რამდენიმე საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუარესდა

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები თბილისის ცენტრში
ტურისტები თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
2020 წლის დადგომის შემდეგ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მაჩვენებლები გახდა ცნობილი, სადაც საქართველოს პოზიციები გაუარესებულია.

კორუფციის აღქმის ინდექსი

The Corruption Perceptions Index – ანუ კორუფციის აღქმის ინდექსი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ ყოველწლიურად ქვეყნდება. 2019 წლის კვლევაში, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს 56 ქულა აქვს და 44-ე ადგილს იყოფს კოსტა-რიკასთან, ჩეხეთთან და ლატვიასთან.

საქართველოს შედეგი 2 ქულით გაუარესდა წინა წელთან შედარებით. ამის მიუხედავად, საქართველო კვლავ პირველ ადგილს იკავებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შედეგების ანალიზში ვკითხულობთ: „სახელმწიფოს მიტაცება და ძალაუფლების კონცენტრაცია კერძო სუბიექტების ხელში მნიშვნელოვან დაბრკოლებად რჩება რეგიონში. საკვანძო ინსტიტუტებზე არაჯეროვანი გავლენა კვლავაც ძირითადი გამოწვევაა პოლიტიკური სისტემის კეთილსინდისიერებისთვის საქართველოში, რომლის შედეგიც კორუფციის აღქმის ინდექსში ორი ქულით გაუარესდა გასულ წელთან შედარებით“.

აქცია აზარტული თამაშების წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
შემოსავლების მიხედვით კომპანიების ტოპ-ათეულში უმეტესობა აზარტული თამაშების კომპანიაა

საერთაშორისო დონეზე საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ და, შესაბამისად, პირველ ათეულში შედიან დანია, ახალი ზელანდია, ფინეთი, სინგაპური, შვედეთი, შვეიცარია, ნორვეგია, ნიდერლანდები, გერმანია და ლუქსემბურგი. 

რეგიონის ქვეყნებიდან 2019 წლის ინდექსში, 2018 წელთან შედარებით, გაუმჯობესდა სომხეთისა (77-ე ადგილი) და აზერბაიჯანის (126-ე ადგილი) შედეგები (შესაბამისად, შვიდი და ხუთი ქულით).

აღნიშნულ რეიტინგში თუნდაც მცირედი გაუარესება დასანანია იმ ფონზე, როდესაც გასულ წლებში საქართველოს ამ მიმართულებით თვალში საცემი წინსვლა ჰქონდა. თუ 2004 წელს ქვეყანა 133-ე ადგილს იკავებდა, 2012 წელს უკვე 51-ე პოზიცია ჰქონდა. 8 წელიწადში ასეთი პროგრესი Corruption Perceptions Index-ში სხვას არასდროს ჰქონია.

საცობი თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
რა იცვლება მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის ახალი წლიდან

რეგრესი კორუფციის რისკის ინდექსში

Trace International-ის მიერ გამოქვეყნებული ბიზნესის კორუფციის რისკის ინდექსის მიხედვით, რომელიც ბიზნესის რისკს განსაზღვრავს, 2019 წელს საქართველო 200 ქვეყანას შორის 27-ე ადგილზეა 26 ქულით. ეს მაჩვენებელი 2018 წლის ანალოგიურია, მაგრამ გაუარესებულია 2017 წლის მონაცემებთან შედარებით, როცა საქართველო 25-ე ადგილს იკავებდა 23 ქულით.

საერთაშორისო დონეზე ბიზნესში კორუფციული რისკების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ახალ ზელანდიაში გამოვლინდა და 4 ქულით შეფასდა, ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა სომალიში, სადაც ბიზნესის კორუფციული რისკი 94 ქულას შეესაბამება.

ყველაზე დაბალი კორუფციული რისკის ქვეყნებად შეფასდნენ და პირველ ათეულში მოხვდნენ ახალი ზელანდია, ნორვეგია, დანია, შვედეთი, ფინეთი, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, კანადა, გერმანია და ჰონკონგი.

World Justice Project (WJP)-ის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით საქართველო 2019 წელს 126 ქვეყანას შორის 41-ე ადგილზეა 0.61 ქულით, კორუფციისგან თავისუფლების მიმართულებაში კი – 24-ე ადგილზეა 0.70 ქულით. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით საქართველო 38-ე ადგილს იკავებდა, ხოლო კორუფციისგან თავისუფლების მიმართულებაში 23-ე ადგილზე იყო.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი – იზრდება ვალი და იმატებს უწყებების დაფინანსება

WJP კანონის უზენაესობის ინდექსის შეფასება ეყრდნობა ადგილობრივი მოსახლეობის და ექსპერტების აღქმას და გამოცდილებას, და შეფასებას ახდენს რვა ფაქტორის გათვალისწინებით, საიდანაც ერთ-ერთს კორუფციისგან თავისუფლება წარმოადგენს. ქვეყნები ფასდება 0-დან 1-მდე ქულით, საიდანაც ერთი ქულა საუკეთესო შეფასებაა.

კორუფციისგან თავისუფლების მიმართულებაში ხელისუფლების ოთხი შტო შეფასდა, საიდანაც საქართველოში კორუფციისგან ყველაზე ნაკლებად თავისუფალ შტოდ საკანონმდებლო ხელისუფლება (0.55 ქულა) შეფასდა, ხოლო კორუფციისგან ყველაზე თავისუფალ ინსტიტუტებად მიჩნეულია პოლიცია და ჯარი (0.90 ქულა). სასამართლო ხელისუფლებამ 0.74 ქულა მიიღო, ხოლო აღმასრულებელმა ხელისუფლებამ – 0.66.

ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ქულა კორუფციისგან თავისუფლების მიმართულებაში შემცირდა და ქვეყანამ საერთაშორისო რეიტინგშიც ერთი საფეხურით უკან გადაინაცვლა.

WJP-ს შეფასებით, საუკეთესო შედეგის მქონე ათი ქვეყნის სიაში შედიან დანია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, ნიდერლანდები, გერმანია, ავსტრია, ახალი ზელანდია, კანადა და ესტონეთი.

Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით 2019 წელს საქართველო 180 ქვეყანას შორის 75.9 ქულით მე-16 ადგილს იკავებს, ხოლო ევროპის ქვეყნებს შორის მე-8 ადგილზეა. მართალია, 2018 წელს საქართველო იმავე პოზიციაზე იყო, თუმცა, მისი ქულა წინა წელთან შედარებით მცირედით გაუარესდა (-0.3).

საავადმყოფოს კორიდორი - Sputnik საქართველო
რას მოიტანს კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფების დაწესება

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ქვეყნებში ოთხ მნიშვნელოვან ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას: კანონის უზენაესობა, მთავრობის ზომა, რეგულირების ეფექტიანობა და ბაზრის ღიაობა.

Heritage Foundation-ის ანალიზის მიხედვით, საქართველოს ქულის კლება გამოიწვია სასამართლო ხელისუფლების ეფექტიანობის მკვეთრმა შემცირებამ, ხელისუფლების კეთილსინდისიერების მიმართულებაში აღებულმა დაბალმა ქულამ და მონეტარული თავისუფლების სიდიდემ, რომელიც აღემატება ფინანსური თავისუფლების სარგებელს. ამავე დოკუმენტის თანახმად, მართალია, საქართველომ წვრილმანი კორუფციის ბრძოლის მიმართულებით წარმატებას მიაღწია, მაგრამ ქვეყანაში ოფიციალურ პირებთან დაკავშირებული მაღალი დონის კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება.

2019 წელს საუკეთესო შედეგების მქონე ქვეყნების პირველ ათეულში მოხვდნენ ჰონკონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია, შვეიცარია, ავსტრალია, ირლანდია, გაერთიანებული სამეფო, კანადა, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ტაივანი.

ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
რა კავშირშია ლარის კურსის ცვლილება მიმოქცევაში ლარის მასის ცვლილებასთან

საქართველო საინვესტიციო მიმზიდველობას კარგავს

ევროკავშირის პალატის ყოველწლიურ რეიტინგში საქართველოს პოზიცია 2 საფეხურით გაუარესდა და 70 ქულით მე-18-ე ადგილი დაიკავა. შარშან საქართველო 71 ქულით მე-16 ადგილს იკავებდა. კვლევის ავტორები მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსს იყენებენ. ევროკავშირის პალატამ კვლევა ევროპის 46 ქვეყანაში ჩაატარა და ისინი 0-დან 100 ქულამდე შეაფასა.

ბიზნესის კეთებისთვის ევროპის საუკეთესო ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება: 1. დანია – 86, 2. შვედეთი – 84, 3. ნორვეგია – 83, 4. ფინეთი – 83, 5. შვეიცარია – 81, 6. გაერთიანებული სამეფო – 80, 7. გერმანია – 80, 8. ნიდერლანდები – 79, 9. ისლანდია – 79, 10. ავსტრია – 78.

საქართველოს მეზობლებმა შედეგი გააუმჯობესეს. სომხეთმა 39-დან 33-ზე, აზერბაიჯანმა კი 44-დან 41-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.

კომენტარები რეიტინგებში ცვლილებებთან დაკავშირებით

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება და რეიტინგებში საქართველოს დაქვეითება ტრაგედია არ არის.

„სასამართლო უნდა იყოს წესიერი და დამთავრდება ყველაფერი. ბიზნესს სხვა არაფერი სჭირდება, აბსოლუტურად არაფერი“, – ამბობს ჭყონია.

საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ინდექსებში პოზიციის გაუარესება, შესაძლოა, სამომავლოდ გახდეს ინვესტორების შემაფერხებელი მიზეზი, რადგან ისინი ყურადღებას აქცევენ გამოქვეყნებულ მაჩვენებლებს.

თბილისი - Sputnik საქართველო
რატომ ვერ ითვისებს მთავრობა ბიუჯეტს და რატომ იღებს დამატებით ვალს

პოზიციის გაუარესების ტენდენციაზე ამახვილებს ყურადღებას ორგანიზაცია ISET-ს წარმომადგენელი, ეკონომისტი გიორგი პაპავა.

„ISET-ს კვლევითი ცენტრი აქვეყნებს ბიზნესის განწყობის ინდექსს, რომელიც ბოლო დაახლოებით წელიწად-ნახევარია საკმაოდ იკლებს. ზოგადად, ტრენდი არ არის სახარბიელო. სამომავლო განწყობა ბიზნესის მომავალთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, არის გაუარესებული, რაც საყურადღებო ფაქტია. განწყობების გაუმჯობესება მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკური ზრდის თუნდაც იმ ნიშნულზე შესანარჩუნებლად, რაც დღეს გვაქვს“, – ამბობს პაპავა.

მიუხედავად გაუარესების ტენდენციისა, საინვესტიციო მიმზიდველობის რეიტინგში საქართველო ჯერ კიდევ ინარჩუნებს ლიდერობას რეგიონში. სომხეთი 33-ე ადგილზეა, თურქეთი – 35-ე, აზერბაიჯანი – 41-ე, რუსეთი – 43-ე, ხოლო უკრაინა სულაც 46-ე ადგილს იკავებს. თუმცა, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ტენდენცია არასახარბიელოა და თუ არაფერი შეიცვალა, მომავალში უკვე უარეს შედეგებს უნდა ველოდოთ.

 

თემურ იოსელიანი

ყველა ახალი ამბავი
0