თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში 201,7 კილოგრამი უაქციზო თუთუნი ამოიღეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებში.
უწყების ცნობით, აქედან 14 შემთხვევაში გამოვლენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი, რის შედეგადაც ამოღებულია დაახლოებით 57,1 კგ უაქციზო თუთუნი, სამ შემთხვევაში კი სისხლის სამართლის დანაშაული დადგინდა, რის შედეგადაც 144,6 კგ უაქციზო თუთუნი ამოიღეს.
საქართველოში დაუფასოებელი სახით ნებისმიერი სახეობის თამბაქოს ნაწარმის რეალიზებაზე აკრძალვა 2019 წლის 21 ნოემბრიდან შევიდა ძალაში. საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, აიკრძალა თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, საჩიბუხე თამბაქოს, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქოსა და შესახვევი თუთუნის ნეტო მასით 50- ან 100-გრამიან პირველად საფუთავებში დაფასოების გარეშე მიწოდება.
აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია 50- და 100-გრამიან შესაფუთებში.
ამ წესით დაფასოებული თამბაქო ასევე უნდა იყოს აქციზური მარკით ნიშანდებული.