ამ სახლზე, ადამიანისთვის რომ შემედარებინა, ისე გიამბობდით, როგორც კეკლუც გოგონაზე, რომელიც უამრავი მაქმანით გაწყობილ ცისფერ სამოსში გამოპრანჭულა. დიახ, როგორც თავქარიან გოგონაზე, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ასაკი ხნოვანი ქალბატონისა აქვს — 1897 წელს აუგიათ იმ დროისათვის ცნობილი არქიტექტორის კორნელი ტატიშჩევის პროექტით — არაფრით ჩამოჰგავს დინჯ მოხუცს.
უყურებ ამ სახლს და ასე გგონია, რომ ახლა ქარი ამოვარდება და ცისფერ კაბაზე მაქმანებს აუფრიალებს; მაქმანებს, რომელთა აჟურული მოხაზულობა იმდენად ნატიფი და დახვეწილია, რომ ხისგან გამოთლილს კი არ ჰგავს, არამედ უთხელესი ძაფებით მოქარგულს.
ეს სახლი ერთადერთია და განუმეორებელი. მის მსგავსს ვერც თბილისში ნახავთ და ვერც მის ფარგლებს გარეთ. საინტერესო ფაქტია, მაგრამ ბევრ თბილისელს არ უნახავს იგი. არადა, ქალაქის ცენტრში მდებარეობს, მეცნიერებათა აკადემიის ეზოში. არც მისი ისტორია იცის ბევრმა.
უთანასწორო, მაგრამ ბედნიერი ქორწინება
XIX საუკუნის ბოლო. ოლღას ქუჩაზე ჩამწკრივებული საცხოვრებელი სახლებიდან რამდენიმე თავად ვასილ გაბაშვილს ეკუთვნის — დიდძალი ქონების პატრონს, რუსეთში ოქროს საბადოების, ხოლო საქართველოში ტფილისს გარეთ (ამჟამინდელი საბურთალოს ტერიტორიაზე) მიწის ნაკვეთების მფლობელს, რომელსაც ტფილისურ საზოგადოებაში დიდ პატივს სცემენ.
ვასილ გაბაშვილს დიდი ოჯახი აქვს: მეუღლე და რვა შვილი. მათგან ორი ჯერ კიდევ ჩვილობისას დაიღუპა, ოთხი ბიჭი და ორი გოგონა კი — ნინა და დარო დაიზარდნენ და თავთავიანთი გზები მონახეს. ბიჭებმა სამხედრო კარიერა აირჩიეს, გოგოები დათხოვდნენ. ნინა თავად ვახტანგ ციციშვილს გაჰყვა, დარო კი უბრალო მოკვდავს, ნიკოლოზ ყიფშიძეს…
თავადის ასულ დარო გაბაშვილის მეორე ნახევარი ნიკოლოზ ყიფშიძე ღირსეული კაცი კი იყო, მაგრამ ღარიბი გლეხის შვილი გახლდათ. რაღა თქმა უნდა, დაროს მშობლები ქალიშვილის არჩევანმა არ აღაფრთოვანა, მაგრამ ახალგაზრდები, მიუხედავად „თავადური წინააღმდეგობისა“, მაინც დაქორწინდნენ. შესაძლოა გადამწყვეტი დაროს ბებიის სიტყვებიც გამოდგა, რომელმაც ბრძანა:
„დიახ, ნიკოლოზი გლეხია, რომელიც ჩვენ გამოგვადგება“.
მოკლედ, დარო და ნიკოლოზი დაქორწინდნენ და ქალის სამზითვო, ცისფერმაქმანებიან სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად — მეორე სართულზე, ვინაიდან პირველი სართულის ოთახებიდან ნაწილი მოსამსახურეებისთვის იყო განკუთვნილი, ნაწილიც მდგმურებისთვის…
ამასობაში ქვეყანაში ბოლშევიკური გადატრიალება მოხდა და გაბაშვილ-ყიფშიძეების ოჯახის მშვიდი ცხოვრებაც — მსგავსად სხვა უამრავისა — დასრულდა. ბოლშევიკებმა გადაწყვიტეს, რომ ერთი გვარის წარმომადგენლებს ზედმეტად ბევრი უძრავი ქონება ჰქონდათ და ამიტომ გაბაშვილებს ზოგი სახლი ჩამოართვეს, ზოგიც, უბრალოდ, დაანგრიეს.
ასე აღმოჩნდა მთელი ოჯახი საბოლოოდ ცისფერ მაქმანებიან სახლში. მაგრამ თურმე არც ეს იყო ტანჯვის დასასრული. ახალმა ხელისუფლებამ გაბაშვილების დიდ ოჯახს სხვებიც შეუსახლა და დაროს სამზითვო საცხოვრებელი კომუნალურ სახლად იქცა.
თუმცა ეს ყველაფერი მაინც წვრილმანია იმ განსაცდელთან და სიმძიმეებთან შედარებით, რაც სხვებს ერგოთ. მადლობა უფალს, რომ ოჯახს რეპრესიები არ შეეხო.
არადა, დარო გაბაშვილს მშობლებისთვის რომ დაეჯერებინა და მოკრძალებულ, იმედისმომცემ, „უგვარო“ ახალგაზრდა მედიკოს ნიკოლოზ ყიფშიძეს რომ არ გაჰყოლოდა ცოლად, ყველაფერი სხვაგვარად და თანაც ძალზე ცუდად იქნებოდა.
ისე გამოვიდა, რომ დაროს ბებიამ მომავალი განჭვრიტა — თავად გაბაშვილებს გლეხ ყიფშიძესთან ნათესაობა ფრიად გამოადგათ.
მხსნელი და ბელადის პირადი ექიმი
ნიკოლოზ ყიფშიძემ პეტერბურგის სამხედრო–სამედიცინო აკადემია 1914 წელს დაამთავრა და სამხედრო ექიმი გახდა. სამშობლოში დაბრუნებულმა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტად დაიწყო მუშაობა, რასაც სწრაფი კარიერული წინსვლა მოჰყვა.
მალე ნიკოლოზ ყიფშიძე თავისი დროის წამყვან თერაპევტად იქცა. თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ ის საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის პირადი ექიმი გახლდათ და მის დედას, კეკესაც მკურნალობდა…
გავიდა წლები და ბოლშევიკებმა გაბაშვილებს საკუთარ სახლში ორი ოთახი დაუბრუნეს… თუმცა დაუბრუნეს არა გაბაშვილებს, არამედ ცნობილ და დამსახურებულ ექიმს, პროფესორ ნიკოლოზ ყიფშიძეს. სწორედ მისი განსაკუთრებული მდგომარეობის წყალობით მოხდა, რომ ამ ოჯახს რეპრესიები არ შეეხო.
ხელით ნაქარგი მაქმანები
დრო გადიოდა და სახლი, რომლითაც ოდესღაც ასე ამაყობდნენ მისი მფლობელები, თანდათანობით სულ უფრო პარტახდებოდა…
ახლა იქ უკვე ყიფშიძეები ცხოვრობენ, ნიკოლოზ ყიფშიძის ორიდან ერთი ვაჟის, ნოდარის შთამომავლები.
ნოდარ ყიფშიძე მამის კვალს გაჰყვა და ცნობილი თერაპევტი გახდა. მოგვიანებით, 1957 წელს საქართველოდან წავიდა —ნიუ–იორკში, გაეროში მიავლინეს. იქ ქალიშვილი ეყოლა, რომელსაც ნინო დაარქვა. ამერიკაში დიდ ხანს არ დარჩენილა, მისიის დასრულების შემდეგ ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნდა.
ნინო გაიზარდა, განათლება მიიღო და მხატვარ დავით სულაკაურს გაჰყვა ცოლად. მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ: ელისო და დარო. ამბობს, რომ ქართველია, რომელსაც ნიუ–იორკი უზომოდ უყვარს.
გაბაშვილ-ყიფშიძეების ცისფერ მაქმანებიან სახლს პირველად ცივ, სუსხიან ამინდში მივედით. ეზოში სახლის უკანა მხრიდან შევედით და ზარი დავრეკეთ. დიდ ხანს ველოდეთ, უკვე იმედი გადაწურული გვქონდა, რომ კარი გაიღო და სოლიდური, სასიამოვნო შეხედულების მამაკაცი დავინახეთ. ეს დავით სულაკაური გახლდათ.
შინ შეგვიპატიჟა და ძველებურ, ოვალურ მაგიდასთან მიგვიწვია. მასპინძლის წყნარმა საუბარმა და მყუდრო გარემომ სასიამოვნო ხასიათზე დაგვაყენა.
ბატონმა დავითმა გვიამბო, რომ ამ ძველებური სახლის რესტავრაცია ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტეს. იმ დროისათვის ოდესღაც ბოლშევიკების მიერ ჩამორთმეული სახლი უკვე მთლიანად გაბაშვილ–ყიფშიძეების საკუთრებაში იყო — ოჯახმა მრავალი წლის განმავლობაში სათითაოდ გამოისყიდა იქ შესახლებული ადამიანებისგან. სახლის აღდგენა ცხრა წელი გრძელდებოდა.
აი, რა გვითხრა ბატონმა დავითმა:
„თავიდან შევისწავლეთ ყველაფერი. ხარისხიანი რესტავრაციის გაკეთება გვინდოდა და ამიტომ უნდა გვცოდნოდა, რა ჯიშისა იყო ხე, რომლისგანაც აივნის ჩუქურთმებია გამოჭრილი და რა ფრად იყო თავიდან შეღებილი. აღმოჩნდა, რომ ამ აივანზე რვა ფენა საღებავი იყო გადასმული. მოვიწვიეთ ცნობილი რესტავრატორი, რომელმაც დაადგინა, რომელი ფერი იყო თავდაპირველი. თანაც ყველა ეს რთული ჩუქურთმა ხელითაა აღდგენილი, ისე, როგორც ეს ტატიშჩევის დროს კეთდებოდა. დაშტამპული ფიგურები ასეთი დახვეწილი არ გამოვიდოდა“.
და უცბად დავით სულაკაურმა შემოგვთავაზა, სჯობს, გაბაშვილ-ყიფშიძეების პირდაპირ მემკვიდრეს, ანუ ჩემს მეუღლე ნინოს გაესაუბროთ, რომელიც სახლის საარქივო ფოტოებსაც გაჩვენებთო.
და აი უკვე მეორედ მივდივართ მათთან სტუმრად გაბაშვილ–ყიფშიძეების პირდაპირი მემკვიდრისა და საარქივო ფოტოების ნახვის იმედით…
ქალბატონი ნინო ჩვენს წინ ზის და შეკითხვებზე გვპასუხობს: კი, არა, არ მახსოვს, ბებია არაფერს გვიყვებოდა…
ჩვენს ფოტოგრაფს სურს, სურათი გადაუღოს, მაგრამ ნინო უარზეა, მორიდებულად გვეუბნება, ფოტოებზე ცუდად გამოვდივარ, მოდით, ყავით ან მწვანე ჩაითი გაგიმასპინძლდებითო და თითქოს შვებით ამოისუნთქაო, ისე მიდის სამზარეულოსკენ.
უკან ღვეზელებით და ჩაიდნით ბრუნდება. ჩაის ძველებურ ფინჯნებში გვისხამს. ერთ ყლუპს ძალით სვამს და ღიმილით ამბობს:
„იცით, ჟურნალისტებთან ურთიერთობას ყოველთვის გავურბოდი. თუმცა ვხვდები, ისინი კითხვებს იმიტომ სვამენ, რომ ეს მათი სამუშაოა. საერთოდ, კონტაქტური არ ვარ“.
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, მერე კი დიასახლისი ამბობს:
„სახლის სახურავი კაპიტალურად იყო შესაკეთებელი. შენობა ძლიერ დაზიანდა 1990 წლის 1 ივნისს, ფუნიკულიორის საბაგიროზე მომხდარი ტრაგედიისას“.
და მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩუქურთმებიანი სასწაული კულტურულ ძეგლთა ნუსხაშია შესული, სახლის მეპატრონეებს სახელმწიფოსთვის რესტავრაციის თანხა არ უთხოვიათ. ეს იყო მხოლოდ, მეზობლების სანტექნიკის შეკეთება სთხოვეს, მაგრამ უშედეგოდ.
არადა, სახლის მუზეუმად გადაკეთება და ტურისტების ოფიციალურად მიწვევა შეიძლება, რომლებიც ისედაც „იერიშით იღებენ“ ამ სტუმართმოყვარე სახლს…