ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ უკვე 6,9 პროცენტი შეადგინა, მაშინ, როცა ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.
ინფლაცია ციფრებში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა კი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 6.2 პროცენტი.
წინა წელთან შედარებით, ოქტომბერში მომხმარებელმა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებში 13.5 პროცენტით მეტი გადაიხადა. 26.9 პროცენტით მეტი – ხილში და ყურძენში, 16 პროცენტით მეტი დახარჯა რძეზე, ყველზე და კვერცხზე, თევზეული გაძვირებულია 15.8 პროცენტით, ხოლო ხორცი და ხორცის პროდუქტები – 14.7 პროცენტით
შარშანდელთან შედარებით წელს 13.7 პროცენტით მეტია შაქრის, ჯემის და სხვა ტკბილეულის ღირებულებაც. ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა 12.4 პროცენტით, პური და პურპროდუქტები – 11.0 პროცენტით
13.8 პროცენტითაა გაზრდილი ფასები ალკოჰოლურ სასმელებზე და თამბაქოზე. დასვენებასა და გართობაში მოსახლეობას 7.3 პროცენტით მეტი დაეხარჯა, ხოლო სატრანსპორტო მომსახურებაში – 1.7 პროცენტი. ასევე გაძვირებულია სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 6.9 პროცენტით.
მთავრობას ეროვნული ბანკის იმედი აქვს
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, გამოქვეყნებულ მონაცემებში არაფერია საგანგაშო.
„ჩვენ ამ ფაქტს ვაღიარებთ, თვალს ვუსწორებთ, რომ ლარის გაუფასურების კვალდაკვალ მოხდა ინფლაციური პროცესების გააქტიურება. ნიშნულები არ არის საგანგაშო, თუმცა ეროვნულმა ბანკმა უკვე მოახდინა რეაგირება. საკმაოდ მძლავრი და ეფექტური ნაბიჯები გადაიდგა. ჩემი აზრით, არანაირი საფუძველი არ გვაქვს არ დავიჯეროთ, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან მოხდება ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულამდე დაყვანა და შემდეგ ის გააგრძელებს ქვემოთ სვლას. ამის ყველა წინაპირობა არის და ამას ხელს უწყობს ეროვნული ბანკისა და მთავრობის პოლიტიკა“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
ეროვნულმა ბანკმა უკვე გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა – 200 საბაზისო პუნქტით გაზარდა საპროცენტო განაკვეთი, რამაც, სებ-ის გათვლებით, უნდა მოახდინოს გავლენა ინფლაციაზე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება.
რას ფიქრობენ ექსპერტები
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტის ნიკა შენგელიას აზრით, ინფლაცია, რა თქმა უნდა, საგანგაშოა გამომდინარე იქიდან, რომ ხდება ფასების ზრდა, რაც თავის მხრივ მოსახლეობის ჯიბეს აყენებს დარტყმას.
„გამოქვეყნებული სტატისტიკა იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობას, მაგალითად, იმავე 100 ლარში უკვე უფრო ნაკლები პირველადი მოხმარების პროდუქტი მოუვა, ვიდრე თუნდაც ორი თვის წინ შეეძლო ეყიდა“, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ „Sputnik საქართველოსთან“ საუბრისას.
ეკონომისტის თქმით, შექმნილი სიტუაცია ძირითადად ლარის კურსმა და მოლოდინებმა განაპირობა, კერძოდ იმან, რომ მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტი დოლარის მიმართ ლარის კურსის 2,9-იან ნიშნულზე გათვალა. ამას დაემატა ქვეყნის შიგნით წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სიმცირე და თამბაქოზე ფასების ზრდა.
ეკონომისტის პროგნოზით, რადგან ბოლო პერიოდში შემოტანილ თამბაქოზეც მოხდა აქციზის გადასახადის ზრდა, ინფლაციის მაჩვენებელი არც მომდევნო თვეში დაიკლებს. პოზიტიური პროგნოზის გაკეთების საშუალებას არ იძლევა ეროვნული ვალუტაც.
„ჩვენი პროგნოზით, ლარის კურსი უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, სავარაუდოდ, ვერ გადაკვეთს 3-ნიშნულიან დონეს, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ 2,85 ნიშნულამდე ჩამოვა. ასე რომც მოხდეს, ლარის მერყეობის იმიჯის გათვალისწინებით, ფასების დაწევა იანვრის 20 რიცხვამდე არ მოხდება“, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ.
ეკონომისტის თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ პროდუქტებზე ფასების ზრდამ კაფე-რესტორნებზეც იქონია გავლენა და ეს ტენდენცია ნოემბერ-დეკემბრის თვეში კვლავ თვალსაჩინო იქნება. შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს მომავალი 2020 წლის შემობრძანება შარშანდელთან შედარებით უფრო ძვირი დაუჯდება.
„მარტისთვის კი გვექნება შემდეგი სურათი: ინფლაცია თებერვალთან შედარებით არ გაიზრდება ან ნაკლებად გაგვეზრდება, მაგრამ უკვე ეს გაზრდილი ფასები ძალაში დარჩება“, – თქვა ნიკა შენგელიამ.
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის აზრით, ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები ინფლაციური წნეხის მოხსნისკენ არის მიმართული და, ლოგიკიდან გამომდინარე, დადებითად უნდა იმოქმედოს.
„თუმცა, როგორ აისახება ეს წინასაახლწლო ფასებზე, ნამდვილად ძნელია დღეს ამაზე პროგნოზის გაკეთება“, – აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.
ნატა პატარაია