გაძვირდება თუ არა პური საქართველოში: სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტებას აკეთებს

გამოწერა
საქართველოში პურზე ფასი მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასზეა დამოკიდებული, აცხადებენ სამინისტროში

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეკონომიკა იმპორტირებულ პროდუქციაზეა დამოკიდებული, ამიტომ მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები, ბუნებრივია, გავლენას მოახდენს ქვეყნის შიგნით არსებულ საფასო პოლიტიკაზე, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა ჟურნალისტებთან.

ხორბლის მოსავლის აღება კახეთში - Sputnik საქართველო
საქართველო ხორბლის ახალ მომწოდებლებს ეძებს

20 ივნისიდან ლარის კურსი დოლარის მიმართ 6,6%-ით დაეცა. ეროვნულმა ბანკმა 1 აგვისტოს აუქციონზე 32 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა, შედეგად ლარი 1,4%-ით გამყარდა. თუმცა, 7 აგვისტოს ლარის კურსი კვლავ დაეცა - 2,9321 GEL/$. ივლისში პროდუქტებისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები ივნისთან შედარებით 0,2%-ით გაიზარდა.

„ქვეყანაში საფასო პოლიტიკა დამოკიდებულია ბევრ კომპონენტზე, მათ შორის, ერთ-ერთი ლარის კურსია. თუ ხორბლის ფასი შემცირდება მსოფლიო ბაზარზე და სტაბილურად იქნება დაბალი ფასები, როგორც მიმდინარე ეტაპზეა, მაშინ ლარის ასეთი კურსის პირობებში, არ არსებობს წინაპირობა, რომ მკვეთრ გაძვირებას ველოდოთ. თუ მოხდა ისე, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასები მკვეთრად შეიცვალა, მაშინ, თუნდაც ლარის კურსი ბევრად უფრო მყარი იყოს, მოსალოდნელი იქნება მისი გაძვირება", – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

მისი სიტყვებით, ქვეყანაში ხორბლის დეფიციტი არ არის, მით უმეტეს, რომ საქართველოში ახლახან დასრულდა ადგილობრივი წარმოების ხორბლის აღება.

„ჩვენ ვერ დავიკვეხნით ხორბლის ძალიან დიდი რაოდენობით. ჩვენი მოსავალი დაახლოებით 100-120 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს. ეს აკმაყოფილებს ჩვენს სასურსათო ხორბლის მოთხოვნის 10-15%-ს. დანარჩენი იმპორტზე ვართ მთლიანად დამოკიდებული", – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

პურ-ფუნთუშეული - Sputnik საქართველო
გაიზრდება თუ არა ფასები: კომპანიები კონკურენციის სააგენტოსთან ითანამშრომლებენ

შედეგად, ხორბლის ფასების მდგენელი ქართულ წარმოებასთან დაკავშირებული არ არის.

„ჩვენ დამოკიდებული ვართ მსოფლიო ფასებზე. მეზობელ რეგიონებში არც თუ ძალიან მაღალი მოსავალია, თუმცა საფასო პოლიტიკის თვალსაზრისით, რამე განსაკუთრებული რყევები და განსაკუთრებული ზრდა ჯერ არ შეინიშნება. ამიტომ ვფიქრობთ, რომ რადიკალურ გაძვირებებსა და მსგავს ღონისძიებებს არ უნდა ველოდოთ", – განაცხადა ხანიშვილმა.

ადრე  „ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „Sputnik საქართველოსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ, შესაძლოა, ერთი ტომარა ფქვილის 2 ლარით გაძვირება გამოიწვიოს, თუმცა, იგი პურის ფასზე არ აისახება.

ყველა ახალი ამბავი
0