ექსპერტების შეფასებით, კონტრაბანდის უმთავრესი მიზეზი სიგარეტზე გადასახადის ზრდაა. „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე უკვე შარშან აცხადებდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან სხვადასხვა გზით კონტრაბანდულად შემოაქვთ თურქეთში ნაწარმოები სიგარეტი „მანჩესტერი“, რომელსაც ე.წ. აფხაზური აქციზური მარკები აქვს. ამის შედეგად საქართველოს ბიუჯეტი შემოსავალს კარგავს, იმავდროულად კი ფული აფხაზეთის დე ფაქტო მმართველების ჯიბეში მიდის.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ინფორმაციით, 2019 წელს ფილტრიანი სიგარეტი 31%-ით, უფილტრო კი 30%-ით გაძვირდა. 2015 წლის შემდეგ იმპორტირებული ფილტრიანი სიგარეტი ჯამში 130%-ით არის გაძვირებული.
„გაძვირების მთავარი მიზეზი არის აქციზის ფასის რადიკალური ზრდა, რასაც ადგილი ჰქონდა იანვრის თვეში. 52%-ით გაიზარდა აქციზი და ეს გამოწვეულია დაუგეგმავი სააქციზო პოლიტიკით“, – განაცხადეს იმპორტიორებმა შარშან, დეკემბერში.
იმპორტიორების თქმით, გაძვირება გაგრძელდება, რადგან აქციზის განაკვეთის ზრდა სიგარეტის ფასში ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ასახული. გადასახადის ზრდას ლარის გაუფასურებაც ემატება, რაც სიგარეტს კიდევ უფრო აძვირებს.
თამბაქოს იმპორტიორებმა ფასი შარშან ოთხ ეტაპად გაზარდეს: პირველ და მეორე ეტაპზე 50-50 თეთრით, შემდეგ – 40 თეთრით. დეკემბერში სიგარეტი კიდევ 20 თეთრით გაძვირდა.
ექსპერტების თქმით, ასევე გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს სიგარეტზე აქციზის კიდევ მეტად გაზრდას ავალდებულებს. რამდენიმე წელიწადში განაკვეთი 1000 ღერზე საშუალოდ 90 ევრომდე უნდა გაიზარდოს, რაც კოლოფზე 5,5 ლარი გამოდის. დღეისათვის საქართველოში აქციზის განაკვეთი კოლოფზე 3.3 ლარია. ევროკავშირის წევრი ქვეყნები აქციზის გადასახადს 90 ევრომდე 10 და მეტი წლის განმავლობაში ზრდიდნენ. ხოლო საქართველოს მთავრობა აქციზს გაცილებით სწრაფი ტემპებით ზრდის. მაგრამ ამის შედეგად გაიზარდა ინფლაცია და კონტრაბანდის მასშტაბი. სახელმწიფო ბიუჯეტს კი თამბაქოს სექტორიდან გადასახადების კუთხით მილიონობით ლარის შემოსავალი დააკლდა.
2019 წლის 1 იანვრიდან გაზრდილია ადვალური გადასახადიც იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე – კომპანიები კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად 30%-ს იხდიან. ასევე გათანაბრდა აქციზის განაკვეთი ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე და 1.70 ლარი გახდა. გადაწყვეტილება პარლამენტში ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით ახსნეს. მთავრობის გათვლებით, სიგარეტის გაძვირებას მოხმარება უნდა შეემცირებინა. მაგრამ მწეველების დიდმა ნაწილმა გაძვირებული სიგარეტი შედარებით დაბალფასიანით და ე.წ. გასახვევი თუთუნით ჩაანაცვლა. კომპანია ACT Impact-ის კვლევით, მწეველების დაახლოებით მესამედი გადასახვევი თამბაქოს მოხმარებაზე გადავიდა. იმის გამო, რომ აქციზით მხოლოდ 500 გრამამდე დაფასოებული თუთუნი იბეგრებოდა, ქვეყანაში მისი დიდი მოცულობებით შემოტანა დაიწყო.
მოიმატა კონტრაბანდამ, დაიკლო შემოსავალმა
აფხაზეთის გარდა კონტრაბანდული სიგარეტი შემოდის სომხეთიდანაც, სადაც ის შედარებით იაფი ღირს.
„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ 2019 წლის აპრილის კვლევით, სიგარეტით უკანონო ვაჭრობა 23%-მდე გაიზარდა; 2018 წლის ნოემბერში ზრდა 14%-მდე იყო, უფრო ადრე, 2017 წლის ნოემბერში კი – მხოლოდ 5%.
ე.წ. გასახვევი თუთუნის იმპორტისა და კონტრაბანდის ზრდის პარალელურად შემცირდა ლეგალურად შემოტანილი სიგარეტის რეალიზაცია, რამაც საბიუჯეტო შემოსავლების კლება გამოიწვია. ამის გამო შარშან 10 თვეში ბიუჯეტში აქციზის გადასახადის სახით 200 მილიონი ლარით ნაკლები შევიდა. ამიტომ მთავრობამ გასული წლის 21 ნოემბრიდან გასახვევ თამბაქოზე და თამბაქოს ნედლეულზეც გაზარდა აქციზის განაკვეთი. 30%-მდე გაიზარდა ადვალური გადასახადი უფილტრო სიგარეტზეც, რასაც თამბაქოს ნაწარმის მორიგი გაძვირება მოჰყვა.
საინტერესოა, რომ ჩავარდა ადგილობრივი წარმოების გაზრდის გეგმაც. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს ადგილობრივ თამბაქოზე გაცემული აქციზის რაოდენობა 25-ჯერ შემცირდა. შედეგად, შემცირდა ბიუჯეტში შემოსავალიც. თუ 2018 წელს ბიუჯეტში 54,936 მლნ ლარი შევიდა, 2019 წელს შემოსავალი 35,058 მლნ-მდე შემცირდა.
მთავრობის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანი თამბაქოს მოხმარების შემცირება იყო. თუმცა, აქციზის ზრდამ მწეველთა რიცხვი ვერ შეამცირა. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის უკვე ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე 2019 წლის დასაწყისში აცხადებდა, რომ თამბაქოს მოხმარების კლება 3%-ს შეადგენდა. თუმცა წლის ბოლოს აღიარა, რომ რეგულაციებმა მწეველთა შემცირების თვალსაზრისით დიდი შედეგი არ მოიტანა.
„რეგულაციების მთავარი შედეგი არის სიგარეტის რეკლამის და დახურულ შენობებში მოწევის აკრძალვა. ჩვენმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ინფარქტის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების რიცხვი შემცირებულია, იკლო ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებმაც, რადგან პასიური მწეველები დახურულ შენობებში სიგარეტის კვამლში საათებს აღარ ატარებენ. ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე რომ აიწია აქციზმა და არა ე.წ. შესახვევ თუთუნზე, ეს შეცდომა იყო, რომელიც თავის დროზე ფინანსთა სამინისტრომ დაუშვა. ამის გამო მოწევის შემცირების ამოცანა ჩავარდა“, – განაცხადა ზოიძემ რადიო „კომერსანტთან“. მისი ვარაუდით, თუთუნის დაბეგვრის შემდეგ მოწევა წელიწადში 1%-ით შემცირდება.
თამბაქოს მოხმარების შემცირების ხელისუფლების გეგმას უარყოფითად აფასებს ეკონომისტი აკაკი ცომაია. მისი თქმით, გაძვირების მიუხედავად, თამბაქოს მოხმარება არ მცირდება, რადგან მწეველს აქვს ალტერნატივა – უფრო იაფფასიანი პროდუქცია მოიხმაროს.
„მწეველთა ნაწილი გაცილებით მავნე პროდუქტს იღებს და მისი ჯანმრთელობა იმაზე მეტად ზიანდება, ვიდრე ეს იყო ადრე. ამ გადაწყვეტილების შემდეგ თავისთავად მოიმატა ქვეყანაში კონტრაბანდული გზით სიგარეტის შემოტანამ, რაც ასევე დიდ პრობლემას ქმნის“, – ამბობს ცომაია.
თამბაქოს ინდუსტრია მიიჩნევს, რომ სიგარეტზე აქციზის სწრაფი ზრდის გეგმა, რასაც მთავრობა ახორციელებს, დააზარალებს ბიზნესს და ბიუჯეტს მნიშვნელოვან შემოსავლებს დააკარგვინებს. მათ მთავრობას მიმართეს – სიგარეტზე აქციზი ეტაპობრივად გაიზარდოს და განაკვეთმა ათას ღერ სიგარეტზე 90 ევროს 2029 წლისთვის მიაღწიოს. გარდა ამისა, მხოლოდ ფიქსირებული გადასახადი გაიზარდოს, ადვალური კი 30-დან 10%-მდე შემცირდეს და ამით პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდეს (ადვალური გადასახადი 10-დან 30%-მდე 2018 წლის დეკემბერში გაიზარდა, რასაც სიგარეტის მკვეთრი გაძვირება მოჰყვა). ადვალური გადასახადის შემცირების ხარჯზე ფიქსირებული განაკვეთი გახდეს 80 თეთრი და ის ყოველწლიურად 10 თეთრით გაიზარდოს. ამავე დროს, კერძო კომპანიები ფინანსთა სამინისტროს სთხოვენ, წინასწარ იყვნენ ინფორმირებული აქციზის ზრდის სამთავრობო გეგმის შესახებ, რაც მათ მოსალოდნელი ზარალისგან დაიცავს.
ფინანსთა მინისტრი თამბაქოს ბიზნესს დაჰპირდა, რომ სექტორის განვითარების სამოქმედო გეგმის შედგენისას მათ ინტერესებს გაითვალისწინებდა, თუმცა, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, დაპირება ჯერ არ შეუსრულებია.
თემურ იოსელიანი