2018 წელს 2017 წელთან შედარებით FDI-ს მოცულობა 35%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მიერ ბოლოს გამოქვეყნებული მონაცემებით, უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის მეორე კვარტალში 187 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემებზე 53.7%-ით ნაკლებია. ასე რომ, კლება კიდევ უფრო მასშტაბურია, ვიდრე ეს წლიური მაჩვენებლების შედარებისას იყო.
ინვესტორები ქვეყნების მიხედვით
ინვესტორთა შორის პირველი ადგილი $58 მლნ-ით ნიდერლანდებმა დაიკავა. მეორეა აშშ ($36 მლნ), მესამე – თურქეთი ($28 მლნ). მეოთხე ადგილზეა აზერბაიჯანი $15.8 მლნ-ით. მეხუთე ადგილზეა პანამა $15.5 მლნ-ით. მეექვსეა ჩეხეთი $14.8 მლნ-ით. მეშვიდე პოზიციაზეა კორეა $14.2 მლნ-ით, მერვე ადგილი იაპონიამ დაიკავა, საიდანაც ქვეყანაში $11.83 მილიონის ინვესტიციაა შემოსული.
აქვე აღსანიშნავია, რომ „საქსტატის“ მონაცემებში ინვესტიციების გატანის მაჩვენებელიც იზრდება. მაგალითად, მეორე კვარტალში, $16.567 მლნ გატანილია გაერთიანებული სამეფოს მიერ, $2.5 მლნ – კვიპროსის მიერ. კვიპროსს ასევე პირველ კვარტალში ჰქონდა უარყოფითი მაჩვენებელი – გატანილი იყო $9.79 მლნ-ზე მეტი. ლატვიამ მეორე კვარტალში $1.22 მლნ, პირველ კვარტალში კი $1.55 მლნ-მდე გაიტანა.
უკრაინამ მეორე კვარტალში $2.84 მლნ გაიტანა. ვირჯინიის კუნძულების ეგიდით $31,34 მლნ-ია გატანილი, ამავე ქვეყნის მიერ პირველ კვარტალში $6,71 მლნ-ია გატანილი. მეორე კვარტალში ჩინეთმა $10.88 მლნ გაიტანა, ისრაელმა – $2,75 მლნ.
ინვესტიციები სფეროების მიხედვით
ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი სფერო ენერგეტიკის სექტორი აღმოჩნდა, რომელშიც მეორე კვარტალში $63,67 მლნ-ია შემოსული, მეორე ადგილს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა $38.39 მლნ-ით, მესამეზეა სასტუმროები და რესტორნები $28.097 მლნ-ით, მეოთხეზე ტრანსპორტი $26,46 მლნ-ით, მეხუთეზე კი უძრავი ქონება $22,823 მლნ-ით.
აქვე აღსანიშნავია, რომ გასული წლის ლიდერი სფერო ინვესტიციების განხორციელების მხრივ „საფინანსო სექტორი“, რომელიც მთელი ინვესტიციების 22.5%-ს შეადგენდა, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ინვესტიციების გატანის ლიდერ სფეროდ გადაიქცა. სექტორიდან $33,80 მლნ-ია გატანილი. აქედან ჩანს, რომ ინვესტორებისთვის საფინანსო სექტორი აღარ არის მიმზიდველი.
რატომ მცირდება ინვესტიციები – მიზეზები
ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების ერთ-ერთ მიზეზად ქვეყანაში სასამართლოსთან დაკავშირებულ რისკებს ასახელებს.
„თუ ინვესტორს გარკვეული პრობლემა შეექმნება სამართლებრივი კუთხით, ის სამართალს ვერ იპოვის. შეიძლება ხელისუფლებამ შეგავიწროვოს და სამართალი ვერ იპოვო. ამ რისკების გათვალისწინებით რატომ უნდა უნდოდეს ვინმეს აქ ფულის ჩადება, არ მესმის“, – ამბობს ნამჩავაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.
ინვესტიციების შემცირებას ეკონომიკურ პოლიტიკაში არსებულ გაურკვევლობას უკავშირებს ეკონომისტი გიორგი პაპავა.
„ეს შემცირება არ შეიძლება ერთ კონკრეტულ სექტორს დავუკავშიროთ. FDI-ს შემცირება ასახვაა იმ ბოლოდროინდელი მოვლენების, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. მაგალითად, ძალიან დიდი გაურკვევლობა ეკონომიკურ პოლიტიკაში“, – ამბობს პაპავა.
კონკრეტულად საფინანსო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებას ბესო ნამჩავაძე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მიმართ ბრალის წაყენებას უკავშირებს, რამაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული კომპანიების აქციების ფასების შემცირება გამოიწვია.
„ამ ფაქტს საბანკო რეგულაციებს ვერ დავუკავშირებთ, რადგან გასულ წელს, მაშინ, როცა სექტორში გარკვეული რეგულირება უკვე დაწყებული იყო, ზრდა გვქონდა. მგონია, რომ ეს უფრო მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს უკავშირდება, რომელთათვის ბრალის წარდგენამ „თიბისი ბანკის“ აქციების ფასი დაბლა დასწია. ეს იყო სიგნალი ინვესტორებისთვის, პირველ რიგში, საფინანსო სექტორის ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში ინვესტირება სარისკოა. წელიწად-ნახევარია უკვე ინვესტიციები მცირდება და ეს მხოლოდ ერთჯერადი ფაქტორებით ვერ იქნება გამოწვეული. ეს მიანიშნებს იმას, რომ ქვეყანამ საინვესტიციო მიმზიდველობა დაკარგა“, – აცხადებს ბესო ნამჩავაძე.
ხელისუფლების პოზიცია
ხელისუფლების წარმომადგენლები გასულ წელსაც და ამჯერადაც ინვესტიციების შემცირების ერთ-ერთ მიზეზად გარკვეული პროექტების დასრულებას ასახელებენ და ამბობენ, რომ კატასტროფული არაფერი ხდება. BM.GE-სთან კომენტარი ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გააკეთა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ინვესტირება ხორციელდებოდეს, ხოლო ინვესტიცია ადგილობრივი იქნება თუ უცხოური, მეორეხარისხოვანია. მაჭავარიანი ამბობს, რომ FDI-ს შემცირების მიზეზი რამდენიმეა – ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები, დაძაბულობა, მთავრობის ცვლილება.
„დაწყებული იქიდან, რომ შეიძლება იყოს პოლიტიკურად მაღალი ტემპერატურა, ამ შემთხვევაში ბიზნესს არ აინტერესებს ვინ არის მართალი, ვინ არის მტყუანი. ტემპერატურა აიწევს? – დამთავრებულია! დაიძაბება ურთიერთობა მეზობელთან, იქნება რუსეთი, თურქეთი თუ ვიღაცა? იქაც არ აინტერესებთ ვინ არის მართალი, ვინ არა. ტემპერატურამ აიწია? – სენტიმენტები, განწყობები შემცირდა“, – ამბობს მაჭავარიანი.
მისი თქმით, ეკონომიკურად დაძაბუნდა რეგიონიც. საბოლოო ჯამში კი შიდაპოლიტიკური და რეგიონული ფაქტორები ახდენს გავლენას ინვესტორებზე.
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა FDI-ს შემცირების მიზეზად ანაკლიის პორტსაც ასახელებს.
„მოლოდინი გვქონდა, რომ წლევანდელ წელს ჩვენ მიგვეღო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტიცია. ეს საკმაოდ სოლიდური ინვესტიცია წლევანდელ სტატისტიკას ძალიან წაადგებოდა“, – ამბობს თურნავა.
თურნავას პოზიციას არ ეთანხმება ბესო ნამჩავაძე. მისი თქმით, ეს განცხადება პრობლემის ხაზარაძისთვის გადაბრალების მცდელობას ჰგავს.
კლება მოსალოდნელი იყო
„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტი რამაზ გერლიანი „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ტენდენცია კარგა ხანია არსებობს და ამიტომ არ იყო გასაკვირი ინვესტიციების მკვეთრად შემცირების დაფიქსირება.
„ჯერ კიდევ შარშან ვამბობდი, რომ გვექნებოდა სტაგნაცია. თუმცა, მისი ახსნა მხოლოდ იმით, რომ ძველი პროექტები დამთავრდა - მიუღებელია. რაღაც ტიპის ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელიც ინვესტორის მიერ ხორციელდება, აქვს დასაწყისი და დასასრული. ეს თარიღები მეტ-ნაკლებად ცნობილია. შარშანწინაც ვიცოდით, რომ ეს პროექტები დამთავრდებოდა. ამიტომაც საჭიროა ხელშემწყობი პოლიტიკის გატარება იმ მიმართულებით, რომ არ გვქონდეს ჩავარდნა ინვესტიციებში. ინვესტიციური ნაკადების შემცირება უკვე ზეგავლენას ახდენს სხვა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე – დაწყებული დასაქმებიდან, გაგრძელებული იგივე ლარის გაცვლითი კურსით“, – ამბობს გერლიანი.
მისი თქმით, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ნაცვლად ხელისუფლებამ რეგულაციები გაზარდა, პლუს დაემატა პოლიტიკური მომენტებიც, რაც ასევე უარყოფით ზეგავლენას ახდენს.
„საბანკო რეგულაციები იმიტომ არ მოგვწონს, რომ ზუსტად ვიცოდით – ექნებოდა უარყოფითი შედეგი. მშენებლობაში სტაგნაცია არა მხოლოდ მშენებლობის ნაწილში გამკაცრების ბრალია, არამედ ერთ-ერთი მიზეზია სწორედ საბანკო რეგულაციები, როდესაც ადამიანები საბოლოო პროდუქტის რეალიზებას ვერ ახდენენ. ინვესტორი იმიტომ დებს თანხას, რომ მან მიიღოს საბოლოო მომგებიანი შედეგი. თუ ის ხედავს, რომ ის პროდუქტი თუ მომსახურება, რომელსაც აწარმოებს, ვერ გაიყიდება, ლოგიკურია, რომ ის ამ სეგმენტიდან გასვლას იწყებს. შესაბამისად, შედეგიც სახეზეა“, – ამბობს გერლიანი.
ამ სიტუაციაში კი აშკარა გახდა ერთი შეხედვით ამოუცნობი მოვლენის – ლარის მუდმივი გაუფასურების ერთ-ერთი, არცთუ მეორეხარისხოვანი მიზეზი. 2004 წლიდან მოყოლებული, როდესაც ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა იზრდებოდა, სხვა ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად, ეს მაჩვენებელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ლარის კურსის სტაბილურობაზე. ამჟამად კი ლამის ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი, მათ შორის ინვესტიციების შემოდინება, გაუარესების გზას ადგას და შედეგიც სახეზეა...
თემურ იოსელიანი