წლის ბოლოს მოახლოებასთან ერთად არ იცვლება ტრადიცია – პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტში მორიგ ცვლილებებს იხილავს და, სავარაუდოდ, ტრადიციულად დაამტკიცებს კიდეც. ცვლილების პროექტის მიხედვით, იზრდება ბიუჯეტის შემოსულობებიც და გადასახდელებიც. რამაც განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია – მნიშვნელოვნად იზრდება სახელმწიფო შიდა ვალი, რომლის აღებასაც მთავრობა წლის ბოლომდე გეგმავს.
ცვლილების პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა იზრდება 92.8 მილიონი ლარით და შეადგენს 12 965 მლნ ლარს. 223.1 მლნ ლარით იზრდება აგრეთვე გადასახდელების მოცულობაც და ის 13 313 მლნ ლარს გადააჭარბებს. რაც შეეხება შიდა ვალს, ცვლილების თანახმად, „საშინაო ვალდებულებების ზრდის“ მუხლი 400 მლნ ლარით იზრდება და 900 მლნ ლარს შეადგენს.
როგორც ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, მოცემული ცვლილებებით მთავრობა უკვე გაწეული ხარჯების ქაღალდზე ასახვას აგრძელებს. შესაბამისად, უკვე დახარჯული თანხა მოგვიანებით აისახება ბიუჯეტის კანონში. რაც შეეხება შიდა ვალის ზრდას, აქ რამდენიმე მიზეზზე ამახვილებენ ყურადღებას.
ბიუჯეტში დამატებითი სესხის აღება, ექსპერტების თქმით, რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ერთ-ერთი გახლავთ დაგეგმილი შემოსულებლობის არასაკმარისად მიღება. კერძოდ, უცხოური გრანტებისა და სესხების დაგეგმილის მხოლოდ 56%-ის მიღება-ათვისება იანვარი-აგვისტოს ჩათვლით – დაგეგმილი 1.686 მლრდ-დან ქვეყანაში მხოლოდ 442 მილიონი შემოვიდა. ეს ნიშნავს, რომ დაგეგმილის სრულად შესასრულებლად საქართველომ მომდევნო 4 თვის განმავლობაში 1.244 მლრდ ლარი უნდა მიიღოს. ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, იცის, რომ ეს ვერ მოხერხდება და ამიტომაც იღებს შიდა ვალს.
დამატებითი შიდა ვალის აღების მიზეზია ასევე საგარეო ვალის მომსახურების გაძვირება. ლარის გაუფასურებამ ამ მიმართულებაზეც დამატებითი რესურსის გამოძებნის აუცილებლობა შექმნა.
ვალის აღების საფუძველს ასევე ბიუჯეტში ხარჯების ზრდაც ქმნის – მოქმედი მოცულობა 9.641 მლრდ ლარია, ცვლილების პროექტში კი ბიუჯეტის ხარჯები 9.999 მლრდ ლარამდე იზრდება.
კომენტარები
„ხარჯების უდიდესი ნაწილი უკვე გაწეულია, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტს ეს ბიუჯეტი ჯერ არ დაუმტკიცებია“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე. მისი თქმით, დიდია შანსი, რომ თანხები უკვე გახარჯულია და ახლა სიტუაციის გამოსწორება მთავრობას ბიუჯეტის კორექტირებით სურს.
„შემდეგ, ბოლოში მოხდება ამ თანხის შიდა ვალის ზრდით გადაფარვა. მთავრობა ზრდის შიდა ვალს, რაც უარყოფითად აისახება ლარის კურსზე... მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი არის ერთ-ერთი მამხილებელი იმისა, რომ ლარის გაუფასურებაში ლომის წილი მიუძღვის მთავრობას. ასევე, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის შეცდომებს, მაგრამ ის უსარგებლო და არასწორი ხარჯვა, რომელიც იყო ბოლო თვეების განმავლობაში, გახდა ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი, და გადაბრალება, რომ უცხოეთიდან ვალუტა არ შემოდის, აღმოჩნდა ტყუილი“, – ამბობს გოცირიძე.
მისი თქმით, ბიუჯეტის ნაშთები მცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული ფული ამოდის და პარლამენტის მიერ ბიუჯეტის დამტკიცების გარეშე იხარჯება ამ პერიოდის განმავლობაში.
„მაგალითად, თბილისის მერიამ კრედიტი აიღო, ფული დახარჯა და ახლა ბიუჯეტმა უნდა მისცეს ის თანხები, რომლითაც შემდეგ ბანკის ვალი უნდა გადაიხადოს“, – აცხადებს გოცირიძე.
ფინანსისტი აკაკი ცომაია ვარაუდობს, რომ შიდა ვალის გასაზრდელ 400 მლნ ლარს ხელისუფლება არა პროექტების დასაფინანსებლად, არამედ 2020 წლის არჩევნებისთვის დახარჯავს.
„როდესაც ბიუჯეტის შესრულების კოეფიციენტი დაბალია, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ვერ ითვისებს შესაბამის ხარჯებს და რადგან ვერ ითვისებს, ესე იგი, მან არ იცის როგორ უნდა მართოს ის ფინანსები, რაც აქვს“, – ამბობს ცომაია. მისი თქმით, დამატებითი ვალის აღება დღესვე დამატებით ხარჯებს ნიშნავს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ინფლაციურ წნეხს.
„ესაა ის ფასი, რომელსაც საზოგადოება გადაიხდის. ფული კი ისევე გაიფლანგება, როგორც აქამდე უყაირათოდ იფლანგებოდა“, – ამბობს ცომაია გაზეთ „რეზონანსთან“.
საინტერესო იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია დამატებითი შიდა ვალის აღების მიზანშეწონილობაზე:
„განმარტებითი ბარათის მიხედვით, საშინაო ვალდებულებების ზრდა დაკავშირებულია რესურსების მობილიზების საჭიროებით 2020 წლის იანვარში ე.წ. „ბენჩმარკ ბონდების“ დაფარვასა და მიმდინარე წელს მუნიციპალური პროექტების დასაფინანსებლად. უნდა აღინიშნოს, რომ გეგმა-გრაფიკის მიხედვით, მიმდინარე წელს „ბენჩმარკ ბონდების“ დაფარვა არ იგეგმება და წარმოადგენს მომავალი წლის ბიუჯეტის ვალდებულებას. შესაბამისად, აღნიშნული ვალდებულებების გათვალისწინება მიზანშეწონილია მომავალი წლის ბიუჯეტის კანონში“, – აღნიშნულია ტექსტში.
მთავრობის პასუხი კი ასეთია:
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის უნივერსალობისა და ყოვლისმომცველობის პრინციპების გათვალისწინებით შემოსულობების არც ერთი სახე (გარდა საინვესტიციო გრანტებისა და კრედიტებისა) არ მიიმართება კონკრეტული გადასახდელების დასაფინანსებლად.
საშინაო ვალის ზრდასთან მიმართებაში არგუმენტები წარმოდგენილია იმის დასადასტურებლად, თუ რამ გამოიწვია დამატებითი რესურსების მობილიზების აუცილებლობა. ფისკალური პოლიტიკის მდგრადობისა და ფულადი სახსრების სწორი მართვისთვის აუცილებელია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი საკმარის ნიშნულზე იყოს 2019 წლის ბოლოსათვის, რათა შეუფერხებლად დაფინანსდეს 2020 წლის დასაწყისში გასაწევი გადასახდელები“.
ამ ეტაპზე 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით იხილავს. თუ ბიუჯეტის ათვისების მაჩვენებელს და წლების ტრადიციას გავიხსენებთ, წლის ბოლოს, წესით, მთავრობა ერთბაშად გაზრდის ხარჯებს, რათა თანხების ათვისებაში ჩამორჩენა აღმოფხვრას და დაგეგმილი მაჩვენებლები წლის ბოლოს მაინც შეასრულოს. ამ ფონზე კი გაუფასურებული ლარის „გამყარების“ მოლოდინი სულ უფრო ემსგავსება „აუხდენელ ოცნებას“.
თემურ იოსელიანი