03:48 17 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
გასეირნება ტფილისში (23)
241488710

ეკატერინე მიქარიძე

პროექტის „გასეირნება ტფილისში“ ფარგლებში Sputnik–ი მოგითხრობთ უცნობ ფაქტებს ტფილელი მეცენატის, მიქაელ არამიანცის ცხოვრებიდან, რომელმაც ХХ საუკუნის დასაწყისში ცნობილი „არამიანცის“ საავადმყოფო“ საკუთარი სახსრებით ააშენა და აღჭურვა.

ამ არაორდინარული ადამიანის ცხოვრება მხატვრული ფილმის სიუჟეტად გამოდგებოდა. ის ფაქტი, რომ არაერთი აღმასვლითა და დაცემით, გამარჯვებითა და მარცხით, სიკეთითა და გამყიდველობით სავსე ისტორია აქამდე არ არის ეკრანიზებული, უბრალოდ დასანანი გაუგებრობაა. არსებობს მზა სცენარი, რომელშიც ყველაფერია  — ფინანსური ოლიმპოს დაპყრობა, ვნებათა გიჟური, გახელებული ღელვა თუ დავიწყების წყვდიადში დაფვლა, და ის ბევრით სჯობს ნებისმიერ გამოგონილ ისტორიას — თუნდაც მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსის მიერ შეთხზულს.

ბიზნესმენი და მეგობარი

XIX საუკუნის „ამერიკული ოცნების“ აღსრულება მთიან ყარაბაღში, სოფელ კეატუკში დაიწყო. სოფლის მამასახლისის ვაჟი მიქაელი 15 წლისა იყო, როცა სასწავლებლად ქალაქ შუშაში გაემგზავრა. სწავლა არ უჭირდა, ყველაფერს იოლად ითვისებდა და ამიტომ მეცნიერებისადმი დიდ ინტერესსაც ამჟღავნებდა. ბიჭი ტფილისის გიმნაზიაში სწავლის განგრძობაზე ოცნებობდა და ვინ იცის, იქნებ მსოფლიოს დიდი მეცნიერიც მიეღო, მისი ცხოვრება ამ გზით რომ წასულიყო, მაგრამ ოჯახს ფული სჭირდებოდა…

მიქაელმა საკმაოდ სწრაფად გაიარა გზა ხალიჩების საქსოვი მანუფაქტურის დამხმარე მუშიდან მმართველამდე. ამის შემდეგ აბრეშუმითა და შაქრით ვაჭრობას მიჰყო ხელი. საქმე კარგად აეწყო და 1871 წელს მიქაელმა, ბოლოს და ბოლოს, ოცნება აიხდინა — ტფილისში გადავიდა საცხოვრებლად. ხოლო ქალაქმა ნიჭიერი კომერსანტი შეიძინა.

არამიანცმა მალე მილიონის ქონება დააგროვა, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ყველაფერი უკანასკნელ გროშამდე დაკარგა — გაკოტრდა. ამის მიზეზი რუსეთ–თურქეთის ომი და ხელმრუდე ბიზნესპარტნიორები, როგორც მაშინ იტყოდნენ, ამქრის წევრები იყვნენ. მაგრამ მიქაელი ამან ვერ შეაჩერა, ვერ დათრგუნა, პირიქით, ყოველი შემდგომი წარუმატებლობიდან გამარჯვებული გამოდიოდა. ალბათ იმიტომ, რომ მოთამაშის აზარტით იყო შეპყრობილი.

მთელი მისი კარიერა გაბედულ და სარისკო გადაწყვეტილებებზეა აგებული. 1884 წელს თბილისიდან ბაქოში გადაბარგდა ცოლთან ერთად, სადაც რაღაც დროის შემდეგ, კომპანიონებთან ერთად ნავთობის კომპანია დააარსა. იმ დროისათვის ქალაქში უკვე მყარად მოეკიდათ ფეხი ამ საქმის ვეშაპებს — როტშილდებსა და ნობელს, და მათთვის კონკურენციის გაწევა რომ შეძლებოდა, არამიანცი ყოველთვის ორი ნაბიჯით უნდა ყოფილიყო წინ. და აქ დაიბადა ამბიციური პროექტი: ბაქო–ბათუმის ნავთობსადენის აგება.

მიქაელმა ბიზნესში ძველი მეგობრის ჩართვა გადაწყვიტა. ეს ტფილისის უმსხვილესი კომერციული ბანკის აქციონერი და ვიცე–თავმჯდომარე ალექსანდრე მანთაშოვი გახლდათ, რომელსაც ახალგაზრდობაში დაუმეგობრდა თავრიზში. მაგრამ საერთო საქმე განხეთქილების ვაშლად იქცა. მანთაშოვმა ფარულად, მალულად დაიწყო კომპანიონების აქციების შესყიდვა და ბიზნესიდან მათი განდევნა. როცა მოქაელის რიგი დადგა, მან ერთადერთი ფრაზა უთხრა ძველ მეგობარს: „არ დაგავიწყდეს, ამ საქმეზე ვინ დაგაყენა“… და კონფლიქტი ამით ამოიწურა. არამიანცი საბოლოოდ მაინც გავიდა საქმიდან, თუმცა სულ სხვა მიზეზით.

მიქაელ არამიანცის ოჯახი
საქართველოს ეროვნული არქივი
მიქაელ არამიანცის ოჯახი

მეუღლე, საყვარელი და მამა

მიქაელ არამიანცში გასაოცრად შეერწყა ერთმანეთს ორი ლიტერატურული პერსონაჟი — ის კარენინის როლშიც აღმოჩნდა და კნიაზ მიშკინისაც. ქალბატონი ეღსაპეტ არამიაცისა ქონებას კლუბებში, გართობასა და დროსტარებაში ფლანგავდა და არც ქმრის ღალატზე ამბობდა უარს. მიქაელს ბოლომდე არ სურდა მეუღლის ღალატის დაჯერება და ამიტომ გავრცელებულ ხმებს არაკეთილმოსურნეთა ჭორებად მიიჩნევდა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ხელთ ეღსაპეტასა და მისი საყვარლის მიმოწერა არ ჩაუვარდა… და ოჯახურ ცხოვრებას ბოლო მოეღო. ბაქოში ჩასვლიდან მე–14 წელს დამცირებულმა და შეურაცხყოფილმა ნავთობმაგნატმა საქმეში თავისი წილი გაყიდა და ტფილისში დაბრუნდა. თუმცა დამტანჯველი ურთიერთობები კიდევ მთელი რვა წელი გაგრძელდა, სანამ ყოფილ მეუღლეთა გაყრის პროცესი საბოლოოდ არ დასრულდა.

გავიდა დრო და მიქაელი შეხვდა ქალს, რომელიც, მისი რწმენით, ბედისწერამ განუსაზღვრა. ის მზად იყო, საყვარელი ქალის ფერხ ქვეშ მთელი მსოფლიო გაეგო. სატრფოს სამსართულიანი სახლი აუგო ოლგას ქუჩაზე (ახლანდელი კოსტავას ქუჩა), რომლის ეზოშიც პარიზში სპეციალური შეკვეთით დამზადებული ბრინჯაოს ირმების სკულპტურა დაადგმევინა. უფრო მეტიც, ქალს, სახელად ევგენიას, საზოგადოებაში ისე წარადგენდა, როგორც მეუღლეს. მდიდარ, თუმცა პირად ცხოვრებაში უბედურ არამიანცს, მრავალწლიანი მარტოობის შემდეგ, როგორც იქნა, ბედნიერება ეწვია. მაგრამ ერთ დღეს ცხოვრება წამში ჩამოექცა — ევგენია სხვა კაცთან წავიდა. სულიერად განადგურებულმა მიქაელმა მაინც მოძებნა თავში ძალა, რომ ტკივილისთვის გაეძლო… და როცა ჭრილობა თითქმის შეხორცდა, გაქცეული სატრფო უკან დაბრუნდა; დაბრუნდა ავადმყოფი და მომაკვდავი. ხოლო დიდსულოვანმა და მგრძნობიარე, მოსიყვარულე კაცმა მიუტევა და მიიღო. ევგენიამ მიქაელის ხელში დალია სული.

ეღსაპეტასთან ქორწინებიდან მიქაელ არამიანცს ექვსი შვილი დარჩა, რომლებიც უსაზღვროდ უყვარდა. ბედისწერით მიყენებული ამდენი დარტყმის მერე მიქაელი თავით ფეხამდე ჩაეფლო საქმესა და შვილებზე ზრუნვაში. ააგო მდიდრული და ძვირადღირებული სასტუმრო, რომელსაც შვილების სახელების პირველი ასოებისგან შემდგარი სახელი, „არფასტო“ უწოდა (ახლა ამ შენობაში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტია განთავსებული). და უცბად, როცა ცხოვრება თითქოს კალაპოტში ჩადგა,  კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს: მიქაელის ერთ–ერთი ვაჟი, სოღომონი გაიტაცეს და იმ დროისათვის უზარმაზარი გამოსასყიდი მოითხოვეს. გამწარებულმა მამამ უკან არ დაიხია, მოთხოვნილი თანხა გადაიხადა და შვილი ტყვეობიდან გამოიხსნა. თუმცა წისქვილის ქვას მის თავზე ბრუნვა ამით არ შეუწყვეტია: 1908 წელს მიქაელის მეორე ვაჟი, ოვანესი გარდაიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ მამამ საუკეთესო ექიმები დაახვია თავს.

ყოფილი სასტუმრო მაჟესტიკი თბილისის ცენტრში, ახლანდელი თბილისი-მარიოტი.
© Sputnik/ Levan Avlabreli
ყოფილი სასტუმრო "მაჟესტიკი" თბილისის ცენტრში, ახლანდელი "თბილისი-მარიოტი".

ტფილელი კაცი

მიქაელ არამიანცს ცხოვრებამ იმდენი დარტყმა მიაყენა, სხვა მის ადგილას დიდი ხნის წინ ჩამოუშვებდა ხელებს და დანებდებოდა. მაგრამ არა მიქაელი, რომელსაც ყოველი უბედურება კიდევ უფრო აძლიერებდა, ხოლო სიცოცხლის სიყვარული და შენების, ქმნის სურვილი წინსვლაში ეხმარებოდა.

მიქაელს გულწრფელად უყვარდა ტფილისი და სხვაგან ცხოვრება ვერც კი წარმოედგინა; იმდენად უყვარდა, რომ ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგაც კი არ მიუტოვებია ქალაქი, ვაჟები — სოღომონი და არამი კი საფრანგეთში გაუშვა ემიგრაციაში.

არამიანცს გულით უნდოდა, ტფილისი კავკასიის ულამაზესი ქალაქი ყოფილიყო. ამიტომ რამდენიმე შენობის რესტავრაცია დააფინანსა. უმსხვილესი მათ შორის სასტუმრო „მაჟესტიკი“ გახლდათ, ახლანდელი ფეშენებელური „თბილისი–მარიოტი“. მერე გოლოვინზე რაიმე გრანდიოზულის აგება გადაწყვიტა, რაც მისთვის უსაყვარლეს „მაჟესტიკს“ ემგვანებოდა და კავკასიაში კი არა, მთელ ევროპაში საუკეთესო სასტუმრო კომპლექსი იქნებოდა. პროექტის შექმნა იმ დროის ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ არქიტექტორს, გაბო ტერ–მიქელოვს მიანდო და ევროპაში გაამგზავრა პროექტზე სამუშაოდ. შედეგად, 1915 წელს, გოლოვინის პროსპექტზე მიქაელ არამიანცის განხორციელებული ოცნება წამოიჭიმა. 

ტფილისისთვის ნაჩუქარი მისი კიდევ ერთი ცნობილი „პირმშო“ — ეს ეგრეთ წოდებული, არამიანცის საავადმყოფოა.

— რა სჭირდება ახლა ყველაზე მეტად ტფილისს?— მკითხა არამიანცმა.

— ქალაქს ბევრი რამე სჭირდება, მაგრამ უმთავრესი საავადმყოფოა. მიხაილოვის საავადმყოფოს ქალაქი ინახავს და ვალდებულია, მთელ მხარეს მოემსახუროს. ამადაც ბუნებრივია, რომ სნეულების მეათედსაც ვერ ართმევს თავს. ქალაქს კი ახალი საავადმყოფოსთვის ფული არ აქვს…

სახლი მაჩაბლის ქუჩაზე, რომელშიც მიქაელ არამიანცმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა.
Sputnik/ Levan Avlabreli
სახლი მაჩაბლის ქუჩაზე, რომელშიც მიქაელ არამიანცმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა.

ასე იხსენებს ტფილისის თავი ალექსანდრ არღუთინსკი–დოლგორუკი მიქაელ არამიანცთან საუბარს, რომელიც 1902  წელს გამართულა ბაქოში.

1903 წლის 14 აპრილს არამიანცმა ქალაქის უკვე ყოფილ თავს წერილი მისწერა: „მაქვს პატივი, ვაცნობო თქვენს ბრწყინვალებასა, რომ ქალაქის საავადმყოფოს მშენებლობას 100.000 მანეთს ვწირავ“.  წერილში არამიანცი იმასაც წერდა, სურვილი მაქვს, საავადმყოფოს ჩემი სახელი ეწოდოსო.

საავადმყოფო რამდენიმე წლის განმავლობაში შენდებოდა და 1909 წლის 21 დეკემბერს გაიხსნა. ეს ქალაქი–საავადმყოფო იყო, რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებით. მიქაელ არამიანცი საკუთარი სახსრებით ინახავდა შენობასაც, ავადმყოფების გადასახადებსაც იხდიდა და თანამშრომლების ჯამაგირსაც თავად ანაზღაურებდა.

ახლა არამიანცის ქალაქ–საავადმყოფოში უამრავი ნაგებობაა, რომლებიც შემდგომ წლებში აშენდა.

„მეცენატის აშენებულიდან აქ აღარაფერი დარჩა“ — დაიჩივლა ბაღში მოსეირნე თეთრხალათიანმა მამაკაცმა. — „რა საჭირო იყო, ყველაფრის მიწის პირისგან აღგვა, რომ ახალი კლინიკა აშენებულიყო? კი, ძველი შენობა ინგრეოდა, მაგრამ აღდგენა ხომ შეიძლებოდა?! ჩვენ კი რატომღაც საძირკვლამდე დავშალეთ. დღეს ინვესტორი 5 მილიონს დებს კლინიკის მშენებლობაში, რისთვისაც 25 პირ ტყავს გააძრობს ისედაც გაღატაკებულ მოსახლეობას, იმიტომ რომ სამედიცინო მომსახურება არარეალურად ძვირია. სადღა არიან არამიანცის რანგის მეცენატები, რომ კიდეც ააშენონ, კიდეც უფასოდ უმკურნალონ ხალხს და მედპერსონალსაც ხელფასები გადაუხადონ?! ეჰ, არ შემიძლია ამის გულგრილად ვუყურო. ამ ქალაქში დავიბადე და ცხოვრებაც აქ გავლიე და გული მეწურება, როცა ვიღაცის მრუდე ხელი ეხება და ანგრევს ჩემს თბილისს… ხედავთ აი იმ კოშკის მსგავს სახლს? ეგ ერთადერთია, რაც არამიანცისეული საავადმყოფოდან შემორჩა“.

მემორიალური დაფა მიქაელ არამიანცის სახლზე.
Sputnik/ Levan Avlabreli
მემორიალური დაფა მიქაელ არამიანცის სახლზე.

„ამბობენ, მაგ მრგვალ კოშკურაში წყალსაქაჩი იყოო“, — საუბარში გვერთვება დურგალი რეზო. — „აქ ახლა ყველა მეტრ მიწაზე ომი მიდის. ყველა თვის კლინიკას აშენებს ნაყიდ მიწაზე. ტერიტორია, რომელზეც ეს კოშკურა დგას, ერთ ექიმს ეკუთვნის. იმანაც აიღო და გადაწყვიტა, დაენგრია და ტერიტორია მშენებლობისთვის გაესუფთავებინა. მაგრამ უცბად მერიიდან მოცვივდნენ და აქ ამბავი დაიწყო?! მოკლედ, თითი არ დააკარებინეს კოშკურაზე. ამ ჯერზე კი გადარჩა დანგრევას, მაგრამ არ ვიცი, რა ბედი ეწევა საბოლოოდ“, — მაინც კმაყოფილია რეზო.

კავკასიის ერთ–ერთი უმდიდრესი ადამიანი, მიქაელ არამიანცი 1922 წლის 19 დეკემბრის ღამეს სრულ სიღატაკეში გარდაიცვალა, რადგან ბოლშევიკებმა ბოლო ძაფამდე წაგლიჯეს ქონება. ტფილისის გულშემატკივარმა და მისთვის დამაშვრალმა, მილიონების ქონების მჩუქებელმა კაცმა ახლანდელი მაჩაბლის ქუჩაზე მდგარი საკუთარი სახლის სარდაფში დალია სული, სადაც ქალიშვილ ფლორასთან და ორ შვილიშვილთან ერთად შეეფარებინა თავი.

თემები:
გასეირნება ტფილისში (23)

მთავარი თემები