2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი – იზრდება ვალი და იმატებს უწყებების დაფინანსება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტმა 10 დეკემბერს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. მშპ-ის ზრდის პროგნოზი 4,5%-ია. თუმცა პროექტის თავდაპირველ ვარიანტში 5% იყო ნავარაუდები. ამასთან, 2020 წლის ნომინალური მშპ-ის მოცულობა 53,1 მლრდ ლარს შეადგენს.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 14 554,2 მლნ ლარი, ბიუჯეტის გადასახდელები (ასიგნებები) კი 14 432,9 მლნ ლარია. გადასახდელების მოცულობა პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით 221 მლნ ლარით არის გაზრდილი.

ბიუჯეტის დეფიციტი 2020 წელს ნაერთი ბიუჯეტისთვის მშპ-თან მიმართებაში 2,4%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს რომ შემოსავალი 2,4%-ით ნაკლებია ხარჯებზე. ინფლაციის მაჩვენებლად 3%-ია განსაზღვრული, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს ემთხვევა. თუმცა, აქვე აღვნიშნოთ, რომ წლევანდელ მიზნობრივ მაჩვენებელს ინფლაცია დიდი ხანია გასცდა და გასულ თვეში უკვე 7% შეადგინა.

საავადმყოფოს კორიდორი - Sputnik საქართველო
რას მოიტანს კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფების დაწესება

რა თანხას მიიღებენ სახელმწიფო უწყებები

2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებები, 2019 წელთან შედარებით, 1,342 მლრდ ლარით მეტია. უცვლელია ბოლო წლების ტენდენცია და ყველაზე გულუხვი დაფინანსება ამჟამადაც ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო.

სამინისტროების ასიგნებების მოცულობები ასე გამოიყურება (2019 წელთან შედარებით):

ფინანსთა სამინისტრო: 93 მილიონი (ზრდა 2 მლნ ლარი);

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: 364 მლნ (კლება 5,5 მლნ ლარი);

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო: 2 071,6 მლნ (ზრდა 71,6 მლნ ლარი);

იუსტიციის სამინისტრო: 224 მლნ (ზრდა 32,87 მლნ ლარი); აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პროექტის თანახმად, წულუკიანის უწყებას თავდაპირველად 203 მლნ ჰქონდა განსაზღვრული, საბოლოოდ დამტკიცებულ კანონში კი 21 მილიონი ლარით მეტი მიიღო;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: 4 363 მლნ (ზრდა 384,6 მლნ ლარი). ორი თვის წინანდელი ვარიანტით უწყებას 4 347 მლნ ლარი უნდა მიეღო. შესაბამისად, ეკატერინე ტიკარაძის უწყებას 16 მილიონი ლარით მეტი განუსაზღვრეს.

ბათუმის ტერმინალი - Sputnik საქართველო
ინვესტიციების ვარდნა – რეკორდული კლება მეორე კვარტალში

საგარეო საქმეთა სამინისტრო: 159 მლნ (ზრდა 22,5 მლნ ლარი);

თავდაცვის სამინისტრო: 880 მლნ (ზრდა 5 მლნ ლარი);

შინაგან საქმეთა სამინისტრო: 770 მლნ (ზრდა 28,4 მლნ ლარი);

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: 353 მლნ (ზრდა 14,1 მლნ ლარი);

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო: 1 666 მლნ (ზრდა 31,895 მლნ). შარშან გათავისუფლებული და წელს ისევ მინისტრის რანგში დაბრუნებული მიხეილ ჩხენკელის უწყებამ თავდაპირველ პროექტთან შედარებით 30 მილიონი ლარით მეტი დაფინანსება მიიღო.

რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ის მიიღებს 7 მლნ-ს (კლება 1,2 მლნ ლარი). საინტერესოა, რომ უწყების დაფინანსება პროექტის მიხედვით 6 მლნ-ით იყო განსაზღვრული.

მთავრობის ადმინისტრაცია: 16,5 მლნ (2019-ში – 16.8 მლნ ლარი).

2019 წელთან შედარებით იზრდება ცესკოს დაფინანსება 27,6-დან 72,59 მილიონ ლარამდე. მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნებია და, ცხადია, ცესკოს მეტი საქმე ექნება, ვიდრე წელს.

საკონსტიტუციო სასამართლო: 4.25 მლნ (ზრდა 100 000 ლარი). 

უზენაესი სასამართლო: 12 მლნ (2019-ში – 9,5 მლნ ლარი), ხოლო საერთო სასამართლოების დაფინანსება 84,38 მლნ ლარია (2019-ში – 77,75 მლნ).

იუსტიციის უმაღლესი საბჭო: 6,62 მლნ (2019-ში – 6,05 მლნ).

მცირე მოცულობით იზრდება სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების დაფინანსება. მათი ბიუჯეტი 640 000-დან (სახელმწიფოს რწმუნებულის ადმინისტრაცია სვანეთში) 890 000 ლარამდე (სახელმწიფოს რწმუნებულის ადმინისტრაცია სამეგრელოში) მერყეობს.

ეროვნული ბანკის ოფისი - Sputnik საქართველო
საბანკო რეგულაციები შესაძლოა გამარტივდეს

ძირითადად იზრდება სხვა უწყებების დაფინანსებაც:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) 137,5 მლნ ლარს, შარშანდელთან შედარებით 1,5 მლნ-ით მეტს მიიღებს;

საპენსიო სააგენტო, რომლის ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ ორიოდე კვირის წინ განაცხადა, რომ თანამდებობიდან მიდის და სააგენტოს წარმატებული მუშაობისთვის ილოცებს კიდეც, 2020 წელს ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარს მიიღებს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2,95 მლნ ლარით დაფინანსდება, რაც 15 ათასი ლარით ნაკლებია 2019 წლის ბიუჯეტზე;

საქართველოს პროკურატურას 41,3 მლნ ლარი განუსაზღვრეს (2019-ში – 37,27 მლნ);

საქართველოს დაზვერვის სამსახურის დაფინანსება არ იცვლება და 13,5 მლნ ლარს შეადგენს;

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 58,5 მლნ-ით დაფინანსდება;

სახალხო დამცველის აპარატი 8 მილიონ ლარს მიიღებს, რაც 1,6 მლნ-ით აჭარბებს 2019 წლის ბიუჯეტს;

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება კვლავ მოიმატებს და 68,7 მლნ ლარს შეადგენს. 2019-ში 58,2 მლნ იყო განსაზღვრული. საინტერესოა, რომ სექტემბერში საზოგადოებრივისთვის 62,8 მლნ იყო განსაზღვრული, თუმცა, საბოლოოდ უფრო მეტი დაუმტკიცეს;

ლარის და დოლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
ლარის დღევანდელი გაუფასურების სამომავლო პრობლემები

უცვლელია კონკურენციის სააგენტოს დაფინანსება, რაც 2,2 მლნ ლარს უდრის. არ იცვლება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის დაფინანსება, რაც 2,46 მლნ ლარის ტოლია;

საქართველოს საპატრიარქო ბოლო წლების იდენტურ თანხას მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან – 25 მლნ ლარს;

საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების კუთხით მომავალ წელს 2,766 მლრდ ლარია დაგეგმილი, 2019-ში 2,437 მლრდ ლარი იყო განსაზღვრული.

საინტერესოა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ჩამონათვალში სულ ბოლოს სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წერია. როგორც 2019-ში, ასევე 2020 წელს უნივერსიტეტის დაფინანსების გრაფაში 0 ლარია მითითებული. მართალია 2018 წელს ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს (მაშინ ასე უწოდებდნენ) 597 ათასი ლარი გადაურიცხეს, თუმცა ამას მეტი დაფინანსება აღარ მოჰყოლია.

ლიბერთი ბანკი - Sputnik საქართველო
რატომ დატოვეს დაგროვებითი პენსიის სქემა დასაქმებულებმა

იზრდება სახელმწიფო ვალი – ოპონენტები ბიუჯეტს აკრიტიკებენ

მომავალი წლის ბიუჯეტის თანახმად, იზრდება სახელმწიფოს შიდა და საგარეო ვალიც. ვალდებულებების ზრდა ჯამურად 3,067 მილიარდ ლარს შეადგენს.

შიდა ვალთან დაკავშირებით მითითებულია, რომ სახელმწიფო აპირებს 1,2 მლრდ მოცულობის ფასიანი ქაღალდების გამოშვებას. საგარეო ვალი კი 1,867 მლრდ ლარის მოცულობის ახალი სესხის აღებით გაიზრდება. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ მთავრობა მომავალი წლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტს აღებული ვალით დააფინანსებს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის თქმით, შენარჩუნებულია ყველა სოციალური მიმართულება, რაც ბიუჯეტის პირველად ვერსიაში იყო. გაიზრდება ხელფასები და პენსიები. ასევე 50 მილიონი დამატებულია რეგიონული ფონდისთვის.

„გარდა ამისა, იზრდება საშინაო და საგარეო ვალიც, მაგრამ ამ თვალსაზრისით ვაკონტროლებთ რიცხვებს იქიდან გამომდინარე, რომ ვალის თანაფარდობა მშპ-თან მიმართებაში 42%-ის ფარგლებშია და ეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისია“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ვალუტის გადამცვლელი ჯიხური - Sputnik საქართველო
ლარის გაუფასურებით გამოწვეული ზარალის რამდენიმე მიმართულება

„2020 წლის ბიუჯეტი არის ლარის მესაფლავე. ეს არის ქვეყნის გაღარიბების ბიუჯეტი, ვინაიდან სწორედ ამ ბიუჯეტის გამო მოხდა ფასების საშინელი ზრდა: 17%-მდე გაიზარდა სურსათის ფასი, 26%-მდე თამბაქოს ნაწარმი, 27%-ით ხილი, ლარი კი სამიან ნიშნულამდე ავიდა და კიდევ ბოლო არ უჩანს. ეს არის ძირგამომთხრელი ბიუჯეტი, რომელიც აგებულია პოპულიზმზე, საარჩევნო საჭიროებებზე, კორუფციულ გარიგებებზე და ისეთ ხარჯებზე, სადაც ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიები უტენდეროდ იღებენ ასეულ მილიონობით შემოსავალს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ.

ეკონომისტი პაატა შეშელიძე 2020 წლის ბიუჯეტს და გაზრდილ ვალებს კატასტროფას უწოდებს. მისი აზრით, ესაა არა სოციალური, არამედ საარჩევნო ბიუჯეტი, რომელიც ნასესხები ფულით ფინანსდება.

„სესხის აღება მთავრობის მიერ ნეგატიურ მოვლენად მიმაჩნია. თუ ქვეყანას საკმარისი შემოსავალი არა აქვს, ხარჯი უნდა შეამციროს და ვალი აღარ აიღოს. მით უმეტეს, ეს თანხა აკლდება ბიზნეს-სექტორს და ხელს უშლის მის განვითარებას. ეს ორი მნიშვნელოვანი მიზეზია, რის გამოც არ ღირს ვალის აღება. სესხის აღება სინამდვილეში ნიშნავს დღევანდელი პრობლემების მოგვარების მომავალ თაობაზე დაკისრებას. „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო ვალის მთლიანი მოცულობა 30%-დან 45%-მდე, ანუ 15%-ით გაიზარდა. წესით, მთავრობას უნდა შეემცირებინა ვალზე დამოკიდებულება და ამ დროს მოხდა საპირისპირო“, – ამბობს შეშელიძე.

მისი თქმით, ნებისმიერი ვალი ცუდია, იქნება ის შიდა თუ საგარეო ვალი. შიდა ვალის განსაკუთრებული პრობლემა კი ის არის, რომ სესხის ნაწილის აღება ხდება ბანკების საშუალებით, ახალი გამოშვებული ფულით, რაც საბოლოდ აისახება კიდეც ლარის გაუფასურებაზე.

თემურ იოსელიანი

 

ყველა ახალი ამბავი
0