად ფქვილის სუბსიდირების გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ წისქვილკომბინატების ადმინისტრაციული კონტროლი უფრო მარტივია, ვიდრე პურის ქარხნების, რომლებიც ქვეყანაში 100-ზე მეტია.