ბოლო დროს დოლარის მიმართ ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების გამო ეკონომისტები იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანაში ფქვილზე და პურზე ფასების მატებას ელოდებიან. რა მდგომარეობაა ქვეყანაში ხორბლის მარაგების თვალსაზრისით და მოსალოდნელია თუ არა პურ-პროდუქტებზე ფასების ზრდა, „Sputnik–საქართველოსთან“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა საუბრობს:
ფქვილის ფასზე ლარის კურსიც აისახება და მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის გაძვირებაც, თუმცა ახლა გარდამავალი მარაგებით ვმუშაობთ. ზაფხულში ხორბალი რუსეთში საკმაოდ დაბალ ფასად შევიძინეთ, სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში კი უკვე უფრო ძვირად, მაგრამ საშუალო შეწონილი ფასით ნელ-ნელა აქამდე მოვედით, ყოველ შემთხვევაში პირველი ხარისხის ფქვილი, რომლისგანაც პური ცხვება, მხოლოდ 4 ლარით გაძვირდა. ახლა ერთი ტომარა ფქვილის ფასი 55 ლარია. მართალია, ეს არ არის იმხელა ცვლილება, რომ პურის ფასში აისახოს, თუმცა გამოწვევად, რა თქმა უნდა, რჩება ისევ მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის ფასების მერყეობა. თანაც რუსეთმა გამოაცხადა, რომ 2021 წლის თებერვლიდან წლის ბოლომდე მარცვლეულის ექსპორტის მოცულობას შეზღუდავს და ეს იმ 124-მა ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს, რომლებსაც რუსეთი აწვდის ხორბალს. ჩვენთანაც ხორბლის დიდი წილი რუსეთიდან შემოდის და, შესაბამისად, ვმუშაობთ იმაზე, რომ სხვა ქვეყნიდან წამოვიღოთ, თუ იქ უფრო იაფი იქნა ხორბალი. თუმცა, ჯერჯერობით მაინც შემოგვაქვს, მართალია, გაძვირებული, მაგრამ მაინც სხვებთან შედარებით იაფი რუსული ხორბალი.
რაც შეეხება მარაგებს, ახლა ქვეყანაში ხორბლის დეფიციტი არ გვაქვს. გვაქვს კონტრაქტი 30 000 ტონა ხორბალზე, რომელიც დეკემბრის თვეში აშშ-დან უნდა შემოვიდეს. ამასთან, ადგილობრივი ხორბლის რაღაც ნაწილიც არის დარჩენილი კახეთში და ეს ბალანსის საშუალებას გვაძლევს. თუ ვინიცობაა, მსოფლიო ბაზრებზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, პურის ფქვილზე ფასის აწევა აუცილებელი გახდება, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია მთავრობასთან და არის სამი ვარიანტი სუბსიდირების: პირველი მექანიზმი არის ხორბლის იმპორტის სუბსიდირება, როგორც მოხდა მარტსა და აპრილში კორონავირუსის პირველი ტალღის დროს, მეორე არის ფქვილის ფასის სუბსიდირება, და მესამე – თვითონ პურის ფასის სუბსიდირება. ამ სამი ვარიანტიდან მთვარობა აირჩევს იმას, რომელიც უფრო ეფექტური და ნაკლებხარჯიანი იქნება ბიუჯეტისთვის.
რამდენ ხორბალს მოიხმარს საქართველო წელიწადში?
საქართველო დაახლოებით მოიხმარს 700-800 ათას ტონამდე ხორბალს წელიწადში. ჩვენ ხორბალი წლების განმავლობაში შემოგვქონდა რუსეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, უნგრეთიდან, აშშ-დანაც კი, მაგრამ ბოლო სამი წელია დომინანტი ჩვენს ბაზარე რუსეთი გახდა, იმიტომ რომ დღეს ეს ქვეყანა მსოფლიოში პირველი ექსპორტიორია. გარდა ამისა, ჩვენთვის იქიდან იმპორტი ხელსაყრელია ლოგისტიკის თვალსაზრისითაც, რადგან გვაქვს საერთო საზღვარი ლარსზე. გარდა ამისა, რუსული ხორბალი შემოდის ფოთისა და ბათუმის პორტებით და რკინიგზით აზერბაიჯანიდან. ამას ემატება მომხიბვლელი ფასიც.
რა ღირს 1 ტონა რუსული ხორბალი?
ახლა 1 ტონა ხორბლის ღირებულება სადღაც 250-260 დოლარია. ეს უფრო ნაკლებია მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, თუმცა უფრო ძვირია ზაფხულთან შედარებით. მაგალითად, იმავე სექტემბრის თვეში რუსული ხორბალი 200 დოლარი ღირდა. 25% საკმაოდ დიდი გაძვირებაა და ამიტომ დღეს დაძაბული ბალანსით ვმუშაობთ.
რა ალტერნატიული ვარიანტები აქვს საქართველოს რუსული ხორბლის გარდა?
დღეს რუსულ ხორბალს ყიდულობს 124 ქვეყანა, შესაბამისად, მათთვის და, მათ შორის, ჩვენთვისაც არის სხვა წყაროებიც მსოფლიოში, საიდანაც შეიძლება ხორბლის იმპორტი. რუსული ხორბლის ფასი თუ იქნება უფრო მაღალი, ვიდრე იმავე ყაზახურის, უკრაინულის, უნგრულის, რუმინულის ან ამერიკულის, ყველა ეს ბაზარი ჩვენთვის ღიაა და არც ფიზიკურად ხორბლის წამოღების პრობლემა იქნება.
ხორბლის მარაგები როგორ კეთდება?
ჩვენ ვმუშაობთ შემდეგი სქემით: ადგილზე ხორბალი, გზაში ხორბალი და ხორბლის შესყიდვის ახალი კონტრაქტი. საშუალოდ ორი თვის სამყოფი ხორბლის მარაგი ადგილზე ყოველთვის არის. ის იხარჯება, თავისთავად ცხადია, მაგრამ იმავე რაოდენობით ივსება. როდესაც ხორბალი ძვირდება, შესაბამისად ხარჯვის პარალელურად ახლის შემოტანა მაღალ ფასში ხდება, რაც იწვევს პროდუქტის გაძვირებას. თუმცა როდესაც ჩვენ გარდამავალი მარაგები გვაქვს, იაფად შეძენილი ხორბალი აბალანსებს ახალ ძვირად შეძენილ ხორბალს და საშუალება გვაქვს საშუალო შეწონილ ფასად მოვახდინოთ მისი რეალიზება.
ქართული ხორბალი რა მოცულობით არის და როგორია პერსპექტივა, რომ ქვეყნის მოხმარების დიდი ნაწილი ადგილობრივმა მარცვლეულმა დააკმაყოფილოს?
სასურსათო უსაფრთხოებაში მონაწილე პროდუქტის ადგილზე წარმოება რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კორონავირუსის პანდემიამაც დაგვანახა. მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ – არ ვართ ქვეყანა, რომელიც მარტო ხორბლის მოყვანაზე უნდა იყოს ორიენტირებული. არის ბევრი სხვა კულტურა, რომელიც საქართველოში მოდის, თანაც ჩვენ მცირემიწიანი ქვეყანა ვართ, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა – 5 წელიწადში ხორბლის მთლიანი მოხმარების დაახლოებით 30-40 პროცენტამდე ადგილობრივი მარცვლეულით დავაკმაყოფილოთ.
რა კეთდება ამისათვის სახელმწიფოს მხრიდან?
პირველი, ეს არის დარაიონება, რომელიც იმისთვის კეთდება, რომ ვიცოდეთ რომელი ხორბლის თესლი რომელ რეგიონში იძლევა ყველაზე მეტ მოსავალს – კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში თუ სხვაგან. ამაზე მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ბოლო დროს აქვთ კიდეც წარმატებები. თითო ჰექტარზე მოწეული ხორბლის რაოდენობა საქართველოში 2–2.5 ტონაა, მაშინ, როდესაც რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 5-8 ტონას შეადგენს. შესაბამისად, ჩვენ იმავე მეცნიერული მიდგომით, ახალი ტექნოლოგიებით და აგრო-განათლებით უნდა შევძლოთ, რომ ერთ ჰექტარ ფართობზე ხორბლის მოსავლიანობა მინიმუმ 5 ტონამდე გავზარდოთ. თუ დღეს ადგილობრივი ხორბალი მთლიანი მოხმარების 10-12%-ს შეადგენს, შეგვიძლია ის სადღაც 25%-მდე გავზარდოთ. ეს არის ჩვენი მიზანი უახლოეს ორ წელიწადში, და შემდგომში თუ ჩვენ ფართობების რაოდენობას გავზარდით, ჩამოვაყალიბებთ კოოპერატივებს, რადგან ფერმერები ძალიან მცირე მიწას ამუშავებენ, მაშინ შეიძლება სადღაც 30-40 პროცენტზეც ავიდეთ. თუ ამას მივაღწიეთ, ჩვენ ვიქნებით სტაბილურად და სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა ხორბლის ფქვილის და პურის მხრივ გადაწყვეტილი გვექნება. გაეროს რეკომენდაციით, ორი თვის მოხმარების მარაგი უნდა იყოს ქვეყანაში და თუ მომავალში საჭირო რაოდენობის 40%-ს ადგილზე მოვიყვანთ, თავისთავად ცხადია, სამჯერ გადავაჭარბებთ ამ დადგენილ ნორმას.
ნატა პატარაია