ბანკების ინიციატივა სესხების გადავადებაზე – ვის აძლევს ხელს შემოთავაზებული პირობები

გამოწერა
COVID-19 ვირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ ზარალს მსოფლიოში უკვე ათეულობით მილიარდებში ითვლიან, და ეს მხოლოდ დასაწყისია. თითქმის ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც მთელი რიგი ბიზნესები კოლაფსის წინაშე დადგნენ.

სხვადასხვა ქვეყნებში ბიზნესისთვის თუ ფიზიკური პირებისთვის სესხების გადავადების პროცესი დაიწყო. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საბანკო სექტორთან ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე სამი თვის განმავლობაში, მარტიდან მაისის ჩათვლით, სასესხო მომსახურებისგან გათავისუფლდება. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ყველა კომპანიისთვის ბანკები უახლოესი 3-4 თვის განმავლობაში სესხების რესტრუქტურიზაციას უზრუნველყოფენ. 

ავტოსადგომი - Sputnik საქართველო
თბილისის მერიამ „სითი პარკთან“ დავა $4,3 მილიონის გადახდით მოაგვარა

ბანკები, რომლებიც სესხების გადავადებას სთავაზობენ

შეღავათების შესახებ განცხადებები გააკეთეს „თიბისი ბანკმა“, „საქართველოს ბანკმა“, „ლიბერთი ბანკმა“, „ბაზისბანკმა“ და „ვითიბი ბანკმა“.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი. საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ნაბიჯით თიბისი უმარტივებს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრებას. დეტალურ ინფორმაციას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ“, – ნათქვამია „თიბისი ბანკის“ განცხადებაში.

ანალოგიური განცხადება გამოაქვეყნა „საქართველოს ბანკმა“.

„დღეიდან, სამი თვის განმავლობაში ის მომხმარებლები, რომლებსაც სესხის მომსახურების გადახდა უწევდათ, შეძლებენ მაისის ჩათვლით გადაავადონ ყოველთვიური გადასახადი. ბანკი მომავალი კვირიდან დაიწყებს შესაბამისი პროცედურების გატარებას და ეტაპობრივად მოხდება მომხმარებლის ინფორმირება, რისთვისაც არ არის საჭირო ბანკში ვიზიტი. თუკი მომხმარებელს სურს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს სესხის მომსახურება, ბანკის მხრიდან მასთან განხორციელებული კომუნიკაციის შემდეგ ის უნდა დაუკავშირდეს ბანკირს, ან დარეკოს ბანკის ცხელ ხაზზე: 2 444 444“, – წერია ბანკის განცხადებაში.

მსგავსი შინაარსის განცხადებები გაავრცელეს „ლიბერთი ბანკმა“, „ბაზისბანკმა“ და „ვითიბიმ“. ყველა მათგანი მომხმარებელს შეღავათს და მეტი დეტალების გასარკვევად დაკავშირებას სთავაზობს.

უძვირდება თუ არა გადავადების შემთხვევაში მსესხებელს სესხი

ექსპერტი ამირან სალუქვაძე ინიციატივას გამოეხმაურა და „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ ბანკების შეთავაზება სინამდვილეში ხალხის მოტყუებაა.

საკუთარ პოსტში ექსპერტი მხოლოდ „თიბისი ბანკს“ ახსენებს, თუმცა კომენტარებში აკონკრეტებს, რომ იგივე ეხება სხვა ბანკებსაც, რომლებმაც მომხმარებლებს სესხის გადავადება შესთავაზეს.

საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო
„საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამის მორიგი დეფიციტი

„თიბისი, თქვენ სესხი კი არ გადაავადეთ, მოატყუეთ ხალხიც, მთავრობაც და, უბრალოდ ვადის გადაწევის ნაცვლად, კლიენტებს ავტომატურ რეჟიმში, თუ უარის თქმას ვერ მოასწრებენ, სესხზე სესხს უმატებთ.

სინამდვილეში რა გააკეთეს. 3 თვით გადაგიწევენ სესხის დაფარვის ვადას. ანუ, თუ ამთავრებდით დაფარვას 2022 წლის იანვარში, დაამთავრებთ მარტში. ამავე დროს, ამ სამი თვის გადავადების გამო არგადახდილ პროცენტს გადაგინაწილებენ და 2022-ის მარტამდე დამატებით გადაიხდით. სესხის ხანგრძლივობა იგივე გრჩებათ. გადასახდელ თანხაზე გიმატებენ ამ სამი თვის გადავადების გამო დარიცხულ პროცენტს. ფაქტიურად გვაჯარიმებენ. უფრო სწორად სესხზე სესხს გვიმატებენ.

სიგარეტი მარაზიაში - Sputnik საქართველო
სიგარეტი კიდევ გაძვირდება, კონტრაბანდა კი დღითი დღე იზრდება

არადა, უნდა ყოფილიყო ორიდან ერთ-ერთი ვარიანტი:

ან უბრალოდ 3 თვით უნდა გადაეწიათ გრაფიკი, ანუ 3 თვით გვიან დაამთავრებდით დაფარვას.

ან ამ სამი თვის შესატანი თანხები უნდა გადაენაწილებინათ დარჩენილ თვეებზე ბოლო თვის გადაწევის გარეშე.

ამათ გრაფიკიც გადაწიეს 3 თვით და 3 თვის პროცენტიც გადაანაწილეს.

ვისაც არ გჯერათ, წაიკითხეთ ქვემოთ 7,8,9 პუნქტები“, – წერს სალუქვაძე.

„თიბისი ბანკმა“ 19 პუნქტიანი ჩამონათვალი გამოაქვეყნა, თუ რა პირობებით მოხდება სესხების სამთვიანი გადავადება. ამირან სალუქვაძის მიერ ნახსენებ პუნქტებში შემდეგი ინფორმაციაა:

- სესხის პროცენტი არ იცვლება საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შემთხვევაში;

- სესხის ვადა გაიზრდება გრაფიკიანი სესხების შემთხვევაში + საშეღავათო პერიოდი;

ტურისტები თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
რამდენიმე საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუარესდა

- ყოველთვიური გადასახდელი თანხა მცირედით გაიზრდება საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, რადგან ბანკი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხული პროცენტის გადანაწილებას ახდენს სესხის დარჩენილ ვადაზე.

- გადავადების პერიოდში პროცენტების დარიცხვის შესახებ ინფორმაცია უფრო დაზუსტებულია მე-10 პუნქტში:

- საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, სესხის ძირითად თანხაზე გაგრძელდება პროცენტის დარიცხვა, რომლის გადანაწილება მოხდება საშეღავათო პერიოდის შემდგომ, სესხის დარჩენილ ვადაზე.

 საბანკო პროდუქტების ექსპერტი, ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ წევრი ანი ალიბეგაშვილი სესხების გადავადების ინიციატივასთან დაკავშირებით დეტალურ განმარტებას იძლევა.

საცობი თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
რა იცვლება მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის ახალი წლიდან

„დავუშვათ ვსარგებლობ იპოთეკური სესხით, რომლის პირობა შემდეგია:

სესხის თანხა – 69000 ლარი

პროცენტი – 11.5

ვადა – 120 თვე

შენატანი – 1026 ლარი

გაცემის თარიღი – 30/04/2018

დასრულების თარიღი – 30/04/2028

დღევანდელი დღის მდგომარეობით, სესხის ძირი შემცირებულია 61200 ლარამდე. შენატანი გრაფიკის მიხედვით 1026 ლარია, სადაც ძირი - 425₾; პროცენტი - 579₾; დაზღვევა - 19₾. ფორსმაჟორულ სიტუაციაში საშეღავათო პერიოდით თუ ვისარგებლებ, სამი თვის განმავლობაში სესხის დაფარვა არ მომიწევს. პროლონგაციის შედეგად სესხის დასრულების ვადა 3 თვით გადაიწევს (30/04/2028 ნაცვლად 30/07/2028 დაიფარება).

როგორც ზემოთ აღვნიშნე, 1026 ლარიანი შენატანიდან ამ ეტაპზე პროცენტის სახით 579 ლარს ვიხდი. რადგან სესხის ძირი არ მცირდება (ვსარგებლობ საშეღავათო პერიოდით), სამი თვის განმავლობაში დასარიცხი პროცენტი არ შეიცვლება.(579*3=1737, განაწილდება დარჩენილ 96 თვეზე და სესხის შენატანი 18 ლარით გამეზრდება. 1026+18=1044).

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი – იზრდება ვალი და იმატებს უწყებების დაფინანსება

1. ამ პირობით სარგებლობას არავინ გაძალებთ. თუ თქვენი შემოსავალი სტაბილურია, მარტივად შეგიძლიათ არ ისარგებლოთ.

2. ან ისარგებლოთ... პარალელურად გახსნათ ანაბარი და ყოველთვიურად 1026 ლარი იქ განათავსოთ. მომდევნო პერიოდს ფინანსურად თუ გაუმკლავდებით, წინსწრებით დაფარავთ სესხს, თქვენს კრედიტოფიცერს, გრაფიკს, კიდევ ერთხელ დააკორექტირებინებთ;

3. ინოვაციური პირობა ნამდვილად არაა. ბანკის კლიენტები, უმუშევრობის დროს საშეღავათო პერიოდით აქამდეც სარგებლობდნენ. ახლა ამას ყველანაირი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, ყველას სთავაზობენ.

მე პირადად ვეცდები N2 ვიმოქმედო. იმედია კორონავირუსს ფინანსური პრობლემების გარეშე დავძლევთ და სესხს წინსწრებით დავფარავ. არჩევანი თქვენზეა. უფასო ფულს ბანკები არ დაგვპირებიან! მადლობა მათ ამ ინიციატივისთვის“, – წერს ალიბეგაშვილი.

ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
რა კავშირშია ლარის კურსის ცვლილება მიმოქცევაში ლარის მასის ცვლილებასთან

ასე რომ, მას შემდეგ, რაც თითოეული ბანკის ამომწურავი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი მსესხებლებისთვის, ყველა მსესხებელმა ინდივიდუალურად უნდა დაიანგარიშოს საკუთარი სესხის დაფარვის გრაფიკი და ისე აირჩიოს, უღირს თუ არა გამოცხადებული გადავადებით სარგებლობა. თუმცა, თუ მათ სესხის გადავადება ხელს არ აძლევთ, დროზე უნდა მიმართონ ბანკს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომატურად აღმოჩნდებიან გადავადების პირობებში.

თემურ იოსელიანი

 

ყველა ახალი ამბავი
0