საქართველოს ფინანსთა მინისტრი ელექტროსიგარეტებთან დაკავშირებულ სირთულეებზე საუბრობს

გამოწერა
ელექტრონული სიგარეტის აქციზის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო ბიუჯეტი ყოველწლიურად 20 მილიონამდე ლარს კარგავს.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. თამბაქოს ნაწარმის აქციზის ადმინისტრირება გაუმჯობესდა, მაგრამ ელექტროსიგარეტების შემოტანის გამო ბიუჯეტი 20 მილიონამდე ლარს კარგავს, განაცხადა პარლამენტში ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

საქართველოში აქციზურ მარკირებას ექვემდებარება თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმი – თამბაქო, ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის განკუთვნილი სითხეები. მოწევასთან დაკავშირებული ერთადერთი პროდუქტი, რომელიც არ ექვემდებარება აქციზურ მარკირებას, არის თავად ელექტრონული სიგარეტი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
დღგ-ის მენეჯმენტი საქართველოში გახდება ზუსტად ისეთი, როგორიც არის ევროკავშირში

„მიღწეული შედეგებით ცალსახად შეიძლება ვთქვათ, რომ სახეზეა აქციზის გადასახადის ადმინისტრირების არსებითი გაუმჯობესება. ამ მიმართულებით გარკვეული სირთულეები კვლავ შეინიშნება, განსაკუთრებით ელექტროსიგარეტებთან დაკავშირებით. ჩვენი პირველადი დათვლებით, 20 მილიონამდე ლარს კარგავს ბიუჯეტი. ვფიქრობ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ შედეგს’’, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ამავე დროს მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება აგრძელებს ბრძოლას სიგარეტის კონტრაბანდასთან.

მისი თქმით, 2019 წელს უაქციზო სიგარეტის შენახვის 1500-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და ამოღებულია 470 ათასი კოლოფი სიგარეტი.

ამავე დროს მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ თამბაქოს ნაწარმზე აქციზით მიღებულმა შემოსავალმა გასულ წელს 782 მილიონი ლარი შეადგინა.

საქართველოს კიდევ ერთი ისტორიული რეკორდი: ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდა >>

2017 წლის იანვრიდან ერთი კოლოფი ფილტრიანი სიგარეტის აქციზის ფასი 0,6 ლარით გაიზარდა და 1,7 ლარი შეადგინა. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 2019 წელს გათანაბრდა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების სააქციზო განაკვეთი.

გარდა ამისა, 2018 წლის დეკემბრის ბოლოს ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა: 10-დან 30%-მდე კოლოფის ღირებულებიდან გამომდინარე.

შედეგად, ორი წლის განმავლობაში საქართველოში სიგარეტი თითქმის ორ-ნახევარჯერ გაძვირდა. 2019 წელს ფასმა ორჯერ მოიმატა, საშუალოდ 1 ლარით, ამჟამად სიგარეტის ერთი კოლოფი საშუალოდ 4–6 ლარი ღირს.

თუთუნი - Sputnik საქართველო
თბილისში 200 კილოგრამზე მეტი უაქციზო თუთუნი აღმოაჩინეს

გარდა ამისა, 2019 წლის 21 ნოემბრიდან საქართველოში დაუფასოებელი სახით ნებისმიერი სახეობის თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია აიკრძალა. კერძოდ, საუბარია თამბაქოს ნედლეულზე, ჩიბუხის თამბაქოზე, შესახვევ თამბაქოზე და ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილ თამბაქოზე.

აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დაფასოებულია 50- ან 100-გრამიან პირველად შეფუთვაში. ამ წესით დაფასოებული თამბაქო უნდა იყოს აქციზური მარკით ნიშანდებული.

თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფზე ან ბლოკზე განთავსებული უნდა იყოს სამედიცინო გაფრთხილება და დაცული იყოს „თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

ყველა ახალი ამბავი
0