ეკატერინე მიქარიძე
ბევრმა თბილისელმა არც კი იცის, რომ ჩვენი დედაქალაქის ცენტრში მაგნიტურ–მეტეოროლოგიური ობსერვატორია არსებობს. თუმცა ეს გასაკვირი არცაა, იმიტომ რომ მაჩვენებელი სულ ახლახან დაამაგრეს, ისიც ისე, რომ თუ საწინააღმდეგო მხრიდან მოდის კაცი, ვერც კი შეამჩნევს.
ამიტომ ჩვენ გეტყვით, რომ მაგნიტურ–მეტეოროლოგიური ობსერვატორია აღმაშენებლის №150–ში მდებარეობს, ოღონდ არა ზედ პროსპექტზე, არამედ სიღრმეში.
1861 წელს, როცა ობსერვატორიას ხსნიდნენ, ირგვლივ აბსოლუტური სიმწვანე იყო, ადამიანის ხელს ჯერ არ შეეცვალა იქაურობა. დღეს კი ეს ტერიტორია ადმინისტრაციული შენობებითაა მოფენილი, რომელთა შორის, ჩიხის ბოლოდან, მორცხვად იჭყიტება ძველისძველი ობსერვატორია.
ეზოში, მორყეულ–მორღვეული ღობის მიღმა, საყარაულო ჯუხირის წინ დარაჯსა და მის მეგობრებს ნარდის დაფა გაუშლიათ და თამაშში გაჰყავთ დრო. იმისგან გავიგე, რომ ობსერვატორია მოქმედია და ახლა იქ ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტია განთავსებული.
წარსულის მეცნიერული ლაბირინთები
კუკიის გეოფიზიკური ობსერვატორია მეოთხე იყო მათ შორის, რომლებიც ტფილისში აშენებულა XIX საუკუნეში. პირველი 1837 წელს აუგიათ სოლოლაკის მთაზე, მაგრამ იმდენად მძიმე პირობები ყოფილა სამუშაოდ და დაკვირვებების საწარმოებლად, რომ მალევე სხვაგან წამოუჭიმავთ ობსერვატორია — მამადავითის მთის სიახლოვეს. თუმცა მთლად მისაღები არც ის ადგილი გამომდგარა, ვინაიდან ქალაქი სწრაფად იზრდებოდა, შენდებოდა, კომუნიკაციები გაჰყავდათ და მაგნიტური დაკვირვებები ამის გამო ძნელდებოდა.
ამდგარან და ობსერვატორია ავლაბარში გადაუტანიათ, მაგრამ იქაც მალე გამალებული მშენებლობები დაწყებულა და სამეცნიერო საქმიანობას ისევ შეეშალა ხელი. საბოლოოდ, პრაქტიკულად, ქალაქგარეთ გადაუწყვეტიათ სადგურის გატანა — კუკიაზე…
ტფილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის გეგმა ცნობილ ასტრონომ–მეტეოროლოგს, მაგნიტოლოგ არნოლდ მორიცს შეუდგენია, რომელიც მოგვიანებით დაინიშნა კიდეც მის დირექტორად.
მოგეხსენებათ, საქართველო იმ პერიოდში რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა და ამადაც, არქიტექტორების, ოტო სიმონსონისა და ლეოპოლდ ბილფელდის აშენებული ახალი, ტფილისური ობსერვატორია, პრაქტიკულად იმპერიის მთავარი ობსერვატორიის ანალოგი გახლდათ გარეგნულად, რომელიც პულკოვოში მდებარეობდა. ეს მთელი კომპლექსი იყო, მრავალი ნაგებობით, თუმცა დღემდე მხოლოდ მთავარმა შენობამ მოაღწია…
ობსერვატორია 1861 წლის 1 მაისს გაიხსნა და კავკასიის მთავარი ობსერვატორია ეწოდა. დიდ სივრცეს ემსახურებოდა —იმპერიის მთელ სამხრეთ ნაწილს, კავკასიასა და კასპიის, შავი და აზოვის ზღვების აკვატორიას. ობსერვატორიაში ჩატარებულ კვლევებს, თქმა არ უნდა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა…
მაგრამ ცივილიზაცია ფეხდაფეხ მისდევდა მეცნიერებს — ობსერვატორიის სიახლოვეს განაშენიანება მიდიოდა და ტრანსპორტიც უკვე მოძრაობდა…
თუმცა ყველაზე საწყენი მთავარი, მრგვალკოშკიანი შენობის ამჟამინდელი მდგომარეობაა…
როგორ ციცაბო და დახლართულ კიბეზე აღარ მიძრომიალია ჩემს ფოტოგრაფთან ერთად, მაგრამ 1861 წელს დაყენებულ ხის ხვეულ კიბეზე პირველად მოგვიწია ასვლამ. როგორც იქნა, ავედით, ბოლო საფეხურიც ავიარეთ და მხოლოდ მერეღა შევნიშნეთ, რომ კიბე კედელს „მოწყვეტოდა“, სულ ცოტა, ხუთი სანტიმეტრით მაინც დაშორებოდა და ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა ჩაქცეულიყო…
თავიდან ობსერვატორიაში ასტრონომიული კვლევების ჩატარებაც იგეგმებოდა და ამიტომ ტელესკოპის კოშკიც ააგეს და კავკასიის სამხედრო–ტოპოგრაფიული განყოფილების ასტრონომი ობლომივსკიც ჩამოვიდა ტფილისში. სწორედ მან ჩამოიტანა ხელსაწყო, ეგრეთ წოდებოლი, მერიდიანული წრე, რომლითაც ატრონომები ცაზე ვარსკვლავების განლაგებას ადგენენ წამის მესაედების სიზუსტით. მაგრამ ასტრონომიული კვლევები 1879 წელს შეწყდა, როდესაც მორიცი საქართველოდან გაემგზავრა.
ამის შემდეგ მერიდიანული წრე, როგორც ეს ერთ–ერთ ინტერვიუში ბრძანა უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ვალენტინ კარეტნიკოვმა, ტფილისურმა ობსერვატორიამ ოდესის ობსერვატორიას გაუცვალა 11 მეტეოროლოგიურ და ფიზიკურ ხელსაწყოში.
ერთი კია, ჩვენებურ ობსერვატორიაში ამ ფაქტს არც ადასტურებენ და არც უარყოფენ…
ტფილისის ობსერვატორიის ისტორიაში არის ეპიზოდი, რომელიც ცალკე თხრობას იმსახურებს. ეს თურმე პირველი სამუშაო ადგილი ყოფილა საბჭოთა ხალხის მომავალი ბელადის, იოსებ სტალინისთვის.
როგორც ცნობილია, იოსებ ჯუღაშვილმა სასულიერო სემინარიაში სწავლა ბოლომდე ვერ მიიყვანა. თუმცა არავინ იცის, რის გამო: რელიგიური აღზრდა ჰქონდა ზედაპირული თუ სასულიერო სასწავლებელმა რწმენაში კი არ განამტკიცა, პირიქით, განხიბლა, იქნებ სულაც ათეისტურმა ლიტერატურამ მოახდინა გავლენა ყმაწვილი სოსელოს მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი თავად სტალინის ბიოგრაფებსაც კი არ აქვთ.
ფაქტი ერთია: იოსებ ჯუღაშვილი სემინარიაში გამოცდაზე არ გამოცხადდა და გარიცხეს. რის შემდეგაც, 1899 წელს სამსახურში მოსაწყობად მაგნიტურ–მეტეოროლოგიურ ობსერვატორიას მიაკითხა.
სოსელოს სამუშაო ოთახისკენ ისე მივდივართ, თითქოს იქ ცოცხალი სტალინის ნახვას ველოდებით. იქ კი ობსერვატორიის წამყვანი ინჟინერი გვხვდება, რომელიც მოხერხებულად მოკალათებულა სავარძელში და ინჟინრობასთან ერთად, როგორც თანამშრომლები ამბობენ, არქივარიუსობასაც ითავსებს.
მასიური, ჩუქურთმებიანი საწერი მაგიდა ჯუღაშვილის დროინდელია, სწორედ ისაა, რომელთანაც მომავალი ბელადი ნიადაგის ტემპერატურას ზომავდა, ნალექს აკვრდებოდა და მერე ამ მონაცემებით მეტეოროლოგიურ ცხრილებს ადგენდა. თან შიგადაშიგ დროის გასაგებად, ალბათ, მაგიდის საათსაც შეხედავდა ხოლმე, რომელიც ასევე შემონახულა.
როგორც ქალბატონი დალი ამბობს, იოსებ ჯუღაშვილი მაშინ 21 წლისა ყოფილა. დირექციას მალე შეუმჩნევია ყმაწვილი კაცის არაორდინარული შესაძლებლობები და სხვა თანამშრომლების სამუშაოს შემოწმება დაუვალებია.
კაბინეტის კედელზე ახალგაზრდა სოსოს უზარმაზარი პორტრეტი ჰკიდია, რომელზეც კომუნიზმის ხუროთმოძღვარი მეტეოროლოგიურ ხელსაწყოებთან გამოუსახავს 50–იანი წლების ნაკლებადცნობილ მხატვარ ლევ არქაიდის. მაგიდის გვერდით თაროებზე წიგნები ალაგია, რომელთაგან ბევრი გერმანულ ენაზეა და ჯერ კიდევ XVIII საუკუნეშია გამოცემული.
ქალბატონმა დალიმ კარადა მოჩხრიკა და ძველი საქაღალდე გამოიღო, წარწერით „სტალინი“. მერე ფრთხილად გაშალა და გაყვითლებული ფურცელი ამოაძვრინა — საბეჭდ მანქანაზე შედგენილი ტექსტით:
„ყოველთვის მოკრძალებული, სამსახურში აკურატული და პუნქტუალური. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა ამხანაგ სტალინზე, რომელთანაც ერთ ოთახში ვმუშაობდი ობსერვატორიაში 1899 წლის ბოლოდან თითქმის 1900 წლის ბოლომდე“, — ასეთი, პარტიული ანგარიშის მსგავსი დახასიათება დაუწერია ობსერვატორიის თანამშრომელ ქალბატონს სტალინზე 1938 წელს.
ეს წყნარი, ხშირფოთლოვანი ხეებით დაბურული და უცხო თვალისთვის შეუმჩნეველი ადგილი, ალბათ, საუკეთესო იყო კონსპირაციული საქმიანობისთვის. სტალინი ხომ იმ დროისთვის უკვე ჩართული იყო რევოლუციურ მოღვაწეობაში და როგორც გვეუბნებიან, ამ ოთახში კრებებსაც აწყობდა.
აი ამ ბოლო სიტყვებმა კი დაგვაფიქრა. ვინ იცის, იქნებ რევოლუციურმა ლოკომოტივმა სწორედ ამ პატარა და მყუდრო ოთახიდან დაიწყო მოძრაობა?!
ვინ აგებს პასუხს?
ძველთაძველ შენობას კიდევ ერთხელ, საბოლოოდ ვავლებთ თვალს. მრავალსართულიანი შენობების რუხ ერთფეროვნებაში ობსერვატორია მწვანე ოაზისს ჩამოჰგავს. თუმცა ეს ოაზისი წლიდან წლამდე პატარავდება და ვიწროვდება. აგრესიული მშენებლობა სულ უფრო და უფრო უტევს ამ მწვანე „კუნძულს“ და ისტორილ შენობას ჩაყლაპვით ემუქრება…
თითქოს ჩამოსაჭრელი უკვე მაქსიმალურად ჩამოჭრილია და წასართმევიც წართმეულია. 2005–ში ქვეყნის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ, როგორც თავად მეცნიერ–თანამშრომლები ყვებიან, პირდაპირი გაგებით,გაყარეს ისინი იმ შენობიდან, რომელსაც ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტი 1968 წლიდან იკავებდა ობსერვატორიის დასავლეთ ნაწილში.
ახალ, თანამედროვე შენობაში გადასვლის შემდეგ ძველ ობსერვატორიას ბიბლიოთეკად და არქივად იყენებდნენ. მაგრამ მთავრობამ ეს შენობა თავდაცვის სამინისტროს გადასცა და მეცნიერები ისევ ძველში დაბრუნდნენ, რომელსაც უკვე ნამდვილად სჭირდება რემონტი.
მაგრამ ჩინოვნიკებს ყველაფერი რთულად, შეიძლება ითქვას, პარადოქსულადაც კი აქვთ მოწყობილი. შენობას ისტორიული მემკვიდრეობის შეგლის სტატუსი აქვს, რაც თითქოს კარგია, მაგრამ ამ სტატუსს ჯერჯერობით არაფერი სასიკეთო არ მოუტანია.
ინსტიტუტის თანამშრომლები მზად არიან, საკუთარი სახსრებით გააკეთონ რემონტი, იმიტომ რომ გულწრფელად ღელავენ შენობის მდგომარეობის გამო, მაგრამ სწორედ ეს სტატუსი უკრავს მათ ხელ–ფეხს. სახურავიც კი ვერ შეუკეთებიათ, შესაბამისი სტრუქტურების ნებართვის გარეშე. არადა, გადასახური მასალა შეძენილი აქვთ და კაცმა არ იცის, უკვე რამდენი თვეა, რაც ბაღში, ღია ცის ქვეშ გდია. თანამშრომლები კი ოხრავენ და უმწეოდ შლიან ხელებს…