თემურ იოსელიანი
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მონაცემებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე ნომინალის მიხედვით, იგივე GDP (nominal) per capita $4 400-ია. შედეგად, მსოფლიო ქვეყნების რეიტინგში 105-ე ადგილზე ვართ.
აქვე აღსანიშნავია მშპ-ის დათვლის მეორე მეთოდის – მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, იგივე GDP (ppp) per capita, სსფ-ის 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში $11 485-ის ტოლია. განვმარტავთ, რომ ppp გახლავთ purchasing power parity – მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტი, თანაბრობა. მსოფლიო რეიტინგში ამ მაჩვენებლით საქართველო 101-ე პოზიციაზეა.
აქვე ვთქვათ, რა განსხვავებაა მშპ-ის დათვლის ორ მეთოდს შორის და შემდეგ გადავიდეთ სხვა ქვეყნებთან შედარებაზე. ნომინალის დროს იანგარიშება წლის მანძილზე ნაწარმოები პროდუქცია საბაზრო ფასებში. მაგალითად, თუ ქვეყანამ აწარმოა 100 000 ბოთლი ღვინო და ცალი გაყიდა 10 დოლარად, ეს იქნება 1 მილიონი აშშ დოლარის წილი ქვეყნის მშპ-ში. რაც შეეხება მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მეთოდს, ამ შემთხვევაში იანგარიშება პროდუქციის მსოფლიო ფასები. იგივე 1 ბოთლი ღვინის ფასი თუ მსოფლიო ბაზარზე 30 დოლარი იქნება, იმის მიუხედავად, რა ფასად გაყიდის საქართველო ბოთლ ღვინოს, გამოდის, რომ ღვინის წილად ქვეყანამ 3 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გამოუშვა. შესაბამისად, ppp-ს პრინციპის შემთხვევაში, მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მეტია.
როგორც წესი, მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტი უფრო ზუსტად ასახავს ქვეყანაში შექმნილ დოვლათს და ამიტომ სხვა ქვეყნებთან შედარებისასაც სწორედ GDP (ppp) per capita-ს გამოვიყენებთ.
ევროპის ქვეყნები - მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა, ბევრად მდიდრები საქართველოზე
როდესაც ლაპარაკია ევროპაზე, ცხადია, პირველ რიგში ევროკავშირის (EU) ქვეყნები მოიაზრება. EU-ს შემადგენელი 28 ქვეყანას შორის ყველაზე ღარიბი ბულგარეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2018 წელს $23 156-ის ტოლია და საქართველოს მაჩვენებელს ორჯერ აჭარბებს. ევროკავშირის ყველაზე მდიდარი ქვეყანა კი ამ მაჩვენებლით ლუქსემბურგი გახლავთ, რომლის მშპ ერთ სულ მოსახლეზე $106 704-ია. თითქმის 10-ჯერ მეტი, ვიდრე საქართველოში.
ევროკავშირის ყველაზე მდიდარი ქვეყნების ტოპ-10 (GDP ppp-ს მიხედვით):
1. ლუქსემბურგი $106 704
2. ირლანდია $78 785
3. ნიდერლანდები $56 383
4. შვედეთი $52 984
5. გერმანია $52 559
6. ავსტრია $52 137
7. დანია $52 121
8. ბელგია $48 245
9. ფინეთი $46 430
10. საფრანგეთი $45 775
საფრანგეთს ოდნავ ჩამორჩა დიდი ბრიტანეთი, რომლის მშპ ერთ სულ მოსახლეზე $45 705-ია.
რაც შეეხება ევროკავშირის წევრი ყველაზე ღარიბი ქვეყნების ათეულს, 2018 წლის მდგომარეობით ასეთი სურათია:
1. სლოვაკეთი $35 130
2. ლიეტუვა $34 826
3. ესტონეთი $34 096
4. პოლონეთი $31 939
5. უნგრეთი $31 903
6. ლატვია $29 901
7. საბერძნეთი $29 123
8. რუმინეთი $26 447
9. ხორვატია $26 221
10. ბულგარეთი $23 156
მთელი ევროპის ქვეყნებს თუ ავიღებთ, მათ შორის, ვინც ევროკავშირის წევრი არ არის და გეოგრაფიულად თუ პოლიტიკურად ევროპაში მოიაზრება, ვნახავთ, რომ ყველაზე მდიდარსა და ყველაზე ღარიბს შორის უზარმაზარი შუალედია.
ევროკავშირის არაწევრი ყველაზე მდიდარი ევროპული ქვეყნების ტოპ-10:
1. ლიხტენშტაინი $139 100
2. მონაკო $115 700
3. ნორვეგია $74 356
4. შვეიცარია $64 649
5. სან-მარინო $60 313
6. ისლანდია $55 917
7. ანდორა $49 900
8. რუსეთი $29 267
9. თურქეთი $27 956
10. ყაზახეთი $27 550
ყაზახეთს ჩამორჩნენ ბელარუსი ($20 003 ) და მონტენეგრო ($19 043), თუმცა, ყველაზე ღარიბების ათეულს თავი დააღწიეს.
ყველაზე ღარიბებს შორის კი, სამწუხაროდ, საქართველოც რჩება.
ევროკავშირის არაწევრი ყველაზე ღარიბი ევროპული ქვეყნების ათეული:
1. აზერბაიჯანი $18 076
2. სერბეთი $17 555
3. მაკედონია $15,709
4. ბოსნია და ჰერცეგოვინა $13 491
5. ალბანეთი $13 345
6. კოსოვო $11 552
7. საქართველო $11 485
8. სომხეთი $10 176
9. უკრაინა $9 283
10. მოლდოვა $7 305
საქართველოსთვის სიღარიბისგან თავის დახსნის ერთადერთი გამოსავალი ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპია, რომელიც, სამწუხაროდ, არცთუ სახარბიელო გვაქვს. საქართველომ 2004-2012 წლებში ეკონომიკის ზრდის საშუალო 7%-იან ტემპს მიაღწია. თანაც ეს 2008 წლის აგვისტოს ომის, მსოფლიო ფინანსური კრიზისისა თუ თბილისში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების პირობებში. საუკეთესო წლები კი ზრდის ტემპით 2005 (9.6%), 2006 (9.4%) და 2007 (12.6%) იყო. 2012 წლის შემდეგ სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა. 2013-2018 წლების ზრდის საშუალო ტემპი მხოლოდ 3.85%-ია. შედეგად, კვლავ შორეულ პერსპექტივაში რჩება სურვილი, რომ საქართველო განვითარებულ ქვეყნებს დაეწიოს. თუ საქართველოს ეკონომიკა დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით გაცილებით სწრაფად არ გაიზრდება, განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებთან ნაპრალი კიდევ მეტად გაფართოვდება.