ჩვენ ქვეყანაში სოციალური დაცვის სისტემა ორ ძირითად სოციალურ მიმართულებას მოიცავს – მიზნობრივ სოციალურ დახმარებას სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის და საპენსიო სისტემას.
საქართველოში სოციალური უზრუნველყოფის ქსელი 2004 წელს შეიქმნა, მიზნობრივი სოციალური დახმარება (საარსებო შემწეობა) კი 2006 წლიდან დაინერგა. ოჯახების ჩართვა პროგრამაში მათი განცხადებების საფუძველზეა შესაძლებელი. განცხადების მიღების შემდეგ ოჯახში სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლის ვიზიტის დროს ივსება „ოჯახის დეკლარაცია“. დადგენილი მეთოდოლოგიით მისი დამუშავების შემდეგ კი ოჯახს მიენიჭება სარეიტინგო ქულა, რომლის ოდენობაც განსაზღვრავს ოჯახის უფლებას რაიმე სახის ბენეფიტზე.
ოჯახისთვის შემწეობის დანიშვნა შემდეგი სქემით ხდება: თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა 30 001-ზე ნაკლებია, მას ენიშნება 60 ლარი ოჯახის თითოეულ წევრზე.
ქულების მატებასთან ერთად შემწეობის მოცულობაც იკლებს და ასე გამოიყურება:
30 001-დან 57 001-მდე – 50 ლარი ოჯახის ყველა წევრზე,
57 001-დან 60 001-მდე – 40 ლარი ოჯახის ყველა წევრზე,
60 001-დან 65 001-მდე – 30 ლარი ოჯახის ყველა წევრზე,
და, ბოლოს, იმ ოჯახისთვის, რომლის სარეიტინგო ქულა 100 001-ზე ნაკლებია, საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობა 438 ათას ადამიანს აღემატებოდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 11,8%-ს შეადგენს.
ბევრმა არ იცის, რომ გარდა უშუალოდ საარსებო შემწეობისა, სოციალურად დაუცველები უამრავ სარგებელს იღებენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, იქნება ეს კომუნალური შეღავათები, შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე, კვების ვაუჩერები, ერთჯერადი ფულადი დახმარება და ა.შ.
ეს ყველაფერი ჯამში შეიძლება აღემატებოდეს კიდეც საარსებო შემწეობის თანხას.
მოკლედ განვიხილოთ ის პროგრამები, რომლითაც დედაქალაქში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობა სარგებლობს.
1. კომუნალური სუბსიდირება
პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 ათასს) იანვარში, თებერვალში, მარტში, ნოემბერსა და დეკემბერში დარიცხული ელექტროენერგიის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადის სუბსიდირებას.
კერძოდ, იმ ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 ათასს, სუბსიდიის ჯამური ოდენობა განსაზღვრულია თვეში არაუმეტეს 106 ლარით, ხოლო იმ ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 70 ათასზე და არ აღემატება 200 ათასს, სუბსიდიის ჯამური ოდენობა განსაზღვრულია თვეში არაუმეტეს 20 ლარით.
2. მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური ფულადი დახმარება
პროგრამით სარგებლობენ თბილისში 70 ათასი და უფრო დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებსაც 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი ბავშვი ჰყავთ. თითოეულ ბავშვისთვის განსაზღვრულია ფულადი ბენეფიტი თვეში 50 ლარის ოდენობით.
3. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურება
პროგრამით სარგებლობენ 3-დან 20 წლამდე ასაკის შშმ პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან თბილისში, ან, რეგისტრაციის არქონის შემთხვევაში, მომსახურებას იღებენ თბილისში არსებულ შშმ პირთა დღის ცენტრში.
მერია პროგრამის მოსარგებლეებზე გასცემს ვაუჩერს, რომლის საშუალებითაც ისინი თავად ირჩევენ სასტუმროს საქართველოს კურორტებზე არანაკლებ 6 დღე-ღამის განმავლობაში.
4. 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარება
პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებულ 100 წელს მიღწეულ ხანდაზმულთათვის 1000 ლარის ოდენობით ერთჯერადად ფინანსური დახმარების გაწევას.
5. სოციალურად დაუცველი მოსწავლეების მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებში და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სწავლების დაფინანსება
პროგრამით სარგებლობენ თბილისში რეგისტრირებულ, სოციალურად დაუცველ ოჯახებში (70 ათასზე დაბალი სარეიტინგო ქულით) მცხოვრები 18 წლამდე ასაკის ბავშვები. პროგრამა მათ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებში და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სწავლების ღირებულების ანაზღაურებას ითვალისწინებს. ბენეფიციარებს თითო სახეობის/წრის არჩევის უფლება აქვთ. დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თვეში 30 ლარს შეადგენს.
6. სოციალურად დაუცველი მოსწავლეების ხელოვნების სკოლებში სწავლების დაფინანსება
პროგრამით სარგებლობენ თბილისში რეგისტრირებულ, სოციალურად დაუცველ ოჯახებში (70 ათასზე დაბალი სარეიტინგო ქულით) მცხოვრები 18 წლამდე ასაკის ბავშვები. პროგრამის მიხედვით, ბავშვებს ხელოვნების სკოლებში სწავლების ღირებულება უნაზღაურდებათ, მათ თითო სახეობის არჩევის უფლება აქვთ. დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა კი თვეში 40 ლარს შეადგენს.
7. სოციალურად დაუცველი მოსწავლეების სპორტულ სკოლებსა და საცურაო აუზებზე სწავლების დაფინანსება
პროგრამით სარგებლობენ თბილისში რეგისტრირებულ, სოციალურად დაუცველ ოჯახებში (70 ათასზე დაბალი სარეიტინგო ქულით) მცხოვრები 18 წლამდე ასაკის ბავშვები. პროგრამის მიხედვით, ბავშვებს სპორტულ სკოლებსა და საცურაო აუზებში სწავლება უფინანსდებათ. მათ თითო სახეობის არჩევის უფლება აქვთ. დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა კი თვეში შეადგენს: ფეხბურთი - 50 ლარი, ტანვარჯიში - 35 ლარი, ცურვა - 70 ლარი, სხვა სახეობები - 30 ლარი.
8. შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე
პროგრამის მიხედვით, თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი (70 ათასზე დაბალი სარეიტინგო ქულით) მოსახლეობა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას სხვადასხვა სახის შეღავათით სარგებლობს. კერძოდ, ავტობუსით და მეტროთი მგზავრობის გადასახდელია 0,1 ლარი, მიკროავტობუსით მგზავრობის შემთხვევაში – მგზავრობის საფასურის 50%, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ მგზავრობის გადასახდელი კი 0,5 ლარს შეადგენს.
9. სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებები
ამ პროგრამით თბილისში რეგისტრირებული უმწეო და გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების ის სამედიცინო და სხვა სერვისების მომსახურება ფინანსდება, რომელთა თანაგადახდის მოცულობა ბენეფიციარის მხრიდან აღემატება ათას ლარს.
10. სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის შშმ პირების დახმარება
პროგრამა თბილისში რეგისტრირებულ 18 წლამდე ასაკის შშმ პირებს (150 ათასი და ნაკლები სარეიტინგო ქულით) უწევს ფინანსურ დახმარებას. დახმარების ოდენობა შეადგენს 800 ლარს წელიწადში და გაიცემა ორჯერადად 400–400 ლარის ოდენობით (მაისი-დეკემბერი).
11. „ვოლდ ვიჟენ საქართველოს" სოციალურად დაუცველი ბავშვების დღის ცენტრის თანადაფინანსება
პროგრამის მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახების ექვსი თვიდან 30 თვემდე ასაკის ბავშვების მშობლებს დღის განმავლობაში დღის ცენტრი ემსახურება. საინფორმაციო–საკონსულტაციო მომსახურება მიზნად ისახავს მათი ცნობიერების ამაღლებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კუთხით.
12. სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარება
პროგრამა მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირებს (150 ათასი და ნაკლები სარეიტინგო ქულით) უწევს ფინანსურ დახმარებას. დახმარების ოდენობა შეადგენს 900 ლარს წელიწადში და გაიცემა სამჯერადად 300–300 ლარის ოდენობით (მაისი-აგვისტო-დეკემბერი).
13. სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი 500-ლარიანი დახმარება
პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის (100 ათასი და დაბალი სარეიტინგო ქულით) ახალშობილის შეძენის შემთხვევაში მატერიალურ დახმარების ითვალისწინებს. ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს ერთჯერადად.
თუ მოსარგებლე შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ოჯახის წევრის მესამე ან შემდეგი შვილია, მაშინ იგი მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას შემდეგი ოდენობით: 300 ლარი - მესამე ახალშობილზე; 500 ლარი - მეოთხე ახალშობილზე; ათასი ლარი - მეხუთე და შემდეგ ახალშობილზე.
14. შინ მოვლის თანადაფინანსება
პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების (200 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით) რეგისტრირებული პირების შინ მოვლის მომსახურებით უზრუნველყოფას.
პროგრამის მიხედვით მოსარგებლეებს პერსონალურად უვლიან, ყოველდღიურ საქმიანობაში ეხმარებიან, მისი და მისი გარემოცვის ფსიქოსოციალური დახმარების გზით ახორციელებენ კომპლექსურ მოვლას. აღნიშნული ღონისძიება, ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად, მოიცავს მრავალდარგობრივი გუნდის მიერ ბინაზე მოვლის განხორციელებას.