ძველი ტფილისის ბრწყინვალება და სიღატაკე

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeძველტფილისური სახლის სასტუმრო ოთახი
ძველტფილისური სახლის სასტუმრო ოთახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-ის“ პროექტი „გასეირნება ტფილისში“  მკითხველს საშუალებას აძლევს, ქალაქის ყველაზე საინტერესო სახლებში შეიხედოს და მათ ისტორიას გაეცნოს.

დახატული სახლი

 

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeსასტუმრო ოთახი ტუნებეგოვების სახლში
ძველი ტფილისის ბრწყინვალება და სიღატაკე  - Sputnik საქართველო
სასტუმრო ოთახი ტუნებეგოვების სახლში

ზოგი სახლი შუა საუკუნეების დრამის თუ არა, ტრაგიკომედიის მზა დეკორაციას მოგაგონებთ. ასეთი თეატრალური იერსახის ოთახებს გრიბოედოვის 14 ნომერში წააწყდებით. კედლის მოხატულობა, შერწყმული ნაძერწ დეკორატიულ ოქროსფერ დეტალებთან, საცხოვრისს ისეთ თეატრალურობას სძენს, რომ ალბათ არავის შეაშფოთებს, თუ უცებ რომელიმე კარი გაიღება და იქიდან ბაროკოს ეპოქის ფრეილინა გამოსრიალდება.

 

ოთახის შუაგულში მდგარი მაგიდაც, კედლის კარადაც, რომელშიც ძველებური ჭურჭელი და სუვენირებია გამოფენილი, კედელთან მიდგმული როიალიც, იმპროვიზებული კედელიც კი, რომელიც შირმას უფრო წააგავს — ყველაფერი მკაცრად ემორჩილება ერთ სტილს.

წაიკითხეთ აქ: ტფილისური მარგალიტი: მელიქ-აზარიანცის სახლის ისტორია და იდუმალი მოვლენები

ამ რომანტიკული ეპოქის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ მობინადრეებიც.

სახლი თევზის მრეწველი ანდრეი ტუნებეგოვის აშენებულია. ბინის მცხოვრებთ ახსოვთ ტუნებეგოვის ქალიშვილი, ვარვარა ანდრეევნა. ამბობენ, რომ გამორჩეული ბუნების ქალბატონი იყო.

ნავთობის მაგნატის მემკვიდრის სახლი

 

© Sputnik / Ekaterina Mikaridze„მეზალიანსი“ კრასილნიკოვების სახლში - ძველებური ბუფეტი და ახლებური ტელევიზორი
ძველი ტფილისის ბრწყინვალება და სიღატაკე  - Sputnik საქართველო
„მეზალიანსი“ კრასილნიკოვების სახლში - ძველებური ბუფეტი და ახლებური ტელევიზორი

სახლი, რომელშიც ძველებური ავეჯით გაწყობილი ეს მყუდრო ოთახია განლაგებული, მაჩაბლის 18 ნომერში მდებარეობს. აქ სურენ კრასილნიკოვი ცხოვრობს.

 

სურენის წინაპრები ბაქოდან ტფილისში XIX საუკუნეში გადმოსახლებულან. დიდი ბებია ვიქტორია, როგორც მაშინ იყო მიღებული, პატარა ასაკში გაჰყოლია ცოლად ნიკიტა კრასილნიკოვს.

კრასილნიკოვები შეძლებული ვაჭრები იყვნენ. ბაქოში ნავთობით ვაჭრობდნენ. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ექვსმა ძმამ მემკვიდრეობის გასანაწილებლად საინტერესო მეთოდს მიმართა: ფაფახში ნავთობის საბადოების ნომრები ჩაყარეს და კენჭი ჰყარეს, ვის რომელი საბადო ერგებოდა წილად. თითო საბადოდან წელიწადში 700 ათასი ვერცხლის მოგება შემოდიოდა.

ნახეთ აქ: გასეირნება ტფილისში - ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა

ნიკიტა კრასილნიკოვი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. გარკვეული დროის შემდეგ მისი ქვრივი, რომელსაც ქმრისგან ერთი ბავშვი დარჩა, ხელმეორედ გათხოვდა. ექვსი წლის შემდეგ მეუღლეები ტფილისში გადმოსახლდნენ და დღევანდელ გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე დაიდეს ბინა. მრავალი წლის შემდეგ, გარკვეული გარემოებების გამო, კრასილნიკოვები მაჩაბლის ქუჩაზე გადავიდნენ საცხოვრებლად.

ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი

 

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeმილიარდერ მანთაშევის სახლის სადარბაზო კარი - ასეთი თბილისში ბევრია
ძველი ტფილისის ბრწყინვალება და სიღატაკე  - Sputnik საქართველო
მილიარდერ მანთაშევის სახლის სადარბაზო კარი - ასეთი თბილისში ბევრია

ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი სახლია, არაფრით გამორჩეული. თვალში საცემი არც შესასვლელი კარია. სახლის მფლობელი კი, არც მეტი არც ნაკლები, მილიონერი ალექსანდრ მანთაშევი გახლდათ. ერთი სიტყვით, შენობა ბურჟუაზიული არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშია თავისი მოკრძალებული ხიბლით.

 

1910 წელს სანქტ-პეტერბურგში იმპერატორის სასახლეში საახალწლო მიღებაზე ქვეყნის 20 უმდიდრესი ადამიანი მიიწვიეს. მოსაწვევების ნომრები შეესაბამებოდა მათ კაპიტალს იმ მომენტისთვის. ალექსანდრ მანთაშევის მოსაწვევ ბილეთს ეწერა ციფრი 13. მანთაშევმა ქონება ნავთობის საბადოებზე დააგროვა. გარდა ამისა, იგი სიცოცხლის ბოლომდე უძღვებოდა კავკასიის ყველაზე ავტორიტეტული ფინანსური დაწესებულების - ტიფლისის კომერციული ბანკის ადმინისტრაციულ საბჭოს. ამ ბანკის აქციები სანქტ-პეტერბურგის ბირჟაზე იყო კოტირებული.

წაიკითხეთ აქ: ტფილისური მონმარტრი, „ლუქსემბურგის ანფენტი“ და არწივიანი სახლის საიდუმლო

მანთაშევის ანდერძის თანახმად, ქონება მხოლოდ იმას ერგებოდა, ვინც გრიგორიანელ სომეხზე დაქორწინდებოდა. მაგრამ ყველა მისმა შთამომავალმა საცოლე გულის კარნახით შეარჩია და ბედი მილიონებით არ გაუზომავს...

მანთაშევები ქიქოძის ქუჩაზე, 8 ნომერში ცხოვრობდნენ. სახლი, სავარაუდოდ, XIX საუკუნის მიწურულსაა აშენებული. კერძო საკუთრებაა და შესვლა აკრძალულია. თანაც იყიდება.  

თბილისური ატლანტები

 

© Sputnik / Vladimir Umikashviliთბილისურ ატლანტებს თითქოს ქალაქის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვთ მხრებზე ნატვირთი
ძველი ტფილისის ბრწყინვალება და სიღატაკე  - Sputnik საქართველო
თბილისურ ატლანტებს თითქოს ქალაქის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვთ მხრებზე ნატვირთი

თითქოს გეთამაშება, როდესაც ჩუმ-ჩუმად განდობს თავის საიდუმლოს, აკვირდება შენს რეაქციას, არ ღალატობს შერჩეულ რიტმს და შიგადაშიგ სიურპრიზებს გთავაზობს. სეირნობ ვიწრო ქუჩაში და უცებ თვალწინ წარმოგიდგება ატლანტები სახეზე გამოსახული ჩვეული მსოფლიო სევდით. მათი ბედიც ხომ ესაა - მხრებით ზიდონ ცის გუმბათი.

 

იტალიური სახლი

 

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeშეძლებული იურისტის, თამამშევის ნაქონი ძველებური საწერი მაგიდა, რომელიც შემდეგ რევოლუციონერ ფილიპე მახარაძეს ემსახურებოდა
ძველი ტფილისის ბრწყინვალება და სიღატაკე  - Sputnik საქართველო
შეძლებული იურისტის, თამამშევის ნაქონი ძველებური საწერი მაგიდა, რომელიც შემდეგ რევოლუციონერ ფილიპე მახარაძეს ემსახურებოდა

იტალიური სახლი - ასე მოიხსენიებენ ქალაქში ქიქოძის ქუჩის 11 ნომერში მდებარე შენობას, რომელსაც თაღოვანი აივნები და მდიდრული დეკორატიული დეტალები ამშვენებს. ზუსტად ისე, როგორც ძველ ფილმში - „რომეო და ჯულიეტა“. ამ სახლში ცხოვრობდა ცნობილი რევოლუციონერი  და პარტიული მოღვაწე ფილიპე მახარაძე. ამიტომ ხშირად მახარაძის სახლსაც ეძახიან. თუმცა ის უბრალოდ ცნობილი მობინადრე იყო. სინამდვილეში კი სახლი ძმებ მილოვებს ეკუთვნოდათ. ფასადზე მათი ინიციალებიცაა შემორჩენილი.

წაიკითხეთ აქ: მაქმანებიანი სახლის თავადურ-გლეხური წარსული და ბრძენი ბებიის წინასწარმეტყველება

 

შენობა 1914 წელსაა აგებული. იგი დაპროექტებულია იმ დროისთვის ცნობილი არქიტექტორის, ტერ-მიქელოვის მიერ. ქუჩას არაერთხელ შეეცვალა სახელი.

დღეს აპარტამენტებში, შენობის მეორე სართულზე, ფილიპე მახარაძის შთამომავლები ცხოვრობენ. ბინაში არის უზარმაზარი სასტუმრო ოთახი, სადაც თავისუფლად შეიძლება ვალსის ცეკვაც. ოთახში უამრავი ძველებური ავეჯი დგას. ჯერ მარტო საწერი მაგიდა რად ღირს?! უბრალო მაგიდა კი არა, უფრო პიესის მოქმედი გმირია. ოთახში სხვა „გმირებიც“ არიან - წიგნების კარადა, ძველებური ჭაღი, ბუხარი... მაგრამ მაგიდა მაინც ტონს იძლევა და ლიდერობას არ თმობს. როლი აქვს ასეთი - მთავარი. მასთან ცნობილი რევოლუციონერი ფილიპე მახარაძე იჯდა, წერდა, კითხულობდა, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდა. 

შეჰერეზადა თბილისში

 

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeირანის ძველი ელჩის ტფილისური სახლის ჭერი
ძველი ტფილისის ბრწყინვალება და სიღატაკე  - Sputnik საქართველო
ირანის ძველი ელჩის ტფილისური სახლის ჭერი

 

ნატიფი აღმოსავლური ხელოვნების იშვიათი ნიმუში თბილისში ირანის ყოფილი ელჩის სასახლეა. სახლი XIX საუკუნეშია აშენებული. სადარბაზოში შესვლისთანავე ყურადღებას იქცევს ილუმინატორებიანი ჭერი. ცნობილია, რომ სახლი თავდაპირველად გერმანელ ინჟინერს ეკუთვნოდა. ისტორიული წყაროები არაფერს უთითებენ მის კონკრეტულ საქმიანობაზე. ცნობილია მხოლოდ, რომ ტიფლისში იმდენხანს დარჩა, რამდენ ხანსაც სამუშაო გრძელდებოდა, შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. გუდოვიჩის ქუჩაზე (ასე ერქვა ადრე დღევანდელ ჭონქაძის ქუჩას), 11 ნომერში, მდებარე სახლი კი გაყიდა.

ნახეთ აქ: ტფილისიდან თბილისამდე – ფირზე შეჩერებული დრო

ახალი მფლობელი გახდა ირანელი სახელმწიფო მოღვაწე, ირანის ელჩი მირზა რეზა-ხან არფა ოდ-დოვლი, რომელმაც შენობა თავისი გემოვნებით გადააკეთა. მას შემდეგ ამ ორიგინალური სახლის ყველა კუთხე-კუნჭულში თითქოს შეჰერეზადას ზღაპრული სული ტრიალებს. ეჭვგარეშეა, მეორე ასეთ სახლს მთელ ქალაქში ვერსად ნახავთ. მაგალითად, ერთ-ერთი, რაც ამ მშვენიერ ნაგებობას სხვა სახლებისგან გამოარჩევს, არის ოვალური სადარბაზო შესასვლელი, რაც დიდ იშვიათობას წარმოადგენს. რომ აღარაფერი ვთქვათ სახლის მთავარ მშვენებაზე - ილუმინატორებიან ჭერსა და მის მოხატულობაზე, რომელიც მეზობლებს ერთმანეთში აქვთ განაწილებული.

ზღაპრული გარდასახვა

 

© Sputnik / Levan Avlabreliტაბიძის 18-ში მდებარე სახლის სადარბაზოს მოხატულობა რესტავრაციამდე...
ძველი ტფილისის ბრწყინვალება და სიღატაკე  - Sputnik საქართველო
ტაბიძის 18-ში მდებარე სახლის სადარბაზოს მოხატულობა რესტავრაციამდე...

გალაკტიონ ტაბიძის 18 ნომერში სახლის შენება 1905 წელს დაიწყეს. სახლი საკმაოდ დიდია, სამსართულიანია და ორი სადარბაზო აქვს. ალბათ ამიტომ გაგრძელდა მისი მშენებლობა 1911 წლამდე. დასრულების თარიღი სადარბაზოს შესასვლელთან, ზღურბლთანაა მითითებული.

 

ამ შენობის სადარბაზოს ყველაზე ფასეული სიმდიდრე კედლის მოხატულობაა. ნახატი რამდენიმეა და თითოეულზე დედამიწის ესა თუ ის კონტინენტია გამოსახული.

 

© photo: Tbilisi Development Fund / FB... და რესტავრაციის შემდეგ
ძველი ტფილისის ბრწყინვალება და სიღატაკე  - Sputnik საქართველო
... და რესტავრაციის შემდეგ

ერთ-ერთ ნახატზე ჩანს აზიური პეიზაჟი, მეორეზე - ფლორენცია და ნოტრ-დამი, სხვაგან აფრიკის, ამერიკისა და რუსეთის გამოსახულებები. ჯერ კიდევ რესტავრაციამდე, რომელიც გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო, ნახატები ძალიან ჩამუქებული იყო, თუმცა სიძველის გამო არა. ისინი დაფარული იყო ლაქის თხელი ფენით, რომელიც მობინადრეებმა თავად წაუსვეს კედლებს, რათა უკეთ შეენახათ და დაეცვათ ეს სილამაზე. რესტავრაციის შემდეგ ისტორიული შენობის სადარბაზომ თავისი პირვანდელი იერი დაიბრუნა.

 

სევდიანი სახლი

 

© Sputnik / Vladimir Umikashviliამ სახლის პირველ სართულზე სერგეი ესენინი ცხოვრობდა
ძველი ტფილისის ბრწყინვალება და სიღატაკე  - Sputnik საქართველო
ამ სახლის პირველ სართულზე სერგეი ესენინი ცხოვრობდა

სახლი წაწვეტებული ფანჯრებით ქვაფენილიან კოჯრის ქუჩაზე, 15 ნომერში მდებარეობს. მას უცნაური აურა აქვს, მძიმე, იდუმალი. ირგვლივ სევდანარევი სიჩუმე სუფევს, არც ხალხი ჩანს...

წაიკითხეთ აქ: ძველტფილისური ნაგებობები რაღაცით ადამიანებს ჰგვანან

 

ამ სახლში პოეტი სერგეი ესენინი ცხოვრობდა, პირველ სართულზე, იქ, სადაც ფანჯრებზე გისოსებია გამოცვლილი. სერგეი ესენინი ტიფლისში ბაქოდან 1924 წელს ჩამოვიდა. თავდაპირველად სასტუმრო „ორიენტში“ დაბინავდა, მაგრამ ვინაიდან იქ ცხოვრება ძვირი სიამოვნება იყო, რამდენიმე დღეში პოეტ ტიციან ტაბიძესთან გადავიდა, შემდეგ კი თავის მეგობართან - გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ ჟურნალისტ ნიკოლაი ვერჟბიცკისთან დასახლდა, რომელიც ძველ კოჯრის ქუჩაზე ცხოვრობდა.

მუსიკალური კიბე

 

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeვინ იცის, რამდენჯერ აურვბენ-ჩამოურბენია ამ კიბეებზე მომავალ კომპოზიტორ ტარივერდიევს?!
ძველი ტფილისის ბრწყინვალება და სიღატაკე  - Sputnik საქართველო
ვინ იცის, რამდენჯერ აურვბენ-ჩამოურბენია ამ კიბეებზე მომავალ კომპოზიტორ ტარივერდიევს?!

ვინ იცის, რამდენჯერ ურბენია ამ კიბეზე მომავალ კომპოზიტორს, მიქაელ ტარივერდიევს. ინგოროყვას ქუჩის 14 ნომერში მდებარე ამ შენობას ამშვენებს აბრა გენიალური კომპოზიტორის, საბჭოთა კინემატოგრაფიის ყველაზე ლირიკული ბრენდების ავტორის, მიქაელ ტარივერდიევის სახელით. აქ ბევრი რამ შეიცვალა მას შემდეგ, რაც ამ კიბით სახლში ტარივერდიევი არბოდა ხოლმე.

ნახეთ აქ: მოგზაურობა წარსულში – ძველი თბილისის არქიტექტურა

 

ბინა მესამე სართულზე, რომელშიც ის ცხოვრობდა, შეაკეთეს, მაგრამ დღეს ის ცარიელია. ეზოში გაშენებულია ლამაზი ბაღი, სადაც უმეტესად ბინის მობინადრეები სეირნობენ. ხალხიც სხვა ცხოვრობს. ისინი, ვისაც ტარივერდიევები ახსოვდა, ან აღარ არიან ან სხვაგან არიან წასული. ერთი არ შეცვლილა მხოლოდ - კიბის საფეხურები. თითოეული თავისებურ ხმას გამოსცემს, როგორსაც ერთი ოქტავის ნოტები.

სახლი გლიცინიებით

 

© Sputnik / Vladimir Umikashviliგლიცინიებიანი სახლი კოჯრის ქუჩაზე (ახლანდელი ნიშნიანიძის ქუჩა)
ძველი ტფილისის ბრწყინვალება და სიღატაკე  - Sputnik საქართველო
გლიცინიებიანი სახლი კოჯრის ქუჩაზე (ახლანდელი ნიშნიანიძის ქუჩა)

ეს სახლი ტიფლისში ცნობილმა არქიტექტორმა პაველ ზურაბიანმა თავისთვის აიშენა. არქიტექტორი შენობის მესამე სართულზე ცხოვრობდა. სახლი ასი წლისაა. როგორ უჩვეულოდაც არ უნდა ჟღერდეს, აქ არის ოთახები, სადაც იმ დროის ელექტროგაყვანილობაც კი შემორჩენილია. სახლი სოლოლაკში, ნიშნიანიძის ქუჩაზე მდებარეობს. თუმცა, მას ჩვეულებისამებრ, კოჯრის სახლს ეძახიან. შენობის აივნის ქვეშ ხარობს ძველი გლიცინიის ბუჩქი. უკვე მეორე წელია, სახლი გლიცინიებით კოჯრის 3 ნომერში რესტავრაციას ელის.

 

სახლი ძველებური ბუხრით

 

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeტფილისური სახლის სავიზიტო ბარათი - ჩუქურთმიანი ბუხარი
ძველი ტფილისის ბრწყინვალება და სიღატაკე  - Sputnik საქართველო
ტფილისური სახლის სავიზიტო ბარათი - ჩუქურთმიანი ბუხარი

ადამიანების უმეტესობა ხალისით ემშვიდობება ძველს, ნაირფერად მოხატულ კედლებს ერთტონიანი საღებავით ფარავს, ანგრევს ძველებურ ღუმელებს... გაცილებით ნაკლებია იმათი რიცხვი, ვინც ისტორიული დეტალების შენარჩუნებაზე ზრუნავს.

ნახეთ სინემა-კადრები აქ: ტფილისი და ტფილისელები 100 წლის წინ - ჩიხტიკოპები და ევროპული სამოსი „ედემის ბაღში“

 

ბინის პატრონმა, რომელიც გულდასმით ცდილობდა მოხატულობის აღდგენას, ის მხოლოდ ერთ პატარა კუთხეში დატოვა, როგორც ნიმუში იმისა, თუ როგორი კედლები იყო ამ სახლში ძველად. ბუხარი კი გარემონტებულ ბინაში დროისა და მოვლენების პიესის ცენტრალურ ფიგურად იქცა. სახლი XIX-XX  საუკუნეების მიჯნაზეა აგებული. ის ვაჭარ აბესალომოვს ეკუთვნოდა.

ხელუხლებელი სადარბაზო

 

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeკიბე ბრინჯაოს ბიუსტით - ტფილისური სახლის სადარბაზო
ძველი ტფილისის ბრწყინვალება და სიღატაკე  - Sputnik საქართველო
კიბე ბრინჯაოს ბიუსტით - ტფილისური სახლის სადარბაზო

გასული საუკუნის 90-იან წლებში ქალაქის ღირსშესანიშნავი შენობების სადარბაზოები თითქმის ყოველდღიურად იძარცვებოდა. მიჰქონდათ, როგორც წესი, ძვირფასი პლაფონები, რომლებიც კიბის ქვედა მოედნის აუცილებელი ელემენტი იყო. ეს ლამპიონები რევოლუციამდელი ტიფლისის საგვარეულო სახლების საფირმო ნიშანს წარმოადგენდა.

წაიკითხეთ აქ: სიღატაკეში გარდაცვლილი უმდიდრესი ტფილისელი და ქალაქისთვის გაღებული მილიონები

 

დღეს იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ასეთი ღირსშესანიშნაობა - ბრინჯაოს სკულპტურა მხოლოდ შალვა დადიანის ქუჩაზე, 14 ნომერში მდებარე სახლის სადარბაზოში რაღაც ამოუცნობი ძალის წყალობითაა შემონახული. სახლი თავის დროზე პირველი გილდიის ვაჭარს, ვასილი ეგიაზაროვს ეკუთვნოდა. თავდაპირველად მან შენობის ერთი ნაწილი შეიძინა, მოგვიანებით კი - მთელი მეორე ფრთა. სახლი დიდია დღევანდელი გადასახედიდანაც კი. თუმცა ოჯახიც არ იყო პარატა. ვასილი და მარია დავიდოვნა ეგიაზაროვებს ათი შვილი ჰყავდათ.

ახალი სიცოცხლე

© photo: Tbilisi Development Fund / FBაღმაშენებლის 93-ში მდებარე სახლის სადარბაზო რესტავრაციამდე...
ძველი ტფილისის ბრწყინვალება და სიღატაკე  - Sputnik საქართველო
აღმაშენებლის 93-ში მდებარე სახლის სადარბაზო რესტავრაციამდე...

თევზის მრეწველი აბაზოვის სახლი აღმაშენებლის 93 ნომერში, მარჯანიშვილის მეტროსადგურიდან სამი წუთის სავალ მანძილზეა. სახლი რესტავრირებულია, განახლებულია ფასადი და სადარბაზო, რომელიც 1905 წელს ცნობილმა თეატრის მხატვარმა ბენედიქტ ტელინგატერმა მოხატა.

© photo: Tbilisi Development Fund / FB... და რესტავრაციის შემდეგ
ძველი ტფილისის ბრწყინვალება და სიღატაკე  - Sputnik საქართველო
... და რესტავრაციის შემდეგ

ოთახებს, ბუნებრივია, ბინების მეპატრონეები არემონტებენ და ტურისტებზე აქირავებენ. სიძველე - ოჯახის ტურისტული ბიზნესის მთავარი კოზირია.

ძნელი სათქმელია, რომელი ნივთია მთავარი ოთახში, სადაც ბინის პატრონმა შეგვიპატიჟა. ყველა ნივთს თავისი განსაკუთრებული ადგილი აქვს, როგორც ინსტრუმენტებს ორკესტრში.

ამოუხსნელი ენერგეტიკა

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeძველებური ავეჯი გერმანიიდან ძველტფილისურ სახლში
ძველი ტფილისის ბრწყინვალება და სიღატაკე  - Sputnik საქართველო
ძველებური ავეჯი გერმანიიდან ძველტფილისურ სახლში

მხატვარი გიორგი კუხალაშვილი ისტორიულ სახლში ცოტა ხნის წინ დასახლდა. ის სახელოსნოში ყოველდღე მიდის. სახლი გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარეობს. მისი პირველი მფლობელი მეღვინე მაქსიმ ანანოვი იყო. ცნობილი მეღვინის ქარხნები იმერეთში მდებარეობდა. ყურძენს გლეხებისგან ყიდულობდა. თუმცა საკუთარი ვენახებიც ჰქონდა. პირველი ვენახი XIX საუკუნეში ქართული და ევროპული ყურძნის ჯიშებით გააშენა. XX საუკუნის დასაწყისში კი მხოლოდ ფრანგული ჯიშები დარგო.

შესაძლოა, მისტიკაც იყოს, მაგრამ, როგორც გიორგი ამბობს, სახლში განსაკუთრებული ენერგეტიკაა. ადამიანები მიდიან, მაგრამ ამოუხსნელ კვალს ტოვებენ. ამიტომ გიორგი შეეცადა, სახლი ძველებურად მოეწყო. XVII საუკუნის ავეჯი მას მეგობრებმა გერმანიიდან გამოუგზავნეს.

© Sputnik / Vladimir Umikashviliძველტფილისური არქიტექტურა
ძველი ტფილისის ბრწყინვალება და სიღატაკე  - Sputnik საქართველო
ძველტფილისური არქიტექტურა

ძველ ქალაქში უამრავი ძველი სახლია. ისინი, თავის მხრივ, იყოფა ორ კატეგორიად - სახლები, რომლებსაც რესტავრაცია ჩაუტარდა და სახლები, რომლებიც რესტავრაციის რიგში დგანან. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ მოლოდინი ზოგჯერ ლეტალური შედეგით მთავრდება.

ყველა ახალი ამბავი
0