„რაც უფრო ძვირდები, მით უფრო მხიბლავ", ანუ დაფასებული ბიჩოკი...

© Sputnik / STRINGERთბილისის ერთ-ერთი ქუჩა
თბილისის ერთ-ერთი ქუჩა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიგარეტი გაძვირდა, ფასები მომავალშიც მოიმატებს. რატომ? რას ემსახურება სამთავრობო პოლიტიკა თამბაქოს ინდუსტრიასთან მიმართებაში, როგორია გაყიდვებში კონტრაბანდის წილი და ვინ აკონტროლებს ე.წ. შავ ბაზარს?

სამსონ ხონელი

წინადადება მაქვს – ცოტა გავერთოთ... გაგიხარია, გასართობად გაქვს საქმე, ბრძანებს მკითხველი და რა უნდა ვუთხრა? სულ სერიოზული თვალით მტერმა უყურა ქვეყანას, ამიტომაც რეპლიკას არ შევიმჩნევ და ჯიუტად მივაწვები პირველ ჩვენებას.

გამოცანას შემოგთავაზებთ, უფრო სწორად, მე კითხვას დავსვამ, თქვენ პასუხის გაცემა სცადეთ: „რაც უფრო ძვირდები, მით უფრო მხიბლავ“, როგორ ფიქრობთ, ვის ეკუთვნის ეს ოქროს სიტყვები, რომელთაც რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ბორიალისას წავაწყდი და უბის წიგნაკში ჩავინიშნე? აქვე დავამატებ – ვინ ან რა არის ავტორის ადრესატი? დრო მოფიქრებისთვის – სულ რაღაც ოცდახუთი წამი. რატომ ოცდახუთი? − ამ კითხვას მოგვიანებით ვუპასუხებ, მანამდე კი წამზომი ჩაირთო... ვინც უპასუხეთ, აფერუმ თქვენი მიხვედრილობის უნარს, ვინც ვერა, სოფელი დიდია და გულს ნუ გაიტეხთ, თავად დაგაწევთ პასუხს. ავტორი ერთი მათგანია, ვინც ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა, რომ მოწევა კლავს, აუგად ეპყრობა საკუთარ ჯანმრთელობას და არ უფრთხილდება სხვისას, არ ინდობს ბიუჯეტს და ფილტვებთან ერთად ფინანსებსაც წვავს. ადრესატი სიგარეტია, რომელსაც ჩვენში უკვე ირიბი მნიშვნელობითაც ცეცხლი უკიდია...

თამბაქოს ჯიხური - Sputnik საქართველო
მწეველების კალკულატორი: რამდენით და რატომ გაძვირდება კიდევ სიგარეტი

სოციალური ქსელში მწეველების მრავალი პროზაული თუ პოეტური სტრიქონები ამოვიკითხე და ბევრიც ვიხალისე, აღარ ჩამოვთვლი. მუზა – ნიკოტინისადმი ლტოლვაა, შემოქმედების მოტივი კი − სიგარეტის მორიგი გაძვირება. ბოლო პერიოდში თამბაქოზე ფასებმა საშუალოდ ოცდახუთი პროცენტით მოიმატა. დარწმუნებული ვარ, მკითხველი მიმიხვდა ჩანაფიქრს, მოსაფიქრებლად რატომ მიეცა ოცდახუთი წამი. რა ადვილად და ხალისით იწერება სტატია ამ თემაზე, როცა არ ხარ თამბაქოს მომხმარებელი.

მოკლედ, ბოლო ერთი თვეა, რაც სიგარეტი ერთი ლარით გაძვირდა. დარგის სპეციალისტები და ექსპერტ-ანალიტიკოსები ფასის მატებას გადასახადის ზრდას უკავშირებენ, მაგრამ მიანიშნებენ, რომ გაძვირება ასეთი მასშტაბური არ უნდა ყოფილიყო. ფასი საბოლოოდ ადვალური გადასახადის გასამმაგებამ გამოიწვია. ეს რაღა დოზანაა?! − შესაძლოა ჩამეძიოს გადასახადების სტრუქტურაში გაუთვითცნობიერებელი მკითხველი. განვმარტოთ: ადვალური გადასახადი არის ის კიდევ ერთი ტიპის მოსაკრებელი, რომელსაც თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები სახელმწიფო ბიუჯეტში იხდიან. აქციზისგან განსხვავებით, რომელიც ფიქსირებულია, ადვალური გადასახადი მიბმულია პროდუქტის სარეალიზაციო ღირებულებასთან. თუ გასული წლის მიწურულს ის ერთი კოლოფი სიგარეტის ფასის 10 პროცენტს შეადგენდა, საგადასახადო ცვლილებების შემდეგ ფილტრიანი სიგარეტისთვის სამჯერ დიდი, 30 პროცენტია...

არა სიგარეტს - Sputnik საქართველო
მკაცრი კანონპროექტი: აიკრძალება თუ არა სიგარეტის მიყიდვა 100 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის

ერთი სიტყვით, დღეს ბაზარზე იაფი სიგარეტი რეალურად აღარ არსებობს. თამბაქოს მასშტაბური გაძვირების პარალელურად მცირდება მოხმარებაც. წინა ორი წლის განმავლობაში უფილტრო სიგარეტზე, სიიაფის გამო, მოთხოვნა გაორმაგებული იყო. 2018 წელს რეალიზაცია 46 პროცენტს შეადგენდა. ტენდენცია შეიცვალა. ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე გაცემული აქციზური მარკები ექვსი მილიონი კოლოფით შემცირდა, რაც თამბაქოს ბაზრის ვარდნაზე მეტყველებს.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან თამბაქოზე გადასახადებმა მნიშვნელოვნად მოიმატა. გასული წლის ბოლოს დაჩქარებული წესით მიღებული კანონპროექტით გათანაბრდა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის აქციზის განაკვეთი და მან 1.70 ლარს მიაღწია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 30 პროცენტამდე გაიზარდა ადვალური გადასახადი ფილტრიან სიგარეტზე. ცვლილებამ სამომხმარებლო ბაზარზე ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის დაახლოებით 20-25 პროცენტით გაძვირება გამოიწვია.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ აქციზის გაძვირება მიმდინარე წელს თამბაქოს ბაზარს კიდევ შეამცირებს.

სიგარეტის გაყიდვა - Sputnik საქართველო
საქართველოში სიგარეტი გაძვირდა

„ბრიტიშ-ამერიკან ტობაკოს“ კორპორაციული დირექტორი ზვიად სხვიტარიძე: „მხოლოდ დღეს სიგარეტი ორმოცდაათი თეთრით გაძვირდა. ეს არის რიგით მეორე ფასების ზრდა სიგარეტზე. თუმცა ყველაფერი ამით არ სრულდება, მესამე და მეოთხე ფაზაც იქნება. გაძვირება კი აქციზის განაკვეთისა და ადვალური გადასახადის მატებამ გამოიწვია. სიგარეტის გაძვირების პროცესი ამით არ დასრულდება და მომავალშიც გაგრძელდება. სავარაუდოდ, სიგარეტით ვაჭრობა „შავ ბაზარზე” გადაინაცვლებს. დღეს ძალიან ცოტა მეგულება ისეთი, ვინც ფასის გამო თავს დაანებებს მოწევას. გაყიდვების შემცირების მიზეზი არალეგალური პროდუქტის შემოდინებაა, რაც ბოლო პერიოდში საგრძნობლად არის მომატებული, ამას ადასტურებს სტატისტიკური მონაცემებიც...“

ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ თამბაქოს ინდუსტრიასთან მიმართებაში მთავრობის პოლიტიკა რისკებს შეიცავს...

სიგარეტი - Sputnik საქართველო
ყველა ექიმი ასე ამბობს, მაგრამ არაფერი მოგივა, მოწიე – ჯანსაღი ცხოვრების წესი ქართულად

ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი: „თამბაქოს პროდუქციის გაძვირების მიზეზად მხოლოდ აქციზს ვერ განვიხილავთ. ფასის კომპონენტში რეალურად წვლილი შეიტანა ადვალურმა გადასახადმა, რომელიც სამჯერ გაიზარდა. 30 პროცენტი ამ ტიპის გადასახადისთვის – ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. გაძვირება გარდაუვალია. მწარმოებელი კომპანიები ფასის ეტაპობრივ ცვლილებას ცდილობდნენ და თამბაქოს ღირებულება ერთბაშად არ გაზრდილა. ბიზნესი და მომხმარებელი ძალიან დაზარალდა. ეს ყველაფერი გამოიწვია პოლიტიკამ, რომელსაც მთავრობის ეკონომიკური გუნდი ატარებს. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს საკმაოდ რისკიანი და დაბალეფექტური პოლიტიკაა, რაც „შავი ბაზრის“ წილს კიდევ უფრო გაზრდის. არსებული რეალობაც ამის დასტურია. ყოველწლიურად იზრდება კონტრაბანდა, 2014 წელთან შედარებით, 2017 წელს დაახლოებით 48-ჯერ გაიზარდა არალეგალური თამბაქოს წილი. ეს, რაც გამოვლინდა, სხვა საკითხია, რაც არ ვიცით. სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება. ამ ინიციატივის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ეს არის თამბაქოს ინდუსტრიის პათოსი, რასაც ვერ დავეთანხმები. საინტერესოა, როდემდე მოახერხებენ ასეთი აბსურდული მიზეზებით თავის გამართლებას?! „შავი ბაზრის“ წილი ნახტომისებურად იზრდება და ეკონომიკა კარგავს სარგებელს. ეს საფრთხე იყო 2005-2007 წლებში და ახლაც ამისკენ მივექანებით...“

სტატიის დასასრულს მინდა ყველა მწეველს გულწრფელად მოგიბოდიშოთ, პატიება გთხოვოთ, რადგან ვიცი, ვერაფრით განუგეშეთ. და ისეთი პირი უჩანს, რომ თამბაქოს „გაძვირებით ხიბლი“ კიდევ დიდხანს მოგიწევთ... მარტივად შეგახსენებთ, მოწევა ნაადრევ სიკვდილს იწვევს!..

 

ყველა ახალი ამბავი
0