თბილისის მერიამ „სითი პარკთან“ დავა $4,3 მილიონის გადახდით მოაგვარა

გამოწერა
თებერვლის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ „სითი პარკს“ $4.3 მილიონი გადაუხადა და ორი წლის წინ დაწყებული დავა მორიგებით დასრულდა.

მას შემდეგ, რაც კახა კალაძის უწყებამ პარკინგის კომპანიას კონტრაქტი გაუწყვიტა, „სითი პარკი“ არბიტრაჟით და $25 მილიონის კომპენსაციის მოთხოვნით დაიმუქრა. მაშინ კალაძე კომპენსაციის გადახდაზე კატეგორიულ უარზე იყო და „სითი პარკს“ იქით ადანაშაულებდა ვალდებულებების შეუსრულებლობაში.

საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო
„საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამის მორიგი დეფიციტი

რას ერჩოდნენ „სითი პარკს“

პარკინგის კომპანია „სითი პარკი“ დედაქალაქში 2007 წლიდან შემოვიდა. მაშინ თბილისის მერი გიგი უგულავა იყო. ფასიანი პარკინგის სისტემის ამოქმედებას სიხარულით ალბათ არავინ შეხვდა, სიტუაციას დაერთო ჯარიმები და სანქციები, რაც კიდევ უფრო არ მოსწონდათ მძღოლებს. ამ მდგომარეობას კარგად იყენებდა მაშინდელი ოპოზიცია, რომელიც ხალხს არჩევნებში მხარდაჭერის შემთხვევაში „სითი პარკის“ გაძევებას ჰპირდებოდა.

ცხადია, ანგელოზები არც „სითი პარკის“ წარმომადგენლები იყვნენ და რამდენიმე შემთხვევაში სასამართლოც წააგეს იმ მძღოლებთან, ვინც მათ უფლებამოსილების გადაჭარბებაში ედავებოდა. ყველაფრის მიუხედავად, სანამ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, „სითი პარკი“ თავის საქმიანობას განაგრძობდა. 2013 წლიდან კი, რაც თბილისის მერი „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით ნარმანია გახდა, კვლავ გააქტიურდა „სითი პარკის“ ქალაქიდან გაძევების თემა. თუმცა, ნარმანიამ მოგვიანებით განაცხადა, კონტრაქტში ისეთი პირობებია, ურთიერთობის გაწყვეტის შემთხვევაში დედაქალაქის ბიუჯეტს 25 მილიონი ლარის კომპენსაციის გადახდა მოუწევსო. ამიტომაც კონტრაქტის შეწყვეტაზე თავი შეიკავა.

სიგარეტი მარაზიაში - Sputnik საქართველო
სიგარეტი კიდევ გაძვირდება, კონტრაბანდა კი დღითი დღე იზრდება

მაგრამ უკვე 2018 წელს „სითი პარკს“ ახალმა მერმა კახა კალაძემ მაინც შეუტია.

„სითი პარკმა“ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ერთადერთი ვალდებულება – საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა – დახაზვა, საპარკინგე ნიშნების მოწყობა, ასევე შშმ პირებისთვის საპარკინგე ადგილების მოწყობა, რასაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა. დაახლოებით 30%-ზე მეტი საპარკინგე სივრცეები არის მოუწესრიგებელი. სწორედ აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ჩვენ არანაირი ზიანის ანაზღაურება არ დაგვეკისრება. იმაზე მეტი ვადები მივეცით, ვიდრე ეს ხელშეკრულება ითვალისწინებდა“, – ეს თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებაა.

ტურისტები თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
რამდენიმე საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუარესდა

„სითი პარკი“ მერიას სასამართლოში დავით დაემუქრა

მას შემდეგ, რაც თბილისის მერმა „სითი პარკთან“ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე გამოაცხადა, კომპანიის მფლობელებმა, რომლებიც ისრაელის მოქალაქეები არიან, გაავრცელეს განცხადება, სადაც ეწერა, რომ „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტა იყო უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ ეპყრობა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ინვესტორებს. დევიდ პილამ და ნათან შორერმა ასევე განაცხადეს, რომ „სითი პარკი“ ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებდა თავისი უფლებების დასაცავად.

ამის მიუხედავად, კალაძის უწყებამ გეგმა არ შეცვალა, პარკირების სისტემა თბილისის სატრანსპორტო სამსახურს დაუქვემდებარა და პარკინგის უფლება სხვა კერძო კომპანიისთვის აღარ გადაუცია. დღემდე თბილისის მერია თავად განკარგავს პარკინგს, თავად ყიდის საშვებს და თავად იღებს შემოსავალს.

აქცია აზარტული თამაშების წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
შემოსავლების მიხედვით კომპანიების ტოპ-ათეულში უმეტესობა აზარტული თამაშების კომპანიაა

ოპოზიციის კრიტიკა თბილისის მერიას

როდესაც თებერვალში ცნობილი გახდა, რომ თბილისის ბიუჯეტს „სითი პარკის“ მესვეურებისთვის დაახლოებით 12 მილიონი ლარის გადახდა მოუწია, დედაქალაქის მერს ოპოზიციამ შეუტია.

„კახა კალაძე მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ „სითი პარკთან“ კონტრაქტის გაწყვეტა ბიუჯეტს არ დაუჯდებოდა არც ერთი თეთრი, რაც არის „ქართული ოცნების“ მორიგი წინასაარჩევნო ტყუილი და არაკომპეტენტურობა“, – ასე გამოეხმაურნენ „ევროპულ საქართველოში“ „სითი პარკისთვის“ კომპენსაციის გადახდას.

ირმა ნადირაშვილმა და ლევან თარხნიშვილმა ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ, დაპირების მიუხედავად, პარკინგის პრობლემების მოსაგვარებლად კალაძეს არაფერი გაუკეთებია. ეს იმ დროს, როცა ორი წლის განმავლობაში პარკირების გადასახადიდან თბილისის ბიუჯეტში 50 მილიონ ლარზე მეტი შევიდა

„ფაქტობრივად გამოვიდა, რომ კახა კალაძემ თავისი პოპულისტური და არაკომპეტენტური ახირების გამო ბიუჯეტის ხარჯზე მოაწყო მორიგი კორუფციისა და ნეპოტიზმის ბუდე თბილისის მერიაში“, – განაცხადეს „ევროპული საქართველოს“ წევრებმა.

საცობი თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
რა იცვლება მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის ახალი წლიდან

„პარკირების პრობლემას მოვაგვარებთო, ხომ თქვით. „სითი პარკი“ გაიყვანეთ. ხალხს „სითი პარკი“ კი არ სწყენდა, ჯარიმების და საპარკინგე ადგილების პრობლემა იყო, თორემ „სითი პარკის“ სახელთან არ ჰქონია პრობლემა. დახაზვა არის პარკირების პრობლემის მოგვარება?! თქვენ გგონიათ, საღებავს რომ დაასხამთ, საპარკინგე ადგილს დახაზავთ, ეგ იქნება პრობლემის მოგვარება?!“ – მიმართა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა დედაქალაქის მერს.

კახა კალაძის პასუხი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილისის პარკინგთან“ დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს სიცრუეს უწოდებს და განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანია „სითი პარკისგან“, ტექნიკასთან ერთად, 50 000 მოქალაქის ჯარიმა გადაიბარა.

კალაძის თქმით, „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტისა და კომპანიის ბალანსზე არსებული ტექნიკის გადმობარებისთვის თანხა ბიუჯეტიდან არ დახარჯულა.

„ეს ზუსტად ის თანხები იყო, რომელიც კონკრეტულად იმ კომპანიის ჯიბეში უნდა წასულიყო. ჩვენ ორი წელია, შევწყვიტეთ ეს ხელშეკრულება, რომელსაც ვადა 2025 წელს ეწურებოდა და იმ თანხით, რომელიც აღნიშნული კომპანიის მოგებაზე უნდა ასახულიყო, გარიგება მოგვიწია. ისინი რომ საარბიტრაჟო სასამართლოში წასულიყვნენ, არ აქვს მნიშვნელობა, მოვიგებდით თუ წავაგებდით, ეს გარკვეულ თანხებთან იყო დაკავშირებული. 4 300 000 აშშ დოლარი იქნა გადახდილი კომპანიასთან მორიგებისთვის. აღნიშნული თანხით ჩავიბარეთ ტექნიკა, რომელიც „სითი პარკს“ გააჩნდა. გარდა ამისა, გადმოვიბარეთ 50 000 მოქალაქის ვალი, იგივე ჯარიმა, რომელიც დღეს ჩვენი საკუთრებაა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საავადმყოფოს კორიდორი - Sputnik საქართველო
რას მოიტანს კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფების დაწესება

თბილისის მერის განცხადებით, ორი წლის განმავლობაში, რაც ოპერირება „თბილისი პარკინგმა“ დაიწყო, დედაქალაქის მერიამ შემოსავლის სახით დაახლოებით 22 მილიონი ლარი მიიღო.

„წლის განმავლობაში „სითი პარკი“ 1,2 მილიონ ჯარიმას წერდა. შესაბამისად, მოსახლეობის უკმაყოფილება შემთხვევითი არ ყოფილა. კომპანიის ძირითადი შემოსავლის წყარო მოქალაქეების დაჯარიმება იყო. მოსახლეობა აპროტესტებდა, რომ ისინი არასწორად ახორციელებდნენ თავიანთ უფლებამოსილებას და ამასთან დაკავშირებით სასამართლოში უამრავი საჩივარი შედიოდა. ჩვენ სწორი, რაციონალური გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლითაც არც ბიუჯეტი და არც მოქალაქეები არ დაგვიზარალებია. დღეს პარკირებიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მიღებული შემოსავლები ხმარდება გამწვანების სამუშაოებს, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
რა კავშირშია ლარის კურსის ცვლილება მიმოქცევაში ლარის მასის ცვლილებასთან

კალაძის ინიციატივა - „სითი პარკის“ ჯარიმების ამნისტია

მას შემდეგ, რაც „სითი პარკთან“ დავა მორიგებით დასრულდა, კალაძემ განაცხადა, რომ „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმები, რომელთა მოცულობაც 850 000 ლარია, მოქალაქეებს ჩამოეწერებათ. საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება მან თბილისის ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დაავალა.

საინტერესოა, რომ დღეს, როცა თბილისის მერი „სითი პარკის“ ჯარიმების უსამართლობაზე და ამნისტიაზე ლაპარაკობს, ორი წლის წინ, პარკინგის უფლების თბილისის მერიისთვის გადაცემისას, სხვა დამოკიდებულება იყო. მაშინ აქტიური მედიაკამპანია გაჩაღდა, რომ „სითი პარკის“ ჯარიმების გადახდა ჩვეულებრივ ეკისრებოდათ დაჯარიმებულ მძღოლებს და მათ არავინ არაფერს პატიობდა. უცნობია, „სითი პარკის“ გაშვების შემდეგ რა თანხის ჯარიმებია გადახდილი იმ 50 000 მოქალაქის მიერ, ვისზეც კახა კალაძე აცხადებდა, რომ მათ „სითი პარკისგან“ ვალებიც გადმოიბარეს და ეს თბილისის მერიის აქტივი გახდა.

თბილისი - Sputnik საქართველო
რატომ ვერ ითვისებს მთავრობა ბიუჯეტს და რატომ იღებს დამატებით ვალს

ამასობაში კი ნელ-ნელა თბილისში საათობრივი პარკინგის სისტემა ვითარდება, ის, რაზეც ადრე „სითი პარკს“ უარის თქმამ მოუწია. კალაძის განცხადებით, 2020 წლის 10 მარტიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ბარათაშვილის ქუჩაზეც ამოქმედდა. მანამდე ზონალური პარკირება მხოლოდ კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩაზე და ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე მოქმედებდა, სადაც 1 საათით ავტომობილის გაჩერება 1 ლარი ღირს.

ასე რომ, „სითი პარკის“ გაშვების შემდეგ არც პარკინგი გაიაფებულა, არც საპარკინგე ადგილებია გაზრდილი, ზონალური ტარიფიც შემოვიდა და რაც, ალბათ, არანაკლებ მნიშვნელოვანი და არასახარბიელოა, კერძო კომპანიისთვის გადაცემული ფუნქცია ისევ სახელმწიფომ დაიბრუნა. ერთადერთი, რაც ახლა გარკვეულია, ისაა, რომ მძღოლების მიერ პარკირებაში და ჯარიმებით გადახდილი თანხა მერიის სტრუქტურებში შედის, თუმცა ისიც ნათელია – ქალაქს არაფერი ეტყობა იმისა, რომ ეს თანხა პარკირების პრობლემის გადაჭრას ხმარდება.

თემურ იოსელიანი

ყველა ახალი ამბავი
0