როგორ იზრდება სახელმწიფო ვალი

© photo: Sputnikდროშები
დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო ვალი იზრდება – 2018 წლის ბოლოს 19 მილიარდ ლარს მიაღწია (ლარის გაუფასურების შემთხვევაში საგარეო ვალი კიდევ მეტად იზრდება), მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ კი თითქმის 45%-ია.

შესაბამისად, „თავისუფლების აქტით“ დადგენილ 60%-იან ლიმიტამდე ჯერ ბევრი უკლია, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ მაქსიმალური ზღვრისკენ მაინც მიემართება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის მდგომარეობით, ქვეყნის სახელმწიფო ვალი 18,5 მილიარდ ლარს შეადგენს, სადაც სახელმწიფო საგარეო ვალი 14,5 მილიარდი ლარია, დანარჩენი 3,9 მილიარდი კი სახელმწიფო საშინაო ვალი.

2019 წლის ბიუჯეტის კანონის მიხედვით, 2019 წელს მთავრობა 1,686 მილიარდი ლარი საგარეო ვალის და 500 მილიონი ლარი შიდა ვალის აღებას გეგმავს. საგარეო ვალის უდიდესი ნაწილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის, ახალი გვირაბებისა და გზების) აშენებას მოხმარდება. ამ ახალი ვალის აღების შედეგად საქართველოს მთავრობის მთლიანი ვალდებულებების ნაშთი 20,24 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც დაახლოებით 107%-ით მეტია 2013 წლის მაჩვენებელზე.

საპარტნიორო ფონდის ხელომძღვანელი დავით საგანელიძე - Sputnik საქართველო
რატომ არის საპარტნიორო ფონდის საქმიანობა ზარალიანი

20,24 მილიარდი ლარიდან სახელმწიფო საგარეო ვალის წილად 15,84 მილიარდი (78.3%) მოვა, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალის წილად 4,4 მილიარდი (21.7%) ლარი. ამ მაჩვენებლებთან ერთად თუ სახელმწიფო საწარმოების ვალსაც გავითვალისწინებთ, მაშინ ვალი 4,57 მილიარდით კიდევ გაიზრდება და ჯამში 24,82 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

2019 წლის განმავლობაში ვალის მომსახურებაზე 1,851 მილიარდი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი: 1,152 მილიარდი ლარი საგარეოს, 699 მილიონი ლარი კი საშინაო ვალის მომსახურებას მოხმარდება.

აუდიტის სამსახურის მონაცემებიდან ჩანს, რომ 2018 წელს საგარეო ვალის მომსახურებაზე 1,034 მილიარდი ლარი დაიხარჯა, ხოლო საშინაო ვალის მომსახურებას 1,362 მილიარდი ლარი მოხმარდა. ჯამურად კი სახელმწიფო ვალის მომსახურებაზე შარშან 2,4 მილიარდ ლარამდე იყო განსაზღვრული.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველო ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყნებს შორისაა - ვინ არის ჩვენზე ღარიბი

ასევე აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს სახელმწიფო ვალის მშპ-თან შეფარდება 44.5% იქნება, რაც უკვე გადააჭარბებს თავად „ქართული ოცნების“ მიერ 2014 წელს მიღებულ სტრატეგიულ დოკუმენტში „საქართველო 2020“ განსაზღვრულ 40%-იან ლიმიტს.

აქვე, სახელმწიფო საწარმოების ვალდებულებებს თუ გავითვალისწინებთ, 20,24 მილიარდი ლარის სახელმწიფო ვალს ემატება სახელმწიფოს კუთვნილი საწარმოების (გაზის და ნავთობის კორპორაცია, რკინიგზა და ა.შ.) ვალები. ამ საწარმოების ვალდებულებები, 2019 წლის მდგომარეობით, 4,57 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის ჯამური ვალი 24,82 მილიარდი ლარია.

გრაფიკი 1. სახელმწიფო ვალის დინამიკა

© photo: courtesy of Temur Ioselianiსახელმწიფო ვალის დინამიკა
როგორ იზრდება სახელმწიფო ვალი - Sputnik საქართველო
სახელმწიფო ვალის დინამიკა

წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მონაცემებით, 2018 წელს სახელმწიფოს საშინაო ვალი, ანუ ეროვნულ ვალუტაში აღებული ვალდებულებები 11%-ით გაიზარდა, ხოლო საგარეო ვალი (უცხოურ ვალუტებში დენომინირებული ვალდებულებები) 8%-ით არის გაზრდილი.

ჰესი - Sputnik საქართველო
დენი გვინდა ჰესი არა?! ელექტროენერგიის გამომუშავება მოხმარებას ვერ ეწევა

ფინანსთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 2017 წლის ბოლოსთან შედარებით, ვალის მოცულობა 2018 წლის ბოლოსთვის 256 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.

ამასთან, დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების გამო ერთ წელიწადში სახელმწიფო ვალი 1,124 მილიარდი ლარით არის გაზრდილი.

ყველაზე დიდი მოცულობის დავალიანება საქართველოს მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე აქვს – 3,838 მლრდ აშშ დოლარი.

ორმხრივი კრედიტორების წინაშე ვალი 926 მილიონ დოლარს შეადგენს. 500 მილიონია ევროობლიგაციების ვალი.

საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალის მოცულობა 2018 წლის ბოლოსთვის 166 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ადამიანები - Sputnik საქართველო
ვის შეუძლია დაგროვებითი პენსიის სქემიდან გასვლა

სახელმწიფო საწარმოები – დამატებითი თავის ტკივილი

სახელმწიფო კომპანიების ვალების შესახებ „ფეისბუქში“ დაწერა „ფორბს ჯორჯიას“ აღმასრულებელმა რედაქტორმა შოთა დიღმელაშვილმა. მისი თქმით, პრივატიზაციის მოწინააღმდეგეებმა უნდა გაიგონ, რა ზარალი მოაქვს ამ საწარმოებს.

„სახელმწიფო კომპანიების ჯამური ზარალი 2013-2017 წლებში 2 მილიარდ ლარამდე თანხას შეადგენს. ეს უკონტროლო სახელმწიფო შპს-ები ჩვეულებრივი შავი ხვრელია, ამ „ბიზნესების“ ჩამონათვალი კი ჭრელია – ღვინის წარმოებით დაწყებული, სასტუმროებით დამთავრებული. ჩინოვნიკები წლების მანძილზე მილიარდობით ლარის ზარალს განიცდიან, რაც ცენტრალური ბიუჯეტიდან იფარება – ღარიბების ფულით.

მაგალითად, 2017 წლის განმავლობაში სახელმწიფო შპს-ების კაპიტალი ცენტრალური ბიუჯეტიდან 627,763,000 ლარით შეივსო. ანუ პარტაქტივით დაკომპლექტებული სახელმწიფო კომპანიების უპასუხისმგებლო მენეჯმენტის მარტო ერთი წლის შეცდომები ამდენით აანაზღაურა საქართველოს მოსახლეობამ.

Флаг и герб Грузии - Sputnik საქართველო
ვის ჩაუდგება მთავრობა კრედიტის თავდებად

საინტერესო ისაა, რომ ზარალი იწყება 2013 წლიდან – ჯერ 45 მილიონით, მერე 61-ით, მერე რეკორდული 750 მილიონი 2015-ში, მერე 441 და, ბოლოს, 2017-ში 562 მილიონი. შედარებისთვის, 2012 წელს სახელმწიფო კომპანიებმა არა თუ იზარალეს, 150 მილიონი მოიგეს კიდეც“, – დაწერა დიღმელაშვილმა.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიების დასახმარებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხებიც. ჯამში გადარიცხულია 1,4 მილიარდი ლარი, როგორც კაპიტალდაბანდება ან როგორც სუბსიდია. 2012 წელთან შედარებით, ვალდებულებები გაიზარდა 72%-ით, ხოლო ჯამური კაპიტალი – მხოლოდ 16%-ით.

ცალკე საკითხია სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა და ტოპ-მენეჯერების ანაზღაურება. მაგალითად, „საპარტნიორო ფონდმა“ წელი 441 მილიონზე მეტი ზარალით დაასრულა, თუმცა დირექტორმა დავით საგანელიძემ 2017 წელს თანამდებობრივ სარგოდ 300 ათას ლარამდე აიღო (თვეში 24 500 ლარი);

ბანკები და კუპიურები - Sputnik საქართველო
„ჭარბვალიანობასთან“ ბრძოლის საპირისპირო შედეგი

საქართველოს რკინიგზამ 2017 წელს 350 მლნ ლარი იზარალა, დირექტორი დავით ფერაძე კი ხელფასის სახით თვეში დაახლოებით 15 ათას ლარს გამოიმუშავებდა;

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ 2016 წელი 300 მლნ ლარის ზარალით დაასრულა, დირექტორმა სულხან ზუმბურიძემ კი ანაზღაურება 341 ათასი (თვეში 28 000) ლარი მიიღო.

გრაფიკი 2. 2017 წლის მონაცემებით ყველაზე წამგებიანი საწარმოების ტოპ-ხუთეული.

© photo: courtesy of Temur Ioselianiყველაზე წამგებიანი საწარმოების ტოპ-ხუთეული 2017 წლის მონაცემებით
როგორ იზრდება სახელმწიფო ვალი - Sputnik საქართველო
ყველაზე წამგებიანი საწარმოების ტოპ-ხუთეული 2017 წლის მონაცემებით

ეკონომისტ რატი აბულაძის შეფასებით, შექმნილ სიტუაციაში ქვეყნისთვის ცალკე პრობლემაა საგარეო ვალი, რაც ეკონომიკისთვის დიდი ტვირთია, ხოლო ქვეყანა ამ ჭაობიდან ვერ ამოდის.

„ბიუჯეტი დიდად არის დაზარალებული, რადგან საგარეო და კომპანიების ვალებიც მისი გადასახდელია. უკანასკნელ შემთხვევაში ეს ხდება მაშინ, როცა ვალი სახელმწიფოს გარანტიით არის აღებული. მოცემულ შემთხვევაში ეს საკითხი ჯერ აქტიურად არ დგას, რომ შპს-მ შეიძლება ვერ გადაიხადოს, თუმცა, თუ სახელმწიფო არის გარანტორი, მისი გასასტუმრებელი გახდება“. მისი თქმით, ინვესტორები ყურადღებით აკვირდებიან, როგორია ვალის დინამიკა ქვეყნისთვის.

„ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მინიმალურია, ბიუჯეტი სულ 13 მლრდ-ია. ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია თანხების ათვისებასთან დაკავშირებით და ამ სიტუაციიდან გამოსავალს მხოლოდ ახალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოცემულობაში ვხედავ“, - აცხადებს „რეზონანსთან“ აბულაძე.

მობილური ტელეფონები - Sputnik საქართველო
„ბილაინი“ არაფერს ცვლის, „სილქნეტი“ ელოდება, „მაგთიმ“ დაიწყო...

აქვე აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ვალი მუდმივად იზრდება, მაგრამ წლის ბოლოს საბიუჯეტო თანხების ათვისების პრობლემა ჩნდება ხოლმე. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შარშან კაპიტალური ხარჯების გეგმა 105.5%-ით კი შეასრულა, მაგრამ სინამდვილეში დეკემბერში სამინისტროს ბიუჯეტის გეგმა დაზუსტდა და 230.9 მლნ ლარით შემცირდა. შედეგად – გეგმის შესრულება გაიოლდა. გარდა ამისა, ბიუჯეტიდან წლის ბოლო ერთ თვეში აითვისეს 658.4 მლნ ლარი (დაზუსტებული ბიუჯეტის 41.56%), უფრო ზუსტად, აღნიშნული თანხები ბიუჯეტიდან გადაირიცხა.

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის ბიუჯეტიც დეკემბერში დაკორექტირდა და 149.3 მლნ ლარით შემცირდა (674.5 მლნ ლარი დარჩა), დეკემბერშივე მოხდა მოცემული მიმართულებით ბიუჯეტიდან 491.2 მლნ ლარის ათვისება.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, არც მიმდინარე წლის სიტუაციაა უკეთესი.

„კვლავ ჩამორჩენაა ბიუჯეტის ხარჯვაში. 6 წელიწადი ჯანდაბას, მაგრამ მეშვიდე წელიწადსაც იგივე სურათი?! იგივე ინფრასტრუქტურის სამინისტრო ვერ აშენებს ამ გზებს“, – განაცხადა გოცირიძემ პარლამენტში გამოსვლისას.

დღევანდელ სიტუაციაში რთული სათქმელია, რამდენად შეძლებს სახელმწიფო პრივატიზაციის დაჩქარებას და იმ აქტივების სახელმწიფოსთვის ჩამოშორებას, რასაც ბიუჯეტისთვის ზარალის მეტი აღარაფერი მოაქვს. ფაქტია, რომ მთავრობას დასაქმება ნომერ პირველ საკითხად მიაჩნია, თანაც, სახელმწიფო საწარმოებში ტოპ-მენეჯერები საკუთარი მომხრეები და მხარდამჭერები ჰყავს, ზარალიანობის მიუხედავად გვარიან ანაზღაურებასაც აძლევს. პარალელურად იზრდება სახელმწიფო ვალი და ტრადიციულად გრძელდება საბიუჯეტო რესურსების როგორც არათანაბარი, ასევე არაეფექტიანი ათვისებაც...

თემურ იოსელიანი

ყველა ახალი ამბავი
0