ტფილისური ფოტოატელიე და „სიყვარული საზღვრებს გარეშე“

© архив семьи Мнджоянმნჯოიანის ფოტოატელიე
მნჯოიანის ფოტოატელიე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik საქართველოს“ კოლუმნისტი ეკატერინე მიქარიძე უჩვეულო და დიდი ისტორიის მქონე თბილისურ ფოტოატელიეზე მოგვითხრობს, სადაც ცნობილი ქართველი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, მწერლები და მსახიობები იღებდნენ სურათებს.

ბევრი წლის წინ საკუთარ სახლში XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის ძველებური, ოჯახური ფოტოები აღმოვაჩინე. ეს ჩემთვის ახალი გალაქტიკის აღმოჩენას ჰგავდა. სკამებზე მსხდომი მამაკაცების ღირსებით სავსე გამოხედვა, ყოველგვარ ხელოვნურ კეკლუცობას მოკლებული, ბუნებრივად ბრწყინვალე ქალბატონები და მომენტის იდუმალების შეგრძნებით თვალებანთებული ბავშვები. და კიდევ ერთი სახალისო დეტალი: ყველა მათგანს სახეზე წამის დიდებულება ეწერა. აბა, როგორ?! ეს ხომ სელფი არ იყო, რომელსაც მხოლოდ ტუჩების „დაბურთვა“ და სპეციალური ჯოხი სჭირდება.ადამიანები ამ მნიშვნელოვანი მოვლენისთვის მთელი სერიოზულობით ემზადებოდნენ, ვინაიდან ფოტოსურათს მათ ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა.

რამდენჯერაც ამ ფოტოებს დავხედავ, ფიქრებს იმდენჯერ გადავყავარ ჩემი წინაპრების ტფილისში, სადაც ეზოში მარტოსული დუდუკი კვნესის, ღვინის აღმართს ზარმაცად მიუყვება ფაეტონი, ჰაერში კი ცვრიანი მწვადის სურნელი ტრიალებს.

© архив семьи Мнджоянმნჯოიანის ფოტოატელიე
მნჯოიანის ფოტოატელიე - Sputnik საქართველო
მნჯოიანის ფოტოატელიე

ერთხელაც, ფოტოების მორიგი თვალიერებისას, მუყაოზე (ძველად სურათებს სქელ მუყაოზე აწებებდნენ), ფოტოატელიეს საფირმო ნაჭდევი შევნიშნე: მისი დამაარსებლის გვარი — კოზლოვი, და მისამართი — ყოფილი მიხაილოვის ქუჩა, ახლანდელი აღმაშენებლის გამზირი. თბილისში ასეთი ფოტოატელიეები წარსულში მრავლად იყო, ერთმა მათგანმა კი, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, დღევანდლამდე მოაღწია.

ატელიე, რომელიც  არშაკმა ააშენა
ცნობილი ტფილისელი ფოტოგრაფების, მნჯოიანების დინასტიის კუთვნილი ფოტოატელიე ძველ თბილისში, აბესაძის პატარა და მყუდრო ქუჩაზე, ტაივანური მასაჟის სალონსა და „სექენდ-ჰენდის“ მაღაზიას შორის მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ქუჩის დასახელება ისტორიული მოვლენების პარალელურად იცვლებოდა. გასაბჭოებამდე აქაურობა კათოლიკოსის სახელს ატარებდა იქვე მდებარე ტაძრის სახელწოდების მიხედვით, ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ მას პირველი მაისის ქუჩა ეწოდა, ხოლო კავშირის დაშლის შემდეგ — ახალგაზრდა ექიმის, კარდიოლოგ გია აბესაძის სახელი მიენიჭა, რომელმაც 1991 წელს თავი დაიწვა და ამ გზით გააპროტესტა შეიარაღებული სამოქალაქო დაპირისპირება თბილისში.

ეპოქალურ ცვლილებებთან ერთად იცვლებოდა თავად ფოტოატელიეს  მისამართიც. ძმები არშაკ და ანდრეი მნჯოიანები ტფილისში სომხეთიდან 1912 წელს ჩამოვიდნენ. მაშინდელი ერევნის (ახლანდელი პუშკინის) ქუჩაზე გახსნილი ფოტოატელიე ძალიან მალე გახდა პოპულარული.  მაგრამ 1921 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ არშაკა დააპატიმრა და სპეკულაციაში დასდო ბრალი. ფოტოგრაფს ატელიეს გვერდით მაღაზიაც ჰქონდა, რაც გახდა კიდეც მისი დაპატიმრების საბაბი. არშაკა ამაოდ ცდილობდა სიმართლე დაემტკიცებინა — მაინც გადაასახლეს საქართველოდან. სამი წლის შემდეგ დაბრუნდა კრასნოდარიდან და ისევ ძველ, საყვარელ საქმიანობას — ფოტოგრაფობას მიჰყო ხელი. თუმცა ატელიე უკვე სხვა ადგილზე გახსნა, იმიტომ, რომ ძველი — თავის მაღაზიასთან ერთად, კონფისკაციით ჩამოართვეს. არშაკას ახალი ფოტოატელიე ლესელიძის ქუჩაზე იყო, მოგვიანებით კი ცოტა ქვემოთ, პირველი მაისის ქუჩაზე ჩაიწია.

© архив семьи Мнджоянსერგო ფარაჯანოვი მნჯოიანის ფოტოატელიეში
სერგო ფარაჯანოვი მნჯოიანის ფოტოატელიეში - Sputnik საქართველო
სერგო ფარაჯანოვი მნჯოიანის ფოტოატელიეში

ამასობაში საქმე კარგად მისდიოდა არშაკას ძმას, ანდრეის, რომლის საბავშვო სურათების სალონიც მელიქ აზარიანცის ცნობილ სახლში მდებარეობდა.

დრო მიდიოდა. ძველების ადგილზე ამ ოჯახიდან ფოტოგრაფების ახალი თაობა მოდიოდა. პირველი მაისის ქუჩაზე მდებარე სალონში უკვე არშაკას ბიჭი — გიორგი აჩხაკუნებდა აპარატს, რომელიც წლების მერე შვილმა ჩაანაცვლა. არადა, თითქოს არაფერი მოასწავებდა, რომ გიორგის ვაჟი, რომელსაც სახელი ბაბუის საპატივცემულოდ დაარქვეს, წინაპრების პროფესიას აირჩევდა. არიკა გაიზარდა და ლენინგრადში  წავიდა სასწავლებლად. მუშაობა დაიწყო და მალე მსხვილი ჩარხმშენებელი გაერთიანების უფროსი ინჟინერ-ტექნოლოგი გახდა. მერე კი უცბად ყველაფერი მიატოვა და მშობლიურ თბილისში დაბრუნდა. 1978 წელს ოჯახურ ატელიეში შევიდა და სიცოცხლის ბოლომდე აღარ მიუტოვებია. არიკა 2014 წელს გარდაიცვალა. ახლა ამ ცნობილ თბილისურ ფოტოატელიეში მისი ქალიშვილი ვიკა მუშაობს.

რუსი რეჟისორის თბილისური აქცენტები

საოცარი ამბავია — იცვლებოდა მთავრობები, პოლიტიკური წყობა, ფასეულობათა სისტემები, ძველ ქუჩაზე მდებარე ატელიე კი სიცოცხლეს განაგრძობდა. დღესაც კი, როცა სალონური ფოტოები მოდაში აღარ არის,  სალონში კანტიკუნტად, მაგრამ მაინც შედიან მსურველები. ვიღაცას პასპორტის სურათი სჭირდება, ვიღაცას — ძველი ფოტოს აღდგენა, ვიღაც კიდევ უბრალოდ, იქვე ცხოვრობს და ერთი-ორი სიტყვის გასაცვლელად შედის. ეს ატელიეს ტრადიციაა — პატარა ოთახში თავშეყრა, რომლის კედლებიდანაც თბილისელი პერსონაჟები იცქირებიან, და  „ცხოვრებაზე ლაპარაკი“.

ვიკასთან საუბრის დაწყებიდან ცოტა ხანში ვხვდები, რაშიცაა ამ ოჯახური საქმის დღეგრძელობის საიდუმლო. პროფესიის სიყვარულის გარდა, აქაურობა შემთხვევით მომსვლელს გულალალობით, რაღაც განსაკუთრებული სიწრფელით იზიდავს. ატელიეში პირველად მყოფს გეჩვენება, რომ შენთვის ბავშვობიდან ნაცნობ და მშობლიურ გარემოში მოხვდი. ის ადამიანები, რომელთა სურათებიც ინახება ატელიეს არქივში — დაწყებული ცნობილი ქართველი პოლიტიკოსებით, მწერლებითა და მსახიობებით და დასრულებული ანატოლი კაშპიროვსკით — იქ მხოლოდ ფოტოს გადასაღებად არ შედიოდნენ. ამ ატელიეში უფრო იქ გამეფებული თბილისური სულისთვის შედიან. ამიტომაც შემთხვევითი არ იყო, რომ რეჟისორმა რეზო გიგინეიშვილმა ფილმის „სიყვარული აქცენტით“ ზოგი ეპიზოდი სწორედ ამ ატელიეში გადაიღო.

© архив семьи Мнджоянოლეგ ბასილაშვილი მჯჯოიანის ფოტოატელიეში
ოლეგ ბასილაშვილი მჯჯოიანის ფოტოატელიეში - Sputnik საქართველო
ოლეგ ბასილაშვილი მჯჯოიანის ფოტოატელიეში

„2012 წლის ოქტომბერში ატელიეში ქალი შემოვიდა, თან რეზო გიგინეიშვილი შემოჰყვა მეუღლესთან, ნადეჟდა მიხალკოვასთან ერთად, — იხსენებს ვიკა. — ვიზებისთვის ფოტოების გადაღება უნდოდათ. იმ მომენტში ფილმს „სიყვარული აქცენტით“ საქართველოში იღებდნენ. სანამ მათ სურათებს ვამუშავებდი, მე და მამამ შევნიშნეთ, რომ ისინი ინტერესით ათვალიერებდნენ ჩვენი ატელიეს ინტერიერს და რაღაცაზე მსჯელობდნენ. აღმოჩნდა, რომ რაღაც ეპიზოდების გადასაღებად ადგილს არჩევდნენ. ისიც გაირკვა, რომ ამ ქალს ისინი ჯერ ფილარმონიასთან მდებარე ატელიეში მიეყვანა (ეს ანდრეის შთამომავლების კუთვნილი სალონია), მაგრამ, როგორც ჩანს, იქ რაღაცამ არ დააკმაყოფილა და მერე ჩვენთან წამოეყვანა. მამას ჰკითხეს, შეიძლება თუ არა, ატელიე ერთი დღით დავიქირავოთ გადაღებებისთვისო და მამაც დათანხმდა. დანიშნულ დღეს დილის 10 საათზე მოვიდნენ, აპარატურა მოიტანეს, შუადღისთვის კი ქუჩა გადაკეტეს. ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი. დააყენეს შუქი, ხმა და უკვე 4 საათი იყო, გადაღება რომ დაიწყეს. თავიდან ოლეგ ბასილაშვილისა და ალექსანდრე ადაბაშიანის სცენას იღებდნენ, მერე ინა ჩურიკოვა მოვიდა (სურათის გადაღება მინდოდა, მაგრამ დაცვამ ნება არ მოგვცა, მიუხედავად იმისა, რომ ავუხსენი, ატელიეს მეპატრონეები ვართ-თქო).  იქვე იყო სცენარისტი დათო ტურაშვილიც. ვხალისობდი, რომ ვხედავდი, როგორ სერიოზულად იჯდა მამაჩემი მთელ ამ ყუთებსა და კაბელებს შორის, თითქოს რეჟისორი იყო. მთელი დღე ქუჩაში ვისხედით, ატელიემდე მიღწევა შეუძლებელი იყო. წარმოდგენაც არ შემეძლო, რომ ერთი ფილმის გადაღებას ამდენი ადამიანის შრომა სჭირდება. „სიყვარული აქცენტით“ რომ გამოვიდა, აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს ატელიეში გადაღებული ეპიზოდი მასში არ შესულიყო. მაგრამ 2015 წლის შემოდგომაზე ფილმის მეორე ნაწილი გადაიღეს და ძალიან მესიამოვნა, როდესაც იქ მშობლიური ატელიეს კედლები დავინახე“.

© архив семьи Мнджоянარშაკ მნჯოიანი
არშაკ მნჯოიანი - Sputnik საქართველო
არშაკ მნჯოიანი

ფოტოგრაფის რენტგენის აპარატი

ვიკას ფოტოგრაფობაზე არც უფიქრია. ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა, სპეციალობით პროგრამისტია. ატელიეში მამას ეხმარებოდა, თორემ ამ საქმეს თუ თავს მიუძღვნიდა, ვერც წარმოიდგენდა. ფოტოგრაფიით მისი ძმა, გიორგი იყო დაკავებული და მაღაზია „კოდაკში“ მუშაობდა. ამიტომ ეს ის შემთხვევა არ იყო, როდესაც ოჯახური საქმე სხვა არჩევანს არ გიტოვებს. როგორც იტყვიან, დინასტიის გამგრძელებელი უკვე არსებობდა. მაგრამ ფოტოსაქმემ თანდათან ჩაითრია და აგერ უკვე 11 წელია, რაც დილაობით ატელიეს აღებს და მომსვლელს ელოდება. ელოდება, რომ ღიმილით შეხვდეს, კეთილად განაწყოს და ნებისმიერი, ვინც სალონის ზღურბლს გადააბიჯებს, უკან კარგ გუნებაზე გაუშვას.

ვიკას აზრით, ამ პროფესიას ბევრი უპირატესობა აქვს, მაგრამ უმთავრესი მაინც ადამიანებთან ურთიერთობის შეუფასებელი გამოცდილებაა. და როგორც წესი, ფოტოგრაფები კარგი ფიზიონომისტები არიან.
„მამა სულ ამბობდა, კლიენტი რომ შემოვა, სანამ ამ რამდენიმე საფეხურს ჩამოივლის, უკვე ვიცი, რა ადამიანთან მაქვს საქმეო. ეს ჩემი „რენტგენის აპარატია“. კაცმა ეს-ესაა, ფეხი შემოდგა, მე კი უკვე ვხედავ მის ხასიათს და უკვე ვიცი, როგორც უნდა დაველაპარაკო. ფოტოგრაფები, როგორც წესი, შესანიშნავი ფიზიონომისტები არიან და მე ეს ძალიან, ძალიან მეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში“, — ამბობს ვიკა.
„მამა საშინლად ნერვიულობდა, რომ ფოტოხელოვნებამ ადგილი ტექნიკურ პროგრესს დაუთმო. ადრე პროცესი ერთგვარ საიდუმლოებად აღიქმებოდა. სურათის გადაღებას, გამჟღავნებასა და ბეჭდვას წუთები და საათები კი არა, დღეები სჭირდებოდა. ახლა საკუთარ გამოსახულებას წამებში იღებ, მაგრამ ხელით ვერ ეხები“, — ამბობს ვიკა და ამატებს, რომ დღეს მნჯოიანების ოჯახშიც კი აღარ ბეჭდავენ სურათებს ქაღალდზე.

© архив семьи Мнджоянვიქტორია მნჯოიანი
ვიქტორია მნჯოიანი - Sputnik საქართველო
ვიქტორია მნჯოიანი

ვიკა გამოტყდა, რომ ფოტოაპარატის ხელში აღებისა და ქალაქში ხეტიალის სურვილი არასდროს გასჩენია, ვინაიდან ასეთი ხედვა არ აქვს. სხვათა შორის, საკუთარი სურათის გადაღებაც არ უყვარს — დარწმუნებულია, რომ არაფოტოგენურია, რაც ადამიანს დაბადებიდან მოსდევს, სწორედ ისე, როგორც კამერის წინ პოზირების უნარი. მას უფრო ძველებური ფოტოების რესტავრაცია იზიდავს. ამ საქმეს საათობით შეუძლია უჯდეს და სკრუპულოზურად იმუშაოს თითოეული, ძლივს შესამჩნევი დეტალის აღდგენაზე და ამით ფრთხილად შეეხოს ისტორიას…

ყველა ახალი ამბავი
0